პანკრეატიტის გამწვავება და ნაღვლის კოლიკა

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვლის) ანთებითი და სიმსივნური დაავადებები. აღსანიშნავია ისიც, რომ პანკრეასის დაავადებები უმეტესად მძიმედ მიმდინარეობს და გაქრონიკულების ტენდენციით გამოირჩევა. საყურადღებოა, რომ მათ კომპლექსურ თერაპიაში სამკურნალო კვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სწორი, რაციონალური კვება აუცილებელია დაავადების მწვავე სტადიაში. ის აფერხებს დაავადების პროგრესირებასა და გაქრონიკულებას, აკომპენსირებს საჭმლის მონელების დარღვევებს.
ამრიგად, სამკურნალო კვებას დიდი პროფილაქტიკური მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, დიეტის დარღვევა ან კვებითი გადატვირთვა, რაც ხშირია ახალი წლის დღეებში, პანკრეასის ამა თუ იმ დაავადების მქონე ადამიანზე მძიმედ აისახება.
საქმე ის გახლავთ, რომ ტრადიციული საახალწლო სუფრის დამამშვენებელი კერძების უმრავლესობა პანკრეასის დაავადების დროს უკუნაჩვენებია. საზოგადოდ, პანკრეასის დაავადებათა დროს პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ სტეატორეა (განავალში ცხიმების არსებობა), წონის დაკლება და რომელთაც ჩანაცვლებითი პოლიფერმენტული თერაპია უკეთესობას მაინცდამაინც არ აგრძნობინებს, უმთავრესად მცენარეული ცხიმებია რეკომენდებული, განსაკუთრებით კი ის ცხიმები, რომლებიც მოკლეჯაჭვიან ცხიმოვან მჟავებს შეიცავს. ასეთია, მაგალითად, ქოქოსის ზეთი. ის მალე იშლება და ადვილად შეიწოვება. აღნიშნული ცხიმები პაციენტთა 25%-ში გულისრევას იწვევს და ფაღარათს აძლიერებს. რაც შეეხება ცხოველურ ცხიმებს, ისინი მძიმე ასატანია და ამიტომ არასასურველია. მიზეზი ის გახლავთ, რომ ცხოველური ცხიმები ანთებითი პროცესის შენარჩუნებას უწყობენ ხელს, აძლიერებენ მუცლის ტკივილსა და ფაღარათს.
პანკრეასის დაავადების დროს მკაცრად უკუნაჩვენებია საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფის მასტიმულირებელი პროდუქტები: ხორცის, თევზის, ძვლისა და სოკოს ნახარშები, აგრეთვე - შემწვარი პროდუქტები.
კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლური სასმელებიც, ვინაიდან ალკოჰოლი პანკრეასის სეკრეციის პირდაპირი სტიმულატორია. ის ნეგატიურ გავლენას ახდენს არა მხოლოდ პანკრეასზე, არამედ მასთან დაკავშირებულ ორგანოებსა და სტრუქტურებზეც - კუჭზე, თორმეტგოჯა ნაწლავზე, ოდის სფინქტერზე, სისხლძარღვებზე.
დიეტის დარღვევის შემთხვევაში, წესისამებრ, მწვავდება ქრონიკული პანკრეატიტი. უკანასკნელ ხანს ქრონიკული პანკრეატიტი ცალკე დაავადებად კი არა, არამედ ფაზურ პროცესად განიხილება, რადგან უმეტესად პანკრეასის მწვავე დაავადებათა გაგრძელებას წარმოადგენს.
რა არის ქრონიკული პანკრეატიტი
ქრონიკული პანკრეატიტი პროგრესირებადი დაავადებაა, რომელსაც გამწვავებისა და რემისიის (დაავადების ძირითად გამოვლინებათა შესუსტება-შეწყვეტის) პერიოდების მონაცვლეობა ახასიათებს. გამწვავება უკავშირდება ჯირკვლის ფერმენტთა თვითგააქტიურებას, რომელსაც თან სდევს აუტოლიზი ანუ საკუთარი ქსოვილის მონელება.
ხშირი რეციდივის (თითქოსდა გამქრალი დაავადების გამეორების) შემთხვევაში დროთა განმავლობაში ვითარდება პანკრეასის ქსოვილთა ფიბროზი - ჯირკვლის ქსოვილს შემაერთებელი ქსოვილი ენაცვლება.
ქრონიკული პანკრეატიტის კლინიკურ სურათი
დაავადებას ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს, წლობით გრძელდება და დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის სტადიაზე. ვლინდება მრავალფეროვანი სიმპტომატიკით. ეს განპირობებულია პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციით (ჯირკვლის თავია ჩართული, სხეული თუ კუდი) და სხვა ორგანოთა მხრივი გართულებებით. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ ქრონიკული პანკრეატიტის 4 ძირითად ფორმას:
. ტკივილით მიმდინარეს;
. ლატენტურს ანუ ტკივილის გარეშე მიმდინარეს;
. ქრონიკულ მორეციდივეს;
. ჰიპერპლაზიურს ანუ ფსევდოსიმსივნურს.
ტკივილით მიმდინარე ფორმები ქრონიკული პანკრეატიტის შემთხვევათა დაახლოებით 20%-ს შეადგენს. ახასიათებს მუდმივი ტკივილი მუცლის მარცხენა ზედა ნახევარში, უმეტესად - ჭიპის მარცხენა მხარეს, ირადიაციას განიცდის წელის, გულმკერდის მარცხენა ნახევარში და გულის არეში.
მუდმივი ტკივილი პანკრეატიტის ამ ფორმის დროს განპირობებულია ჯირკვლის ინტერსტიციული ქსოვილის ძლიერი შეშუპებით. ტკივილი ძლიერდება ალიმენტური (კვებითი) დარღვევების შემთხვევაში. აღინიშნება მადის დაქვეითება, მუცლის შებერილობა და სიმძიმის შეგრძნება მუცლის ზედა ნახევარში, პერიოდულად - ფაღარათი.
დაავადების პროგრესირებისდაკვალად ავადმყოფი წონას იკლებს. პანკრეატიტს ხშირად ერთვის შაქრიანი დიაბეტი.
ლატენტური ანუ ტკივილის გარეშე მიმდინარე ფორმა შესაძლოა დიდხანს კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობდეს. შინაგანი და გარეგანი სეკრეციის (გამოყოფის) დარღვევები ამ ხნის განმავლობაში სუსტად ვლინდება. გარესეკრეტორული ფუნქციის დარღვევა საჭმლის მონელების დარღვევას განაპირობებს. ამ დროს განსაკუთრებით ირღვევა ცხოველური ცხიმების მონელება. დაავადების მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში აღნიშნული ცხიმები ორგანიზმიდან განავალთან ერთად ნეიტრალური ცხიმების სახით გამოიყოფა. ირღვევა ცილებისა და ნახშირწყლების მონელებაც, რაც ხელს უწყობს ნაწლავებში დუღილისა და ლპობის პროცესთა გაძლიერებას, ყოველივე ეს კი ფაღარათსა და მეტეორიზმს (აირთა დაგროვების გამო მუცლის შებერილობას) განაპირობებს.
ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ნიადაგზე ორგანიზმი ვიტამინებით ღარიბდება, კანსა და ლორწოვან გარსებზე ტროფიკული ცვლილებები ვითარდება. დაავადებას ერთვის გლოსიტი (ენის ანთება), სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება), ქრონიკული ენტერიტი (წვრილი ნაწლავის ანთება), ენტეროკოლიტი (წვრილი და მსხვილი ნაწლავის ანთება). პანკრეასის შიდასეკრეტორული ფუნქციის დარღვევა ვლინდება ინსულინის სეკრეციის (გამოყოფის) დარღვევით, ჰიპერგლიკემიით (სისხლში შაქრის დონის მომატებით) და ნახშირწყლოვანი ცვლის სხვა დარღვევებით.
ქრონიკული მორეციდივე ფორმა ყველაზე ხშირად (ათიდან 6 შემთხვევაში) გვხვდება.