ქალის ცხოვრების შემოდგომა
- რა ჰორმონული გარდაქმნები ხდება ქალის ორგანიზმში მენოპაუზის დროს?
- ქალის სასქესო ჯირკვალი, საკვერცხე, მხოლოდ გარკვეული ხნის განმავლობაში, მოზარდობიდან მენოპაუზამდე, ფუნქციობს. ამ პერიოდს რეპროდუქციულს უწოდებენ. საკვერცხეებში საშუალოდ ოთხ კვირაში ერთხელ მწიფდება ფოლიკული, რომელიც მენსტრუალური ციკლის შუაში სკდება და ათავისუფლებს კვერცხუჯრედს. გარდა ამისა, ფოლიკული გამოიმუშავებს ქალის ძირითად სასქესო ჰორმონს - ესტროგენს. გამსკდარი ფოლიკულისგან კი წარმოიქმნება ყვითელი სხეული, რომელიც ქალის მეორე სასქესო ჰორმონს - პროგესტერონს გამოყოფს. ესტროგენი ციკლის პირველ ფაზაში იწვევს საშვილოსნოს ლორწოვანის ზრდას, ხოლო პროგესტერონის ზემოქმედებით ლორწოვანში მიმდინარეობს მზადება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისამაგრებლად. თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა, ყვითელი სხეული უკუვითარდება, სისხლში მკვეთრად მცირდება პროგესტერონის დონე, რასაც მოჰყვება საშვილოსნოს ლორწოვანის ჩამოფცქვნა და მენსტრუაცია. ამასობაში საკვერცხეში მწიფდება მომდევნო კვერცხუჯრედი და იწყება ახალი ციკლი. 35-დან 50 წლამდე კი საკვერცხეების ბიოლოგიური სიცოცხლის ასაკი დასასრულს უახლოვდება; მცირდება ჰორმონების გამომუშავება, კვერცხუჯრედი სულ უფრო იშვიათად მწიფდება, რაც არარეგულარული მენსტრუაციული ციკლით გამოიხატება. საკვერცხეების ფუნქციას არეგულირებს თავის ტვინში მდებარე ცენტრი, რომელიც ამ ფუნქციის დაქვეითებას მისი მასტიმულირებელი ჰორმონების მომატებით პასუხობს. ერთხანს საკვერცხეები ახერხებენ უკანასკნელი რეზერვების მობილიზებას, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დგება პერიოდი, როცა მათი ფუნქციობა წყდება. ზოგ ქალს მენსტრუაცია შესაძლოა წინასწარი დარღვევების გარეშეც შეუწყდეს.
- რა ასაკში იწყება მენოპაუზა?
- სტატისტიკური მონაცემებით, მენოპაუზა 45-დან 55 წლამდე იწყება, საშუალო ასაკი კი 51 წელია.
- რას უჩივიან ამ დროს ქალები?
- ისეთი ფსიქოვეგეტატიური დარღვევები, როგორიცაა ალები, ოფლიანობა, ძილის დარღვევა, დეპრესიული მდგომარეობა, ადვილად აღგზნება, თავბრუხვევა, გულისცემის აჩქარება, მგრძნობელობის დარღვევა სხეულის სხვადასხვა ნაწილში (პარესთეზიები), შფოთვა, გამოწვეულია ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებით. მათ შესაძლოა ჯერ კიდევ მენოპაუზამდე იჩინონ თავი, მაგრამ რა უსიამოვნოც უნდა იყოს ეს გამოვლინებები, ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის, არ უკავშირდება ორგანიზმის დაზიანებას და თავისთავად გაივლის გარდაქმნების დასრულების შემდეგ. გაცილებით მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომლებიც ჰორმონების ხანგრძლივი დეფიციტის შედეგს წარმოადგენს, მიმდინარეობს ნელა და მენოპაუზიდან რამდენიმე წლის შემდეგ გამომჟღავნდება. მათი შედეგია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ოსტეოპოროზი, შარდის შეუკავებლობა და სხვა. ეს პათოლოგიები, ფსიქოვეგეტატიური დარღვევებისგან განსხვავებით, მეტ-ნაკლებად ყველა ქალის ორგანიზმში იჩენს თავს, განურჩევლად იმისა, ჰქონდათ მათ მენოპაუზის დადგომისას ალები თუ არა. დადგენილია, რომ იაპონელ, ჩინელ და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების მკვიდრ ქალებს კლიმაქსურ პერიოდში ნაკლებად აწუხებთ ალები. ძალიან იშვიათია მათ შორის ოსტეოპოროზიც. საიდუმლოს გასაღები მათი კვების წესია - ცხიმის დაბალი შემცველობა და მცენარეული ესტროგენების შემცველი სოიის პროდუქტების მოხმარება. ასწლეულების განმავლობაში იაპონელი ქალებისთვის სოიის ხაჭო ესტროგენული პლასტირების როლს ასრულებს.
- რა გავლენას ახდენს ჰორმონული დეფიციტი შარდის ბუშტზე, ძვლოვან და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე?
- ესტროგენები ძვლებში კალციუმის ჩალაგებას ასტიმულირებს. მენოპაუზის შემდეგ, სისხლში ესტროგენების მკვეთრი დაცემის ფონზე, ძვლები კალციუმით ღარიბდება და ვითარდება ოსტეოპოროზი. ოსტეოპოროზს “ჩუმ მძარცველს” უწოდებენ, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია ძვლების ნელი ტემპით განლევა, რომელიც თავდაპირველად უსიამოვნო შეგრძნებებს არ იწვევს. დაავადება თავს იჩენს ზურგის ტკივილით, რომელიც ხერხემლის მალების მიკროტეხილობით არის გამოწვეული. ამის შემდეგ ხერხემალი მოკლდება და დეფორმირდება. მოგვიანებით ყალიბდება ოსტეოპოროზის ყველაზე მძიმე ფორმა, რომლის გამოხატულებაა ბარძაყის თავის მოტეხილობა. ის უმთავრესად ქალებისთვის არის დამახასიათებელი. ოსტეოპოროზის მკურნალობა რთული და ხანგრძლივია. გაცილებით ეფექტურია მისი პროფილაქტიკა! იმისთვის, რომ 70 წლის ასაკში ოსტეოპოროზმა ზიანი არ მოგაყენოთ, დაიწყეთ ზრუნვა მის თავიდან ასაცილებლად 20-25 წლით ადრე! ამბობენ, ადამიანის ასაკს სისხლძარღვები განსაზღვრავსო. მამაკაცებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები შესაძლოა უფრო ახალგაზრდა ასაკშიც გამოაჩნდეთ, ქალებთან კი, წესისამებრ, 50 წლიდან გვხვდება. ესეც ესტროგენების დეფიციტით არის გამოწვეული. ესტროგენები სისხლძარღვებს შემდეგი მექანიზმებით იცავს:
- ხელს უწყობს ქოლესტერინის ისეთი ფრაქციების წარმოქმნას, რომლებიც არ აზიანებს სისხლძარღვებს (“კარგი” ქოლესტერინი);
- იცავს თავისუფალი, აგრესიული რადიკალებისგან;
- აფართოებს სისხლძარღვთა სანათურს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
მენოპაუზის პერიოდში ესტროგენების დეფიციტი ყველა ამ დამცავი მექანიზმის შესუსტება-მოშლას იწვევს, რასაც ქალის ჯანმრთელობის გაუარესება მოჰყვება. ასაკის მატებასთან ერთად მიოკარდიუმის ინფარქტის მაჩვენებელი ქალებთან მამაკაცებისას უთანაბრდება. რაც შეეხება მენოპაუზის პერიოდში შარდის შეუკავებლობას, იგი შარდის ბუშტისა და შარსადენის კუნთოვანი და ლორწოვანი შრეების ატროფიითა და სისხლძარღვთა ცვლილებებითაა განპირობებული, რასაც ესტროგენების დეფიციტიც ერთვის. გარდა უკვე ჩამოთვლილი ცვლილებებისა, ესტროგენების დეფიციტის დროს ვითარდება კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, რისი შედეგიცაა კანის დანაოჭება, საშოს ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს, ქრონიკული კონიუნქტივიტი. ესტროგენები ხელს უწყობს სახსრებში მათი “საცხის”, სინოვიური სითხის წარმოშობას, ამიტომ ესტროგენების ნაკლებობა კლიმაქსურ პერიოდში სახსრების ტკივილის მიზეზადაც იქცევა. აღმოჩნდა, რომ ალცჰაიმერის დაავადება (მოხუცებულობის გონებასუსტობა) უშუალოდ უკავშირდება ჰორმონების დონეს. ესტროგენები აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას და ჩნდება იმედი, რომ ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპია ხანდაზმულებს მომავალში თავიდან ააცილებს ამ უკურნებელი სენის მძიმე გამოვლინებებს.
- როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
- ამჟამად აღიარებულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით:
- ჰორმონების დეფიციტის შევსებით;
- ჯანსაღი ბალანსირებული კვებით;
- საკმარისი ფიზიკური აქტივობით.
ჰორმონების დეფიციტის შევსება ზრდის ძვლების სიმკვრივეს და თითქმის ანახევრებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, ხოლო შარდის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება და საშოს სიმშრალის აღმოფხვრა ადგილობრივი მკურნალობითაც (ესტროგენშემცველი კრემებითა და საშოს სანთლებით) შეიძლება. ჯანსაღი, ბალანსირებული კვება ამ პერიოდში გულისხმობს კალციუმით მდიდარი საკვების (თუმცა ესტროგენების გარეშე კალციუმი ძვლებში ვერ დამაგრდება), ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღებას, ცხოველური ცხიმისა და ცომეულის შეზღუდვას. რაციონის ენერგეტიკული ღირებულება ისეთი უნდა იყოს, რომ ქალმა შეინარჩუნოს ჯანსაღი წონა, ვინაიდან ცხიმის მუცელზე დალექილი ყოველი კილოგრამი ზრდის დატვირთვას მენჯის ფუძის კუნთებზე და, შესაბამისად, უფრო და უფრო მეტ ზიანს აყენებს შარდის ბუშტის ფუნქციას. რეგულარული ფიზიკური ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კალციუმის ცვლას ძვლებში და მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების მქონე ორგანოთა კვებას. შარდის ბუშტის ფუნქციის მოსაწესრიგებლად, სხვა მეთოდებთან ერთად, მიმართავენ მენჯის ფუძის კუნთების ვარჯიშს.
- როგორ იყენებენ ჰორმონებს კლიმაქსურ პერიოდში?
- კლიმაქსურ პერიოდში ჰორმონების გამოყენებას არცთუ მართებულად უწოდებენ ჰორმონოთერაპიას. სინამდვილეში ეს ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში შეჰყავთ ის ნივთიერებები (ჰორმონები), რომლებიც ავსებს მენოპაუზის შემდეგ წარმოშობილ დეფიციტს. ამგვარად, აღდგება ის ჰორმონული წონასწორობა, რომელიც მენოპაუზამდე არსებობდა ორგანიზმში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიისთვის, წესისამებრ, გამოიყენება ბუნებრივი ესტროგენები, განსხვავებით კონტრაცეფციისგან, როდესაც ოვულაციის (კვერცხუჯრედის გამოყოფა) დასათრგუნავად იყენებენ სინთეზურ ჰორმონებს. ბუნებრივი ესტროგენები ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინექციების, ტაბლეტების ან პლასტირის სახით. ეს უკანასკნელი იცვლება კვირაში ერთხელ ან ორჯერ, დოზის შესაბამისად. ესტროგენშემცველი გელების ყოველდღიური წაცხება ხელისგულისოდენა არეზე ისეთსავე ეფექტს იძლევა, როგორსაც პლასტირის მიკვრა. ვინაიდან ესტროგენები საშვილოსნოს ლორწოვანის ზრდას უწყობს ხელს, მათი მასტიმულირებელი ეფექტის შესაჩერებლად ამჟამად მიღებულია ესტროგენებთან ერთად ქალის მეორე სასქესო ჰორმონის, პროგესტერონის, ეფექტის მქონე საშუალებების - გესტაგენების გამოყენებაც. ამასთან, ამ ჰორმონების დანიშვნა მენსტრუალური ციკლის შესაბამისად, I ფაზაში - ესტროგენების, II-ში კი გესტაგენების სიჭარბით, ქმნის ხელოვნურ ციკლს ყოველთვიური მენსტრუაციით. მაგრამ მენსტრუაცია კლიმაქსის პერიოდში, განსაკუთრებით - მენოპაუზიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ბევრ ქალს არ მოსწონს. ამ შემთხვევაში იყენებენ ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის მეორე სქემას - ესტროგენებისა და გესტაგენების ერთდროულ მიღებას მუდმივ რეჟიმში. ეს მენსტრუაციის აღდგენას გამორიცხავს. ასეთი სქემით გამოყენებისას გესტაგენები ახდენს დამცავ ეფექტს როგორც სარძევე ჯირკვლებზე, ასევე საშვილოსნოს ლორწოვანაზე. ამჟამად უკვე დადასტურებულია, რომ ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია ამცირებს საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკს. როდესაც ქალს ამოკვეთილი აქვს საშვილოსნო, შეიძლება ესტროგენების გამოყენება გესტაგენების გარეშე. მენოპაუზა იწყება პროგესტერონის დეფიციტით, რომელიც თავს იჩენს მენოპაუზის წინა პერიოდში. მენსტრუალური ციკლი ხდება არასრულფასოვანი, არარეგულარული, ფოლიკული სრულყოფილად აღარ მწიფდება, აღარ ხდება ოვულაცია, სრულფასოვანი ყვითელი სხეულის წარმოქმნა და პროგესტერონის საჭირო რაოდენობით გამოყოფა. ორგანიზმში იქმნება პროგესტერონის შეფარდებითი დეფიციტი. ეს ხშირად ხელს უწყობს საშვილოსნოს ლორწოვანის ჭარბ ზრდას, რასაც სისხლდენა და ზოგჯერ სიმსივნის განვითარებაც კი მოჰყვება.
- არსებობს ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის ალტერნატივა?
- არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ის არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორიც ესტროგენ-გესტაგენების კომბინაცია. მცენარეული პრეპარატები (კატაბალახა, ჟენშენი, სალბი და სხვა), ჰომეოპათიური საშუალებები (კლიმადინონი), კონტრასტული შხაპი, ფიზიკური აქტივობა (სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების მიზნით), აუტოტრენინგი ამცირებს ალების, დეპრესიისა და სუბიექტური კლიმაქსური გამოვლინებების სიმძაფრეს, მაგრამ თავიდან ვერ აგვაცილებს მენოპაუზის ისეთ მძიმე შედეგებს, როგორებიცაა ოსტეოპოროზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შარდის ბუშტის პრობლემები და სხვა. არჩევანი ქალმა თვითონ უნდა გააკეთოს. მან უნდა გადაწყვიტოს, როგორ სურს ცხოვრება მენოპაუზის შემდეგ.
- რამდენ ხანს გრძელდება ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია?
- თუ ის ტარდება კლიმაქსის მხოლოდ სუბიექტური გამოვლინებების (ალები, დეპრესია და სხვა) აღმოსაფხვრელად - სამკარისია 3-5 წელი, ჰორმონთა დეფიციტით გამოწვეული ძვლოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების პათოლოგიათა თავიდან ასაცილებლად - 10-15 წელი მაინც. საყოველთაო ვადები არ არსებობს. შესაძლოა, სიცოცხლის ბოლომდეც კი გაგრძელდეს.
- არსებობს აზრი, რომ ჰორმონების გამოყენება ზრდის სიმსივნეების განვითარების რისკს...
- ესტროგენ-გესტაგენური პრეპარატებით კომბინირებული ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია არათუ არ ზრდის, არამედ ამცირებს კიდეც საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკს, სახელდობრ, საკვერცხისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებისას, და ფაქტობრივად სიმსივნის ამ ფორმების პროფილაქტიკასაც წარმოადგენს. რაც შეეხება სარძევე ჯირკვლების კიბოს, აქ ერთიანი აზრი ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ, ვინაიდან ასაკთან ერთად თავისთავად იმატებს კიბოს რისკიც, სასურველია, როგორც ჰორმონოთერაპიის, ისე მისი გამოუყენებლობის შემთხვევაშიც ქალმა რეგულარულად ჩაიტაროს პროფილაქტიკური გასინჯვა მამოლოგთან, რეპროდუქტოლოგსა და გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთან, განსაკუთრებით - მენოპაუზის პერიოდში.
- ზოგჯერ ქალი მენოპაუზის მოახლოებისას ორსულდება. იცავს თუ არა არასასურველი ორსულობისგან ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია?
- ბუნებრივი ჰორმონები, კერძოდ, ესტროგენები, ქალს არასასურველი ორსულობისგან არ იცავს, ამიტომ ამ პერიოდში მიზანშეწონილია სხვა საშუალებების - სპირალის, პრეზერვატივის, ქირურგიული სტერილიზაციის - გამოყენება. არასასურველი ორსულობის საფრთხე არსებობს მენსტრუაციის შეწყვეტიდან ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ, მყარი მენოპაუზის პერიოდში, ორსულობა ნაკლებმოსალოდნელია, თუმცა იმას, ხდება თუ არა კვერცხუჯრედის მომწიფება, დანამდვილებით მხოლოდ სპეციფიკური გამოკვლევებით თუ დავადგენთ.
- იწვევს თუ არა ჰორმონული თერაპია წონის მატებას? ამ მოარული აზრის გამო ხომ უამრავი ქალი ამბობს უარს ჰორმონებით კონტრაცეფციასა და მკურნალობაზე...
- როგორც დაკვირვებამ აჩვენა, ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის დასაწყისში ქალი სწრაფად იმატებს 2-3 კგ-ს, მაგრამ მოკლე ხანში წონის კლება იწყება, ხოლო რამდენიმე თვეში ქალები, რომლებიც ჰორმონებს იღებენ, იწონიან იმ ქალებზე ნაკლებს, რომლებიც ჰორმონოთერაპიაზე უარს ამბობენ. დროთა განმავლობაში მენოპაუზის სტადიაში მყოფ ქალებს, რომელთაც უტარდებათ ჰორმონების დეფიციტის კომპენსირება, უფრო და უფრო იშვიათად აღენიშნებათ ჭარბი წონა. ფრანგი მწერალი, ანდრე ჟიდი აღნიშნავდა: “ცხოვრება ასეთია: როგორც კი ერთი კარი იხურება, მაშინვე იღება მეორე”. ეცადეთ, ყოველთვის დაინახოთ ეს ღია კარი. ცვლილება არ ნიშნავს დაკარგვას - ეს რაღაც ახლის ნიშანია. მენოპაუზა შვილოსნობის ფუნქციის შეწყვეტას უკავშირდება, მაგრამ 50 წლის შემდეგ ეს ფაქტი სულაც აღარ წარმოადგენს ტრაგედიას. რაც შეეხება გარეგნობას, ეჭვს აღარ იწვევს, რომ ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის წყალობით ქალმა 50 წლის შემდეგაც შეიძლება შეინარჩუნოს სილამაზე. გარდა ამისა, ამ ასაკში ქალს შეუძლია გაცილებით მეტი დრო დაუთმოს საკუთარ თავს, დაისახოს ახალი მიზნები და გააკეთოს ყველაფერი ის, რისთვისაც ვერ იცლიდა, სანამ შვილები პატარები იყვნენ. ძვირფასო ქალებო! ნუ შეგაშინებთ კლიმაქსის სუსხი, რადგან ცხოვრება მენოპაუზის შემდეგაც მშვენიერია.