ფერებით მკურნალობა
წითელი ძლიერების, საკუთარი ძალების რწმენისა და სიცოცხლის ენერგიის ფერია. თუ უიმედობას, უძლურებას გრძნობთ, თვითშეფასება დაგიქვეითდათ, გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ხშირად უბრუნდებით წარსულს და სიხარულით აღარ ეგებებით დღეს, წითელი ფერი ამ სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ. ამ ფერის გამოყენება შეიძლება სექსუალური ლტოლვის დაქვეითების დროსაც, რადგან აღმგზნები და მასტიმულირებელი მოქმედება აქვს. თუმცა წითელ ფერთან, ისევე როგორც ნებისმიერ ძლიერმოქმედ საშუალებასთან, სიფრთხილეა საჭირო. მას უნდა ვერიდოთ მომატებული ტემპერატურისა და ანთებითი პროცესების დროს. მასთან თავშეკავება მართებთ ჭარბად აღგზნებად პირებს, განსაკუთრებით - ბავშვებსა და მოზარდებს. წითელი ფერის სიჭარბე კი ნებისმიერი ადამიანისთვის მავნებელია: შესაძლოა, გამოიწვიოს დაღლილობა და ნერვული გადაძაბვა, გაზარდოს აგრესია. სტაფილოსფერი სიხარულის, სიმამაცისა და თავისუფლების ფერია. როდესაც ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანი გვეჩვენება, ყოველდღიური რუტინა სულს გვიხუთავს, გავიხსენოთ საბავშვო სიმღერა ნარინჯისფერ სამყაროზე - მას შესანიშნავად ასრულებდა ირმა სოხაძე და აუცილებლად ეხსომება უფროს და საშუალო თაობას. ეს ფერი დაგეხმარებათ, ერთი მხრივ, შეეგუოთ გარემოებებს, მეორე მხრივ კი თავი დააღწიოთ ჩვეულებათა მარწუხებს, გაიფართოოთ თვალსაწიერი და უფრო მეტი თავისუფლება იგრძნოთ. წელიწადის პირქუშ და ცივ დროს ის გაგახალისებთ და გაგათბობთ. ყვითელი გონიერების, მხნეობის, კომუნიკაბელურობისა და საქმიანი აქტივობის ფერია. თუ გიჭირთ საქმეზე ყურადღების კონცენტრაცია, შინაურებსა თუ კოლეგებთან საუბარი, მიმართეთ ყვითელ ფერს - ის დადებითად მოქმედებს გონებრივ და კომუნიკაციურ შესაძლებლობებსა და უნარებზე. თუ ოჯახში სკოლის მოსწავლეა, რომელსაც უჭირს მეცადინეობისას ყურადღების მოკრება, მისი სამუშაო კუთხე ჯობს ყვითლით გააფორმოთ. ყვითელი სასადილო ზონასაც შეეფერება - ცნობილია, რომ ამ ფერს მადის მომატების უნარი შესწევს.
მწვანე გულღიაობის, სიმშვიდისა და მიმღებლობის ფერია. თუ საკუთარი თავით, ირგვლივ მყოფებით და თავად ცხოვრებით უკმაყოფილო ბრძანდებით, შემატეთ გარემოს სიმწვანე. ის დაგეხმარებათ, მშვიდობიანად განეწყოთ და გახდეთ მეტად მომთმენი როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ.
ცისფერი უსაფრთხოების, პასუხისმგებლობისა და კეთილგანწყობის ფერია. თუ ოჯახის წევრებს ხშირად მოგდით კონფლიქტი, ცისფერი დამშვიდებაში, კომპრომისის მიღწევაში დაგეხმარებათ და იმავდროულად საკუთარ მოვალეობებსაც შეგახსენებთ.
ლურჯი თვითკონტროლისა და სიმართლის ფერია. ის სასარგებლოა მათთვის, ვინც მიდრეკილია იმპულსური და ემოციური რეაქციებისადმი.
იისფერი გაცნობიერებისა და სულიერი განვითარების ფერია. თუ ვინმესთან შერიგება გიჭირთ, იისფერი უანგარო სიყვარულისა და მიტევების ტალღაზე გადაწყობაში დაგეხმარებათ. ეს ფერი ხელს უწყობს საკუთარ თავში ჩაღრმავებას, გვასწავლის, უკეთ გავიგოთ ჩვენი შინაგანი ხმა.
შავი და თეთრი - ამ ორი ფერის მუდმივად გამოყენება არ ღირს. შავით გატაცების უფლება თავს შეიძლება მისცენ მხოლოდ პრაქტიკულად ჯანმრთელმა ადამიანებმა.
არც ბევრი თეთრია სასარგებლო, ხოლო მოავადე და დასუსტებული პირებისთვის უკუნაჩვენებიც კია. ტყუილად კი არ თქვეს უარი ბევრ სამედიცინო დაწესებულებაში თეთრ ინტერიერსა და ხალათებზე. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც შავი და თეთრი სავსებით მისაღებია. მაგალითად, შავი ფერი დაგეხმარებათ მაშინ, როდესაც აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება, ხოლო თეთრი - როდესაც ცხოვრებაში რაღაცის რადიკალურად შეცვლა გსურთ. რაც შეეხება შავისა და თეთრის კლასიკურ შეხამებას, ის სრულიად ნეიტრალურია და ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვიყენოთ.
ფერთა თერაპია პანაცეა არ არის
ფსიქიკაზე ფერების ზეგავლენა გასათვალისწინებელია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ დამხმარე საშუალებაა. მას სასწაულმოქმედ წამლად ნუ მიიჩნევთ, განსაკუთრებით - სერიოზული პრობლემების არსებობისას. ამ დროს უმჯობესია ფსიქოთერაპევტს მიმართოთ. ფერებით თერაპიამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს განწყობაზე, მაგრამ ის ფსიქოლოგთან საფუძვლიან მუშაობას ვერ შეცვლის.