სტრესი და დიაბეტი
გვესაუბრება ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმი-ენდოკრინოლოგი ლია გოგუა.
-
ქალბატონო ლია, არსებობს მოსაზრება, რომ სტრესის ფონზე შესაძლებელია განვითრდეს დიაბეტი. რამდენადაა ეს შესაძლებელი?
– სტრესი არ იწვევს დიაბეტს, მაგრამ მას შეუძლია გავლენა მოახდინოს სისხლში გლუკოზის დონეზე და იმაზე, თუ როგორ მართავს პაციენტი თავის მდგომარეობას.
შაქრიანი დიაბეტი თავად შეიძლება იყოს სტრესის მიზეზი. ხშირ შემთხვევაში ადვილი არ არის ამ დაავადებით ცხოვრება.
სტრესულ სიტუაციებს ყოველთვის თავიდან ვერ აიცილებ, მაგრამ შესაძლებელია რთული მომენტების გამარტივება იმგვარად, რომ შევაფერხოთ სტრესით გამოწვეული უარყოფითი ემოციები და ფსიქიკაზე მათი ზემოქმედება.
-
როგორ მოქმედებს სტრესი დიაბეტზე?
– სტრესის დროს ორგანიზმში გამომუშავდება სტრესის ჰორმონები: კორტიზოლი და ადრენალინი. ეს ჰორმონები უნდა ასტიმულირებდეს ენერგიის გამომუშავებას რთული მდგომარეობის საპასუხოდ, მაგრამ, სინამდვილეში, ჰორმონები ართულებენ ინსულინის გამართულ მუშაობას, რაც ცნობილია, როგორც ინსულინისადმი რეზისტენტობა. იმის გამო, რომ ენერგია ვერ ხვდება უჯრედებში, სისხლში გლუკოზის დონე იზრდება.
გახანგრძლივებული სტრესის დროს ნარჩუნდება სისხლში გლუკოზის მაღალი დონე და იზრდება დიაბეტის გართულების რისკი. სტრესი ასევე გავლენას ახდენს ადამიანის განწყობაზე და იმაზე, თუ როგორ ზრუნავს კონკრეტული პიროვნება საკუთარ თავზე. ეს ყველაფერი საბოლოოდ აზიანებს ემოციურ ჯანმრთელობას.
-
ბრძანეთ, ადამიანისთვის თავად დიაბეტი შეიძლება აღმოჩნდეს სტრესის ფაქტორიო. რატომ?
– დიაბეტი ხშირად იწვევს სტრესს, განსაკუთრებით დიაგნოზის დადგენის პირველ დღეებში. ადამიანმა ყურადღებით და გულდასმით უნდა გადახედოს კვების რაციონს. ბევრი ახალი რამის სწავლა და დამახსოვრება, ჩვეულებებზე უარის თქმა შეიძლება შემაძრწუნებელი ჩანდეს. ახლა ხშირად უნდა აკონტროლოს სისხლში გლუკოზის დონე ან გაიკეთოს ინიექციები ყოველდღე. გლუკოზის ტესტის შედეგებზე, ან ინიექციებზე ფიქრი შეიძლება მართლაც სტრესული გამოდგეს.
ზოგიერთ დიაბეტით დაავადებულს ასევე შეიძლება განუვითარდეს ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა – როდესაც სისხლში გლუკოზის დონე ძალიან დაბალია. ამაზე ფიქრიც შეიძლება სტრესული აღმოჩნდეს.
დროდადრო, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება დაეწყოს დეპრესია, იმედგაცრუება და სტრესი დიაბეტის გამო. ზოგს აწუხებს გართულებები, ზოგი კი თავს დამნაშავედ გრძნობს, თუ დიაბეტის მართვის კონტროლს კარგავს. დათრგუნვის ეს განცდა ასევე შეიძლება გაიზარდოს დიდ სტრესში, როდესაც დიაბეტზე და სხვა ყველაფერზე ზრუნვა მძიმე ხდება.
გასაგებია, თუ ამას დროდადრო გრძნობთ – ეს ცნობილია, როგორც დიაბეტური დისტრესი. თუ ადამიანი მას არ გაუმკლავდა, სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს. აუცილებელია, ამის შესახებ პაციენტი ესაუბროს მკურნალ ექიმს და გაითვალისწინოს მისი რეკომენდაციები.
-
რა კავშირია სტრსსა და დიაბეტს შორის?
– როგორც ვთქვი, სტრესი თავისთავად არ იწვევს დიაბეტს. მაგრამ არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ შესაძლოა არსებობდეს კავშირი სტრესსა და ტიპი 2 დიაბეტის რისკს შორის.
მკვლევარების აზრით, სტრესის ჰორმონების მაღალმა დონემ შეიძლება ხელი შეუშალოს პანკრეასის ინსულინის წარმომქმნელი უჯრედების გამართულ მუშაობას და შეამციროს მათ მიერ გამომუშავებული ინსულინის რაოდენობა. თავის მხრივ, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ტიპი 2 დიაბეტის განვითარებას.
სტრესის პირობებში გადაჭარბებული კვება ასევე შეიძლება იყოს ტიპი 2 დიაბეტის განვითარების ფაქტორი. ზოგიერთი რეაგირებს სტრესზე ჭარბი ჭამით, რაც იწვევს წონის მატებას.
-
როგორ გავუმკლავდეთ სტრესს?
– თითოეული ადამიანი განსხვავებულად უმკლავდება სტრესულ სიტუაციებს. სტრესის დროს, აუცილებელია საკუთარ თავზე ზრუნვა და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. თუმცა, ეს ყოველთვის იოლი არ არის. ხშირად ადამიანები დაკავებულები არიან სამსახურში ან ოჯახზე ზრუნვით და შეიძლება დაავიწყდეთ ჭამა ან წამლის მიღება.
საკუთარ თავზე ზრუნვა ისე უნდა მოვახერხოთ, რომ არ დავისტრესოთ, თუ ყველაფერი იდეალურად არ გამოგვივიდა.
ზოგიერთ ადამიანს სრულფასოვანი ძილი და ვარჯიში, ყოველდღიურ რუტინაში დასვენებისა და რელაქსაციის ჩართვა ეხმარება სტრესთან ბრძოლაში. მნიშვნელოვანია სხვებთან საუბარი. საუბარი იმაზე, რაც ადამიანს ანერვიულებს, პრობლემის სხვა რაკურსიდან და პერსპექტივიდან შეხედვის საშუალებას იძლევა. არ აქვს მნიშვნელობა, რაზე განიცდის ადამიანი სტრესს. შესაძლოა, ეს სულაც არ იყოს დაკავშირებული დიაბეტთან. მნიშვნელოვანია, რომ მან მიიღოს მხარდაჭერა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.