თემატური განვითარება
მაგალითად:
- ციფრებს, პროფესიებს, მცენარეებს, კოსმოსს, და მთელ კვირას ამ თემას უძღვნის;
- თითოეული დღისთვის იგეგმება თამაშები და ვარჯიშები, მზადდება სადემონსტრაციო მასალები და სხვა თვალსაჩინოება;
- შეიძლება პედაგოგებისა და ფსიქოლოგების მიერ მომზადებული თემატური წიგნების გამოყენებაც, რომლებიც, ცხადია, ბავშვის ფიზიკური და ფსიქომოტორული განვითარების შესაბამისად უნდა შევარჩიოთ.
თემატური კვირების დიდი ღირსება ის არის, რომ ასეთი მეცადინეობები მატერიალურ დანახარჯს თითქმის არ მოითხოვს; საკმარისია ფანტაზია და ცოტაოდენი დრო მეცადინეობათა ორგანიზებისთვის.
გაგაცნობთ თემატური კვირის ნიმუშს წლინახევრიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვისთვის. თემა ფერების შესწავლაა. ამთავითვე გაითვალისწინეთ: რამდენიმე ფერის ერთდროული შესწავლა, თუნდაც მთელი კვირის განმავლობაში, არ უნდა დავისახოთ მიზნად.
გარდა ამისა, რთული ფერებისა და მათი ელფერის (ვარდისფერი, იისფერი, ნარინჯისფერი) ათვისება ამ ასაკის ბავშვს გაუჭირდება. უმჯობესია ავირჩიოთ რამდენიმე ძირითადი ფერი, მაგალითად, წითელი და ყვითელი. პირველი სამი დღე წითელი ფერის შესწავლას უნდა დაეთმოს, მომდევნო სამი ყვითლისას, კვირის ბოლო დღეს კი მასალა უნდა გავაერთიანოთ და ფერები ერთმანეთს შევადაროთ.
-
ორშაბათი - წითელი
- რაც შეიძლება ხშირად მიაპყარით ბავშვის ყურადღება ამ ფერის საგნებს თქვენ გარშემო. "წითელი მანქანა", "წითელი ვაშლი", "წითელი ბურთი" - უთხარით ბავშვს და ეს საგნები დაანახვეთ.
- მასალის ათვისების კიდევ ერთი მეთოდია წითელი ნივთის ჩვენება და ოთახში სხვა ასეთი ნივთების ძებნა.
- ალბათ გაქვთ წიგნებიც, რომლებიც ფერების შესწავლაში გვეხმარება. ხშირად დაათვალიერეთ, წაუკითხეთ პატარას ლექსები და მოთხრობები, სადაც წითელ ფერზეა საუბარი.
- თუ კომპიუტერი გაქვთ, შეიძლება მოიძიოთ წითელი მანქანის, კაბის, ბუშტის, ბურთის, ლამბაქის სურათები.
- შეიძინეთ წითელი ბუშტი. ბავშვი ითამაშებს, თქვენ კი ფერზე გაამახვილებთ ყურადღებას.
-
სამშაბათი - წითელი
- გაიმეორეთ პირველი პუნქტი ორშაბათის მეცადინეობიდან.
- გააკეთეთ აპლიკაციები. სქელი ფლომასტერით ქაღალდზე დახატეთ ვაშლი. აიღეთ წითელი ქაღალდის ფურცელი და პატარ-პატარა ნაჭრებად დაჭერით. მერე ეს წითელი ნაკუწები ბავშვთან ერთად ისე დააწებეთ ვაშლზე, რომ მთლიანად გააწითლოთ. სამუშაოს დასრულებისას რამდენჯერმე აღნიშნეთ, რომ ძალიან ლამაზი წითელი ვაშლი გამოგივიდათ. ყველაფერთან ერთად, ასეთი აპლიკაციების შექმნა საუკეთესო საშუალებაა წვრილი მოტორიკის განსავითარებლად.
- პლასტილინისგან გამოვძერწოთ წითელი საგნები და ყურადღება მივაქციოთ მზა ნამუშევრების ფერს.
-
ოთხშაბათი - წითელი
- კვლავ ძალაში რჩება პირველი პუნქტი ორშაბათის მეცადინეობიდან.
- წითელი ფურცლისგან გააკეთეთ ყვავილი და პეპელა. წითელი პეპელა წითელ ყვავილზე დასვით.
-
ხუთშაბათი - ყვითელი
- დადგა ყვითელი ფერის დროც. ყურადღებას ვაქცევთ ყვითელ საგნებს შინ და გარეთ.
- შინ ვეძებთ ყვითელ საგნებს.
- ბავშვს ვუჩვენებთ ყვითელი საგნების სურათებს.
- ვკითხულობთ ყვითელი ფერის შესახებ.
- დადგა ყვითელი ბუშტის გაბერვის დროც!
-
პარასკევი - ყვითელი
- ვიმეორებთ პირველ პუნქტს ორშაბათის მეცადინეობიდან, ვამატებთ პირველ პუნქტს ხუთშაბათის მეცადინეობიდან.
- დახატეთ ფურცელზე ბანანი, მზე და გააფერადეთ პატარასთან ერთად.
- გამოძერწეთ ყვითელი საგნები.
-
შაბათი - ყვითელი
- თუ შემოდგომაა, ყურადღება მიაქციეთ ყვითელ ფოთლებს, ზაფხულში - ყვითელ ყვავილებს. შეაგროვეთ ისინი. წინასწარ დახატეთ ქაღალდზე ტოტებგაშიშვლებული ხე და შინ დაბრუნებისას ბავშვს უჩვენეთ. შესთავაზეთ პატარას, ხეს ფოთლები ან ყვავილები მიამაგროს. ასეთივე ხერხი გამოდგება მწვანე ფერის შესწავლის დროსაც.
- გამოძერწეთ ყვითელი ბანანი, ხახვი, კომში.
- ყვითელ თეფშზე დააწყვეთ ყვითელი ხილი.
-
კვირა - წითელი და ყვითელი
- დადგა დრო, შევაჯამოთ მეცადინეობა და შევადაროთ ფერები. აიღეთ კონსტრუქტორის წითელი და ყვითელი ნაწილები, სთხოვეთ პატარას მათი გაცალკევება.
- დახატეთ წითელი მაისური და ორი ხაზი გაუფერადებელი დატოვეთ. სთხოვეთ ბავშვს, ისინი ყვითლად გააფერადოს.
- თუ წელიწადის დრო საშუალებას გაძლევთ, ხატეთ ასფალტზე წითელი და ყვითელი ცარცით. თუ ამის საშუალება არ არის, ხატეთ ქაღალდზე.
როგორც ხედავთ, თემატური კვირებით მუშაობა საკმაოდ მოხერხებულია. მთავარია წინასწარ განსაზღვროთ თემა, რათა თქვენი მეცადინეობები არა სტიქიური, არამედ თანამიმდევრული იყოს.