მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი - დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა
ბრონქიტი
ბრონქების ანთებით დაავადებას ბრონქიტს უწოდებენ. მწვავე ბრონქიტი, ჩვეულებრივ, ინფექციური ფაქტორებით (ვირუსებით, იშვიათად - ბაქტერიებით, სოკოებით) არის გამოწვეული, ზოგ შემთხვევაში კი ბრონქების ლორწოვანზე ქიმიური ნივთიერებების (ლაქის, საღებავის, მჟავებისა და ტუტეების) ან ჰაერში არსებული მავნე ნაწილაკების (თამბაქოს კვამლის, მტვრის, ცხოველთა ბეწვის) ზემოქმედების შედეგია. ფაქტია ისიც, რომ ბრონქიტის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზად თამბაქოს წევა მიიჩნევა. განასხვავებენ ბრონქიტის ორ ფორმას: მწვავეს და ქრონიკულს. თუ დაავადების ნიშნების გამოვლენის ხანგრძლივობა სამ თვეს არ აღემატება, ექიმები მწვავე ბრონქიტზე საუბრობენ, ხოლო თუ სიმპტომები უფრო მეტხანს გაგრძელდა და, მით უმეტეს, წლობით, ითვლება, რომ პაციენტს ქრონიკული ბრონქიტი აქვს.
მწვავე ბრონქიტი
მწვავე ბრონქიტის მთავარი ნიშანი ხველაა. თავდაპირველად ის მშრალია, მოგვიანებით მოყვითალო ან ყვითელი ფერის ნახველის გამოყოფით მიმდინარეობს. ჭარბი ნახველის წარმოქმნას ანთების გამო ბრონქებში სეკრეტის ჭარბი გამოყოფა უწყობს ხელს. სეკრეტი ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანის ბრონქებშიც წარმოიქმნება, თუმცა იმდენად მცირე რაოდენობით, რომ მისი გამოყოფა ადამიანისთვის შეუმჩნევლად, ხველის გარეშე ხდება. მწვავე ბრონქიტის დროს წარმოქმნილი ლორწოს რაოდენობა, რომლის სიბლანტეც გაცილებით მეტია, რამდენჯერმე იმატებს. სწორედ ამ პროცესის საპასუხოდ ვითარდება ხველა - ორგანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამცველობითი რეფლექსი. ბრონქიტის დროს შეიძლება ხველა იმდენად ძლიერი იყოს, რომ ის გულმკერდის ან მუცლის კუნთების ტკივილსაც იწვევდეს. ამ დროს ხველის გარდა ადამიანს აწუხებს საერთო სისუსტეც. არცთუ იშვიათად მწვავე ბრონქიტს შესაძლებელია თან ახლდეს ზემო სასუნთქი გზების ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნები, კერძოდ, ყელის ტკივილი, სურდო, ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება შუბლის არეში. ხშირია წვისა და ჩახეხვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან. ზოგჯერ სხეულის ტემპერატურა იმატებს 37-38 გრადუს ცელსიუსამდე, გართულებულ შემთხვევებში - უფრო მეტადაც. ჩვეულებრივ, დაავადების მიმდინარეობის მესამე-მეოთხე დღეს მწვავე ბრონქიტის სიმპტომები ცხრება, ხოლო დაახლოებით მეშვიდე-მეცხრე დღისთვის გაივლის, თუმცა შესაძლებელია, ხველა ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელდეს. ხანგრძლივ ხველას მიზეზიც აქვს: ბრონქიტის დროს ზიანდება ბრონქების ლორწოვანი გარსის უჯრედები, მათ აღსადგენად კი ორგანიზმს დრო სჭირდება. მწვავე ბრონქიტის დროს საკმაოდ ხშირად ვითარდება ბრონქების ზემგრძნობელობა გამღიზიანებელი ფაქტორების მიმართ - ცივი ჰაერის ჩასუნთქვისას ან მძაფრი სუნის დროს ბრონქების ხანმოკლე სპაზმი ვითარდება, რასაც ხშირად თან სდევს შემაწუხებელი ხველაც. ჯანმრთელ პირებში სასუნთქი სისტემის მხრივ ისეთი სერიოზული გართულებები, როგორებიც არის სუნთქვის უკმარისობა ან ფილტვების ანთება, ჩვეულებრივ, არ გვხვდება. მათი რისკი მაღალია მწეველ, ასაკოვან და თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებს შორის. საკმაოდ მძიმედ - შემაწუხებელი ხველით, ქოშინით და ბრონქოსპაზმით - მიმდინარეობს ტოქსიკურ-ქიმიური გენეზის და მტვრის ზემოქმედებით გამოწვეული ბრონქიტი. ექიმის კონსულტაცია აუცილებელია და ის არ უნდა გადავდოთ, თუ:
- ხველა იმდენად შემაწუხებელია, რომ არ გაძინებთ;
- ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის შემდეგ პაციენტს ხველა და მსტვენი ხიხინის შეგრძნება ორ კვირაზე მეტხანს აწუხებს;
- აღნიშნული სიმპტომები ვლინდება ღამით და/ან მოსვენებისას;
- ხველის ხანგრძლივობა ორ კვირას აღემატება და დილით, საწოლიდან ადგომისას ხველას დიდი რაოდენობით ნახველის გამოყოფა მოსდევს;
- გამოიყოფა სისხლიანი ნახველი;
- ხველასთან ერთად აღინიშნება მაღალი ტემპერატურა, რომელიც 4-5 დღის განმავლობაში არ ქვეითდება და ძლიერი საერთო სისუსტე;
- წოლისას ვითარდება სუნთქვის გაძნელება - ქოშინი;
- ბრონქიტი მეტისმეტად ხშირად მეორდება;
- ხველასთან ერთად გამოხატულია 37-38 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურა, გადიდებული ლიმფური კვანძები, წონის კლება.
ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში დიდია ალბათობა, ხველის მიზეზი არა მწვავე ბრონქიტი, არამედ სასუნთქი სისტემის სრულიად განსხვავებული დაავადება იყოს. გარდა ამისა, თუ პაციენტი ასაკოვანია, 65 წელზე მეტი ხნის, ან გულის ქრონიკული უკმარისობა ან შაქრიანი დიაბეტი აქვს, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია პნევმონიის - ფილტვების ანთების - დიდი რისკის გამო.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დიაგნოსტიკა პაციენტის ჩივილების და ექიმის მიერ მისი ფილტვების მოსმენით მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე ხდება. მნიშვნელოვანია გულმკერდის რენტგენოგრაფია და ნახველის ლაბორატორიული გამოკვლევაც. ეს გამოკვლევები სხვა მსგავსი დაავადებების გამორიცხვის საშუალებას გვაძლევს, კერძოდ, იმ დაავადებების გამორიცხვის საშუალებას, რომელთა ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომი ხველაა. რაც შეეხება მკურნალობას, ითვლება, რომ ჯანმრთელი ადამიანი რამდენიმე დღის ან ერთი კვირის შემდეგ მწვავე ბრონქიტისგან შეიძლება თავად განიკურნოს. ამისთვის საკმარისია რამდენიმე დღე სახლში ყოფნა, საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება (აკრძალულია მაგარი ყავა, მუქი ჩაი და საერთოდ კოფეინის შემცველი სასმელები). თუ პაციენტი მწეველია, აუცილებელია სიგარეტის წევას მკვეთრად უკლოს ან საერთოდ დაანებოს თავი. მწვავე ბრონქიტის დროს, რომელიც მეტწილად ვირუსული გენეზის პათოლოგიად ითვლება, ანტიბიოტიკების გამოყენება რეკომენდებული არ არის. ანტიბიოტიკები ვირუსებზე ზემოქმედებას ვერ ახდენენ. თუმცა ანტიბიოტიკების დანიშვნა ზოგჯერ აუცილებელი ხდება, მაგალითად, მაშინ, როდესაც ექიმი ვარაუდობს, რომ მწვავე ბრონქიტი ბაქტერიული ინფექციის გამო წარმოიქმნა ან ბრონქიტი ბაქტერიული ინფექციის თანდართვით არის გართულებული. ანტიბაქტერიული მკურნალობა საჭიროა იმ შემთხვევაშიც, როდესაც პაციენტს ფილტვის ან გულის ქრონიკული დაავადება აქვს. ტემპერატურისა და ანთებითი მოვლენების შესამცირებლად ნაჩვენებია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ან ტემპერატურის დამწევების გამოყენება. შემაწუხებელი მშრალი ხველის დროს გამოიყენება ხველის დამთრგუნველი პრეპარატები, ხოლო ნახველის არსებობისას - ამოსახველებელი საშუალებები, რომლებიც ხელს უწყობენ მის გათხიერებას. ბრონქოსპაზმის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ბრონქოდილატატორების (ბრონქების გამაფართოებლების) მიღება ინჰალატორების სახით. დაბოლოს, მწვავე ბრონქიტს თავიდან აგაცილებთ პროფილაქტიკის ისეთი მარტივი საშუალებები, როგორებიცაა: ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირადი ჰიგიენის დაცვა, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, თამბაქოს წევის შეწყვეტა და პასიური მწეველობის თავიდან აცილება, სუფთა ჰაერი, საწარმოო მტვერთან კონტაქტისას სპეციალური დამცავი რესპირატორების ტარება და სხვა.
ქრონიკული ბრონქიტი
ქრონიკული ბრონქიტი ბრონქებში შეუქცევად ცვლილებებს იწვევს. ამ დროს ბრონქების ლორწოვანის ანთება მუდმივ ხასიათს იღებს, წარმოიქმნება დიდი რაოდენობით გამონაყოფი, რომელიც ავიწროებს ბრონქების სანათურს და ხელსაყრელ პირობებს ქმნის მეორეული ინფექციის განვითარებისთვის. ქრონიკული ბრონქიტის სიმპტომებია ქოშინი და მუდმივი ხველა, რომლის დროსაც ნახველი გამოიყოფა. ჩვეულებრივ, ქრონიკული ბრონქიტის არსებობაზე მაშინ ლაპარაკობენ, როდესაც პაციენტს ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, წელიწადში სამი თვის მანძილზე მაინც, აწუხებს ხველა ნახველის გამოყოფით, მაგრამ ამ სიმპტომის სხვა მიზეზი, მაგალითად, ტუბერკულოზი, ფილტვის სიმსივნე - არ აღინიშნება. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ქრონიკული ბრონქიტის წამყვან და უმთავრეს მიზეზად თამბაქოს წევა მიიჩნევა. ქრონიკული მწეველების უმეტესობას ხველა და ნახველის გამოყოფა მუდმივად აღენიშნებათ. ქრონიკული ბრონქიტის გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორია აგრეთვე ქიმიური ნივთიერებების, მტვრის, დაბინძურებული გარემოს ზემოქმედება.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დეტალური გამოკითხვით ირკვევა, აქვს თუ არა პაციენტს ხველა ნახველის გამოყოფით, ხომ არ აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, არის თუ არა მწეველი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თამბაქოს წევის ხანგრძლივობასა და ყოველდღიურად მოწეული ღერების რაოდენობას, სამუშაო გარემოს და ა. შ. ექიმი მნიშვნელოვან მონაცემებს იღებს პაციენტის გასინჯვისას. საბოლოო დიაგნოზის დასადგენად ტარდება გულმკერდის რენტგენოგრაფია, სისხლის საერთო ანალიზი და ნახველის გამოკვლევა. ქრონიკული ბრონქიტის დროს პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია ბრონქოდილატატორების მეშვეობით. ეს პრეპარატები ხსნის ბრონქების შევიწროებას, რის შედეგადაც ავადმყოფს სუნთქვა უადვილდება. მწვავე ბრონქიტის მსგავსად, უპირატესობა ამ შემთხვევაშიც საინჰალაციო ფორმებს ენიჭება. ანტიბიოტიკები ქრონიკული ბრონქიტის დროს სასუნთქ გზებში აღმოცენებულ ცვლილებებზე, რა თქმა უნდა, გავლენას ვერ ახდენს. მათი გამოყენება საჭიროა ინფექციური პროცესის თანდართვისას, დაავადების გამწვავებისას, როდესაც ხველა ძლიერდება, ნახველის რაოდენობა იმატებს და როცა სეკრეტი ფერს იცვლის, აღინიშნება ტემპერატურული რეაქცია. ქრონიკული ბრონქიტით დაავადებულებს ფილტვების ანთების დიდი ალბათობა აქვთ, ამიტომ ზემოთ აღწერილი სიმპტომების არსებობისას აუცილებელია ექიმთან დროულად მისვლა. ქრონიკული ანთებითი პროცესით დაზიანებული ფილტვი ორგანიზმს სათანადო ოდენობის ჟანგბადით ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ, გარდა მედიკამენტებისა, რეკომენდებულია ჟანგბადის ინჰალაცია, რომელიც აუმჯობესებს პაციენტის თვითშეგრძნებას. განსაზღვრული წესების დაცვით შესაძლებელია ქრონიკული ბრონქიტით დაავადებულისთვის მდგომარეობის გაუმჯობესება. ჯობს, შეწყვიტოს თამბაქოს წევა, რის შედეგადაც მცირდება ხველა (მცირდება ფილტვების კიბოს რისკიც). მნიშვნელოვანია სასუთქი გზების გამღიზიანებლების ზემოქმედების თავიდან აცილება - პაციენტმა არ უნდა გამოიყენოს აეროზოლიანი სუნამოები და დეზოდორანტები, თმის ლაქი, ერიდოს მტვერთან, ქიმიურ და მძაფრსუნიან ნივთიერებებთან (აცეტონი, ფრჩხილების ლაქი), საღებავებთან კონტაქტს, ხოლო აუცილებლობისას გამოიყენოს დამცავი რესპირატორი. მდგომარეობის გაუმჯობესებაში გვეხმარება რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, რომელიც სუნთქვაში მონაწილე კუნთების გაძლიერებას და ნახველის გამოყოფას უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია სუნთქვითი ვარჯიშებიც. მათ შორის უმარტივესი საკმაოდ ადვილი შესასრულებელია: ღრმად ჩაისუნთქეთ ცხვირით, შემდეგ კი ნელა, ხანგრძლივად ამოისუნთქეთ პირით.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
ზოგჯერ ბრონქების ქრონიკულ ანთებას თან ახლავს მასში ჰაერის ნაკადის შემცირება. ეს ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებაზე მეტყველებს. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება იყოს შექცევადი და საინჰალაციო ტოქსინების, უფრო ხშირად კი თამბაქოს კვამლის ზემოქმედების შედეგად აღმოცენებული ანთებითი რეაქციის შედეგია. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება გულისხმობს ერთდროულად ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტისა და ემფიზემის არსებობას. ამ ორი პათოლოგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები სხვადასხვა პაციენტის შემთხვევაში მეტ-ნაკლები მასშტაბით ვლინდება. შესაბამისად, ამბობენ, რომ საქმე გვაქვს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების უპირატესად ბრონქიტულ ან ემფიზემურ ტიპთან. ობსტრუქციულ ბრონქიტს, გარდა ზემოთ აღწერილი ბრონქიტის სიმპტომებისა, ახასიათებს ბრონქების ობსტრუქცია - ბრონქოსპაზმისა და ლორწოვანი გარსის გასქელების შედეგად სანათურის შევიწროება, დახშობა. ემფიზემა კი ფილტვის ალვეოლების კედლების შეუქცევადი დაშლის შედეგია, რაც ფილტვების ელასტიკურობას აქვეითებს და აირთა ცვლას აუარესებს. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების წამყვანი სიმპტომია ხველა ნახველით, რომელიც ცივ და ნესტიან ამინდში ძლიერდება. წლების განმავლობაში იგი მუდმივი ხდება. დაავადება პროგრესირებს, ვითარდება სუნთქვითი უკმარისობა და ფილტვისმიერი გული. პაციენტებს აღენიშნებათ ჭარბი წონა, ტუჩების სილურჯე, თითების ბოლო ფალანგები გამსხვილებულია. დაავადების ემფიზემური ტიპისას წამყვანი ჩივილია სხვადასხვა ინტენსივობის ქოშინი, რომელიც ცხოვრების ხარისხის გაუარესების ძირითადი მიზეზია. ტიპურად ითვლება გამწვავებისა და რემისიის მონაცვლეობა. ხველა და ქოშინი გამწვავებისას ძლიერდება. პაციენტს აქვს მსტვენი სუნთქვა, გამოიყოფა დიდი ოდენობის მოყვითალო-მონაცრისფრო ან მომწვანო ფერის ნახველი, რაც ბაქტერიული ინფექციის არსებობაზე მიუთითებს. შესაძლებელია სისხლის მინარევის არსებობაც. სხეულის ტემპერატურა 37-38 გრადუს ცელსიუსამდე იმატებს, ავადმყოფს აწუხებს შემცივნება, ოფლიანობა და საერთო სისუსტე.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დიაგნოზი ეფუძნება პაციენტის ჩივილებს, ექიმის მიერ გასინჯვისას მიღებულ მონაცემებს, გულმკერდის რენტგენოგრაფიასა და ფილტვის ფუნქციის შესწავლას სპირომეტრიის მეშვეობით. ეს უკანასკნელი ავლენს ბრონქების შეუქცევადი ობსტრუქციის არსებობას. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა და ბრონქული ასთმის დიფერენცირების შესახებ დეტალური საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა ზოგიერთ თავისებურებას მაინც გაგაცნობთ. ასთმისაგან განსხვავებით, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება უმეტესად 40 წლის შემდეგ ვლინდება, ხშირია მწეველთა შორის და არ ახასიათებს ალერგიის არსებობა. ასთმისაგან განსხვავებით ბრონქოდილატატორები მხოლოდ ნაწილობრივ ხსნიან სპაზმს, ქოშინიც მუდმივია და დაავადება განუხრელად პროგრესირებს. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება ყველა ის საშუალება, რომლებიც ქრონიკული ბრონქიტის სამკურნალოდ გამოიყენება. ბრონქოდილატატორების საშუალებით შესაძლებელია ქოშინისა და ხიხინის შემცირება. მათი უეფექტობისას მოწოდებულია კორტიკოსტეროიდების გამოყენება საინჰალაციო, ტაბლეტის ან ინექციის სახით, რაც ამცირებს დაავადების სიმპტომებს. ჟანგბადის ინჰალაცია აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას, ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. დაავადების გამწვავებისას, როცა ბაქტერიული ინფექციის გააქტიურებაა სავარაუდო, საჭიროა ანტიბაქტერიული მკურნალობა პათოლოგიური მიკროორგანიზმების დასათრგუნად. შეიძლება ითქვას, რომ დაავადების პროგნოზი ბევრად არის დამოკიდებული მკურნალობის პროცესში თავად პაციენტის აქტიურ მონაწილეობაზე. თამბაქოს წევის შეწყვეტა, მავნე საწარმოო ფაქტორების ზემოქმედების თავიდან აცილება, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მაქსიმალურად დიდხანს ყოფნა, დოზირებული ფიზიკური ვარჯიში, ექიმის რეკომენდაციების ზუსტი შესრულება და გამწვავებისას სამედიცინო დაწესებულებისთვის დროული მიმართვა პაციენტს საშუალებას აძლევს, დიდხანს შეინარჩუნოს შრომის უნარი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების პროგრესირებადი ხასიათის გათვალისწინებით, პროგნოზი საკმაოდ მძიმეა. ალბათ, ყველასთვის გასაგებია, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ჯანსაღ წესს და პროფილაქტიკის ელემენტარულ პრინციპებს. ამ ერთი შეხედვით მარტივი მოთხოვნების შესრულება მრავალ უსიამოვნებას აგაცილებთ თავიდან თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს. დაიცავით ეს წესები და იცხოვრეთ ჯანმრთელად და მშვიდად.