ვემზადებით წერისთვის
იქნებ არ იცით, მაგრამ არსებობს თითების წერისთვის მოსამზადებელი ორიგინალური და ეფექტური მეთოდები. სადაცაა, პატარა სკოლაში მივა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც მთლიანად ცვლის ოჯახის ცხოვრებას. ახალ პირობებთან ადაპტაციამ უმტკივნეულოდ რომ ჩაიაროს, სკოლისთვის წინასწარ უნდა მოემზადოთ. რა თქმა უნდა, მშობლები აქცენტს, პირველ რიგში, კითხვასა და ანგარიშზე აკეთებენ. ბავშვთან ერთად ლოგიკურ ამოცანებს ხსნიან, მეტყველების განვითარებაზე ზრუნავენ.
რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად გამოგვადგება სკოლაში სწავლისას, მაგრამ მშობლებს ხშირად ავიწყდებათ ისეთი მნიშვნელოვანი რამ, როგორიც არის ბავშვის ხელების ნატიფი მოძრაობები, ისინი კი აუცილებელია, რათა პატარამ წერა ისწავლოს. პირველკლასელთა მასწავლებლები არცთუ იშვიათად ეჯახებიან ფაქტს, როცა ბავშვს ხელის კუნთები ძალიან სუსტად აქვს განვითარებული. ასეთ ბავშვებს არ უყვართ ხატვა, გაფერადება, ძერწვა, საზოგადოდ, არ იტაცებთ ხელით საქმიანობა. მოტორიკის განვითარებასთან კი მჭიდრო კავშირი აქვს მხედველობით-სივრცით კოორდინაციას (ხელისა და თვალების მოძრაობათა შერწყმას).
შევაფასოთ მოტორული განვითარება
საერთო და წვრილი (თითების) მოტორიკის შემოწმება მშობლებს თავადაც შეუძლიათ. ამაში მათ მარტივი ტესტები დაეხმარება. მათი მეშვეობით შეიძლება დავადგინოთ, სწორად ვითარდება თუ არა ზოგიერთი მოტორული ფუნქცია.
"გზა"
ბავშვს სთხოვეთ, ისე დადგეს, რომ მარცხენა ტერფის წვერი მარჯვენა ქუსლს ეხებოდეს. ბავშვმა ხელები უნდა ჩამოუშვას, თვალები დახუჭოს და ასე იდგეს 15 წამის განმავლობაში. თუ მოახერხა, ყველაფერი რიგზეა, ხოლო თუ წონასწორობა დაკარგა, ეს მინუსია.
"ცხვირი"
სთხოვეთ ბავშვს, თვალები დახუჭოს და მარჯვენა და მარცხენა საჩვენებელი თითებით მორიგეობით შეეხოს ცხვირის წვერს. თუ სამი მცდელობიდან ორი წარმატებული აღმოჩნდა, დავალება შესრულებულად ითვლება.
"ბურთები"
სთხოვეთ ბავშვს, ბურთივით იხტუნოს. ძალზე მნიშვნელოვანია, ორივე ქვედა კიდური ერთდროულად მოსწყდეს იატაკს. 5 წამის განმავლობაში ბავშვი სულ ცოტა 7-ჯერ უნდა ახტეს.
"გაწელვა"
სთხოვეთ ბავშვს, 10 წამით თითის წვერებზე დადგეს, ხელები ტანზე მიიკრას, ფეხები ერთმანეთს მიატყუპოს. დავალება შეუსრულებლად ითვლება, თუ ბავშვი დროზე ადრე დაეშვა.
"ასანთი"
ასანთის კოლოფის აქეთ-იქით 10-10 ასანთის ღერი დააწყვეთ. ბავშვს სთხოვეთ, ისინი სწრაფად აიღოს ორივე ხელის ცერი და საჩვენებელი თითებით და კოლოფში ჩააწყოს. 20 წამის განმავლობაში მან სულ ცოტა 5 ღერი უნდა მოათავსოს კოლოფში.
"მუშტები"
ბავშვს სთხოვეთ, მარჯვენა და მარცხენა ხელი მორიგეობით მომუჭოს.
"თითების მისალმება"
წვერებით მიადეთ ერთმანეთს მარჯვენა და მარცხენა ხელის თითები. შედეგები შეაფასეთ შემდეგი კრიტერიუმებით:
- მაღალი დონე - ბავშვი უშეცდომოდ ასრულებს ყველა დავალებას;
- საშუალო - შესრულებულია არა უმეტეს 5 დავალებისა;
- დაბალი - შესრულებულია არა უმეტეს ორი დავალებისა, მოძრაობები დაუხვეწავია, კოორდინაცია - ცუდი, შეინიშნება თანმხლები მოძრაობები, დაღლის ნიშნები.
თუ ტესტების შედეგებმა ცხადყო, რომ წვრილი მოტორიკა სათანადოდ არ არის ჩამოყალბებული, აუცილებელია მეცადინეობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი მაგიდასთან უნდა იჯდეს და წერდეს. პირიქით, ვარჯიში გართობას, თამაშს უნდა ჰგავდეს.
როგორ ვივარჯიშოთ
წერისთვის ხელის მომზადება სკოლაში მისვლამდე უნდა დავიწყოთ. შესაფერისი გართობაა ჭიქაში წყლის პიპეტით ჩასხმა, ფურცლის დახევა, ძერწვა. ამგვარად ჯერ კიდევ წლინახევრის ბავშვი შეგიძლიათ ათამაშოთ. 3 წლიდან კი ბავშვს კალმისტარისა და ფანქრის სწორად დაჭერა უნდა ვასწავლოთ.
ვარჯიში რეზინით
5 წლის ბავშვები დიდი სიამოვნებით თამაშობენ რეზინით. დიახ, იმ რეზინითაც, რომლითაც ვკრავთ ფანქრების კონას, ვამაგრებთ დახვეულ ქაღალდს... ასეთი რეზინი შეგვიძლია ბავშვს ცერ და საჩვენებელ თითებზე ჩამოვაცვათ. შესთავაზეთ პატარას, თითებით გაწელოს რეზინი. შემდეგ იგივე გააკეთოს მეორე ხელით. ახლა შეგვიძლია ავიღოთ ხის დაფა, შიგ საკანცელარიო ჭიკარტები (ფერადი, დიდთავიანი, ლურსმნის მსგავსი) ისე ჩავასოთ, რომ მათზე რეზინის ჩამოცმით მივიღოთ სამკუთხედი, ოთხკუთხედი... ასეთი თამაშის წყალობით ბავშვი თითებსაც გაავარჯიშებს და ფიგურებსაც დაიმახსოვრებს.
ვარჯიში თითით
სთხოვეთ ბავშვს, გაშლილი ხელისგულები მაგიდაზე დააწყოს და თანამიმდევრობით ასწიოს ჯერ ერთი, შემდეგ მეორე ხელის თითები, დააცილოს და მიუახლოვოს ისინი ერთმანეთს. ნეიროფსიქოლოგები გვირჩევენ, ხშირად ვითამაშოთ "მუშტი-იდაყვი-ნეკნი": ბავშვის ხელი მორიგეობით იცვლის მდებარეობას - ჯერ მუშტად იკვრება, შემდეგ გაშლილი მტევანი მაგიდაზე იდება, მერე კი ნეკნს ეხება. თანამიმდევრობის დაცვა აუცილებელია. ეს ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია თავის ტვინის ნახევარსფეროთა შორის კავშირების ფორმირებისთვის.
ვარჯიში ბრინჯით
თქვენ სამზარეულოში საქმიანობთ, პატარა კი გვერდიდან არ გცილდებათ. ნუ გააგდებთ მას. მიეცით პატარა ჭიქა, შიგ ბრინჯი ჩაუყარეთ და შესთავაზეთ, საჩვენებელი თითით მოურიოს, ოღონდ ისე, რომ მოძრაობდეს არა მთელი ხელი, არამედ მხოლოდ თითი. ახლა შეგვიძლია, "ფაფას" სხვა თითებითაც "მოვურიოთ".
ვარჯიში წიწიბურათი
წიწიბურას მარცვლებს აქვს წახნაგები, რომლებთან შეხებაც აუცილებელია თითების ნერვული დაბოლოებების აქტივაციისთვის. თავდაპირველად მიეცით ბავშვს თავისუფლად თამაშის უფლება. ბავშვებს ძალიან მოსწონთ მარცვლების შეკრება და გაფანტვა. ალბათ, ეს შეგრძნებები ძალიან სასიამოვნოა, ისინი ამშვიდებენ პატარას, ხელს უწყობენ ყურადღების კონცენტრირებას.
ახლა შეგიძლიათ, წიწიბურას სხვა მარცვლეული შეურიოთ და ბავშვს მათი განცალკევება სთხოვოთ. ეს ძალიან კარგია არა მარტო ხელების განსავითარებლად, არამედ ყურადღების, შრომისმოყვარეობის, სიბეჯითის, ლოგიკური აზროვნების უნარის ჩამოსაყალიბებლადაც. თუ ბავშვი გადარჩევით დაიღალა, შეგიძლიათ მარცვლეული ჭურჭელში ჩაყაროთ, შიგ პატარა სათამაშო ჩამალოთ და ბავშვს მისი პოვნა დაავალოთ. მარცვლეულში მაჯამდე ხელის ჩაყოფა ხსნის მტევნის კუნთების სპაზმს, დაძაბულობას და დაღლილობას.
კუნთების ამტანობა
ჩვენ ბუნებრივად მიგვაჩნია, რომ ბავშვები შაბლონებით ხატავენ. არადა ხატვა ხომ შემოქმედებითი პროცესია. მოდით, შაბლონებით ხატვაც შემოქმედებად გადავაქციოთ. უჩვენეთ ბავშვს ორიგინალური შტრიხები - წერტილები, ხაზები, რგოლები, ბადეები - და შესთავაზეთ, ნახატი უბრალოდ კი არ გააფერადოს, არამედ სხვადასხვაგვარად დაშტრიხოს. ეს გაფერადებაზე გაცილებით რთულია. ამის შემდეგ შეგვიძლია ისეთ ვარჯიშებზე გადავიდეთ, რომლებიც კუნთების ამტანობას ზრდის და ბავშვს საწერ საშუალებაზე ზეწოლის უნარს გამოუმუშავებს.
"თვითმფრინავები და ღრუბლები"
თქვენ დაგჭირდებათ ქაღალდი და რბილი ფანქარი. დახატეთ თვითმფრინავი და ღრუბლები, ერთი ღრუბელი გაამუქეთ, უთხარით ბავშვს, რომ თვითმფრინავი ღრუბლის უკან დაიმალა და შესთავაზეთ, სხვა ღრუბლებიც გაამუქოს, რათა სხვა თვითმფრინავებმაც მოახერხონ "დამალვა". შექმნას მუქი და ბაცი ღრუბლები. მერე წვიმაც "დაუშვას".
შტრიხები
შესთავაზეთ პატარას, სხვადასხვა ფიგურა სხვადასხვა ინტენსივობის შტრიხებით დაშტრიხოს. მნიშვნელოვანია, რომ შტრიხები არ სცილდებოდეს ფიგურის კონტურს. თუ ბავშვი ნელა მუშაობს, ოდნავ ააჩქარეთ, მოსთხოვეთ, ეს სამუშაო გარკვეულ დროში დაასრულოს.
ვარჯიშები კოორდინაციის განსავითარებლად
- წერტილებით აღნიშნეთ რაიმე ფიგურის კონტური.
- კონტურს ხაზი შემოავლეთ.
- დაამთავრეთ დაუსრულებელი ფიგურები.
- ზუსტად გადაიხატეთ ფიგურები და საგნები.
- დაასრულეთ სიმეტრიული გამოსახულებები.
გრაფიკული კარნახი
მოზრდილი ადამიანი კარნახობს, ხოლო ბავშვი ავლებს ხაზებს მითითებული მიმართულებით. მაგალითად: "ერთი უჯრა მარჯვნივ, ორი უჯრა ზემოთ, ერთი უჯრა მარცხნივ, ორი უჯრა ქვემოთ, ერთი ზემოთ. ახლა თავად გააგრძელე!" თანდათან შეგვიძლია ეს თამაშიც გავართულოთ.
სავარჯიშოები სივრცეში მდებარეობის
დასაზუსტებლად ბავშვს მიეცით შემდეგი დავალებები:
- გააფერადოს დროშები. მწკრივად დახატეთ დროშები და ბავშვს მიეცით დავალება, მარჯვენა კიდეზე მდებარე დროშა წითლად გააფერადოს, მარცხენა - ლურჯად.
- აანთოს სინათლე. დახატეთ სახლი, რომელსაც ბევრი ფანჯარა აქვს. ბავშვს შესთავაზეთ, "სინათლე აანთოს" მარჯვენა ზედა ან მარცხენა ქვედა ფანჯარაში.
- დახატოს პეიზაჟი. უკარნახეთ პატარას, ფურცლის შუაგულში ცენტრში დახატოს ხე, მის მარჯვნივ - ყვავილი, მარცხნივ - ბუჩქი, მარჯვენა ზედა კუთხეში - მზე, მარჯვენა ქვედა კუთხეში კი ცუგა.