ტესტოსტერონი ქალებთან
მიუხედავად იმისა, რომ ტესტოსტერონი მამაკაცის ჰორმონად ითვლება, მასზე მამაკაცებს მონოპოლია არ აქვთ.
აღნიშნული ჰორმონი აქვთ ქალებსაც, ოღონდ მცირე რაოდენობით, და აქ, როგორც ყოველთვის, მნიშვნელოვანია ბალანსი - ზედმეტმა ტესტოსტერონმა შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა, ხოლო ჰორმონის ძალიან მცირე რაოდენობა ასოცირდება დაბალ ენერგიასა და ლიბიდოსთან.
-
რისთვისაა საჭირო ტესტოსტერონი?
ტესტოსტერონი მხოლოდ მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოებისა და მეორეული სასქესო ნიშნების განვითარებაში როდია ჩართული. ეს ჰორმონი მოქმედებს ასევე ძვლის სიმკვრივეზე, კუნთების მოცულობაზე, სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) წარმოქმნასა და მამაკაცისა და ქალის სექსუალურ ქცევაზე.
ტესტოსტერონი მნიშვნელოვანია სპორტული მიღწევებისთვისაც: ზრდის ძალას, გამძლეობას და აჩქარებს კუნთოვანი მასის მატებას.
-
რაზეა დამოკიდებული ტესტოსტერონის დონე?
ქალების ორგანიზმში ტესტოსტერონს გამოიმუშავებს საკვერცხეები და თირკმელზედა ჯირკვლები.
ტესტოსტერონის დონე სისხლში დამოკიდებულია სქესზე, ასაკზე, სხეულის მასის ინდექსზე, მოწევასა და გენეტიკურ ფაქტორებზე.
ტესტოსტერონის დონე ქალის ორგანიზმში იცვლება (მერყეობს) მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში, მენსტრუალურ ციკლსა და დღე-ღამის დროზე დამოკიდებულებით.
ჰორმონის ნორმალური დონე ქალებთან მერყეობს 15-დან 70 ნანოგრამამდე დეცილიტრზე (ნგ/დლ). მამაკაცებთან – 280-დან 1100 ნგ/დლ-მდე.
მენოპაუზის წინ, ქალების ორგანიზმი გამოიმუშავებს სამჯერ მეტ ტესტოსტერონს, ვიდრე ესტროგენს (ქალის სასქესო ჰორმონს).
-
ტესტოსტერონის დაბალი დონე ქალებთან
მიზეზები
ჰორმონის დონე შეიძლება უკავშირდებოდეს მენოპაუზასა და დაბერებას. წამლებმა, რომლებიც აღმოფხვრიან მენოპაუზის გვერდით მოვლენებს (მაგალითად, პერორალურმა ესტროგენმა), ასევე შეიძლება შეამცირონ ტესტოსტერონის დონე.
ტესტოსტერონის დაბალი დონე შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხეებთან (მაგალითად, მოცილების შემდეგ), ჰიპოფიზთან ან თირკმელზედა ჯირკვლებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა.
სადღეისოდ არ არსებობს საბოლოო რეკომენდაცია იმის თაობაზე, თუ ტესტოსტერონის რომელი მაჩვენებელი უნდა ჩაითვალოს „დაბალ“ დონედ ქალების შემთხვევაში.
ტესტოსტერონის დაბალმა დონემ ქალებთან შეიძლება გამოიწვიოს ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი ან რამდენიმე:
- მოდუნებულობა (ლეთარგია);
- კუნთების სისუსტე;
- დაღლილობა;
- ძილის დარღვევა;
- სექსუალური ლტოლვის დაქვეითება;
- სექსუალური კმაყოფილების დაქვეითება;
- წონის მომატება;
- ფერტილობის (ნაყოფიერების) პრობლემები;
- არარეგულარული მენსტრუალური ციკლი;
- ვაგინალური სიმშრალე;
- ძვლის სიმკვრივის დაქვეითება.
ისიც საყურადღებოა, რომ დაბალი ტესტოსტერონის მქონე ბევრ ქალს არ აღენიშნება ეს სიმპტომები.
იმის გამო, რომ დაბალ ტესტოსტერონთან დაკავშირებული სიმპტომები ხშირია და შეიძლება სხვა მდგომარეობებს უკავშირდებოდეს, დიაგნოზის დასმამდე ექიმი იძიებს სხვა პრობლემების ან დაავადების ნიშნებს. ექიმს შეუძლია გადაამოწმოს დეპრესიის, შფოთვის, ქრონიკული სტრესის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა არსებობა და მენოპაუზის მოახლოება.
-
ტესტოსტერონის მაღალი დონე ქალებთან
მიზეზები
ტესტოსტერონის მაღალი დონე ქალებთან უმეტეს შემთხვევაში გამოწვეულია პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომით ან თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზიით, ასევე ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებით.
სიმპტომები
ქალებთან ტესტოსტერონის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის დარღვევა, თმის ზრდა მამაკაცური ტიპით და სხეულის ფორმის ცვლილებები. ტესტოსტერონის მაღალი დონის მქონე ზოგიერთ ქალს უვითარდება შუბლის სიმელოტე. სხვა შესაძლო ეფექტებს მიეკუთვნება – აკნე, კლიტორის გაფართოება, კუნთების მასის გაზრდა და ხმის დაბოხება (გაღრმავება).
ტესტოსტერონის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობაც და ხშირად გვხვდება პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის დროს. ექიმის რეკომენდაციით, ჭარბი წონის 5-დან 10 პროცენტამდე დაკარგვამ შეიძლება შეამციროს ტესტოსტერონის დონე, გააუმჯობესოს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის სიმპტომები და აღმოფხვრას უნაყოფობასთან დაკავშირებული გართულებები.
აღნიშნული ენდოკრინული დარღვევა ზოგჯერ გვხვდება რეპროდუქციული ასაკის ქალებთან, რომლებსაც უჭირთ დაორსულება.
ტესტოსტერონის მაღალი დონის შემთხვევაში ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- სიმსუქნე;
- ვაშლის ფორმის სხეული;
- თმის გასქელება და გაიშვიათება;
- აკნე;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
სულ უფრო მეტი სამეცნიერო კვლევა მიუთითებს, რომ ტესტოსტერონი ზრდის ქალების კუნთების მასას. ტესტოსტერონის გავლენა სპორტულ მაჩვენებლებზე ასევე ხსნის ქალებთან შედარებით სპორტში მამაკაცთა 10-20%-ით უპირატესობას.
-
ტესტოსტერონი და გენეტიკა
ცნობილია, რომ რამდენიმე გენეტიკური ვარიანტი ასოცირდება სისხლში ტესტოსტერონის დონესთან. მაგალითად, RS10822184 ვარიანტი JMJD1C გენთან ახლოსაა. ეს გენი მონაწილეობს მამაკაცებთან სათესლე ჯირკვლების განვითარებაში და არეგულირებს ტესტოსტერონის სინთეზის პროცესს.
ჯერ კიდევ არ არის საკმარისი სამეცნიერო მტკიცებულება ქალების ტესტოსტერონის დონეზე გენების გავლენის შესაფასებლად, თუმცა, კავშირი მემკვიდრეობასა და ქალის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ჰორმონებს შორის, როგორიცაა ესტრადიოლი, მალუთეინიზებელი ჰორმონი, ისევე როგორც პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის განვითარების რისკი, შეიძლება შეფასდეს მთლიანი გენომის ტესტის გამოყენებით. დნმ-ის 95%-ზე მეტის ანალიზი ეხმარება ჯანმრთელობის მართვასა და პერსონალიზებული კვების, ცხოვრების წესისა და ვარჯიშის რეკომენდაციების გაწერას.