პუნქცია და მისი თავისებურებანი
სისხლძარღვიდან, ღრუდან თუ პათოლოგიური წარმონაქმნიდან მიიღება მასალა საფუძვლიანი შესწავლისა და ანალიზისათვის.
-
პუნქციის დანიშნულება
დიაგნოსტიკური მიზნით პუნქციას მიმართავენ ცალკეულ ორგანოთა და ორგანოთა სისტემების ფუნქციის შესასწავლად (შეჰყავთ რენტგენო-კონტრასტული, რადიაქტიური და სხვა ნივთიერებები). პუნქციას იყენებენ მსხვილ სისხლძარღვებსა და გულის საკნებში წნევის გასაზომად, სპეციალური ინსტრუმენტებით ორგანოთა დასათვალიერებლად.
ის აუცილებელია სამკურნალო საშუალებათა შესაყვანად, ადგილობრივი გაუტკივარებისა და ბლოკადისთვის, სისხლისა და მისი კომპონენტების, აგრეთვე - სისხლის შემცვლელების გადასასხმელად, დონორისაგან სისხლის მისაღებად. პუნქციის წყალობით შესაძლებელია ღრუებიდან პათოლოგიური შიგთავსის (აირის, სითხის, ჩირქის და სხვათა) ამოღება, აგრეთვე - შარდის ბუშტის დაცლა, როდესაც შეუძლებელია მისი კათეტერიზაცია.
პუნქციის სავარაუდო არეში კანს ანტისეპტიკური საშუალებით ამუშავებენ. ზედაპირულ ქსოვილებს გაუტკივარების გარეშე ჩხვლეტენ, ღრმად მდებარეს კი - ადგილობრივი ანესთეზიის, ზოგჯერ ნარკოზის თანხლებითაც. პუნქციისათვის გამოიყენება სხვადასხვა სიგრძისა და დიამეტრის ნემსები. პუნქციის შემდეგ პაციენტი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
-
პლევრის ღრუს პუნქცია
პლევრული პუნქციის მიზანია პლევრის ღრუდან სითხის მიღება და მისი თვისებების შესწავლა. პუნქციისთვის იყენებენ სტერილურ (20 მლ-იან) შპრიცს და მასზე წამოგებულ 2 მმ დიამეტრის სანათურიან მოგრძო ნემსს. გულმკერდზე მიღებულ მაქსიმალური პერკუსიული მოყრუების ადგილს, ისევე როგორც ექიმის ხელებს, ქირურგიულად ამუშავებენ. იღლიის უკანა ან ბეჭის ხაზზე, VII-VIII ნეკნებს შორის არსებულ სივრცეში, ნეკნის ზედა კიდის გასწვრივ (ისე, რომ არ დაზიანდეს ნეკნთაშუა არტერია) ქსოვილს სწრაფად ჩხვლეტენ (პლევრის ღრუში მოხვედრა სიცარიელეში ჩავარდნასავით შეიგრძნობა). შპრიცის დგუშის ნელი ამოწევით ამოქაჩავენ 20-30 მლ სითხეს (თუ საჭიროა, ამავე ნემსით შეჰყავთ წამალი), ამოიღებენ ნემსს და ნაჩხვლეტს კოლოდიუმიან ბამბას ადებენ. პუნქტატს ლაბორატორიაში გზავნიან.
სამკურნალო მიზნით სითხის ევაკუაცია პოტენის ასპირატორის მეშვეობით ხდება. ასპირატორი წარმოადგენს გრადუირებულ ბოთლს ყელში ჩადგმული რეზინის საცობით, რომელშიც ონკანიანი ორი მილი გადის. ერთი მათგანი საცობის ქვედა ბოლოსთან მთავრდება, მეორე ბოთლის ძირამდე აღწევს. მოკლე მილს გარედან რეზინის მილით უერთდება ამომწოვი ტუმბო, გრძელს კი - პლევრაში ჩადგმული ნემსი. ონკანების რეგულაციითა და ტუმბოთი ბოთლში წინასწარ შექმნილი უარყოფითი წნევის ქვეშ ნელა აგროვებენ სითხეს. ფილტვის შეშუპების თავიდან ასაცილებლად ერთ ჯერზე 1,5 ლ-ზე მეტ სითხეს არ იღებენ.
-
პლევრული სითხის გამოკვლევა
პლევრის პუნქციისა და სითხის ევაკუაციის გზით მიღებულ პუნქტატს ფიზიკურად, ქიმიურად და მიკროსკოპიულად იკვლევენ. პლევრული სითხის უფერულობა ექინოკოკის ბუშტის სითხის თვისებად შეიძლება მივიჩნიოთ.
მოყვითალო ფერი ახასიათებს როგორც ტრანსუდატს (არაანთებით გამონაჟონს), ისეექსუდატს (ანთებით გამონაჟონს).
კუთრი წონის გასაზომად სითხეს მინის ცილინდრში ათავსებენ და ურომეტრის საშუალებით ზომავენ. 1018-ზე მეტი კუთრი წონა ექსუდატზე მიუთითებს, 1015-ზე ნაკლები - ტრანსუდატზე.
გარდა ამისა, იკვლევენ სითხეში ცილების ოდენობასაც. ექსუდატში ცილა 2,5%-ზე მეტია, ტრანსუდატში - 2,0%-ზე ნაკლები.
ციტოდიაგნოსტიკისთვის (ბერძნულად ციტოს - უჯრედი) საცენტრიფუგო ჭურჭელში მოქცეული გამოსაკვლევი სითხის ნაწილი ცენტრიფუგით დაილექება. ნალექზედა სითხეს გადაასხამენ, ნალექის წვეთს სასაგნე მინაზე გადაიტანენ, მთელ ზედაპირზე გაშლიან, ჰაერზე აშრობენ, შემდეგ კი ღებავენ რომანოვსკ-გიმზას საღებავით. შეღებილ პრეპარატში, ითვლიან და გამოიყვანენ ნეირტროფილური ლეიკოციტებისა და ლიმფოციტების პროცენტულ მაჩვენებელს. ნეიტროფილების მკვეთრი სიჭარბე პლევრის მწვავე ანთებით პროცესზე მიუთითებს, ლიმფოციტების სიჭარბე კი - ქრონიკულ (მაგალითად ტუბერკულოზურ) პროცესზე.
-
მუცლის ღრუს პუნქცია
მუცლის ღრუს ანუ აბდომინალურ პუნქციას დიაგნოსტიკური და სამკურნალო მიზნით მიმართავენ. ჩხვლეტის წინა დღეს შიგთავსისგან ათავისუფლებენ ნაწლავებს, უშუალოდ პუნქციის წინ კი - შარდის ბუშტს. მანიპულაციამდე აუცილებელია მახვილბოლოანი მანდრენის მქონე ტროაკარის, 5-10 მლ მოცულობის შპრიცების, ნემსების, სადრენაჟო რეზინის მილის, მომჭერის, ქლორეთილის ან ნოვოკაინის 0,5%-იანი ხსნარის, იოდის, სპირტის, სტერილური სინჯარების, სასაგნე მინების, ბამბის, სტერილური ბინტის, ლეიკოპლასტირისა და ასციტური სითხის შესაგროვებლად განიერი ჭურჭლის (ტაშტის ან სათლის) მომზადება. აბდომინალური პუნქციის დროს პაციენტი ზის, იდაყვებით სკამის საზურგეს ეყრდნობა. სითხის შესაგროვებლად განკუთვნილ ჭურჭელს მის ფეხებს შორის ათავსებენ. მძიმე შემთხვევებში პუნქციას პაციენტს ზოგჯერ დაწოლილსაც უტარებენ.
-
ლუმბალური პუნქცია
ლუმბალური პუნქცია წარმოადგენს წელის დონეზე, ხერხემლის არხში, კერძოდ კი ზურგის ტვინის სუბარაქნოიდულ სივრცეში, ნემსის შეყვანას დიაგნოსტიკური, სამკურნალო და ანესთეზიოლოგიური მიზნით. ლუმბალური პუნქცია, ჩვეულებრივ, გვერდზე მწოლიარე (ზოგჯერ - მჯდომარე) ავადმყოფს უტარდება. ამ დროს აუცილებელია ასეპტიკისა და ანტისეპტიკის ყველა წესის დაცვა.
პუნქცია კეთდება წელის მესამე-მეოთხე (ზოგჯერ - მეოთხე-მეხუთე) მალათა წვეტიან მორჩებს შორის. აღნიშნული ადგილის ზუსტი განსაზღვრისთვის იოდის ხსნარით აერთებენ ორივე თეძოს უკანა ზედა ქედს. წერტილი, სადაც ეს ზოლი ხერხემლის შუა ხაზს გადაკვეთს, შეეფარდება საპუნქციო არეს. სპირტით დამუშავების შემდეგ წელის არეში კანს ფარავენ იოდის ხსნარით, რომლის მოშორებაც სპირტითვე შეიძლება. ავადმყოფს მაქსიმალურად ახრევინებენ თავსა და ქვედა კიდურებს. პუნქციას უანესთეზიოდაც ატარებენ და ანესთეზიითაც.
იყენებენ 5-10 სმ სიგრძის 2-3 მმ დიამეტრის მანდრენიან ნემსს. ჩხვლეტა ხდება წელის მესამე მალის წვეტიანი მორჩის ქვემოთ, ოდნავ ირიბად - ქვემოდან ზემოთ. ნემსით ჩაჩხვლეტენ კანს, კანქვეშა ქსოვილს (ცხიმს), სუპრასპინალურ იოგს, ინტერსპინალურ იოგს, ყვითელ იოგს, ზურგის ტვინის მაგარ გარსს (რომლის შიგნითა ზედაპირს მჭიდროდ ეკვრის ქსელისებრი გარსი). ამ გარსის ერთჯერადი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ ნემსი აღწევს სუბარაქნოიდულ სივრცეს რაშის კუდის არეში.
სუბარაქნოიდულ სივრცეში ნორმალური წნევის დროს სითხე წვეთწვეთობით გამოდის, ხოლო წნევის მომატების შემთხვევაში - ნაკადურად.
სუბარაქნოიდულ სივრცეში წნევის სწრაფი დაქვეითების თავიდან ასაცილებლად სითხეს უშვებენ ნელი ნაკადით, წუთში 60 წვეთამდე. დიაგნოსტიკისთვის საკმარისია 10 მლ ლიქვორი. სითხის მოგროვების შემდეგ ნემსს იღებენ, ნაჩხვლეტს იოდის ხსნარს უსმევენ და კოლოიდუმით დასველებულ ბამბას ან დოლბანდს აწებებენ. პუნქციის შემდეგ ავადმყოფი აუცილებლად უნდა იწვეს მუცელზე, უბალიშოდ, 2-3 საათის განმავლობაში. წოლითი რეჟიმი გრძელდება 1-2 დღეს. სუბარაქნოიდულ სივრცეში მოხვედრის შემდეგ კლოდ-ბულიტის მანომეტრით ზომავენ ცერებრულ-სპინალური (თავ-ზურგტვინის) სითხის წნევას და ამოწმებენ სუბარაქნოიდული სივრცის გამტარობას. პაციენტს თავსა და ფეხებს წინასწარ აშლევინებენ და 2-3 წუთს ასვენებენ.
გასათვალისწინებელია, რომ წნევის მომატებას იწვევს თავისა და ხერხემლის მოძრაობა, ლაპარაკი, დახველება, გაჭინთვა, ღრმა სუნთქვა, ემოციური ფაქტორები და სხვა.
- ჯანმრთელი ადამიანის ლუმბალური პუნქციისას სითხე გამოდის თვითდინებით, წვეთ-წვეთობით, წუთში საშუალოდ 60 წვეთი. ცერებრულ-სპინალურ სითხეში წნევა მომატებულია, როდესაც სითხის პროდუქცია ნორმალურია, შეწოვა კი - შეფერხებული.
- ზურგის ტვინის კომპრესიის დროს (სიმსივნე, არაქნოიდიტი - ტვინის ქსელისებრი გარსის ანთება და სხვა), სუბარაქნოიდული სივრცის ბლოკადის ფონზე, აღინიშნება შემდეგი თავისებურებანი: ლუმბალური პუნქციის საწყის პერიოდში სითხე ნაკადად გადმოდის და შემდეგ ერთბაშად წყდება, ანუ პირველადი პუნქციის დასაწყისში წნევა მომატებულია, ხოლო სითხის გამოშვების შემდეგ მკვეთრად ქვეითდება ან ნულამდე ეცემა.
- ცერებრულ-სპინალურ სითხეში წნევა ქვეითდება სისხლძარღვთა წნულიდან სითხის გამომუშავების შემცირებისას.
- წნევის პათოლოგიური დაქვეითება გვხვდება თავის ტვინის შერყევისა და ქალას ფუძის მოტეხილობის ზოგიერთ შემთხვევაში. გარდა ამისა, ზოგიერთ ინფექციასა და ინტოქსიკაციას თან სდევს ზურგის ტვინის სითხეში წნევის დაქვეითება, როგორც ორგანიზმის წყლით გაღარიბების ერთ-ერთი გამოვლინება.
-
ლიქვორის გამოკვლევა
თავისა და ზურგის ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების დროს ცერებრულ-სპინალური სითხის თვისებები და შემადგენლობა იცვლება, ამიტომ ლიქვორის გამოკვლევას უაღრესად დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს.
გამოკვლევა მიმდინარეობს ცერებრულ-სპინალური სითხის ძირითადი კომპონენტების მიხედვით, როგორიც არის წნევა, სუბარაქნოიდული სივრცის გამტარობა, ფერი, გამჭვირვალობა, ცილა, უჯრედოვანი ელემენტები. ტარდება ბაქტერიოსკოპიული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები, ვასერმანის რეაქცია, კოლოიდური რეაქციები და სითხის ქიმიური ცვლილებები.
წნევისა და სუბარაქნოიდული სივრცის გამტარობის გამოკვლევა ხდება პუნქციის დროს (რაც ზემოთ აღვწერეთ).
- ფერი
ნორმალური ცერებრულ-სპინალური სითხე უფეროა.
პათოლოგიურ პირობებში ის შეიძლება აიმღვრეს, გახდეს ჰემორაგიული და ქსანთოქრომული.
- მღვრიე ან ჩირქოვანია სითხე ფორმიანი ელემენტების მომატებისას (მაგალითად, მენინგიტის დროს);
- ჰემორაგიულია სისხლის შერევისას (ჰემორაგიული მენინგიტის, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის, საკუთრივ პუნქციის დროს სისხლძარღვის დაზიანების გამო);
- ქსანთოქრომია სითხის მოყვითალო შეფერვაა. ის ორი მიზეზით შეიძლება განვითარდეს:
- სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის შემდეგ ერითროციტების დაშლის გამო;
- ვენური სისხლის შეგუბებისა და ლიქვორის ცირკულაციის შეფერხების შემთხვევაში ერითროციტების ლიქვორში გადასვლისა და გახსნის შედეგად.
- გამჭვირვალობა
ნორმალური ცერებრულ-სპინალური სითხე სავსებით გამჭვირვალეა.
ჩირქოვანი მენინგიტის დროს ის იმღვრევა.
- ცილა
ლუმბალური პუნქციით მიღებულ ნორმალურ ცერებრულ-სპინალურ სითხეში ცილის შემცველობა 0,2-0,3%-ია, პარკუჭებისაში კი ორჯერ ნაკლები.
ცერებრულ-სპინალურ სითხეში ცილის საერთო რაოდენობა იმატებს ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის: სიმსივნის, ანთების, სისხლის მიმოქცევის მოშლის, ზურგის ტვინის კომპრესიის, ქალა-ტვინის ღია ან დახურული ტრავმის და სხვათა - დროს.