ორაგულის სასარგებლო თვისებები
ზურგი მორუხო-მოცისფრო აქვს, გვერდები – ვერცხლისფერი, ზოგჯერ შავი, წვრილი ლაქებით დაწინწკლული. ორაგული საშუალოდ 5-30 კგ-ს იწონის. არის გამონაკლისიც, როდესაც თევზის წონა 40-45 კგ-ს აღწევს. ორაგულის სიგრძე საშუალოდ 50-დან 150 სმ-მდე მერყეობს. ამ თევზს მტკნარი წყლის სახეობებს აკუთვნებენ, რადგანაც პირველი სამი წლის განმავლობაში ორაგული სწორედ ასეთ წყალში ბინადრობს. ის მიგრაციული თევზია. მისი ძირითადი ნაწილი, რომელიც ბაზარზე გვხვდება, კანადიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან შემოდის.
თევზის მოყვარულებისათვის ორაგული გამორჩეული თევზია. ის განსაკუთრებით პოპულარული იყო შუა საუკუნეებში. მისგან მრავალფეროვან კერძებს ამზადებდნენ. ზამთრისათვის კი ორაგულს აშრობდნენ და ბოლავდნენ.
გურმანებმა კარგად იციან, რომ საკვებად სჯობს ველური ორაგული, რადგანაც მას საუცხოო და ნაზი გემო აქვს.
საყურადღებოა, რომ „ფერმერული“ ორაგული შედარებით იაფია და სუპერმარკეტებში მას წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძენთ. ველური კი ყველასათვის ხელმისაწვდომი როდია, თანაც მას მხოლოდ თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით თუ იყიდით.
ახალი თევზის რბილობი (ხორცი) მოვარდისფრო-ნარინჯისფერია, სუნი პრაქტიკულად არ აქვს. ორაგულის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ თევზის სხეული არ იყოს ლორწოვანი. თუ თევზს მთლიანად არ ყიდულობთ, არამედ მხოლოდ მისი ნაწილის შეძენას აპირებთ, გირჩევთ, სხეულის ყველაზე მსხვილი ნაწილი ამოარჩიოთ, რადგანაც კუდის ნაწილი უფრო მკვრივია.
ორაგული უმჯობესია საკვებად ცოცხალი სახით გამოიყენოთ, მიუხედავად იმისა, რომ ის მაცივარშიც კარგად ინახება. მთავარია, საგულდაგულოდ შეახვიოთ. ნაჭრებად და ფილეს სახით დაფასოებული თევზის შეძენისას, აუცილებლად დააკვირდით, რომ ის არ იყოს განმეორებით გაყინული ანუ გამლხვალი და ისევ გაყინული.
ორაგულის რბილობი უნდა იყოს მკვრივი და მშრალი, ლაქების გარეშე.
-
შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
უპირველესად, აღსანიშნავია ის, რომ ორაგულში მრავლადაა უჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ორგანიზმზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს. ეს თევზი მდიდარია ფოსფორითა და კალიუმით. მასში ბევრია აგრეთვე მაგნიუმი, ქლორი, კალციუმი, რკინა, თუთია, ნიკელი, მოლიბდენი, A, B1, B2, C, E და PP ვიტამინები.
არანაკლებ სასარგებლოა ორაგულის ხიზილალა. მასში 30%-მდე მაღალღირებული ცილებია, რომლებიც იშვიათად გვხვდება ცხოველური წარმოშობის ცილებს შორის. ხიზილალაში 13%-მდე ადვილად შესათვისებელი ცხიმია. გამორჩეული და სასარგებლოა ის დიდი რაოდენობით ლეციტინის შემცველობის გამოც.
ორაგულის ხიზილალაში უხვადაა A, B, D და E ვიტამინები, აგრეთვე ის სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ორგანოების ნორმალურ ფუნქციობას. მათ შორისაა რკინა, ფოსფორი, სხვადასხვა ორგანული შენაერთები და მინერალური ნივთიერებები. თუ შევადარებთ ორაგულის ხიზილალას ცხიმს საკუთრივ თევზის შემადგენლობაში შემავალ ცხიმთან, პირველი მეტი რაოდენობით შეიცავს იოდს, მეტად არის გაჯერებული პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით. ხიზილალას ცხიმში 14%-მდე კარგი ქოლესტერინი და 43%-მდე ლეციტინია.
წითელი ხიზილალა მეტად სასარგებლოა. მასში არ არის ნახშირწყლები და მავნე ცხიმები. დადგენილია, რომ წითელი ხიზილალა ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას, კანის დაზიანებული უბნების რეგენერაციას (აღდგენა-განახლებას), წვრილი ნაოჭების გასწორებას და აფერხებს დაბერების პროცესს.
საერთოდ, თევზის ქონი, ასპირინის მსგავსად, ათხელებს სისხლს, აფერხებს თრომბების წარმოქმნას, იცავს ორგანიზმს ინსულტებისა და ინფარქტისაგან. თევზის ქონი აქვეითებს სისხლში სახიფათო ცხიმების – ტრიგლიცერიდების დონეს, ხელს უწყობს წნევის დაქვეითებას, ზრდის კარგ ქოლესტერინს. ის სასარგებლოა სისხლძარღვებისათვის, ანიჭებს მათ დრეკადობასა და ელასტიკურობას. ეს უნიკალური საშუალება ბლოკავს ანთებით პროცესებს, გარკვეულწილად აფერხებს ართრიტების, ფსორიაზის, დიაბეტის და სხვა დაავადებათა, მათ შორის, სიმსივნური პროცესების განვითარებას.
მრავალწლიანი კვლევებით ნაჩვენებია, რომ ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3, რომლებიც უხვადაა ორაგულში, აფერხებს ადამიანის ორგანიზმის ბიოლოგიურ დაბერებას. ვირთაგვებზე ჩატარებული ლაბორატორიული ცდებით ნაჩვენებია, რომ თუ საკვებ რაციონში სისტემატურად იქნება ჩართული ომეგა-3-ის სათანადო რაოდენობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, შესაძლოა, მესამედით გაიზარდოს.
100 გრამი ცოცხალი ორაგული საშუალოდ 201 კკალორიას შეიცავს.