ფილტვის გადანერგვა და მასთან დაკავშირებული საინტერესო საკითხები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფილტვის გადანერგვა და მასთან დაკავშირებული საინტერესო საკითხები

ტრანსპლანტაციის პროგრამაზე პაციენტის მიერთება, უპირველესად, დამოკიდებულია ფილტვების ფუნქციურ მდგომარეობაზე, თანმხლებ დაავადებებზე, პაციენტის თანამშრომლობის სურვილზე და გადანერგვის გარეშე სიცოცხლის მოსალოდნელ (სავარაუდო) ხანგრძლივობაზე.

ფილტვის გადანერგვის მთავარი მიზანია პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა, ასევე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

სადღეისოდ, ფილტვის ტრანსპლანტაციის შემდეგ ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 50%-ზე მეტია, ტრანსპლანტაციის ზოგიერთ ცენტრში კი 70%-ზე მეტიც. ინტენსიური თერაპიის გაუმჯობესებული შესაძლებლობების, ქირურგიული გართულებების შემცირებისა და იმუნოსუპრესიული თერაპიის ეფექტურობის გამო, ფილტვების ტრანსპლანტაციის შედეგები ასევე ყოველწლიურად უმჯობესდება.

ფილტვის ტრანსპლანტაციის ყველაზე გავრცელებული ჩვენებებია: ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, α1-ანტიტრიპცინის (AAT) დეფიციტი, იდიოპათიური ფილტვის ფიბროზი და ფილტვის ჰიპერტენზია. ტრანსპლანტაციის შედარებით იშვიათი ჩვენებებია მუკოვისციდოზი, ბრონქოექტაზია, სარკოიდოზი, ლიმფანგიოლეიომიომატოზი და სხვა პათოლოგიები. პაციენტის დაავადების, ასაკისა და სხვა ფაქტორების გამო, შეიძლება განხორციელდეს როგორც ერთი, ასევე ორივე ფილტვის გადანერგვა.

ისტორიული რაკურსიდან

გულისა და ფილტვის პირველი წარმატებული გადანერგვა 1981 წელს ტორონტოში განახორციელეს ფილტვის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტთან. ამავე ცენტრში, 1983 წელს, ჯოელ კუპერმა, წარმატებით გადაუნერგა ერთი ფილტვი პაციენტს, რომელსაც ფილტვის ფიბროზი აღენიშნებოდა. პაციენტმა გადანერგვის შემდეგ 6,5 წელი იცოცხლა, შემდეგ კი თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა. ორივე ფილტვის პირველი წარმატებული გადანერგვა ასევე ტორონტოში ჩატარდა 1986 წელს.

დღეისათვის მსოფლიოში ფილტვის 25000-ზე მეტი გადანერგვაა ჩატარებული და ასეთი გადანერგვის რაოდენობა წელიწადში 3000-ს აჭარბებს. ტრანსპლანტაციების რაოდენობის ზრდა, უპირველესად, დონორი ორგანოების დეფიციტის მიზეზით შემოიფარგლება.

ფილტვის გადანერგვა

ფილტვის ტრანსპლანტაციისთვის გამოიყენება დონორისგან ტვინის სიკვდილის შემდეგ მიღებული ორგანოები, ამასთან, კრიტიკულად მიიჩნევა დონორის ფილტვების იშემიის დრო. ორივე ფილტვის გადანერგვა უნდა მოხდეს მათში სისხლის მიმოქცევის შეწყვეტიდან ექვსი საათის განმავლობაში. ამ დროში შედის ასევე დონორის ორგანოების ტრანსპლანტაციის ცენტრში ტრანსპორტირებაც.

სადღეისოდ ტრანსპლანტაციისათვის ყველაზე ხშირად გამოყენება ორივე ფილტვი, რაც რეალურად არის ზედიზედ ორი გადანერგვა. თავდაპირველად პაციენტს უღებენ ერთ დაავადებულ ფილტვს და მას ანაცვლებენ დონორის ფილტვით, შემდეგ იგივე გადანერგვას (ოპერაციას) ახორციელებენ გულმკერდის მოპირდაპირე მხარეს. ოპერაციიდან რამდენიმე დღის განმავლობაში პაციენტს ესაჭიროება ფილტვების კონტროლირებადი ვენტილაცია, კიდევ, სულ მცირე, ერთი კვირა დაკვირვება და მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

სტაციონარული მკურნალობა შეიძლება საშუალოდ 1,5 თვემდე გაგრძელდეს. ამას მოჰყვება უწყვეტი (მთელი ცხოვრების მანძილზე) მკურნალობა იმუნოსუპრესიული საშუალებებით და, საჭიროებისამებრ, სხვა მედიკამენტებით, გადანერგილი ორგანოს მოცილების რეაქციის ასარიდებლად და ინფექციური დაავადებების საპროფილაქტიკოდ.

ფილტვის წარმატებული ტრანსპლანტაციის შემდეგ, სასუნთქი სისტემის ნორმალური ფუნქციობა აღდგება ერთი წლის განმავლობაში, რაც, თავის მხრივ, ქმნის სრულყოფილი სიცოცხლის გაგრძელების წინაპირობებს. ზოგიერთი პაციენტი სამუშაოსაც კი უბრუნდება.

ურთულესი ოპერაცია

„მამაკაცს 11 წელი აწუხებდა ჰისტიოციტოზი – დაავადება, რომლის დროსაც ფილტვებში წარმოიქმნება ჰაერის ცისტები და ორგანო თანდათან წყვეტს ფუნქციობას. საბოლოოდ, ეს იწვევს მძიმე სუნთქვის უკმარისობას, რომლის გამოც პაციენტებს არ შეუძლიათ ჟანგბადის კონცენტრატორის გარეშე ცხოვრება. 2013 წელს პაციენტმა პირველად იგრძნო ქოშინი, თანდათან დაიწყო დაკვირვება და გამოკვლევა, მაგრამ 2018 წლისთვის ყველა ალტერნატიული მკურნალობის მეთოდი ამოიწურა და სკლიფოსოვსკის ინსტიტუტში ფილტვის გადანერგვის მოლოდინში შეიყვანეს“, – აღნიშნავს უწყების პრესსამსახური.

ცნობილია, რომ 2019 წელს სკლიფოსოვსკის კვლევითი ინსტიტუტის ტრანსპლანტოლოგებმა პირველად გაუკეთეს პაციენტს ფილტვის წარმატებული გადანერგვა და მან შეძლო დაბრუნებოდა ნორმალურ ცხოვრებას. მაგრამ 2022 წლის ბოლოს მამაკაცმა კვლავ იგრძნო ქოშინი. მედიკამენტურმა მკურნალობამ აღარ უშველა და ექვსი თვის შემდეგ პაციენტი სკლიფოსოვსკის ინსტიტუტში გადაიყვანეს. აქ მას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ. დაავადების პროგრესირების გამო ის გადაიყვანეს ECMO-ს აპარატზე, რომელმაც სრულად აიღო თავის თავზე პაციენტის ფილტვების ფუნქცია.

„2023 წლის აგვისტოში ინსტიტუტის ექიმებმა მიიღეს შესაბამისი დონორის ორგანო და გადაწყვიტეს მეორე გადანერგვის ჩატარება. ოპერაციას ხანგრძლივი მომზადება დასჭირდა, ჩატარდა რამდენიმე კონსულტაცია სკლიფოსოვსკის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტის, მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის მთავარი ტრანსპლანტოლოგის – მოგელი ხუბუტიას ხელმძღვანელობით. კონსილიუმმა მიიღო გადაწყვეტილება პაციენტის მზადყოფნის შესახებ მეორე გადანერგვისთვის. მისი სირთულე ისაა, რომ პირველი ოპერაციის შემდეგ გულსა და ფილტვებს შორის წარმოიქმნება ადჰეზიები (შეხორცებები) და ნაწიბურები, რომლის მეშვეობითაც ტექნიკურად ძალიან რთულია გადაადგილება, ადჰეზიების მოკვეთის მცდელობა ხშირად იწვევს სისხლდენას ოპერაციის დროს და მის შემდეგ, რაც იწვევს არასახარბიელო შედეგს“, – განმარტავენ ექსპერტები.

ოპერაცია ცხრა საათს გაგრძელდა და ფილტვის წარმატებული გადანერგვით დასრულდა. რამდენიმე დღის შემდეგ მამაკაცი საბოლოოდ გათიშეს ECMO-ს მოწყობილობიდან და ორი კვირის შემდეგ მან შეძლო დამოუკიდებლად სუნთქვა, ვენტილატორის დახმარების გარეშე. „მას ხანგრძლივი რეაბილიტაცია ელის წინ, თუმცა, სკლიფოსოვსკის ინსტიტუტის ექიმების წარმატებამ გადაარჩინა მისი სიცოცხლე და გაახანგრძლივა იგი წლების განმავლობაში.