რა არის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და როგორ ხდება მისი მართვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და როგორ ხდება მისი მართვა

„ჯეოჰოსპიტალსის“ თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის დოქტორი, ლია მინდიაშვილი.

– ქალბატონო ლია, რა დაავადებაა ფქოდ-ი, რამდენადაა გავრცელებული და უპირატესად რომელ ასაკში გვხვდება?

– ფქოდ-ი ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებაა – ხასიათდება სასუნთქ გზებში ჰაერის ნაკადის მოძრაობის მუდმივი, ჩვეულებრივ, პროგრესირებადი შეზღუდვით და დაკავშირებულია ფილტვების ქრონიკულ ანთებით რეაქციასთან, მავნე ნაწილაკების ან აირების ზემოქმედების საპასუხოდ.

ფქოდ-ი – გავრცელებული დაავადებაა, რომლის თავიდან აცილება და მკურნალობა შესაძლებელია.

ფქოდ-ით მსოფლიოში დაავადებულია 65 მლნ ადამიანზე მეტი (WHO-ის მიხედვით). უმეტეს ქვეყნებში დიაგნოსტირებულია დაავადებულთა მხოლოდ 6-10%, რაც ჰიპოდიაგნოსტიკის მაჩვენებელია. ფქოდ-ის გართულებებით მსოფლიოში ყოველწლიურად 4 მლნ ადამიანზე მეტი იღუპება.

საქართველოში ფქოდ-ი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებათა შემდეგ.

ფქოდ-ი ძირითადად გვხვდება 40 წლის ასაკის ზემოთ, თუმცა, შესაძლოა განვითარდეს ახალგაზრდა ასაკშიც, როცა მისი გამომწვევი გენეტიკური ფაქტორები და სასუნთქი სისტემის განვითარების თანდაყოლილი ანომალიები და დისპლაზიებია.

ფქოდ-ი, როგორც აღვნიშნეთ, ქრონიკული დაავადებაა, თუმცა ახასიათებს ხშირი გამწვავებები, რის გამოც საჭირო ხდება პაციენტის სტაციონარული მკურნალობა

– რა არის ფქოდ-ის გამომწვევი მიზეზები?

– ფქოდის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს, კერძოდ:

  • ინჰალაციური ფაქტორები: თამბაქო (მათ შორის თამბაქოს პასიური მწეველები), სამუშაო გარემო-ფაქტორები (ორგანული და არაორგანული), გარემოს დაბინძურება;
  • გენეტიკური ფაქტორები – ალფა1-ანტიტრიფსინის დეფიციტი;
  • ფილტვების განვითარების პრობლემები მუცლადყოფნის პერიოდში;
  • ბრონქული ასთმა და ბრონქების ჰიპერრეაქტიულობა;
  • სქესი და ასაკი (>40 წელზე და უმეტესად მამაკაცები, რაც უმეტესად მწეველობის სტატუსთანაა დაკავშირებული, თუმცა, ბოლო პერიოდში თითქმის გათანაბრდა მამაკაცებსა და ქალებს შორის ფქოდ-ის პროცენტული გავრცელება);
  • სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი;
  • რესპირატორული ინფექციები (მათ შორის გადატანილი ტუბერკულოზი);
  • ქრონიკული ბრონქიტი.

– როგორია სიმპტომატიკა?

– ფქოდ-ისთვის დამახასიათებელია სამი კარდინალური სიმპტომი:

  • ქოშინი, რომელსაც აქვს პროგრესირებადი ხასიათი და მწვავდება ფიზიკური დატვირთვის დროს;
  • მუდმივი ქრონიკული ხველა – ინტერმისიული, არაპროდუქტიული ან პროდუქტიული თანდართული ბაქტერიული აგენტებისა და გამწვავების ფაზაში;
  • ნახველის ქრონიკული გამოყოფა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ფქოდის განვითარების რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, ექიმთან ვიზიტამდე, მეტად მნიშვნელოვანია თავად პაციენტის მხრიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორად შეფასება, რათა მხედველობიდან არ გამორჩეს ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები, რაც დაეხმარება დაავადების დროულ დიაგნოსტიკაში, კერძოდ:

  • როდესაც ქოშინი ვითარდება უჩვეულო ფიზიკური დატვირთვის დროს, მაგალითად, კიბეებზე სირბილით ასვლისას და მისი აცილება შესაძლებელია ჩვევების ცვლილებით (მაგალითად, ლიფტის გამოყენებით);
  • როდესაც პაციენტს არ შეუძლია სიარული ისეთივე სიჩქარით, როგორც მისი ასაკის სხვა ადამიანებს, ან ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც მოითხოვს დამატებითი რესპირატორული (სასუნთქი) კუნთების დატვირთვას (მაგალითად, პროდუქტებით სავსე ჩანთის ზიდვა);
  • როდესაც ქოშინი ვითარდება ყოველდღიური საქმიანობის (მაგალითად, ჩაცმა, ბანაობა) დროს ან უმოქმედობისას, რაც აიძულებს პაციენტს ვერ გავიდეს შინიდან; პაციენტი აღწერს, როგორც „სუნთქვის გაძნელებას“, „ჰაერის უკმარისობას“ ან „მოხრჩობის შეგრძნებას“;
  • როდესაც პაციენტს აქვს ქრონიკული ხველა ნახველით, ორი წლის განმავლობაში, სამი და მეტი თვე გადაბმულად.

– როგორ ისმება დიაგნოზი?

– დიაგნოზის დადგენა ხდება ანამნეზის, ფიზიკალური და ინსტრუმენტული კვლევის მონაცემების მიხედვით.

ანამნეზში რისკ-ფაქტორების არსებობა (თამბაქოს ბოლი; ბიოსაწვავი და სამზარეულოს ბოლი/კვამლი; პროფესიული მტვერი და ქიმიური აირები, ფქოდ-ის ოჯახური ანამნეზი) ზემოხსენებულ სიმპტომებთან ერთად გვეხმარება ფქოდ-ის დიაგნოსტიკაში.

ფიზიკალურ გამოკვლევას (ინსპექცია, აუსკულტაცია, პერკუსია) ექიმი ატარებს, რის მიხედვითაც ხდება გულმკერდის ყაფაზის ფორმის ცვლილების, მოსმენილი ხმიანობის შეფასება.

მეტად მნიშვნელოვანია სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური კვლევა, სისხლის, გაზებისა და ელექტროლიტების შესწავლა, პულსოქსიმეტრია (ჟანგბადის სატურაციის – შემცველობის განსაზღვრა), ელექტროკარდიოგრაფიული, გულის ექოლოგიური, გულმკერდის რენტგენოლოგიური და ჩთ კვლევა (კომპიუტერული ტომოგრაფია), თუმცა, ფქოდ-ის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად ითვლება სპირომეტრია. სპირომეტრია შეისწავლის გარეგანი სუნთქვის ფუნქციას სპეციალური აპარატის – სპირომეტრის საშუალებით.

სპირომეტრია განსაზღვრავს ბრონქების ობსტრუქციის (შევიწროვების) ხარისხს. რაც მეტია ობსტრუქცია, მით მძიმედ მიმდინარეობს დაავადება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ნახველის შესწავლა – ბაქტერიოლოგიური კვლევა – ნახველში არსებული ბაქტერიების ზრდის ხარისხისა და მათი მგრძნობელობის დასადგენად ანტიბიოტიკების მიმართ, რომელთა გამოყენება აუცილებელი ხდება ფქოდის გამწვავების დროს.

– როგორ შეიძლება ამ მდგომარეობის მკურნალობა?

– ფქოდ-ის მკურნალობა მოიცავს:

  • მისი გამომწვევი მიზეზების აღკვეთას, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია თამბაქოსთვის თავის დანებება;
  • ბაზისურ ფარმაკოთერაპიას;
  • სოციალურ მხარდაჭერას;
  • გამწვავებების ფა­რ­მაკოთერაპიას;
  • თანმხლები დაავადებების ფარმაკოთერაპიას;
  • გრიპისა და პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინაციას;
  • ფიზიკურ და სუნთქვით ვარჯიშებს;
  • პაციენტის განათლებას.

ფქოდ-ი, როგორც აღვ­ნიშნეთ ქრონიკული დაავადებაა, თუმცა, ახასიათებს ხშირი გამწვავებები, რის გამოც საჭირო ხდება პაციენტის სტაციონარული მკურნალობა. პაციენტს არ უნდა გამორჩეს კლინიკური სიმპტომატიკის ცვლილება – ქოშინის გაძლიერება (მოსვენებულ მდგომარეობაშიც), ნახველის პროდუქციის გაზრდა, ხველის გაძლიერება, ჟანგბადის სატურაციის კლება, ასევე მნიშვნელოვანია გულისცემის სიხშირის, არტერიული წნევის, სუნთქვის სიხშირის, სხეულის ტემპერატურის კონტროლი.

ფქოდ-თან ერთად ხშირია სხვა თანმხლები – კომორბიდული – დაავადებების არსებობა, როგორებიცაა კარდიოვასკულური (გულის უკმარისობა) და ენდოკრინული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი), მეტაბოლური სინდრომი, კახექსია, ფილტვის კიბო, ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები, ოსტეოპოროზი და სხვ. ამიტომ ფქოდ-ის წარმატებით მკურნალობა დამოკიდებულია ზემოხსენებული დაავადებების დროულ და სწორ მკურნალობაზეც.

ფქოდ-ის მკურნალობა მოიცავს ოქსიგენოთერაპიას – ჟანგბადით მკურნალობას, ბრონქოდილატატორების, სასუნთქი და სისტემური სტეროიდების გამოყენებას, ანტიბიოტიკოთერაპიას, ნახველის გამათხელებელი საშუალებების გამოყენებას, შესაბამის ინფუზიებს – სითხის ბალანსის უზრუნველყოფას, კვებითი ასპექტების გათვალისწინებას – სწორ და რაციონალურ კვებას (მეტად ცილოვანი), თრომბოპროფილაქტიკურ ღონისძიებებს პულმონური ემბოლიზმის განვითარების მომატებული რისკის გამო და სხვ.

– რა გართულებები შეიძლება განვითარდეს ფქოდ-ის შემთხვევაში?

– ფქოდ-ის გართულებებია:

  • სასუნთქი სისტემის ინფექციები.

პაციენტები ფქოდის დიაგნოზით ადვილად ავადდებიან მწვავე ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით, რომლებიც აზიანებენ ფილტვის ქსოვილს, იწვევენ პნევმონიის, სეფსისის, რესპირაციული დისტრეს სინდრომის განვითარებას.

  • სუნთქვის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა.
  • ფილტვ-გულის უკმარისობა.

ფქოდის დროს შეიძლება გაიზარდოს გულის სხვადასხვა დაავადების, მათ შორის გულის უკმარისობისა და კორონარული არტერიების დაზიანების რისკი.

  • ფქოდიან პაციენტებს აქვთ ფილტვის კიბოს განვითარების მაღალი რისკიც.
  • მაღალმა წნევამ ფილტვის არტერიებში ფქოდის დროს შეიძლება გამოიწვიოს თრომბოემბოლიური გართულებები.
  • დეპრესია.

სუნთქვის გაძნელებამ, ქოშინმა შეიძლება ხელი შეუშალოს პაციენტს ყოველდღიურ საქმიანობასა და ისეთ აქტივობებში, რომლებიც მათ მოსწონთ, რაც ხშირად დეპრესიის განვითარების მიზეზი ხდება.

– რამდენადაა შესაძლებელი ფქოდ-ის პროფილაქტიკა?

– ფქოდის პროფილაქტიკა შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით, გამომწვევი ფაქტორების აღკვეთით, შეძლებისდაგვარად სუფთა გარემოში ცხოვრებით, ან ხშირად სუფთა ჰაერზე ყოფნით და ვარჯიშით, ყველაზე მეტად თამბაქოსა და სასუნთქი გზების სხვა დამაზიანებელ საშუალებებზე უარის თქმით. მნიშვნელოვანია დროული ვაქცინაცია. ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისაგან დაცვა, ფილტვის დაავადების დროული მკურნალობა.

– როგორია ცხოვრება ფქოდ-თან ერთად, რა რჩევები უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა?

– ფქოდთან ერთად სრულფასოვანი ცხოვრება არცთუ იოლია, თუმცა შესაძლებელი. ამისათვის პაციენტმა უნდა იცოდეს:

  • როგორ აირიდოს თავიდან ყველა ის შესაძლო გარემო ფაქტორი, რომელიც გააუარესებს მისი სასუნთქი გზების მდგომარეობას (კარსშიდა და კარსგარეთა დაბინძურება);
  • უარი თქვას თამბაქოს, ელექტრული სიგარეტის, აიქოსისა და სხვ. მოწევაზე;
  • ვირუსული ინფექციების დროს თავი შეიკავოს დაავადებულებთან კონტაქტისაგან;
  • იცოდეს თავისი დაავადების – ფქოდ-ის არსი, მისი მიმდინარეობის თავისებურებები. შეეძლოს გამწვავების შეფასება (სიმპტომების ცვლილებები, რომლებზეც ზევით ვისაუბრეთ);
  • დროულად მიმართოს ექიმს გამწვავებების შემთხვევაში, ან როდესაც დანიშნული მედიკამენტური მკურნალობა არ არის ეფექტური.
  • იცოდეს ყველა იმ მედიკამენტის სწორად მიღება, რომელიც დანიშნულია ექიმის მიერ. განსაკუთრებით ეს ეხება საინჰალაციო მოწყობილობების სწორ ტექნიკურ მოხმარებას. ამიტომ ექიმთან ვიზიტისას ყოველთვის გადაამოწმოს იგი.
  • სუნთქვის ქრონიკული უკმარისობისა და მძიმე ფქოდ-ის შემთხვევაში, სასურველია, შეძლებისდაგვარად შეიძინოს პულსოქსიმეტრი, რითაც იკონტროლებს ჟანგბადის სატურაციას, ოქსიგენატორი (აპარატი, რომელიც ოთახის ჰაერისაგან გამოიმუშავებს ჟანგბადს), ნებულაიზერი (ინჰალატორი მედიკამენტების საინჰალაციოდ გამოყენებისათვის).
  • ფიზიკური დატვირთვის სიმძიმე, სუნთქვითი ვარჯიშები, სრულფასოვანი კვებითი რაციონი შეარჩიოს ექიმის დანიშნულებით.
  • უმკურნალოს თანმხლებ დაავადებებს მათი არსებობის შემთხვევაში.

– როგორია პროგნოზი?

– ფქოდ-ის პროგნოზი დამოკიდებულია გამომწვევ ფაქტორებზე (მეტად გენეტიკურზე), დაავადების დროულ დიაგნოსტიკასა და სწორ მართვაზე, ასევე, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, თანმხლები დაავადებების ეფექტურ მკურნალობაზე.

აუცილებელია პაციენტთა განათლება თავიანთი დაავადების შესახებ რასაც მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც პრევენციის, ასევე დავადების მკურნალობისა და პროგნოზისათვის.

ხშირი გამწვავებები, რომლებიც საჭიროებენ პაციენტის ჰოსპიტალიზაციას, ხშრად ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში, ზრდის დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეს და აუარესებს გამოსავალს. გამოსავალი ასევე არაკეთილსაიმედოა სხეულის მასის სწრაფად კლების, მძიმე ობსტრუქციის, ქრ. სუნთქვის უკმარისობის შემთხვევებში.

თანამედროვე მედიცინის მიღწევებმა, ახალმა მედიკამენტურმა საშუალებებმა ბევრად გაზარდა ფქოდ-ით დაავადებულთა სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა.