ემოციები, აზროვნება და ჩვენი ორგანიზმი
ეს კაცობრიობამ კარგად უწყის და ამის თაობაზე აზრიც არაერთხელ გამოუთქვამთ მეცნიერებს, მწერლებსა თუ მოაზროვნეებს. "უგრძნობლობა" მართლაც საზარელია, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ არც მეტისმეტი "მგრძნობიარობაა" სასურველი. მეტიც - ხშირად ის უფრო მავნებელია, ვიდრე "ყინულოვანი უგრძნობლობა".
პათოლოგიათა უმრავლესობას მედიცინა ფსიქოსომატურ დაავადებებად ანუ ფსიქიკისა და სხეულის ერთობლივ კონტექსტში განიხილავს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ფსიქიკის სიჯანსაღეს უშუალო კავშირი აქვს სხეულის ჯანმრთელობასთან, ორგანიზმის ცალკეულ ორგანოთა ფიზიოლოგიურ ფუნქციობასა და ცხოველმყოფელობასთან. სწორედ დადებითი ემოციებისა და აზროვნების მნიშვნელობაზე გვესაუბრება ნეირომეცნიერი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, მწერალ გიზო ნიშნიანიძის ოთხტომეულის, აგრეთვე საეკლესიო გამოცემების ("სანუგეშო", "პატიმართა იმედი და ნუგეში", "მამა გაბრიელის სასწაულები და კურნებები") რედაქტორი, ქალბატონი გულქან (ანი) ხიხაძე:
- რას წარმოადგენს ემოცია და რა კავშირშია ის ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიურ პროცესებთან?
- ემოცია, შესაძლოა, მხოლოდ გრძნობად ჩავთვალოთ, მაგრამ ის თავისი არსითა და შედეგებით უფრო მრავლისმომცველ განსაზღვრებას საჭიროებს. ემოციები განაპირობებს როგორც სხეულებრივ, ასევე მენტალურ ცვლილებებს, რომლებიც მოიცავს ფიზიოლოგიურ აგზნებას, გრძნობებს, კოგნიტიურ (შემეცნებით) პროცესებს და, შესაბამისად, ქცევით რეაქციებს, რომელთაც განახორციელებს ადამიანი მის მიერ აღქმულ ამა თუ იმ მოვლენის საპასუხოდ.
ემოციებს აქვს მოტივაციური ფუნქცია, რომელიც იწვევს ადამიანში მოქმედების განხორციელებისკენ სწრაფვას რეალურად განცდილი ან წარმოსახული მოვლენების საპასუხოდ. როცა თავს ბედნიერად ვგრძნობთ, ფიზიოლოგიური აგზნება გამოიხატება მშვიდი გულისცემით, დადებითი გრძნობით. დადებით ემოციასთან დაკავშირებული კოგნიტიური პროცესები მოიცავს ინტერპრეტაციებს და მოგონებებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, მოცემული სიტუაცია შევაფასოთ როგორც ბედნიერი.
მოგეხსენებათ, ნერვული სისტემა ორ ნაწილად იყოფა: ცენტრალურ ნერვულ სისტემად, რომელშიც შედის თავისა და ზურგის ტვინი და პერიფერიულ ნერვულ სისტემად, რომელშიც შედის სომატური და ვეგეტატიური ანუ ავტონომიური სისტემა.
ვეგეტატიური ნერვული სისტემა, თავის მხრივ, სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნაწილებისგან შედგება. სწორედ ვეგეტატიური ნერვული სისტემა ამზადებს სხეულს ემოციური რეაქციებისთვის. სიმპათიკური და პარასიმპათიკური სისტემა ნერვული ბოჭკოებით უკავშირდება შინაგან ორგანოებს, სისხლძარღვებსა და ჯირკვლებს. პროცესები, რომლებსაც ეს სისტემა არეგულირებს, არ ექვემდებარება ნებით კონტროლს. ამიტომაც უწოდებენ მას ავტონომიურს.
ემოციურ აგზნებას აქვს ნერვული და ჰორმონული ასპექტები. ისინი კონტროლდება ნერვული სისტემის ცენტრალური ნაწილით, რომელსაც ქმნის კორტექსის (თავის ტვინის ქერქის) განსაზღვრული უბნები, ლიმბური სისტემა და ჰიპოთალამუსი.
კორტექსი უზრუნველყოფს მოვლენების აღქმას, რაც განაპირობებს ბიოლოგიურ პასუხებს - ავტონომიურ ფიზიოლოგიურ აგზნებას და სხვა სხეულებრივ რეაქციებს, რასაც სპეციფიკური ემოციის განცდამდე მივყავართ; აგრეთვე - სხვადასხვა ასოციაციისა და მოგონებების გამოწვევას, რაც ადამიანს ფსიქოლოგიურ გამოცდილებას სძენს.
ლიმბური სისტემა თავის ტვინის ქერქული და ქერქქვეშა სტრუქტურებისგან შედგება. ჰიპოთალამუსი კი თავის ტვინის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურაა. მასში მოთავსებული ბირთვები უკავშირდება ემოციურ-მოტივაციურ რეაქციებში ჩართულ თავის ტვინის სხვადასხვა წარმონაქმნს, რომლებიც სეროტონინისა და ადრენალინის გამომუშავებას არეგულირებს.
მნიშვნელოვანი ემოციის (დიდი სიხარული, რისკი და სხვა) და საფრთხის შემთხვევაში ასპარეზზე ადრენალინი გამოდის. მისი გავლენით შინაგანი ორგანოების მკვებავი სისხლძარღვები იკუმშება, ხოლო ის სისხლძარღვები, რომლებიც კუნთებს სისხლით ამარაგებს, პირიქით, ფართოვდება. ამ დროს ძლიერდება და აქტიურდება ტვინის მუშაობა. მოკლედ, ორგანიზმი "იბრძვის".
სეროტონინი "ბედნიერების ჰორმონის" სახელით არის ცნობილი. ყოველივე იმაზე, რაც ამქვეყნად ყველაზე მეტად გვიყვარს, პასუხს ეს ჰორმონი აგებს. სწორედ ის განსაზღვრავს ჩვენს გემოვნებასა და მისწრაფებებს.
- რას გვეტყვით ენდორფინებზე ანუ ბედნიერების ჰორმონებზე? უკვე არაერთმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მრავალი ფსიქოსომატური პათოლოგიის აღმოცენების საფუძველი ამ ჰორმონთა ნაკლებობაა.
- როცა ენდორფინები ორგანიზმში საკმარისი ოდენობით არის, ადამიანს აქვს მაღალი სასიცოცხლო ტონუსი, ხალისიანი განწყობილება, მტკიცე ჯანმრთელობა, ძლიერი იმუნიტეტი და სტრესის მიმართ გამძლეობა. გარდა ამ ჰორმონებისა, ემოციური ფონის რაობაზე დიდ გავლენას ახდენს ზრდის ჰორმონი, რომელსაც "ახალგაზრდობის ელექსირადაც" იხსენიებენ. სამწუხაროდ, ასაკთან ერთად ჩვენ ვკარგავთ ამ ფასეულ ჰორმონს. თუმცა ამ ბუნებრივ პროცესზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სრულფასოვანი ძილი, ფიზიკური ვარჯიში, საკვების ზომიერი მიღება.
ნერვული და ჰორმონული ასპექტების ურთიერთშეთანხმება ვეგეტატიური სისტემის იმ ბოჭკოებით ხორციელდება, რომლებიც შინაგან ორგანოებს უკავშირდება. ნებისმიერი ორგანო ორივე სახის ინერვაციას იღებს: როგორც სიმპათიკურს, ასევე პარასიმპათიკურს, - და ამ ორგანოზე მათი გავლენა ანტაგონისტური ანუ ურთიერთსაპირისპიროა.
სიმპათიკური სისტემა ადრენალინის გამოყოფას განაგებს. ამის კვალობაზე, მისი ზემოქმედება ენერგიის გამოთავისუფლებას იწვევს და სასიცოცხლო პროცესებს აჩქარებს: ხშირდება გულისცემა, იმატებს არტერიული წნევა და ტემპერატურა, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა და სხვა.
პარასიმპათიკური სისტემა კი აკავებს გამააქტიურებელი ჰორმონების გამოყოფას, ის ენერგიის "შემნახველია" და პროცესების შენელებას (გულისცემის გაიშვიათებას, წნევის, ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობისა და ტემპერატურის დაკლებას) იწვევს.
ჯანმრთელ ორგანიზმში ამ ორ სისტემას შორის დინამიკური წონასწორობაა დაცული. სიმპათიკურ და პარასიმპათიკურ ნაწილებს შორის ბალანსი გამღიზიანებლის ხარისხსა და ინტენსივობაზეა დამოკიდებული. სუსტი უსიამოვნო სტიმულაციის დროს სიმპათიკური ნაწილი უფრო აქტიურია, სუსტი სასიამოვნო სტიმულაციის დროს - პარასიმპათიკური, ნებისმიერი ტიპის ძლიერი სტიმულაციისას კი ორივე ნაწილი ძლიერად არის ჩართული.
- ყველამ ვიცით, რომ დადებითი ფიქრები და ემოციები კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სულისა თუ ხორცის სიჯანსაღეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. სხვა საკითხია ის, რომ პოზიტიური განწყობილების შექმნა-შენარჩუნება ყოველდღიურ ყოფაში ძნელია. აუხსენით მკითხველს დადებითი ემოციების ნეიროფიზიოლოგიური ასპექტები და მათი გავლენა ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესებზე.
- ჩვენს პირად რეალობას ჩვენი ემოციები ქმნიან. დადებითი ემოციებით ვიზიდავთ ხალხსა და მოვლენებს, უარყოფითი კი, შესაბამისად, ურთიერთობებს გვაკარგვინებს. თუ საკუთარ ცხოვრებას დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ დადებითი ემოციებით სავსენი უფრო ხალისიანად და გაბედულად ვაკეთებთ საქმეს, ვიდრე მოწყენილები. მოწყენილი ადამიანისთვის ნებისმიერ სიტუაციაში მეტისმეტი სიფრთხილეა დამახასიათებელი.
ემოციები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ისეთ კოგნიტიურ ფუნქციებზე, როგორიც არის სწავლა, მეხსიერება, მსჯელობა და სხვა. როდესაც ადამიანი განსაზღვრულ სიტუაციაში განსაზღვრულ ემოციას განიცდის, ეს ემოცია მისი თანმხლები მოვლენებითურთ მეხსიერებაში ინახება. ეს მოვლენა ნეირომეცნიერებაში ემოციური მეხსიერების სახელით არის ცნობილი.
გახსოვდეთ: ოდესღაც განცდილი გრძნობები არასოდეს იშლება მეხსიერებიდან და ხელსაყრელ სიტუაციებში აუცილებლად იჩენს თავს.
ემოციური მეხსიერება გუნება-განწყობილების შესაბამის გადამუშავებას განაპირობებს. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ დადებითი ემოციისა და სასიამოვნო განწყობილების ფონზე აზროვნება, პრობლემის გადაწყვეტა უფრო ეფექტურია. თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოება ცხოვრების სწრაფ ტემპს ამკვიდრებს. ადამიანი ხშირად იძულებულია, ერთდროულად ბევრი რამ აკეთოს, ამასთანავე, აშინებს ბუნდოვანი მომავალი, აწუხებს ოჯახისა და გართობისთვის დროის უქონლობა. ეს ყოველივე სტრესს იწვევს. დაძლევს თუ ვერა ადამიანი სტრესს, ეს მის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
აქვე უნდა ითქვას, რომ სრულიად უსტრესო ცხოვრება ადამიანს ადუნებს. ის არ გვთავაზობს დასაძლევ სირთულეებს და არც სხვა საჭიროებას, რომ დავხვეწოთ გონება და განვავითაროთ ჩვენი შესაძლებლობები, ამიტომ ყველა ადამიანმა საკუთარი მოთხოვნილებებიდან და გარესამყაროდან მომდინარე გამოწვევებს, თუნდაც დიდი ძალისხმევის ფასად, საღი თვალით უნდა შეხედოს და ყველაფერი იღონოს მათ გადასაჭრელად, რათა უფრო და უფრო მეტად განვითარდეს. ვინაიდან ცხოვრება დადებითისა და უარყოფითის, ბოროტისა და კეთილის ჭიდილია და ჩვენ ამის შეცვლა არ ძალგვიძს, უნდა ვეცადოთ, თავი მაინც არ დავუხაროთ სიძნელეებს, რადგან ეს, ნებისმიერი ასპექტით, დამანგრეველიც არის და გაუმართლებელიც.
თუ ადამიანი საკუთარ თავს მეტ-ნაკლებად გააკონტროლებს და არ გამოეპარება მომენტი, როცა ემოციები მისდა უნებურად დაიწყებენ "მოქმედებას" (ეს ეხება როგორც დადებით, ასევე უარყოფით ემოციებს), ის შეეცდება და, შესაბამისად, შეძლებს ემოციების კონტროლს. ამიტომ არის, რომ ყველა ფილოსოფიური მოძღვრება ადამიანს გრძნობათა დამორჩილებას ასწავლის. თუმცა ეს მოძღვრებები იმასაც გვიქადაგებენ, უფრო ხშირად განვიცადოთ დადებითი ემოციები (ისევ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აქაც ზომიერებაა საჭირო), რადგან ეს ჯანმრთელობის საფუძველია. ყველაზე ჯანმრთელი ემოციურად გაწონასწორებული ადამიანია. მინდა აღვნიშნო, რომ სიმშვიდის მოპოვების საუკეთესო საშუალება ღვთივსათნო ცხოვრებაა.
ყოველ ადამიანს საკუთარი რესურსი აქვს, სადაც თავს იყრის ყველაფერი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რისაც გვწამს და გვჯერა საკუთარი გამოცდილებისა და წარმოდგენის საფუძველზე. სწორედ ეს რესურსი ქმნის ჩვენი თვალით დანახულ სამყაროს. ის იქმნება ბავშვობიდან და მასზე დაწვრილებით აისახება ყველაფერი - ის, რისი უფლებაც გვეძლევა და ისიც, რისი უფლებაც არ გვაქვს (თუმცა კი გვსურს).
მინდა ვახსენო მეოთხე საუკუნის წმინდანის, ნეტარი ავგუსტინეს "აღსარებანი", სადაც თვალნათლივ არის გადმოცემული სულიერი ცხოვრების უპირატესობა. ნეტარი ავგუსტინე მეხსიერებას სულის ერთგვარ საკუჭნაოს უწოდებს. იგი მეხსიერების ორ ფორმას გამოყოფს: ხსოვნა "წარმავალისა", რომელიც ხორციელი გრძნობებით (მზერა, სმენა, ყნოსვა, გემო, შეხება) აღქმულ საგანთა ხატებებთან არის დაკავშირებული და ხსოვნა "წარუვალისა", რომელსაც ამგვარი ხატება არ სჭირდება.
"წარმავალის" ხსოვნაში შედის: 1) გრძნობებით აღქმული საგანთა ხატებები, რომლებიც სხვადასხვა გზით შემოდიან ჩვენში და მეხსიერების ინტიმურ "სენაკებში" ინახებიან, რათა მოგონებისას ხელახლა ამოტივტივდნენ სულის სიღრმეში; 2) ჩვენი უწინდელი სულიერი მდგომარეობანი - შიში, ტკივილი, სიხარული, მწუხარება, ვნება და სხვა.
მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ ემოციებით გამოწვეულ უსიამოვნო განცდებს წმინდანი "წარმავალის" ხსოვნას მიაკუთვნებს. ადამიანის მიერ უკონტროლოდ გამომჟღავნებული ემოციები გავლენას ახდენს არა მარტო ემოციურად ლაბილურ ადამიანებზე, არამედ ჯანმრთელებზეც.
უფროსების ემოციების მიმართ განსაკუთრებულ მგრძნობელობას ავლენენ ბავშვები. ისინი ისრუტავენ ყველაფერს, რაც მათ გარემომცველ სამყაროში ხდება. მახსოვს, მესამე კლასში ვიყავი. მასწავლებელმა მოგვცა დავალება: მშობლებს პასუხი გაეცათ კითხვაზე "ვინ ზრდის თქვენს შვილს?" მამაჩემმა გასცა იმ დროს ჩემთვის სრულიად გაუგებარი პასუხი: "ჩემს შვილს ზრდის ოჯახის ყველა წევრი, მეზობლები, ნათესავები..." წლების შემდეგ, როდესაც გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა, მივხვდი, რომ მამაჩემის პასუხი იყო სრული სიმართლე. სამყაროს ჩვენეული ხედვა გამოცდილების შეძენის კვალდაკვალ ფორმირდება, ყველაფერი შეძენილი გამოცდილების თვალსაზრისით აღიქმება, მაგრამ ბავშვობისდროინდელი "ღობის" გარღვევა რთულია.
- უარყოფითი ემოციებისა და ფიქრების მავნე გავლენაზე რას გვეტყვით? საზოგადოდ, როგორც ნეირომეცნიერი, რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?
- დადებითი ემოციური ფონისა და ხალისიანი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, მოვიშოროთ უსიამოვნო ფიქრები. ეს აუცილებლად შეცვლის ცხოვრებას და, შესაბამისად, შევიცვლებით ჩვენც. მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ერის მამის, წმინდა ილია მართლის შეგონება კეთილ გულისთქმებთან (ფიქრებთან) დაკავშირებით: "რადგანაც ქვეყანაზე გულსა ადამიანისას სძრავს ხოლმე არა მარტო სიხარული და მწუხარება, არამედ სხვა ათასგვარი მიზეზიცა, ამიტომაც სამწუხარო და სასიხარულო "სიმღერას" შუა კიდევ მრავალგვარი სიმღერა და გალობაა. ამ მხრით ადამიანის გული იგივე ზღვაა, რომელიც კოვზით არ დაილევა თავის დღეში. მინამ გული სძგერს, გულივე ათასნაირს სიმთ ააჟღერებს ხოლმე ათასნაირის მიზეზითა, და რადგანაც მიზეზი გულისთქმისა ულეველი და დაუსრულებელია, თვით სიმღერას, რომელიც მარტო გულისთქმაა და სხვა არაფერი, ბოლო და დასასრული არ ექნება თავის დღეში, ვიდრე ეს დედამიწის ზურგი ატარებს და იშვნევს ადამიანსა..."
აუცილებელია, ცხოვრება გავატაროთ სიყვარულის, სიხარულის განცდით, რომლებიც იმუნურ სისტემას აძლიერებს, ხოლო ისეთი დაავადებების დროს, როგორიც არის ნევროზი და დეპრესია, ერთიორად უფრო მნიშვნელოვანია.
დეპრესია განსაკუთრებით ხშირად ემართებათ დიასახლისებს, რომლებიც ერთფეროვან ცხოვრებას ეწევიან და მთელ თავიანთ დროსა და ენერგიას საოჯახო საქმეებს ახმარენ. დასასრულ, მინდა გისურვოთ ულევი მადლი, ბარაქა, სიხარული და სიყვარული. როგორც გაბრიელ გარსია მარკესი გვასწავლის, "ადამიანები სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს".