სპაზმი შინაგან ორგანოთა დაავადებების დროს
- ალბათ არავის გაუკვირდება, თუ შინაგანი ორგანოების დაავადებებისას აღმოცენებულ სპაზმზე საუბარს ბრონქოსპაზმის განხილვით დავიწყებთ. რა არის ბრონქოსპაზმი, როგორ ვლინდება ის კლინიკურად?
- ბრონქოსპაზმი არის ბრონქების გლუვი კუნთების ანომალიური შეკუმშვა, რაც სასუნთქი გზების მწვავე შევიწროებას და ობსტრუქციას (დახშობას) იწვევს. წესისამებრ, ამ მდგომარეობას თან სდევს ხველა, რომლის დროსაც ნახველის გამოყოფა ვერ ხერხდება და მსტვენი ხიხინი, რომელიც ხშირად პაციენტსაც და ირგვლივ მყოფებსაც კარგად ესმით.
ბრონქოსპაზმი ასთმისა და ბრონქიტის ზოგიერთი შემთხვევის (ობსტრუქციული ბრონქიტი) ძირითადი მახასიათებელი სიმპტომია. გარდა ბრონქების გლუვი კუნთების სპაზმური შეკუმშვისა, ამ მდგომარეობის დროს მნიშვნელოვანია ბრონქების ლორწოვანის ანთებითი შეშუპებაც, რაც უფრო მეტად ამცირებს მათ განვლადობას.
ბრონქოსპაზმის წამყვანი მიზეზი ბრონქული ასთმაა, თუმცა მნიშვნელოვანია სხვა მიზეზებიც, მათ შორის - სასუნთქი გზების ინფექციები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები (ემფიზემა და ქრონიკული ბრონქიტი), ანაფილაქსიური შოკი და სხვა ალერგიული რეაქციები. უკანასკნელთა დროს ხდება ბრონქების სპაზმის გამომწვევ ნივთიერებათა სისხლში გადმოსროლა. როგორც აღვნიშნეთ, ბრონქების სპაზმის დროს მათი გლუვი კუნთები ძლიერ იკუმშება, რაც ამცირებს ბრონქების სანათურის დიამეტრს. სქელი წებოვანი ნახველი, რომელიც ამ დროს დიდი რაოდენობით წარმოიქმნება, მაგრამ ვერ გამოიყოფა, კიდევ უფრო ამცირებს ბრონქების განვლადობას. დაგროვილი სეკრეტი იწვევს ბრონქების გაღიზიანებასა და ხველას. როცა ვითარდება ბრონქების ობსტრუქცია (დახშობა), შესუნთქვისთვის პაციენტს გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება, რათა ჰაერის ნაკადი ალვეოლებს მიეწოდოს და ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება არ დაირღვეს. კიდევ უფრო მეტად ჭირს ამოსუნთქვა, რომელიც, ჩვეულებრივ, პასიური პროცესია. ამის გამო ამოსუნთქვისას ფილტვებში უფრო მეტი ჰაერი რჩება. ფილტვი ჩასუნთქული ჰაერით გადაივსება.
- ბრონქოსპაზმის წამყვან მიზეზად თქვენ ასთმა დაასახელეთ. როგორია ამ დაავადების არსი და რა ფაქტორები იწვევს ბრონქოსპაზმს ასთმის დროს?
- ასთმა ქვემო სასუნთქი გზების (ბრონქების, ბრონქიოლების) ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. ბრონქოსპაზმი, რომელიც ასთმის შეტევის მიზეზია, შესაძლოა გაგრძელდეს როგორც რამდენიმე წუთი, ასევე რამდენიმე დღე.
ასთმის შეტევის აღმოცენებას განაპირობებს ორი ფაქტორი: სასუნთქი გზების ანთება და ბრონქების ჰიპერრეაქტიულობა. უკანასკნელი ნიშნავს, რომ განსაზღვრული სტიმულების (ეგრეთ წოდებული ტრიგერფაქტორების) პასუხად სასუნთქი გზების გლუვი კუნთები ძლიერად იკუმშება და ბრონქების განვლადობა მცირდება. ამავე დროს ამ ტრიგერების ზემოქმედებით სასუნთქი გზების ამომფენი განსაზღვრული უჯრედებიდან გამოთავისუფლდება ქიმიური ნივთიერებები - ეგრეთ წოდებული მედიატორები, რომლებიც ანთებას იწვევს.
- სახელდობრ, რომელი ფაქტორები შეიძლება იქცეს ბრონქოსპაზმის მიზეზად ასთმის დროს?
- ასთმის დროს შეტევის და, ამის კვალობაზე, ბრონქოსპაზმის მიზეზად შესაძლოა იქცეს:
- ალერგენები - ნივთიერებები, რომლებიც ალერგიულ რეაქციას იწვევენ, მათ შორის - მტვერი, საკვები, გარემო ფაქტორები, მწერები, ცხოველთა ქერტლი;
- ჰაერში არსებული გამღიზიანებლები - მტვერი, თამბაქოს კვამლი, აირები;
- სხვადასხვაგვარი სუნი - ქიმიური საწმენდებისა, კოსმეტიკური საშუალებებისა, საღებავებისა;
- სამუშაო ადგილებზე არსებული გამაღიზიანებელი ფაქტორები - კვამლი, ორთქლი;
- მეტაბისულფიტი - ნივთიერება, რომელიც საკვების კონსერვაციისთვის გამოიყენება;
- სასუნთქი გზების ინფექციები;
- ფიზიკური გადატვირთვა, ენერგიული ვარჯიში;
- ემოციური სტრესი;
- ამინდის ცვალებადობა - ძალიან ცივი, ნესტიანი ამინდი ან ამინდის უეცარი მკვეთრი ცვლილება;
- ასპირინი და მისი მსგავსი პრეპარატები, გლაუკომისა და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო ზოგიერთი საშუალება;
- ქალებში - ჰორმონული ცვლილებები;
- ღამე.
- როგორ ვლინდება ბრონქოსპაზმი ასთმის დროს და როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა?
- ასთმის დროს ბრონქოსპაზმი ვლინდება ასთმის შეტევით, რომელსაც ახასიათებს მსტვენი ხიხინი, ხველა, რომლის დროსაც ვერ ხერხდება ნახველის გამოყოფა, შებოჭვის შეგრძნება გულმკერდში, ზედაპირული სუნთქვა, ზოგჯერ - დამხმარე კუნთების (კისრის, ცხვირის ფრთების, ნეკნების) მონაწილეობა სუნთქვაში. განსაკუთრებით ძნელია ამოსუნთქვა. ტიპურ შემთხვევებში აღწერილი სიმპტომების გათვალისწინებით დაავადების დიაგნოსტიკა რთული არ არის, თუმცა ზოგჯერ აუცილებელია ბრონქოსპაზმით მიმდინარე სხვა დაავადებების - ემფიზემის, ბრონქიტის, ქვემო სასუნთქი გზების ინფექციების - გამორიცხვა.
წესისამებრ, ბრონქული ასთმის დიაგნოზი ემყარება სპეციალური ხელსაწყოებით - სპირომეტრით, პიკფლოუმეტრით - ამოსუნთქული ჰაერის მოცულობისა და ჰაერის ნაკადის სიჩქარის განსაზღვრას, პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის დეტალურ შესწავლას, გასინჯვას, გულმკერდის რენტგენოგრაფიას, ლაბორატორიულ კვლევებს.
- როგორ უნდა აიცილოს თავიდან ბრონქოსპაზმის განვითარება ასთმით დაავადებულმა და როგორ მოიქცეს ასთმის შეტევის შემთხვევაში?
- სამწუხაროდ, ასთმა ქრონიკული დაავადებაა, მისგან განკურნება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მისი მედიკამენტური კონტროლი ისე, რომ ბრონქოსპაზმის შეტევა ძალიან იშვიათი იყოს. უპირველეს ყოვლისა, დაავადებულმა თავიდან უნდა აიცილოს ტრიგერ-ფაქტორების ზემოქმედება. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების ხასიათიდან გამომდინარე, ადვილად მიხვდებით, რომ მათი მთლიანად თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ განსაზღვრული ღონისძიებებით მაინც შეიძლება, ორგანიზმზე მათი გავლენა მინიმუმამდე შევამციროთ.
- ეცადეთ, კვირაში ერთხელ მაინც სველი წესით დაალაგოთ ბინა და ამ დროს გამოიყენოთ ნიღაბი;
- ნუ იყოლიებთ ცხოველებს;
- გამოიყენეთ ანტიალერგიული ბალიში და საბანი, საწოლის თეთრეული რეცხეთ კვირაში ერთხელ ცხელი წყლით;
- ავეჯისთვის შეარჩიეთ ისეთი ქსოვილი, რომელიც მტვერს არ იკრავს;
- ნუ დააფენთ ოთახში ხალიჩას, ეცადეთ, ფარდები მსუბუქი იყოს, რათა მტვერი მათზე ნაკლებად გროვდებოდეს და ხშირად რეცხეთ;
- ქარიან დღეებში და მცენარეთა ყვავილობის პერიოდში ნუ გააღებთ ფანჯრებს, ოთახი გაანიავეთ კონდიციონერით;
- ოთახში შეინარჩუნეთ დაბალი ტენიანობა.
გარდა ამ ზოგადი ღონისძიებებისა, ასთმით დაავადებული რეგულარულად უნდა მკურნალობდეს ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით (კორტიკოსტეროიდები) და ბრონქოდილატატორებით (ბრონქების გამაფართოებლები), რომლებიც ასთმის გამწვავების პროფილაქტიკისთვის არის მოწოდებული. უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური, პირადი პიკფლოუმეტრი, რომლითაც დილა-საღამოს შეიმოწმებს ბრონქების განვლადობას და მისი შემცირებისას დაუყოვნებლივ მიმართავს ექიმს მკურნალობის სქემის კორექციისთვის. უშუალოდ შეტევის დროს გამოიყენება ბრონქების სპაზმის მომხსნელი სწრაფად მოქმედი პრეპარატების ინჰალაცია (შესუნთქვა). აქ აუცილებელია ზომიერების დაცვა: პრეპარატის დოზის გადაჭარბებამ, ნაცვლად ბრონქების გაფართოებისა, შესაძლოა, პირიქით, გააძლიეროს კიდეც სპაზმი, ამიტომ ბრონქული ასთმის შეტევისას მისი უეფექტობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას.
- როდის შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბრონქოსპაზმის მიზეზი ქრონიკული ბრონქიტი და ემფიზემაა? რა ახასიათებს ამ მდგომარეობებს და რატომ ვითარდება ამ დროს ბრონქოსპაზმი?
- ემფიზემა და ქრონიკული ბრონქიტი არის ორი მდგომარეობა, რომლებიც მეტ-ნაკლებად თანაარსებობს და მათი ერთობლიობა წარმოადგენს ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას. გარდა ამისა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება გულისხმობს ქრონიკულ ასთმურ ბრონქიტსაც. ყველა აღნიშნულ მდგომარეობას ახასიათებს სასუნთქი გზების განვლადობის დარღვევა და სუნთქვის, განსაკუთრებით ამოსუნთქვის, გაძნელება. ბრონქოსპაზმი ამ დარღვევების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. სახელწოდებაშივე კარგად ჩანს, რომ დაავადება ქრონიკულია. მას ახასიათებს გამწვავებისა და რემისიის მონაცვლეობა. გამწვევებისას ხველა უფრო ინტენსიურია, იმატებს ნახველის გამოყოფა.
სხვა სიმპტომების მსგავსად, ბრონქოსპაზმიც განსაკუთრებით მკვეთრია გამწვავების პერიოდში. მართალია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისას ბრონქოსპაზმი ერთ-ერთი წამყვანი გამოვლინებაა, მაგრამ დაავადება რიგი თავისებურებით განსხვავდება ბრონქული ასთმისგან. ასთმის დროს ბრონქების სპაზმი დაკავშირებულია ზემოთ ჩამოთვლილი ტრიგერების ზემოქმედებასთან. ის შექცევადი ხასიათისაა.
შეტევათა პერიოდში დაავადების სათანადო მკურნალობისას სუნთქვა ნორმალურია. ამას სუნთქვის ფუნქციის შესწავლის მონაცემებიც ადასტურებს. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების წამყვანი მიზეზი კი თამბაქოს წევაა, ხოლო ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი - ქრონიკული ხველა ნახველის გამოყოფით. გამწვავებისას ნახველის რაოდენობა იმატებს. გამწვავება, წესისამებრ, ინფექციის თანდართვით არის გამოწვეული. ემფიზემისას ამ სიმპტომებს მუდმივი ქოშინი ემატება.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისას ბრონქოსპაზმს უფრო ნაკლები შექცევადობა ახასიათებს, ის მეტ-ნაკლები ხარისხით ყოველთვის არის გამოხატული, ძლიერდება დაავადების გამწვავებისას, მცირდება რემისიისას, მაგრამ თითქმის არასოდეს ქრება.
- როგორი სამედიცინო დახმარება სჭირდება ავადმყოფს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისას აღმოცენებული ბრონქოსპაზმის დროს?
- ბრონქოსპაზმის მკურნალობის პრინციპი ბრონქული ასთმის შეტევის კუპირების ანალოგიურია. მნიშვნელოვანია ბაქტერიული ინფექციის მკურნალობა სათანადო პრეპარატებით. აღსანიშნავია, რომ თამბაქოს წევის შეწყვეტა საგრძნობლად აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას. დაავადების გამწვავებების პროფილაქტიკისთვის აუცილებელია რესპირატორული გზების ინფექციების თავიდან აცილება.
- შეუძლებელია, სპაზმზე ვისაუბროთ და ყურადღება არ გავამახვილოთ ნაღვლის ბუშტის ჭვალზე ანუ კოლიკაზე. რა იწვევს მას და როგორ ვლინდება?
- ნაღვლის ბუშტის ჭვალს ანუ კოლიკას ახასიათებს მარჯვენა ფერდქვეშ ლოკალიზებული ძლიერი ტკივილი, რომელიც შესაძლოა ირადირებას განიცდიდეს მარჯვნივ - ბეჭში, მხარში. ეს ჭვალი ნაღვლის ბუშტსა თუ სანაღვლე გზებში არსებული პრობლემების ერთ-ერთი სიმპტომია. ნაღვლის ბუშტის ჭვალი უმეტესად ცხიმიანი საკვების მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ აღმოცენდება. ასევე ხშირია კავშირი ხანგრძლივ მგზავრობასთან. ტკივილი თანდათან ძლიერდება, მუდმივია, თუმცა ტიპურ შემთხვევებში საათზე მეტხანს არ გრძელდება. ტკივილის პიკზე შესაძლოა რეფლექსურად აღმოცენდეს ღებინება. ასეთი ჭვალის მიზეზი უმეტესად ნაღვლის ბუშტის კენჭებია. მათი მიგრაცია ანუ მოძრაობა, განსაკუთრებით - ყელის არისკენ, იწვევს ბუშტის კედლების სპაზმს, რასაც თან სდევს ბუშტში წნევის მატება. ეს, თავის მხრივ, სპაზმს აძლიერებს. შესაბამისად, ძლიერდება ტკივილიც. ასე იკვრება მანკიერი წრე.
ზოგჯერ კენჭი ნაღვლის ბუშტის სადინარს ახშობს. ამ შემთხვევაში ნაღვლის დინების დარღვევის გამო კოლიკას სიყვითლეც მოჰყვება. როდესაც პაციენტი აღწერს კოლიკისთვის ტიპობრივ კლინიკურ სურათს, ექიმს არ უჭირს დაავადების მიზეზის დადგენა. ტიპურ შემთხვევებში, როცა ჭვალი ნაღვლის ბუშტის კენჭებით ანუ კონკრემენტებით არის გამოწვეული, დიაგნოსტიკა მარტივად ხდება ექოსკოპიის ანუ ულტრაბგერითი გამოკვლევის დახმარებით.
ნაღვლის ბუშტის ჭვალის ერთი შემთხვევისას განსაკუთრებული ჩარევა არ არის საჭირო. საკმარისია, პაციენტმა თავი არიდოს ცხიმიან საკვებს და დაიკლოს ჭარბი წონა. ასე მცირდება ჭვალის განმეორების ალბათობა. კოლიკის განმეორებისას დღის წესრიგში დგება ოპერაციული მკურნალობის საკითხი.
- როგორ შეიძლება დავეხმაროთ პაციენტს ნაღვლის ბუშტის ჭვალის დროს?
- აუცილებელია ტკივილის კუპირება. ამ მიზნით გამოიყენება ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმის მომხსნელი საშუალებები, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უმჯობესია, ასეთი დახმარებისათვის სამედიცინო დაწესებულებას მივმართოთ ან სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოვიძახოთ, ვინაიდან არ არის გამორიცხული, მარჯვენა ფერდქვეშა არეში ლოკალიზებული ტკივილი არა ნაღვლის ბუშტის ჭვალთან, არამედ სხვა პათოლოგიასთან იყოს დაკავშირებული. ზოგჯერ ასეთ ჭვალს თან სდევს ტემპერატურის მომატება, რაც იშვიათი არ არის. ასეთ შემთხვევაში სავარაუდოა ინფექციის თანდართვა და ქოლეცისტიტის განვითარება. მსგავს სიტუაციაში აუცილებელია ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებაც.
- როგორ აღმოცენდება და რა ნიშნებით ვლინდება თირკმლის ჭვალი?
- თირკმლის კენჭი, რომელიც იწყებს მიგრაციას, ხშირად აბრკოლებს შარდის პასაჟს (დინებას) შარდსაწვეთებში - მილებში, რომელთა გავლითაც თირკმელში წარმოქმნილი შარდი შარდის ბუშტისაკენ გადაადგილდება. შარდის დინების დარღვევისას სითხის შეკავების გამო იმატებს წნევა თირკმლის მენჯში, ხდება მენჯის დილატაცია (გაფართოება), რასაც წელის არეში ლოკალიზებული ძლიერი ტკივილი მოსდევს.
ზოგჯერ, როცა კენჭი დიდი ზომისა არ არის, ის შარდსაწვეთში გადაადგილდება, რასაც შარდსაწვეთების სპაზმი და მუცლის ან წელის არეში ლოკალიზებული ტკივილი მოჰყვება. ტკივილი შემდგომ შარდსაწვეთებისკენ გადაინაცვლებს და ბოქვენზედა არეში გადაეცემა. ტკივილი საკმაოდ ძლიერია, მას რეფლექსურად შესაძლოა ღებინებაც მოჰყვეს. თუ კენჭმა სრულიად დაახშო შარდის დინება, დიდია შარდში ბაქტერიების გამრავლების და ამის გამო საშარდე გზების ინფექციის განვითარების რისკი. საშარდე გზების ინფექციას ახასიათებს შარდვისას ტკივილი, წვა, ცხელება, შარდის ფერის შეცვლა.
- როგორ ადგენენ თირკმლის ჭვალის მიზეზს?
- თირკმლის ჭვალი უმეტესად კენჭთან არის დაკავშირებული. ამ მდგომარეობას ექიმი ვარაუდობს, როდესაც პაციენტი აღწერს კოლიკის კლინიკურ სურათს. გასინჯვისა და პაციენტთან გასაუბრების საფუძველზე ექიმი გამორიცხავს ანალოგიური სიმპტომების გამომწვევ დაავადებებს. ტარდება შარდის საერთო ანალიზი, რომელიც თირკმლის ჭვალის შემთხვევაში ხშირად ავლენს შარდში სისხლის წითელი ბურთულების - ერითროციტების - არსებობას და მარილის კრისტალებს. კონკრემენტების ანუ კენჭების დადგენა ხდება ექოსკოპიის მეშვეობით. რიგ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს ინტრავენური პიელოგრაფია - რენტგენოლოგიური კვლევა სპეციალური საკონტრასტო ნივთიერების ვენაში შეყვანის შემდეგ.
- როგორია მკურნალობის ტაქტიკა თირკმლის ჭვალის შემთხვევაში?
- შეტევის კუპირების მიზნით რეკომენდებულია სპაზმის მომხსნელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენება. საშარდე გზების ინფექციისას აუცილებელია ანტიბაქტერიული მკურნალობის დანიშვნა.
- პაციენტებს ხშირად ჰგონიათ, რომ გულის დაავადებისთვის დამახასიათებელი ჩივილები სწორედ სისხლძარღვების სპაზმთან არის დაკავშირებული. როდის არის სპაზმი გულისმხრივი ჩივილების მიზეზი?
- ამ თვალსაზრისით საყურადღებოა გულის გვირგვინოვანი არტერიების ანუ კორონარების სპაზმი. ეს არის კორონარების გარდამავალი, უეცარი შევიწროება. ცნობილია, რომ კორონარები სისხლით ამარაგებენ გულს. აქედან გამომდინარე, სპაზმის დროს მცირდება ან წყდება გულისთვის სისხლის მიწოდება, რაც გულის განსაზღვრული ნაწილის ჟანგბადით მომარაგების ნაკლებობას იწვევს. ძალიან ხშირად სპაზმი იმ გვირგვინოვან არტერიებში ვითარდება, რომლებიც ათეროსკლეროზის შედეგად შეცვლილი, შევიწროებული არ არის, თუმცა რიგ შემთხვევაში ის ათეროსკლეროზულად შეცვლილ სისხლძარღვებშიც აღმოცენდება.
ცნობილია, რომ კორონარების სპაზმის სიხშირე 100 000 კაცზე საშუალოდ 4-ია. სტენოკარდიიან პაციენტთა 2%-ს სწორედ კორონარების სპაზმი აქვს. დადგენილია, რომ არტერიის სპაზმი მისი კედლის კუნთების შეკუმშვას უკავშირდება. ის არტერიის ერთ-ერთ არეში გვხვდება. გულის გვირგვინოვანი სისხლძარღვების თანამედროვე გამოკვლევამ, ანგიოგრაფიამ, შესაძლოა ცხადყოს, რომ სისხლძარღვი ნორმალურია, თუმცაღა ნორმალურად არ ფუნქციობს. დადგენილია, რომ კორონაროსპაზმი უფრო ხშირია მწეველებს, მაღალი არტერიული წნევის ან მაღალი ქოლესტერინის მქონე ადამიანებს შორის. ის შესაძლოა აღმოცენდეს უმიზეზოდ, ალკოჰოლის მიღების შეწყვეტის, ემოციური სტრესის ფონზე, სიცივის ზემოქმედებით, სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატების ან მასტიმულირებელი საშუალებების (ამფეტამინი, კოკაინი) მიღების შედეგად. თამბაქოს წევა და კოკაინის მიღება შესაძლოა კორონარების ძლიერი სპაზმის მიზეზად იქცეს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რიგ შემთხვევაში კორონარების სპაზმი ყოველგვარი რისკფაქტორის გარეშე აღმოცენდება.
- როგორ ვლინდება კლინიკურად კორონარების სპაზმი?
- კორონარების სპაზმი შესაძლოა იყოს ასიმპტომური - მუნჯი; შესაძლოა, აღინიშნებოდეს სტენოკარდიისთვის დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინება - მოჭერითი ხასიათის ტკივილი მკერდის ძვლის უკან. კორონაროსპაზმთან დაკავშირებული ტკივილი აღმოცენდება უმეტესად მოსვენებისას, ღამით, შუაღამიდან დილის რვა საათამდე. ამით განსხვავდება კორონარების სპაზმით განპირობებული სტენოკარდია სტენოკარდიის სხვა ფორმებისგან, რომელთა დროსაც ტკივილი თავს იჩენს ფიზიკური დატვირთვის დროს. ხანგრძლივი სპაზმისას შესაძლოა გულის შეტევის სურათიც განვითარდეს. კორონარების ათეროსკლეროზული დაზიანებისას აღმოცენებული სტენოკარდიისგან განსხვავებით, კორონაროსპაზმით გამოწვეული სტენოკარდია, რომელსაც პრინცმეტალის სტენოკარდიას ან ვარიანტულ სტენოკარდიასაც უწოდებენ, არ არის დაკავშირებული სიარულთან, კიბეზე ასვლასთან ან სხვაგვარ ფიზიკურ დატვირთვასთან.
- როგორია კორონარების სპაზმით განპირობებული სტენოკარდიის მკურნალობის პრინციპი?
- მკურნალობის მიზანია ტკივილის შემცირება და ტკივილის ეპიზოდების თავიდან აცილება. ტკივილის კუპირების მიზნით პაციენტს შეუძლია გამოიყენოს ნიტროგლიცერინის ტაბლეტი, რომელიც ენის ქვეშ უნდა დაიდოს და წუწნოს. ტკივილის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება ნიტროგლიცერინის გახანგრძლივებული პრეპარატები და კალციუმის ანტაგონისტები. ექიმის მითითებების ზუსტი შესრულებისა და გამომწვევი ფაქტორების ზემოქმედების თავიდან აცილების შემთხვევაში დაავადების პროგნოზი კეთილსაიმედოა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს გულის შეტევა ან სიცოცხლისათვის საშიში არითმია. გახსოვდეთ: თუ ნიტროგლიცერინის მიღებისა და მოსვენების შედეგად გულის არეში ტკივილმა არ გაიარა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
- შესაძლოა თუ არა, საყლაპავის გლუვი კუნთები სპაზმურად შეიკუმშოს? როგორია ამ მდგომარეობის კლინიკური გამოხატულება?
- საყლაპავის გლუვი კუნთების არაკოორდინირებული შეკუმშვა, რომელიც ეზოფაგოსპაზმის სახელწოდებით არის ცნობილი, კუჭისკენ საკვების გადაადგილებას აფერხებს. ასეთი სპაზმი ძალიან მტკივნეულია, ტკივილი ხშირად მკერდის ძვლის უკან არის ლოკალიზებული. ზოგჯერ ეზოფაგოსპაზმი ყლაპვის ქრონიკული დარღვევის მიზეზია, თუმცა რიგ შემთხვევაში სპაზმი და, შესაბამისად, ტკივილი შესაძლოა სპონტანურად, ყლაპვის გარეშეც აღმოცენდეს. ლოკალიზაციის თავისებურების გამო პაციენტი ზოგჯერ ტკივილს ისე აღწერს, როგორც სტენოკარდიულს. გარდა ტკივილისა და ყლაპვის დარღვევისა, ჩნდება ყელში ლუკმის გაჩხერის, საკვების უკან დაბრუნების შეგრძნება, ზოგჯერ აღმოცენდება გულძმარვაც.
- რა იწვევს ეზოფაგოსპაზმს?
- ეზოფაგოსპაზმის მიზეზები ბოლომდე დადგენილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ მას ხელს უწყობს მეტისმეტად ცხელი ან მეტისმეტად ცივი საკვების მიღება, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება. სპაზმი ხშირია ქალებში და მისი სიხშირე ასაკთან ერთად იმატებს.
- რომელი კვლევები ტარდება საყლაპავის სპაზმის დიაგნოსტიკისთვის და როგორ მკურნალობენ დაავადებას?
- უპირველეს ყოვლისა, ტარდება რენტგენოლოგიური კვლევა - პაციენტი ყლაპავს საკონტრასტო ნივთიერებას (ბარიუმის ხსნარს), რის პარალელურადაც ხდება რენტგენოსკოპიური კონტროლი. რიგ შემთხვევაში მიზანშეწონილად მიიჩნევა საყლაპავის დათვალიერება სპეციალური ხელსაწყოთი - ენდოსკოპით. შესაძლოა, ჩატარდეს კომპიუტერული ტომოგრაფია. პაციენტმა, რომელიც უჩივის ეზოფაგოსპაზმისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს: ყლაპვის გაძნელებას, გულმკერდის ტკივილს, გულძმარვას, - აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რათა დროულად გაირკვეს ამ ჩივილების ნამდვილი მიზეზი. სამკურნალო თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, პაციენტმა თავი არიდოს მეტისმეტად ცივი და ცხელი საკვების მიღებას, ასევე - იმ საკვებისას, რომელიც სპაზმის პროვოცირებას იწვევს. ამავე დროს მან უნდა გამოიმუშაოს ნელა და პატარა ლუკმებით ჭამის ჩვევა. აუცილებელია იმ დაავადებების მკურნალობა, რომლებიც ხელს უწყობენ ეზოფაგოსპაზმის აღმოცენებას. უშუალოდ სპაზმის მოსახსნელად გამოიყენება ის მედიკამენტები, რომლებიც კუნთების ტონუსს ამცირებენ. რიგ შემთხვევაში საჭიროა ოპერაციული მკურნალობა.
- გარდა საყლაპავისა, გლუვი კუნთების სპაზმის თვალსაზრისით საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რომელი ორგანოა საყურადღებო და საზოგადოდ როგორია სპაზმის როლი მუცლის ტკივილის აღმოცენებაში?
- მუცლის სპაზმური ტკივილი საკმაოდ ხშირი და ფართოდ გავრცელებული ჩივილია. არსებობს მრავალი მიზეზი, რომელმაც შესაძლოა მუცლის ღრუს ორგანოთა გლუვი კუნთების სპაზმური შეკუმშვა გამოიწვიოს, რასაც მუცელში ლოკალიზებული სხვადასხვა ძალისა და ინტენსივობის ტკივილი მოჰყვება. მიზეზის ხასიათიდან და სპაზმის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, სხვადასხვაგვარია სპაზმური ტკივილის ხანგრძლივობაც. მართალია, სპაზმური ტკივილი შესაძლოა თვით მუცლის კედლის კუნთების დაჭიმვასა და დაძაბვასაც უკავშირდებოდეს, მაგრამ უმეტესად მისი მიზეზი მაინც მუცლის ღრუს ორგანოთა - კუჭის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების, ნაწლავების, პანკრეასის სადინარების, საშარდე გზების - გლუვი კუნთების სპაზმია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთაგან სპაზმზე საუბრისას უპირველეს ყოვლისა უნდა დავასახელოთ კუჭი. სახელდობრ, მნიშვნელოვან დისკომფორტს იწვევს პილოროსპაზმი. პილორუსი კუჭის გასავალია - ის ნაწილი, რომელიც თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის. მისი სპაზმი მაშინ შეიძლება განვითარდეს, როცა კუჭის წყლული ამ არეშია ლოკალიზებული. პილოროსპაზმს ხელს უწყობს აღნიშნულ არეში ლორწოვანის ანთებითი შეშუპება, რაც წყლულის გამწვავებისას ხდება. პილორუსის გლუვი კუნთების სპაზმის შედეგად ირღვევა თორმეტგოჯა ნაწლავში საკვების გადასვლა, რასაც მოსდევს ეპიგასტრიუმში შემაწუხებელი სიმძიმის შეგრძნება და ღებინება, რომლის მეშვეობითაც ავადმყოფი ახერხებს მიღებული საკვებითა და გამოყოფილი კუჭის წვენით გადავსებული კუჭის დაცლას. პირნაღები მასა შეიცავს წინა დღეებში მიღებული საკვების ნაწილაკებს. ღებინების შედეგად ირღვევა საკვების ათვისება და პაციენტი იკლებს წონას. პილოროსპაზმი შექცევადია, წყლულის სათანადო მკურნალობისას ის უკუვითარდება.
აღსანიშნავია, რომ პილოროსპაზმი შესაძლოა აღმოცენდეს ნევროზის დროსაც. ამ შემთხვევაში გასტროსკოპიით ვერავითარი დარღვევის აღმოჩენა ვერ ხერხდება.
- როგორ ვლინდება ნაწლავის სპაზმი?
- ნაწლავის სპაზმი ერთ-ერთი იმ ფართოდ გავრცელებულ პრობლემათაგანია, რომლებიც მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის ავადმყოფს. დადგენილია, რომ მსხვილი ნაწლავის გლუვი კუნთების სპაზმი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის აღმოცენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აღნიშნული პათოლოგია ხასიათდება მუცლის ტკივილით, ფაღარათისა და ყაბზობის მონაცვლეობით, ისე რომ, მიუხედავად ასეთი მკვეთრი კლინიკური სურათისა, კვლევებით ვერ დგინდება დაავადება, რომელიც ამ ცვლილებებს გამოიწვევდა.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომში სპაზმის როლს ის ფაქტიც უსვამს ხაზს, რომ დაავადების სინონიმად ტერმინი სპასტიკური კოლინჯი ანუ სპასტიკური ნაწლავი გამოიყენება. ტერმინი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნაწლავის გლუვი კუნთების სპონტანური შეკუმშვა, რაც ნორმაში ყოველთვის ხდება, მკვეთრადაა გაძლიერებული, მას სპაზმური ხასიათი აქვს.
შეიძლება ითქვას, რომ სპაზმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია აღნიშნული დაავადების დროს, ვინაიდან მასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია. დადგენილია, რომ ნაწლავების სპაზმი ძლიერდება სტრესის, თანმხლები დაავადებების დროს. ერთი შეხედვით პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ნაწლავის სპაზმური შეკუმშვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ყაბზობის, ასევე ფაღარათის დროს. პირველ შემთხვევაში ქვეითდება მოტორული აქტივობა, ხოლო მეორე შემთხვევაში ნაწლავის დაჩქარებულ მოქმედებას თან ახლავს მისი კუნთების შეკუმშვა, რაც ფაღარათისას ნაწლავების მოქმედების წინ ძლიერ ტკივილს იწვევს.
- რა გზით შეიძლება შევამციროთ ნაწლავთა სპაზმის აღმოცენების ალბათობა?
- უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია საკვები იყოს ბოჭკოთი მდიდარი. ეს ხელს უწყობს ნაწლავების პერისტალტიკას და ამცირებს მათ სპაზმურ შეკუმშვას. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტორები, რომლებიც სპაზმს აძლიერებენ - დიდი რაოდენობით ცხიმიანი საკვები, ალკოჰოლის მოხმარება, კოფეინიანი სასმელები (ყავა, ძალიან მუქი ჩაი, კოლა), ზედმეტი, არასაჭირო მედიკამენტების მიღება, თამბაქოს წევა. მნიშვნელოვანია, პაციენტმა თავად გააკეთოს დასკვნა, თუ რომელი საკვები იწვევს ტკივილის (ესე იგი სპაზმის!) აღმოცენებას და თავი აარიდოს მის მიღებას. კარგ შედეგს იძლევა დოზირებული ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიში.
- რას იწვევს შარდის ბუშტის გლუვი კუნთების სპაზმური შეკუმშვა?
- ჩვეულებრივ, შარდის ბუშტი თანდათან ივსება შარდით, პაციენტს მისი დაცლის სურვილი გარკვეული დროის შემდეგ უჩნდება. გარკვეულ დონემდე ადამიანს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შეიკავოს მოშარდვის სურვილი. იმ შემთხვევაში, როცა ვითარდება შარდის ბუშტის სპაზმი - მისი გლუვი კუნთების უნებლიე ძლიერი შეკუმშვა, მოშარდვის სურვილი ძალიან ხშირად ჩნდება, ის საკმაოდ ძლიერია, იმდენად ძლიერი, რომ ზოგჯერ პაციენტი შეკავებას ვეღარ ახერხებს, მას საცვალი უსველდება. ამ მდგომარეობას ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი, შარდის დაუკავებლობა ეწოდება.
ადამიანები, რომელთაც ასეთი სპაზმი აქვთ, მას აღწერენ როგორც ტკივილისა და წვის შეგრძნებას. ქალები ამ შეგრძნებას ხშირად მტკივნეულ მენსტრუაციასა და მშობიარობის ტკივილს ადარებენ. დადგენილია, რომ შარდის ბუშტის სპაზმი ხშირია ხანშიშესულებში, მენოპაუზის პერიოდში, ორსულებსა და ახალნამშობიარევებში, საშარდე გზების ინფექციისას, მცირე მენჯის ღრუზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ, შარდის ბუშტის კუნთების ან გარკვეული ნერვების დაზიანებისას. სპაზმის აღმოცენებაში მნიშვნელობა აქვს გარკვეულ საკვებს, მედიკამენტების მიღებას, თუმცა შესაძლებელია მიზეზი არც ვლინდებოდეს.
- როგორ შეიძლება შემცირდეს შარდის ბუშტის სპაზმთან დაკავშირებული დისკომფორტი?
- უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დიეტის შეცვლა. თავი უნდა ვარიდოთ ცხარეს, მჟავეს, ციტრუსებს, ალკოჰოლს, ტომატს, კოფეინს, რადგან ეს საკვები ხელს უწყობს შარდის ბუშტის ლორწოვანის გაღიზიანებას. სასარგებლოა რძის პროდუქტები. აუცილებელია, პაციენტი ყოველ 1,5-2 საათში ცლიდეს შარდის ბუშტს, რეკომენდებულია სპეციალური ვარჯიშები მენჯის ძირის კუნთების გასამაგრებლად. რიგ შემთხვევებში გამოიყენება სპეციალური პრეპარატები შარდის ბუშტის ტონუსის შესამცირებლად. სათანადო ჩვენებისას შესაძლოა საჭირო გახდეს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების გამოყენება. პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, როცა:
- გრძნობს ტკივილსა და წვას მუცლის ქვედა ნაწილში;
- გრძნობს ტკივილსა და წვას შარდვისას;
- აქვს გახშირებული შარდვა, უჭირს შარდის შეკავება.
ამ ჩივილებისას ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, რათა გამოირიცხოს მათი კავშირი საშარდე გზების ინფექციასთან. იშვიათად შარდის ბუშტის სპაზმი შესაძლოა სერიოზული პათოლოგიის სიმპტომიც იყოს.