როგორია პნევმონიის კლინიკური ნიშნები, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორია პნევმონიის კლინიკური ნიშნები, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებები

– ქალბატონო ეკატერინე, რა დაავადებაა პნევმონია?

– ადამიანის ორგანიზმი უნიკალურად აწყობილი მაკროსისტემაა, რომელშიც ორგანოთა სისტემები შეთანხმებულად მუშაობენ. გარემომცველ სამყაროში უამრავი თვალით უხილავი მიკროორგანიზმია. მათ შორის ზოგიერთს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, გამოიწვიოს დაავადება. პნევმონია სწორედ ადამიანის ქვედა სასუნთქ გზებსა და ალვეოლებში მიკროორგანიზმების მოხვედრის შემდეგ განვითარებული ანთებაა. რეალურად, თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც მიმართულია ინფექციური აგენტის გაუვნებელყოფისკენ.

– რა იწვევს პნევმონიას?

– პნევმონიას იწვევენ ქვედა სასუნთქ გზებში მოხვედრილი ისეთი მიკროორგანიზმები, როგორიცაა: ბაქტერია, ვირუსი, სოკო, ასევე ატიპური მიკროორგანიზმები, რომლებიც ჩამოთვლილ არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნება.

ბაქტერიებიდან ტიპურ გამომწვევად ითვლება შ.პნეუმონიაე (30%-50% დაავადების შემთხვევა), ატიპური გამომწვევები (Chlamydophila pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Legionella pneumoniae), რომელთა წილზეც საერთო ჯამში მოდის 8-10%-მდე.

რესპირაციულმა ვირუსებმა (გრიპი A და B, ადენოვირუსები, პარაგრიპი) შესაძლოა გამოიწვიონ პნევმონია. სქესის, ასაკის, თანხმლები დაავადების გათვალისწინებით პნევმონიის ეტიოლოგია იცვლება.

– რამ შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალური პნევმონიის განვითარება?

– პნევმონიები იყოფა: არაჰოსპიტალურ (საზოგადოებაში შეძენილი) და ჰოსპიტალურ (ნოზოკომიური) პნევმონიად.

საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია ხშირია მჭიდროდ დასახლებულ პირობებში, როგორიცაა სკოლა-ინტერნატი, სამხედრო ბაზა, უნივერსიტეტი და კლინიკები.

ჰოსპიტალური პნევმონია (HAP) ვითარდება ჰოსპიტალიზაციიდან, სულ მცირე, 48 საათის შემდეგ და ინკუბაციური პერიოდი არ აღინიშნება ჰოსპიტალიზაციის დროს.

ჰოსპიტალური პნევმონიის უმეტესი შემთხვევები გამოწვეულია ბაქტერიებით, განსაკუთრებით, აერობული გრამ-უარყოფითი ბაცილებით, როგორიცაა Pseudomonas aeruginosa, ნაწლავის ჩხირი, Klebsiella pneumoniae და სხვა.

მიკროორგანიზმები, რომლებიც ჯანმრთელ ორგანიზმში პნევმონიას არ იწვევენ, შეიძლება ჰოსპიტალში მყოფი პაციენტის დაავადების მიზეზი გახდნენ, რადგან ასეთ პაციენტებს ხშირად აქვთ თანმხლები სხვა დაავადებები, დაქვეითებული იმუნური სისტემა. ამასთან, პნევმონიის გამომწვევი მიკროორგანიზმები მეტად რეზისტენტულები (მდგრადები) არიან ანტიბიოტიკების მიმართ.

– რა არის ასპირაციული პნევმონია?

– ასპირაციული პნევმონია ვითარდება პირის ღრუს შიგთავსის ინჰალაციის შედეგად, ქვედა სასუნთქი გზების მიმართულებით, რის გამოც ვითარდება ფილტვის ქსოვილის დაზიანება და შემდეგ მეორეული ბაქტერიული ინფექცია. ის ხშირად უვითარდება შეცვლილი მენტალური სტატუსის მქონე პაციენტებს, რომელთაც აღენიშნება ხახის ან ყლაპვის რეფლექსის მოშლა.

– რა არის პნევმონიის გამომწვევი რისკ-ფაქტორები?

– პნევმონიის გამომწვევი რისკ-ფაქტორებია:

  • მჭიდროდ დასახლებული პირობები;
  • იმუნოსუპრესია;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • ფილტვის ქრონიკული დაავადება;
  • თავისა და კისრის ონკოლოგიური დაავადებების თერაპია;
  • შეცვლილი მენტალური სტატუსი;
  • ყლაპვის დისფუნქცია;
  • კუჭ-ნაწლავთა დაავადება;
  • ორსულები;
  • შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები;
  • ჭარბწონიანები;
  • იმუნოდეფიციტის მქონე პირები;
  • პაციენტები გულის უკმარისობით;
  • ვისაც ფილტვის ქრონიკული დაავადება აქვს;
  • ასთმით დაავადებულები;
  • 5 წლამდე ბავშვები;
  • 65 წლის ზემოთ პირები.

– როგორია პნევმონიის კლინიკური ნიშნები და რა განსხვავებაა ვირუსული და ბაქტერიული პნევმონიების კლინიკურ ნიშნებს შორის?

– ვირუსული და ბაქტერიული პნევმონიის კლინიკურ ნიშნებს შორის მკვეთრი განსხვავება არ არსებობს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ვირუსულ პნევმონიას ახასიათებს: დაღლილობა და საერთო სისუსტე, მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, ცხელება, კუნთებისა და თავის ტკივილი, გახშირებული სუნთქვა ან ჰაერის უკმარისობა.

ბაქტერიული პნევმონიის სიმპტომებია: სველი ხველა, ცხელება, ძლიერი ოფლიანობა, ტკივილი გულმკერდის არეში სუნთქვის ან ხველებისას, უმადობა, ძლიერი ოფლიანობა.

– როგორ ისმება დიაგნოზი?

– პნევმონიის დიაგნოზის დასადგენად საჭიროა პაციენტის მდგომარეობის შეფასება, ანამნეზის შეკრება, რისკ-ფაქტორების გათვალისწინება, აუსკულტაცია ფილტვების საპროექციოდ, ლაბორატორიული კვლევები – სისხლისა და ნახველის გამოკვლევა. რთულ კლინიკურ შემთხვევებში საჭირო ხდება გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია და ბრონქოსკოპია.

– რა გართულებები შეიძლება განვითარდეს?

– პნევმონიის შესაძლო გართულებებია: პლევრული გამონადენი. პლევრის ემპიემა, ფილტვის ქსოვილის დესტრუქცია, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პერიკარდიტი, მიოკარდიტი, ნეფრიტი და სხვა.

– როგორ ხდება ვირუსული და ბაქტერიული პნევმონიის მკურნალობა?

– პნევმონიის გამომწვევი აგენტის იდენტიფიცირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის დადებითი შედეგის მისაღებად. პნევმონიას შესაბამისად მკურნალობენ ანტივირუსული, ანტიბაქტერიული მედიკამენტებით. სიმპტომების შესა ბამისად მუკოლიზური, ბრონქოლიზური, ტკივილის საწინააღმდეგო მედიკამენტებით.

– რა თავისებურება ახასიათებს კორონავირუსით გამოწვეულ პნევმონიას?

– პაციენტების უმეტესობას აღენიშნება ცხელება, ხველა, დაღლილობა, ანორექსია, ქოშინი, მიალგია, აგრეთვე სხვა არასპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, თავის ტკივილი, დიარეა, გულისრევა და ღებინება. პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ ყნოსვის დაქვეითება/დაკარგვა (ანოსმია) ან გემოს დაკარგვა (აგეზია), რომელიც წინ უსწრებს რესპირაციული სიმპტომების დაწყებას. ხანდაზმულებსა ასაკისა და იმუნოსუპრესირებულებს შესაძლოა განუვითარდეთ ატიპური სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, დაგვიანებული რეაქცია გამღიზიანებელზე, შრომის უნარის დაქვეითება, დიარეა, უმადობა, დელირიუმი. ცხელება არ არის გამოხატული. მოზრდილებისგან განსხვავებით, ბავშვებს ნაკლებად უვითარდებათ ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება.

– მიმდინარეობისა და მკურნალობის თვალსაზრისით რა გამოარჩევს მიკოპლაზმურ პნევმონიას, რომელიც ახლა რამდენიმე ქვეყანაშია გავრცელებული?

– ცოტა ხნის წინ, სოციალური მედიისა და დაავადების კონტროლის ვებ-გვერდებზე გამოჩნდა ინფორმაცია, პეკინისა და ჩინეთის ლიაონინგის პროვინციის ბავშვთა საავადმყოფოებში, მძიმე პნევმონიით დაავადებული პაციენტების რაოდენობის შესახებ, ძირითადად ბავშვთა ასაკში. ჩინეთის მთავრობამ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ რესპირატორული ინფექციების კლასტერი არ არის „ახალი პათოგენი“, არამედ არის ბაქტერია Mycoplasma pneumoniae.

ინფექციის განვითარება ხშირია მჭიდროდ დასახლებულ პირობებში, როგორიცაა სკოლა, სამხედრო ბაზა, უნივერსიტეტი, ხანდაზმულთა საცხოვრებლები და კლინიკები. ატიპური ბაქტერიული პნევმონია, როგორც წესი, ხასიათდება სიმპტომების კომპლექსით და მოიცავს თავის ტკივილს, სუბფებრილურ ცხელებას, ხველას და შეუძლოდ ყოფნას. უმეტეს შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის უფრო მსუბუქი სპექტრი; თუმცა, ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით, თუ გამომწვევი L pneumophila-იაა, შესაძლოა გამოვლინდეს მძიმე პნევმონიის სახით, რომელსაც ესაჭიროება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება.

– რამდენად შესაძლებელია პნევმონიის პროფილაქტიკა და როგორ?

– პნემონიისგან დაცვის პროფილაქტიკა გულისხმობს დაავადების გამომწვევი პირდაპირი და ირიბი რისკ-ფაქტორების შემცირებას, რაც გულისხმობს ჰიგიენის დაცვას, თამბაქოს მოწევის შეწყვეტას, გრიპის სეზონურ ვაქცინაციას (აცრა), იმუნური სისტემის გაძლიერებას. მაღალი იმუნიტეტი დაავადებებისგან თავის დაცვის გარანტიაა. საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესი: რეგულარული ვარჯიში, სწორი კვება, მოწესრიგებული ძილი.