როგორ ავიცილოთ თავიდან ქრონიკული დაავადებების გამწვავება მარტში

;
რომელი პათოლოგიების დროს გვმართებს განსაკუთრებული ყურადღება, რა ნიშნები ახასიათებს გაზაფხულზე დაავადებათა გამწვავებას, როგორ დავიცვათ თავი მოსალოდნელი საფრთხისაგან? ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი თერაპიის კლინიკის ექიმი, თერაპევტი ნელი პატაშური.
ადრე გაზაფხული რომ ქრონიკული დაავადებების გამწვავების დროა, მოსახლეობის ფართო ფენებისთვის კარგად არის ცნობილი. რამდენად ეთანხმება მედიცინა ამ აზრს?
- ამ შეხედულებას მართლაც აქვს საფუძველი. დადგენილია, რომ წლის აღნიშნულ პერიოდში იცვლება არტერიული წნევის მაჩვენებლები, სისხლში თრომბოციტების აგრეგაცია, ლიპიდური ცვლა, გლუკოზისადმი ტოლერანტობა, ორგანიზმის იმუნორეაქციულობა, მგრძნობელობა სხვადასხვა მედიკამენტისა თუ ტოქსიკური ნივთიერების მიმართ, ყოველივე ეს კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების, წყლულოვანი დაავადების, რევმატიზმის, ბრონქული ასთმის, ქრონიკული ბრონქიტის, ეპილეფსიისა და ზოგიერთი ფსიქიკური მოშლილობის გამწვავების მიზეზია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის რომელი პათოლოგიების გამწვავებაა მოსალოდნელი ამ პერიოდში და რა ახასიათებს თითოეულ მათგანს?
- როდესაც მარტში გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიათა გამწვავებების შესახებ ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა არტერიული ჰიპერტენზია უნდა დავასახელოთ. წლის ამ პერიოდში ძალიან ხშირია მისი მაჩვენებლების მკვეთრი მატება ნორმასთან შედარებით. როგორც მოგეხსენებათ, არტერიული ჰიპერტენზია არის პათოლოგია, რომლის დროსაც წნევის მაჩვენებლები მომატებულია.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ამ მდგომარეობას ხშირად ახლავს პაციენტის სუბიექტური შეგრძნებებიც – თავის ტკივილი უპირატესად კეფის არეში, უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში ან გულის ფრიალი, სახის წამოწითლება და ა. შ.
თუმცა, ყველა პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ზოგჯერ არტერიული წნევის მომატებას შეიძლება დაავადებული ადამიანი საერთოდ ვერ გრძნობდეს. შესაბამისად, გაზაფხულზე არტერიული წნევის მატება ზოგჯერ შეიძლება ხასიათდებოდეს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების მკვეთრი, შემაწუხებელი გამოვლინებით, მაგრამ, სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში პაციენტი შეიძლება ვერ გრძნობდეს, რომ მას მაღალი წნევა აქვს. სწორედ პაციენტთა ამ ნაწილს ვურჩევთ, ხშირად გაიკონტროლონ არტერიული წნევის მაჩვენებელი, არ დაუშვან მისი მკვეთრი მატება ნორმასთან შედარებით, რაც ხშირად ჰიპერტონიული კრიზის, გულის იშემიური დაავადების გამწვავებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის ჩამოყალიბების, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის მიზეზია. კვლევების შედეგად დადგენილია, რომ მათი მაღალი პროცენტული რაოდენობა სწორედ ადრე გაზაფხულზე აღინიშნება.
როდესაც მარტში ჰიპერტონიის მიმდინარეობის თავისებურებებზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ ჰიპერტონიული კრიზი - არტერიული წნევის უეცარი მკვეთრი მატება. ამ დროს წნევა მკვეთრად (სისტოლური - ხშირად 200-220 მმ.ვწყ.სვ-მდე, ხოლო დიასტოლური - 120 მმ.ვწყ.სვ-მდე) იმატებს, რასაც თან ახლავს ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუხვევა, გულისრევა, ღებინება. მოსალოდნელია მხედველობის მოშლა, გარდამავალი დაქვეითება, თვალების წინ მნათი წერტილები.
აღნიშნული ჩივილები მაღალი არტერიული წნევის ფონზე თავის ტვინის დაზიანებას მოწმობს. ამ უკანასკნელზე მეტყველებს აგრეთვე კიდურების დაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, სისუსტე, კრუნჩხვები. არცთუ იშვიათად აღნიშნული ჩივილები თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლაზე მიუთითებს. თუ მან მყარი ხასიათი მიიღო, ინსულტზე საუბრობენ.
ჰიპერტონიული კრიზის დროს ხშირია კარდიული ჩივილებიც – ტკივილი გულის არეში, გულის ფრიალი, გულისცემის გამოვარდნის შეგრძნება, ქოშინი. ამ მოვლენებს არცთუ იშვიათად ერთვის შემცივნება, კანკალი, ოფლიანობა, აგზნება. მაღალი წნევის ფონზე მსგავსი სიმპტომების არსებობისას უნდა მივმართოთ სასწრაფო დახმარებას ან სტაციონარს, რათა პაციენტს გადაუდებელი მკურნალობა ჩაუტარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, თავის ტვინსა და გულში შეუქცევადი ცვლილებები განვითარდეს, რაც პაციენტისათვის საბედისწერო იქნება.
როგორ დავიცვათ თავი საშიში გართულებისგან?
- კიდევ ერთხელ გავიმეორებთ - ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ზოგჯერ წნევის მომატება სრულიად შეუმჩნეველია, ამიტომ, განურჩევლად სუბიექტური შეგრძნებების არსებობა-არარსებობისა, ყველა ჰიპერტონიით დაავადებულმა გაზაფხულზე გამუდმებით უნდა იკონტროლოს არტერიული წნევა.
ამ პერიოდში უნდა გამოირიცხოს ჰიპერტენზიის მაპროვოცირებელი ფაქტორების (თამბაქოს, მარილიანი საკვების, ჭარბი ალკოჰოლის, ზედმეტი სითხის, სტრესის) ზემოქმედება, პაციენტმა რეგულარულად უნდა მიიღოს ჰიპოტენზიური (წნევის დამწევი) საშუალებები.
იმ მედიკამენტებით, რომლებიც ზამთარში ან ზაფხულში ეფექტურია, გაზაფხულზე არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლების შენარჩუნება ხშირად შეუძლებელია. ამ შემთხვევაში პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს ადრე შერჩეული მკურნალობის სქემის კორექციისთვის. ექიმის სათანადო დანიშნულებით თანამედროვე პრეპარატების კომბინირებული გამოყენება ჰიპერტონიით დაავადებულს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გაატაროს წლის საკმაოდ რთული პერიოდი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის კიდევ რომელი პათოლოგიებია საყურადღებო გაზაფხულზე გამწვავების თვალსაზრისით?
- ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს გულის იშემიური დაავადების მიმართ. ჟურნალის მუდმივმა მკითხველებმა ალბათ იციან, რომ გულის იშემიური დაავადების დროს გულს სისხლის მეშვეობით გაცილებით ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება, ვიდრე საჭიროა მისი ნორმალური ფუნქციონირებიროგორ ავიცილოთ ქრონიკული დაავადებების გამწვავება მარტში სთვის.
გულის იშემიური დაავადება შეიძლება გამოვლინდეს გულის რიტმის დარღვევით - სხვადასხვა სახის არითმიით, სტენოკარდიით, ზოგ შემთხვევაში მიოკარდიუმის ინფარქტითაც. ზემოთ ვრცლად ვისაუბრეთ გაზაფხულზე არტერიული ჰიპერტენზიის მიმდინარეობის თავისებურებებისა და ხშირი ჰიპერტონიული კრიზების შესახებ. უკვე მოგახსენეთ, რომ მაღალი წნევა განსაკუთრებულ დატვირთვას უქმნის გულს, ასეთ პირობებში კი ჟანგბადის მოთხოვნილება მნიშვნელოვნად იმატებს.
გაზაფხულზე გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ არითმიამ, რომელიც კარგა ხანია აღარ აწუხებდათ, კვლავ შეახსენათ თავი და ადრინდელზე უფრო შემაწუხებელიც გახდა. ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც ჩაგიტარებთ აუცილებელ გამოკვლევებს, რათა დროულად შეფასდეს თქვენი მდგომარეობა და დაინიშნოს სათანადო მკურნალობა.
ზოგჯერ პაციენტის ერთადერთი ჩივილი არითმიაა, მის მიღმა კი მიოკარდიუმის ინფარქტი იმალება, ამიტომ ეს სიმპტომი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. მარტი მძიმე პერიოდია სტენოკარდიით (გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთი ფორმა) დაავადებულებისთვისაც.
სტენოკარდიას ახასიათებს მოჭერითი ხასიათის ტკივილის აღმოცენება ფიზიკური დატვირთვის დროს მკერდის ძვლის ოდნავ მარცხნივ. ტკივილი გაივლის დატვირთვის შეწყვეტის შემდეგ ნიტროგლიცერინის ტაბლეტის მიღებისას, ზოგჯერ - თავისთავადაც. ამ შემთხვევაში ამბობენ, რომ პაციენტს დატვირთვის სტენოკარდია აქვს. არსებობს მოსვენების სტენოკარდიაც, რომელსაც ახასიათებს ტკივილის აღმოცენება ფიზიკური დატვირთვის გარეშე. ზოგ შემთხვევაში კი პათოლოგია ღამით აღმოცენებული ქოშინით ვლინდება.
სტენოკარდიის გამწვავებას თან სდევს შეტევების გახშირება, გახანგრძლივება, შეტევის პროვოცირებას ადრინდელზე გაცილებით ნაკლები ფიზიკური დატვირთვა იწვევს, მის მოსახსნელად კი ნიტროგლიცე-რინის მეტი ტაბლეტია საჭირო. სტენოკარდიის მიმდინარეობის ასეთი ცვლილება საკმაო საფუძველია კარდიოლოგთან დაუყოვნებელი ვიზიტისთვის, რათა დროულად დაისახოს სამკურნალო ღონისძიებების გეგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფარქტია მოსალოდნელი.
უკვე რამდენჯერმე ბრძანეთ, რომ გაზაფხულზე, როცა რისკი მაღალია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის მქონე პაციენტმა გამოკვლევებისთვის ექიმს უნდა მიმართოს. რომელი კვლევებია რეკომენდებული ამ დროს?
- თანამედროვე შინაგანი მედიცინა, კერძოდ, კარდიოლოგია კვლევის მრავალ ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ მეთოდს ფლობს. ტრადიციულ ელექტროკარდიოგრაფიას კარგა ხანია დაემატა ექოკარდიოსკოპია, ჰოლტერის მონიტორირება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, 24 საათის განმავლობაში ჩავიწეროთ პაციენტის ელექტროკარდიოგრამა, ფიზიკური დატვირთვის ტესტები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ელექტროკარდიოგრაფია ფიზიკური დატვირთვის ფონზე, ანგიოგრაფია, რომელიც გულის გვირგვინოვანი სისხლძარღვების ვიზუალიზაციის საშუალებას გვაძლევს, გულის რადიოიზოტოპური კვლევა და ა. შ.
თითოეულს თავისი ჩვენება აქვს. მხოლოდ ექიმს შეუძლია განსაზღვროს, რომელი მათგანია ამა თუ იმ შემთხვევაში ყველაზე მეტად ინფორმაციული. ამიტომ უმჯობესია, კვლევის შერჩევა მას მივანდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თვითნებურად ჩატარებული გამოკვლევა, რომელიც პაციენტისათვის მატერიალურ დანახარჯთან არის დაკავშირებული, ექიმისთვის არაინფორმაციული აღმოჩნდეს.