ჰიპერტონიული კრიზი არის მდგომარეობა, რომელიც არტერიული წნევის მკვეთრად მომატების გამო ვითარდება (არ არის აუცილებელი, წნევამ განსაკუთრებულად მაღალ მაჩვენებლებს მიაღწიოს). ის ხასიათდება გარკვეული სიმპტომებით, უპირველესად, ნერვული, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სხვა ორგანოთა მხრიდან. ჰიპერტონიულ კრიზს არ გააჩნია არტერიული წნევის კონკრეტულად დამახასიათებელი ციფრები, ანუ ვიღაცისთვის კრიზი შესაძლოა ვერცხლის წყლის სვეტის 130 მმ-ზეც განვითარდეს, ვიღაცისთვის კი 200 მმ-ზე უფრო მაღალ მაჩვენებელზე. საბედნიეროდ, ჰიპერტონიული კრიზი გართულების სახით შედარებით იშვიათად გვხვდება და ძირითადად, არტერიული ჰიპერტენზიის არაადეკვატურ მკურნალობას უკავშირდება. კრიზის პროვოცირება შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობოს: სტრესულმა მდგომარეობამ, ფიზიკურმა გადატვირთვამ და სხვა. ჰიპერტონიით დაავადებულ პაციენტთან ჰიპერტონიული კრიზი შესაძლოა განვითარდეს, თუ ის რაიმე მიზეზით შეწყვეტს შესაბამისი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მიღებას. ზოგჯერ კრიზი ჰიპერტონიის გამოვლენის პირველი ნიშანია ხოლმე იმ პირებთან, რომლებმაც საერთოდ არც იცოდნენ დაავადების შესახებ (იგულისხმება არტერიული ჰიპერტენზიის არსებობა). ჰიპერტონიული კრიზის ძირითადი სიმპტომებიჰიპერტონიული კრიზის ძირითადი სიმპტომებია:
ძლიერი თავის ტკივილი, განსაკუთრებით კეფის არეში, ზოგჯერ საფეთქლის არეში პულსაციის შეგრძნებით;
მხედველობის დარღვევა, ზოგჯერ თვალების წინ ჭიანჭველების ცოცვის სახით გამოვლენილი, ზოგჯერ კი მხედველობის ველთა გარკვეული გამოვარდნით. აღნიშნული სიმპტომები განპირობებულია თვალის ბადურასა და მხედველობის ნერვის სისხლის მიმოქცევის დარღვევით;
გულისრევა, ზოგჯერ ღებინება, რომელიც ვერ უმსუბუქებს პაციენტს მდგომარეობას:
ემოციური აგზნება;
სახის კანისა და ლორწოვანი გარსის ჰიპერემია (სიწითლე);
ზოგჯერ მოჭერითი ხასიათის ტკივილი მკერდის ძვლის უკან;
ქოშინი, განპირობებული გულის მარცხენა პარკუჭის დატვირთვის გაძლიერებით;
ზოგჯერ კრუნჩხვა;
განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის კეროვანი სიმპტომები.
გახსოვდეთ, ჰიპერტონიული კრიზი არ არის მხოლოდ არტერიული წნევის უცაბედად და მკვეთრად მომატება, რომელსაც თავის ტკივილი ახასიათებს! ჰიპერტონიულ კრიზს ახლავს ცალკეული ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების მხრივ სხვადასხვა სახის გართულებათა რისკი, კერძოდ, მას შესაძლოა მოჰყვეს: ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები, ცნობიერების დაბინდვა ან კომის განვითარება (ენცეფალოპათია), სისხლჩაქცევა თავის ტვინში, გულის უკმარისობა, სტენოკარდია, ფილტვების შეშუპება, რომელიც, თავის მხრივ, მარცხენა პარკუჭის უეცრად განვითარებული უკმარისობის შედეგია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ანევრიზმა, ეკლამფსია (ვითარდება ორსულობის დროს).პირველი დახმარება ჰიპერტონიული კრიზის დროსჰიპერტონიული კრიზის განვითარება არა მხოლოდ პაციენტებისთვის, ახლობლებისთვისაც მძიმე და საგანგაშოა. ასეთ დროს პირველი დახმარება მეტად მნიშვნელოვანი საქმეა, ამისთვის კი სათანადო წესების ცოდნა ყველასთვის აუცილებელია. ჰიპერტონიული კრიზის პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე არ უნდა დაიბნეთ და დაუყოვნებლივ გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გახსოვდეთ, ჰიპერტონიული კრიზი სწრაფად ვითარდება და ხშირად საჭირო ხდება პაციენტის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ჰიპერტონიული კრიზი პირველად განუვითარდა, ან კიდევ გამოკვეთილია გართულებული ჰიპერტონიული კრიზის ნიშნები. სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმის მოსვლამდე ავადმყოფი საწოლში უნდა მოაკალათოთ ნახევრად მჯდომარედ, რაც შეიძლება მოხერხებულად (ამისათვის ბალიშები გამოიყენეთ). ასეთი პოზიცია საჭიროა ორთოპნოეს (სულხუთვის შეტევა) თავიდან ასარიდებლად. აუცილებელია პაციენტისათვის ფეხების ჩათბუნებაც; ამისათვის შეგიძლიათ ფეხები ცხელ წყალში ჩააყოფინოთ, ტერფები და წვივები სათბურათი დაუთბუნოთ ან კიდევ წვივებზე მდოგვის საფენები დაადოთ. აღმოცენებულ კანკალსა და ციებ-ცხელებას მხოლოდ აღნიშნული პროცედურებით დაძლევთ. ჰიპერტონიული კრიზის დროს პაციენტი უნდა უზრუნველყოთ სუფთა ჰაერით, სარკმელი მაინც უნდა გამოაღოთ. გარდა ამისა, უნდა დაალევინოთ ის მედიკამენტი, რომლითაც ის მკურნალობდა. ძლიერი თავის ტკივილისას შეგიძლიათ მისთვის ჩვეული შარდმდენიც დაუმატოთ (თუ, რა თქმა უნდა, პაციენტს მკურნალობის კურსში ამ ჯგუფის პრეპარატი ჰქონდა ჩართული). მკერდის ძვლის უკან ტკივილის განვითარებისთანავე რეკომენდებულია ნიტროგლიცერინი ენის ქვეშ. სხვა (ახალი ანტიჰიპერტენზიული) პრეპარატების მიღება ექიმის მოსვლამდე დაუშვებელია. შემდგომი ტაქტიკა ექიმის გადასაწყვეტია (ის საჭიროებისამებრ თავად გადაწყვეტს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის ინტრავენურად შეყვანას).ჰიპერტონიული კრიზის დროს ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტისათვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერაც. ამ დროს დიდი რაოდენობით სტრესული ჰორმონები გამოიყოფა, ავადმყოფს შიში, განგაში და მოუსვენრობა იპყრობს. ამიტომაც აუცილებელია მასთან ალერსიანი და კეთილგანწყობილი საუბარი, მისი დამშვიდება, დარწმუნება, რომ საგანგაშო არაფერია და მისი მდგომარეობა მალე გამოსწორდება.პანიკა და ყვირილი ამ დროს ყოვლად დაუშვებელია! ამით კიდევ უფრო დაამძიმებთ პაციენტის მდგომარეობას, უფრო მეტად გაუღრმავებთ ისედაც მოჭარბებული შიშისა და განგაშის შეგრძნებას!გახსოვდეთ, თქვენს თავდაჭერილ საქციელზე, ალერსიან მოპყრობასა და დროულად აღმოჩენილ პირველ დახმარებაზე დიდად არის დამოკიდებული პაციენტის შემდგომი მდგომარეობა!