სტრესი და ჰორმონული ბალანსი
რატომ მოგვიწოდებენ ექიმები მუდმივად სიმშვიდის შენარჩუნებისკენ? როგორ შეიძლება სტრესმა დაარღვიოს ორგანიზმში ჰორმონული ბალანსი?
სტრესი ნერვიული დაძაბულობა და ამა თუ იმ კონკრეტული საკითხის გამო ძლიერი განცდაა. რა არის სტრესი ორგანიზმისთვის?
ფიზიკური რეაქციაა, გამოხატული სისხლში იმ ჰორმონების გამოყოფით, რომლებიც ჩართული არიან ყოველდღიურ პროცესებში. და მაშინაც კი, როცა ადამიანი მშვიდდება და სიმშვიდის მდგომარეობას უბრუნდება, მზაკვრული სტრესული ჰორმონები მაინც „სხედან“ შიგნით უწინდებურად და აგრძელებენ ორგანიზმისთვის ზიანის მიყენებას.
სტრესის ჰორმონები და მათი ზემოქმედება
სტრესის ძირითადი ჰორმონებია ადრენალინი და კორტიზოლი. მათი გამოთავისუფლება ფაქტობრივად წამიერად აყენებს ორგანიზმს „შეებრძოლე ან გაიქეცის“ მდგომარეობაში, რათა დაიცვას თავი საფრთხისგან ან განერიდოს მას. ამას კი გარკვეული რეაქციები მოჰყვება: ადრენალინი პასუხისმგებელია გულის აჩქარებაზე, გაძლიერებულ ოფლიანობაზე და აჩქარებულ მეტაბოლიზმზე.
კორტიზოლი ზრდის სისხლში შაქრის დონეს და აფერხებს საჭმლის მომნელებელი და რეპროდუქციული სისტემების მუშაობას. და თუ ადამიანი 10 წუთის შემდეგ დამშვიდდა, სისხლში ჰორმონების მუშაობა მაინც გრძელდება ნორმაში დასაბრუნებლად. ამას კი დიდი დრო სჭირდება.
პრობლემა ის არის, რომ ადრენალინის სისხლში გამოყოფის მომენტში ბევრი სხვა ჰორმონის გამომუშავება იბლოკება (შეუძლებელია საჭმლის მონელება ან დასვენებაზე ოცნება, თუ ავ ძაღლს გაურბიხარ). შესაბამისად, თუ სტრესი გახანგრძლივდა და სისხლში მუდმივად არის ადრენალინი, მაშინ ორგანიზმის ჰორმონული ფონი ირღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის პრობლემა.
ამ მხრივ განსაკუთრებით მგრძნობიარეა სასქესო ჰორმონები. მუდმივი სტრესის ფონზე მცირდება LH (მალუთენიზებელი ჰორმონის), FSH (ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის) და ესტროგენების გამომუშავება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეგულარულ მენსტრუალურ ციკლზე. შესაბამისად, მენსტრუალური ციკლი შეიძლება გახდეს ჩვეულებრივზე გრძელი ან მოკლე. გარდა ამისა, კორტიზოლის გავლენით ქალებს ხშირად აღენიშნებათ ოვულაციის (მომწიფებული კვერცხუჯრედის საკვერცხიდან გათავისუფლება) დაკარგვა და ამენორეაც კი (მენსტრუაციის არარსებობა).
სტრესსა და ჰორმონულ დისბალანსს შორის ურთიერთკავშირი
1. ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემა
- სტრესი ააქტიურებს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძს, ენდოკრინული სისტემის ძირითად ნაწილს. ჰიპოთალამუსი ათავისუფლებს კორტიკოტროპინ-რილიზინგ ჰორმონს, რომელიც ნიშანს აძლევს ჰიპოფიზის ჯირკვალს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (ACTH) გამოყოფის შესახებ. შემდეგ ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი ACTH ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ კორტიზოლის გამოყოფას. კორტიზოლი კი, მოგეხსენებათ, სტრესის ჰორმონია;
- ხანგრძლივმა ან ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის (სისტემის) დისრეგულაცია, რაც განაპირობებს კორტიზოლის ანომალურ დონეს. ეს დისრეგულაცია დაკავშირებულია სხვადასხვა ჰორმონულ დისბალანსთან და ჯანმრთელობის პრობლემებთან.
2. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია
- სტრესმა ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციობაზე, რომელიც გამოიმუშავებს მეტაბოლიზმის მარეგულირებელ ჰორმონებს. ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება ხელი შეუწყოს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციას, პოტენციურად გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ჰიპოთირეოზი ან ჰიპერთირეოზი.
3. რეპროდუქციული ჰორმონები
- სტრესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს რეპროდუქციულ სისტემაზე, ისეთი სასქესო ჰორმონების გამოყოფაზე, როგორებიცაა ესტროგენი და ტესტოსტერონი. ქალებს ქრონიკული სტრესის გამო შეიძლება აღენიშნოთ არარეგულარული მენსტრუალური ციკლი ან ოვულაციის დარღვევა. მამაკაცებთან კი სტრესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სპერმის გამომუშავებასა და ტესტოსტერონის დონეზე.
4. ინსულინისა და შაქრის დონე სისხლში
- სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ინსულინისადმი მგრძნობელობისა და სისხლში შაქრის დონის ცვლილებები. ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება ხელი შეუწყოს ინსულინისადმი რეზისტენტობის განვითარებას, რომელიც არის შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2- ის წინამორბედი.
5. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი
- სტრესი მოქმედებს ნაწლავებზეც, ხოლო სტრესთან დაკავშირებულმა ჰორმონულმა ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს კუჭ-ნაწლავის ჰორმონების გამომუშავებაზე და განაპირობოს საჭმლის მონელების პრობლემები, ისეთი დაავადება, როგორიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.
6. უკუკავშირის მექანიზმები
- ჰორმონულმა დისბალანსმა, თავის მხრივ, შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის უნარზე, გაუმკლავდეს სტრესს. მაგალითად, კორტიზოლის დონის დარღვევამ გავლენა მოახდინოს ადამიანის განწყობაზე, მის ენერგეტიკულ დონეზე და სტრესორებთან ეფექტურად გამკლავების უნარზე.
7. ინდივიდუალური ცვალებადობა
- მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინდივიდუალური პასუხები, რეაქციები სტრესსა და ჰორმონულ ცვლილებებზე, განსხვავებულია. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება იყოს უფრო მდგრადი (გამძლე) სტრესისადმი, ზოგი კი უფრო მგრძნობიარე სტრესორების გავლენით გამოწვეული ჰორმონული დისბალანსის განვითარებისადმი.
სტრესი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მას დიდი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ერთ-ერთი მთავარი ასპექტი, რომელზეც სტრესი მოქმედებს, ენდოკრინული სისტემაა.
როგორ შეიძლება ჰორმონულმა ცვლილებებმა გავლენა იქონიოს ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. რა უნდა გავაკეთოთ, უარყოფითი გავლენებისაგან თავდასაცავად?
კორტიზოლი – სტრესის მთავარი ჰორმონი
როდესაც ვგრძნობთ სტრესს, ჩვენი ორგანიზმი მას პასუხობს (რეაგირებს) ჰორმონ კორტიზოლის გამოთავისუფლებით. ეს არის ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმი, რომელიც გვამზადებს ბრძოლისთვის ან გაქცევისთვის. თუმცა, თუ სტრესი გახანგრძლივდა და ქრონიკული გახდა, კორტიზოლის მომატებულმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები – იმუნიტეტის დაქვეითება, ძილის დარღვევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილი რისკიც კი.
ადრენალინი და ნორადრენალინი
ეს ჰორმონები სტრესის დროს გამოიყოფა და ამზადებს ორგანიზმს ფიზიკური დატვირთვისთვის. თუმცა, თუ სტრესს არ ახლავს ფიზიკური დატვირთვა, ადრენალინისა და ნორადრენალინის (იგივე ნორეპინეფრინის) ჭარბმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს უძილობა, შფოთვა და წნევის მომატება.
დოფამინი და სეროტონინი
სტრესმა ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს ჰორმონულ ბალანსზე ისეთ ნეიროტრანსმიტერებთან მიმართებაში, როგორებიცაა: დოფამინი და სეროტონინი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩვენს განწყობასა და სიხარულზე. გადაჭარბებულმა სტრესმა შეიძლება დააქვეითოს ამ ჰორმონების დონე, რაც დაკავშირებულია დეპრესიისა და შფოთვის განვითარებასთან.
სტრესის დროს ჰორმონული ცვლილებებისგან დაცვის გზები
- მედიტაციისა და რელაქსაციის პრაქტიკა: მედიტაციის რეგულარულმა სეანსებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს სტრესის დონე და ხელი შეუწყოს ენდოკრინული სისტემის ჰარმონიის შენარჩუნებას.
- ფიზიკური აქტივობა: რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს სტრესის ჰორმონების კონტროლს და აუმჯობესებს საერთო ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას. იარეთ დღეში ორჯერ სულ მცირე, 15-30 წუთის განმავლობაში მაინც.
- ჯანსაღი კვება: დაბალანსებული დიეტა, რომელიც ითვალისწინებს ორგანიზმის ვიტამინებითა და მინერალებით მომარაგების საჭიროებებს, ხელს უწყობს ენდოკრინული სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. აუცილებლად უნდა მიირთვათ ყოველდღიურად ბოსტნეული, მიიღოთ ცილა და რთული ნახშირწყლები.
- ძილი: ძილის რეჟიმის ნორმალიზება და ხარისხიანი დასვენებისთვის პირობების შექმნა გავლენას ახდენს ჰორმონების დონეზე და აუმჯობესებს საერთო ჯანმრთელობას. აუცილებელია 23:30 საათამდე დაძინება, ძილის წინ ოთახის განიავება, გრილ ოთახში ძილი, აპნოეს (ხვრინვის) მკურნალობა, დაძინებისას ოთახის დაბნელება.
- დღის დაგეგმვა: არ დაგეგმოთ სამზე მეტი მნიშვნელოვანი რამ დღის განმავლობაში. ყველაფერი უნდა იყოს ზომიერად.
სტრესის დროს ჰორმონული ცვლილებები ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ მათმა ქრონიკულმა ხასიათმა შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები. სტრესის მართვის შეგნებული ძალისხმევა, მათ შორის რელაქსაციის პრაქტიკა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, განუყოფელი ნაწილია ჰორმონული ცვლილებებისგან დასაცავად, ენდოკრინულ სისტემაში ბალანსისა და ჰარმონიის შესანარჩუნებლად.