როგორ ავიცილოთ თავიდან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავიცილოთ თავიდან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებშიც კი სიკვდილის წამყვან მიზეზთა შორის ერთ-ერთი პირველია. კვლავ მაღალი ამ დაავადებებით გამოწვეული შრომის თუ საკუთარი თავის მოვლის უნარის დაკარგვა. დღეს ცნობილია ფაქტორები, რომლებიც ზრდიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. მათ დაავადების რისკ-ფაქტორებს უწოდებენ. სამწუხაროდ ზოგიერთი მათგანის კონტროლი ან შეცვლა (მოდიფიცირება, როგორც სამედიცინო ტერმინით უწოდებენ) შეუძლებელია. ამასთან ერთად ცნობილია მოდიფიცირებადი რისკ - ფაქტორები ანუ რისკ-ფაქტორები, რომელთა ზემოქმედების თავიდან აცილება და ამ გზით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის დაქვეითება შესაძლებელია.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების არამოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები

არსებობს რისკ-ფაქტორები, რომლებზეც ზემოქმედება შეუძლებელია და ისინი თავისთავად ზრდიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ასეთ ფაქტორთა შორისაა:

  • ასაკი - ასაკის მატებასთან ერთად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი იზრდება. სადღეისოდ დადგენილია, რომ 45 წლის და მეტი ასაკის მამაკაცებში და 55 წლის და მეტი ასაკის ქალებში გულის დაავადებათა რისკი მატულობს·
  • სქესი - ტრადიციულად ითვლებოდა, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები უფრო მეტად მამაკაცთა შორისაა გავრცელებული. თანამედროვე კვლევათა შედეგების თანახმად გარკვეული ასაკის შემდეგ რისკი ქალთა შორისაც საკმაოდ მაღალია. ეს აიხსნება მენოპაუზასთან დაკავშირებული ჰორმონული ცვლილებებით - ესტროგენების დონის დაქვეითებით.
  • რასობრივი და ეთნიკური თავისებურებები - ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს სხვებთან შედარებით გულ-სისხლძართვთა დაავადებების უფრო მაღალი რისკი აქვთ. აღნიშნული ეხებათ აფრო-ამერიკელებს. ესპანური წარმოშობის თეთრკანიან ამერიკელებს კი პირიქით, ნაკლებად ემუქრებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. რისკი მაღალია აღმოსავლეთ აზიელთა შორის, სამხრეთ აზიელებში კი შედარებით დაბალია.
  • დაავადების ოჯახური ისტორია -რისკი მატულობს, როდესაც პაციენტის გენეტიკურ ახლო ნათესავებს (მშობელი, და-ძმა) გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აქვთ, მიუხედევად მათი გამოვლინების ასაკისა.

თუ ამ ფაქტორთა შორის ერთი მაინც აღინიშნება, აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ იმ ფაქტოების აღმოფხვრას, რომლებზე ზემოქმედებაც შესაძლებელია. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ რამდენიმე რისკ-ფაქტორის ერთდროული არსებობისას რისკი მატულობს.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები

საბედნიეროდ შეგვიძლია ზეგავლენა ვიქონიოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევ მთელ რიგ ფაქტორებზე და ამით დავაქვეითოთ მათი აღმოცენების შესაძლებლობა:

  • მაღალი არტერიული წნევა - შეიძლება ზედმეტადაც ჩათვალოთ იმ ფაქტის ხაზგასმა, რომ მაღალი არტერიული წნევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რისკ-ფაქტორია. მაღალი არტერიული წნევა, რომლის რეგულირებაც მედიკამენტების დახმარებით არ ხდება, ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი წნევის მაღალი ციფრების დროს თავს შეიძლება საკმაოდ კარგად გრძნობდეს. მომატებული არტერიული წნევის გამოვლენის მიზნით ექიმი პაციენტის ვიზიტის დროს წნევას ზომავს. თუ წნევის მომატება დასტურდება და არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზიც დგინდება, პაციენტს ურჩევენ ცხოვრების წესის შეცვლას, სუფრის მარილის შეზღუდვას, შერჩეული წნევის დამწევი მედიკამენტის რეგულარულ მიღებას.
  • ქოლესტეროლის (ლიპიდების) კონტროლი - ქოლესტეროლის ცვლის დარღვევა იწვევს ათეროსკლეროზის დაჩქარებულ განვითარებას, სისხლძარღვთა სანათურის შევიწროვებას და ზრდის კორონარული არტერიების დაავადების, გულის შეტევისა და ინსულტის აღმოცენების რისკს. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების აღმოცენების და მისი პროფილაქტიკის თვალსაზრისით ქოლესტეროლის ცვლის დარღვევის მნიშვნელობის გათვალისწინებით ქვემოთ ცალკე განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს·
  • ნორმალური წონის შენარჩუნება - ჭარბი წონა და სიმსუქნე ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ეს ბუნებრივია - ჭარბი წონა და სიმსუქნე უშუალო კავშირშია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ისეთ რისკ-ფაქტორებთან, როგორებიცაა ქოლესტეროლის ცვლის დარღვევა, მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი. წონის კონტროლით შესაძლებელია როგორც ამ დაავადებების, ასევე გულის დაავადებათა რისკის შემცირება.
  • ჯანსაღი კვება - უნდა შეიზღუდოს ნაჯერი ცხიმებით და სუფრის მარილით მდიდარი საკვები, ტკბილეული. აუცილებელია საკმარისი რაოდენობით ახალი ხილი, ბოსტნეული, ბოჭკოთი მდიდარი საკვები. დიეტური კვება მნიშვნელოვანია როგორც ქოლესტეროლის, ასევე მაღალი არტერიული წნევის დაქვეითების თვალსაზრისით, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირების მნიშვნელოვანი ფაქტორებია.
  • რეგულარული ვარჯიში, ფიზიკური აქტივობა - ვარჯიშს მრავალი დადებითი ეფექტი აქვს გულის კუნთზე დადებითი ზეგავლენისა და სისხლის მიმოქცევის (ცირკულაციის) გაუმჯობესების ჩათვლით. ის გვეხმარება აგრეთვე ნორმალური წონის შენარჩუნებასა და ქოლესტეროლის და არტერიული წნევის დაქვეითებაში. ყოველივე აღნიშნული კი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
  • ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა - დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება შეიძლება არტერიული წნევის მატების მიზეზი გახდეს. გარდა ამისა, ჭარბი ალკოჰოლი ზედმეტი კალორიების წყაროა და წონის მატებას უწყობს ხელს. ჯანმრთელობას ზიანი რომ არ მოვუტანოთ, მიღებული ალკოჰოლის რაოდენობა მამაკაცებსიათვის არ უნდა აღემატებოდეს 2, ხოლო ქალებისათვის 1 ერთეულს. ცნობისათვის, 1 ერთეულ ალკოჰოლს შეიცავს 125 მლ ღვინო, 250 მლ ლუდი, 25 მლ სიპრტი.
  • თამბაქოს მოწევის შეწყვეტა - მოწევა იწვევს არტერიული წნევის მატებას და ზრდის გულის შეტევისა და ინსულტის რისკს. თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილება გვინდა, მოწევა ან არ უნდა დავიწყოთ ან უნდა მივიღოთ მისი შეწყვეტის გადაწყვეტილება. ამ პროცესში შეიძლება დაგვჭირდეს ექიმის დახმარება
  • სტრესის მართვა - სტრესი მრავალი მექანზიმით ზრდის გულ- სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. არტერიული წნევის მატება, გულის შეტევა არც თუ იშვიათად სტრესით პროვოცირდება. გარდა ამისა, სტრესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ზრდის გამომწვევი ისეთი ქცევები, როგორებიცაა ზედმეტი ჭამა, ალკოჰოლის ჭარბად მიღება, თამბაქოს მოწევა. სტრესის მართვაში გვეხმარება ვარჯიში, მშვიდი მუსიკის მოსმენა, გარკვეული დამამშვიდებელი ან წყნარი საქმიანობა, მედიტაცია.
  • დიაბეტის მართვა - საყოველაოდაა აღიარებული, რომ დიაბეტი აორმაგებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. აღნიშნულის მიზეზია დიაბეტის ფონზე დროთა განმავლობაში გულის და სისხლძარღვების მკვებავი სისხლძარღვების და მარეგულერებელი ნერვების დაზიანება. ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი გლუკოზის კონტროლი და დიაბეტის დიაგნოზის შემთხვევაში დაავადების სათანადო მართვა
  • ძილის მოწესრიგება - თუ პაციენტს აქვს უძილობა, მატულობს არტერიული წნევის მომატების რისკი და მედიკამენტებით მისი შედეგიანი მკურნალობის მოლოდინიც ნაკელბად უნდა გვქონდეს. მოზრდილ ადამიანთა დიდი ნაწილისათვის დღე-ღამის განმავლობაში აუცილებელია ძილი 7-9 სათის განმავლობაში. უძილობის, არტერიული წნევის მომატების და შესაბამისად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის მატების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ძილის აპნოე - ძილის დროს სუნთქვის შეჩერების ხანმოკლე ეპიზოდები. ასეთ პაციენტებს ხშირად აქვთ დღის განმავლობაში უეცარი ჩაძინების ეპიზოდები. თუ ჩნდება ეჭვი ძილის აპნოეს არსებობაზე, იგეგმება ძილის კვლევა.

როგორ ავიცილოთ თავიდან ქოლესტეროლის მატება

დღეს აღარავისთვის არ არის სიახლე ქოლესტეროლის ცვლის დარღვევის როლი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების აღმოცენების თვალსაზრისით. ლოგიკურად იბადება შეკითხვა - როგორ ავიცილოთ თავიდან ქოლესტეროლის მატება? ალბათ არც ამ კითხვაზე პასუხი იქნება ახალი და დღემდე უცნობი - ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ქოლესტეროლის ნორმალური მაჩვენებლების შენარჩუნებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირების ერთ- ერთი გზა. ქვემოთ შევეცდებით დეტალურად განვიხილოთ კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადადიდგას ამ მიზნით

ავირჩიოთ ჯანსაღი კვება

ჩვენს ორგანიზმში მუდმივად ხდება ქოლესტეროლის აუცილებელი ოდენობის სინთეზი, რის გამოც მისი საკვებით ჭარბად მიღების აუცილებლობა არ არის. ნაჯერი ცხიმებით მდიდარი საკვების მიღება ქოლესტეროლის მატებას და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ზრდას იწვევს. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია:

  • ნაჯერი ცხიმებით მდიდარი საკვების შეზღუდვა. ნაჯერი ცხიმების წყაროა ცხოველური პროდუქტები (ცხიმიანი ხირცი, ყველი, რძის ხციმიანი პროდუქტები (არაჟანი, ნაღები)), ტროპიკული ცხიმები (მაგალითად პალმის ზეთი)
  • საკვებად იმ პროდუქტების შერჩევა, რომლებიც ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავენ ან არ შეიცავენ ნაჯერ ცხიმებს, ტრანს ცხიმებს, მარილს (ნატრიუმს) და შაქრის დანამატებს. ასეთი პროდუქტებია მჭლე, უცხიმო ხორცი, ზღვის უცხიმო პროდუქტები, რძე, ყველი და იოგურტი ცხიმის დაბალი შემცველობით, უჯრედისით მდიდარი მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული
  • რაციონში აუცილებლად უნდა იყოს უჯრედისით მდიდარი პროდუქტები - შვრია, პარკოსნები (ლობიო, ბარდა და ა. შ.); უჯერი ცხიმები (არის ავოკადოში, მცენარეულ ზეთებში, თხილეულში). ასეთი საკვებს შეუძლია დაგვეხმაროს დაბალი სიმკვრივის ანუ „ცუდი“ ქოლესტეროლის და ტრიგლიცერიდების დაქვეითებასა და მაღალი სიმკვრივის ანუ „კარგი“ ქოლესტეროლის დონის მატებაში

შევინარჩუნოთ ნორმალური წონა

ჭარბი წონა და სიმსუქნე დაბალი სიმკვრივის ანუ „ცუდი“ ქოლესტეროლის დონის მატების მიზეზია. ჭარბი ცხიმი, რაც ორგანიზმში გროვდება ჭარბი წონისა და სიმსუქნის დროს, არღვევს ქოლესტეროლის გამოყენებას და აფერხებს სისხლში „ცუდი“ ქოლესტეროლის შემცველობის დაქვეითებას. შეგახსენებით, რომ წონის შეფასების მიზნით გამოიანგარიშება სხეულის მასის ინდექსი. ეს არის კილოგრამებში გამოსახული წონის შეფარდება მეტრებში გამოსახული სიმაღლის კვადრატთან (BMI = მ/ჰ2). ნორმალური წონისას ეს შეფარდება არის 18.5 - 24.9 კგ/მ2. ჭარბი წონისას BMI მერყეობს 25-დან 29.9 კგ/მ2 ჩათვლით; პირველი ხარისხის სიმსუქნისას 30 - დან ტო 34.9 კგ/მ2 ჩათვლით; მეორე ხარისხის სიმსუქნისას 35 -დან 39.9 კგ/მ2 ჩათვლით; ხოლო მესამე ხარისხის სიმსუქნისას ≥40 კგ/მ2. თუ წონასთან დამოუკიდებელი ბრძოლა უშედეგოა, აუცილებელია ექიმის დახმარება

რეგულარული ფიზიკური აქტივობა

ფიზიკური აქტივობა გვეხმარება ნორმალური წონის შენარჩუნებაში, ქოლესტეროლის და არტერული წნევის დაქვეითებაში. მოზრდილი ადამიანის ფიზიკური აქტივობა კვირის განმავლობაში 2,5 საათი უნდა იყოს, ხოლო ბავშვისა და მოზარდისა - დღეში 1 საათი. ფიზიკური აქტიურობა უნდა გახდეს ცხოვრების წესი, მისი განუყოფელი ნაწილი. ამისათვის რეკომენდებულია ლიფტის მაგივრად კიბის გამოყენება, მანქანის გაჩერება მოშორებით და ფეხით გავლა, მოშორებით მდებარე მაღაზიაში წასვლა, ტელერეკლამის დროს ადგილზე სიარული, ხტომა. რასაკვირველია, ფიზიკური აქტივობისას დატვირთვა არ უნდა იყოს ისეთი, რომ გამოიწვიოს არასასიამოვნო შეგრძნებები.

უარი თამბაქოსა და ჭარბ ალკოჰოლზე

თამბაქო აზიანებს სისხლძარღვებს, ხოლო ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობა ხელს უწყობს ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების დონის მატებას. ამიტომაა რეკომენდებული თამბაქოზე უარის თქმა, ხოლო ალკოჰოლის შეზღუდვა.

როდის უნდა ჩავიტაროთ კვლევა

ამ კითხვაზე პასუხი განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნისათვის. საქართველოში არსებული რეკომენდაციის თანახმად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორების სკრინინგი ანუ კვლევა დაავადების სიმპტომების აღმოცენებამდე, ქოლესტეროლის მაჩვენებლების ჩათვლით, რეკომენდებულია დაიწყოს 40 წელზე მეტი ასაკისას და ნორმალური შედეგების მიღებისას კვლავ განისაზღვროს სულ მცირე, 5 წელიწადში ერთხელ, თუ პაციენტს არა აქვს დაავადებები, რომლის გამოც მაღალია გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების რისკი (უკვე დადგენილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული დაავადება). მაღალი რისკის შემთხვევაში კვლევები იწყება უფრო ადრეულ ასაკში და ტარდება გაცილებით ხშირად.