თავის ტვინის ტრავმები

ღიაა ქალასარქვლის, ქალაფუძის მოტეხილობანი და ქალა-ტვინის ტრავმები. ტრავმა თავის ტვინში მრავლობით ცვლილებას იწვევს, რომლებიც ზოგადტვინოვანი და კეროვანი სიმპტომების
სახით ვლინდება. თტტ-ის გამოვლინებებზე, მკურნალობასა და მათ გართულებებზე ექიმი მაია რაზმაძე გვესაუბრება:
- თტტ-ის ყველაზე მსუბუქი და ხშირი ფორმა ტვინის შერყევაა. იგი თავის ქალაზე პირდაპირი, ძლიერი დარტყმის დროს ვითარდება. ახასიათებს გონების ხანმოკლე დაკარგვა და რეტროგრადული ამნეზია - დაშავებული ტრავმის შემდეგ ვეღარ იხსენებს მანამდე მომხდარ მოვლენებს, ვერ პასუხობს კითხვებს და არ რეაგირებს გამღიზიანებლებზე. მძიმე შერყევისას გონება და მეხსიერება უფრო მეტი ხნით იკარგება. ამას ერთვის ბრადიკარდია, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ერთჯერადი ან მრავლობითი ღებინება. თავის ტრავმის დროს ზიანდება ქალას ძვლები და მიკროსისხლძარღვები, ირღვევა სისხლის მიმოქცევა, უმთავრესად - თავის ტვინის ღეროში, სადაც სასიცოცხლო მნიშვნელობის ცენტრები მდებარეობს. სწორედ ტვინის ღეროში სისხლის მიმოქცევის ხანმოკლე დარღვევის შედეგია გონების დაკარგვა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის შემდგომი მდგომარეობის განსაზღვრისას. გონების 10-20 წუთით დაკარგვა შერყევის მსუბუქ ფორმაზე მეტყველებს, რამდენიმე საათით დაკარგვა კი თავის ტვინის მძიმე დაზიანების - ღეროს დაზიანების, სისხლჩაქცევის, ჰემატომის ნიშანია. ნევროლოგიური სიმპტომები 7-10 დღეში გაივლის, მაგრამ მსუბუქი შერყევის შემდეგაც კი თავის ტვინში დიდი ხნით ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესები. თავის ტვინის დაჟეჟილობა თტტ-ის შედარებით მძიმე ფორმაა, რომელიც ტვინოვანი ნივთიერების დესტრუქციას იწვევს, თანაც არა მარტო დარტყმის ადგილას, არამედ მისგან მოშორებულ უბნებშიც. შერყევისგან განსხვავებით, დაჟეჟილობისას გონების დაკარგვა გაცილებით ხანგრძლივია, რამდენიმე დღეც კი გასტანს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ხშირია მეხსიერების მძიმე მოშლილობა და მყარი კეროვანი სიმპტომატიკა - პარეზი, დამბლა, მეტყველების დარღვევა, მგრძნობელობის, კოორდინაციის, თავის ქალას ნერვთა ფუნქციების მოშლა; შესაძლოა, განვითარდეს მენინგეალური სიმპტომები და სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციებიც მოიშალოს. მსუბუქი ფორმის დაჟეჟილობისას ადამიანი გონებას დაახლოებით 2 საათით კარგავს, საშუალო სიმძიმის დაჟეჟილობისას - რამდენიმე საათით, მძიმე დაჟეჟილობისას კი დღეობითა და კვირაობითაც კი. ზოგჯერ დარტყმის ადგილას ჩნდება კისტოზური წარმონაქმნები, რომლებიც მოგვიანებით ეპილეფსიური გულყრების მიზეზად იქცევა. თავის ტვინის კომპრესია - ვითარდება ტვინის ქსოვილზე ქალას ძვლების ნამტვრევების, ჰემატომების, ტვინის შეშუპების ზეწოლის შედეგად. კომპრესიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ვლინდება არა ტრავმის მომენტში, არამედ 12-36 საათის (სისხლძარღვების გახეთქვის) შემდეგ, როდესაც ჰემატომა მნიშვნელოვან მოცულობას აღწევს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კლინიკური ნიშნები ჩნდება ტრავმის მწვავე პერიოდის შემდეგ, ნათელი შუალედის ფონზე: ძლიერდება თავის ტკივილი, იწყება ღებინება, თავს იჩენს მენინგეალური სიმპტომები, ბრადიკარდია, კომა, ანიზოკორია (ჰემატომის მხარეს თვალის გუგის გაფართოება), კრუნჩხვა და დამბლა. დიაგნოზის დასაზუსტებლად პათოლოგიის სრულ სურათს კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია იძლევა, რომელიც ადგენს დაზიანების საზღვრებს, ჰემატომებს, ძვლის ფრაგმენტებს და სხვა დეფექტებს.
- თავის ტვინის ტრავმის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შედეგი და გართულებაა თავის ტვინის ჰემატომა და სისხლჩაქცევა. რა ზიანის მოტანა შეუძლიათ მათ?
- ჰემატომა სისხლგროვა, სისხლის შედედებული კოლტია, რომელიც თავის ტვინში ტრავმის შემდეგ ჩნდება. მდებარეობის მიხედვით განასხვავებენ ტვინის მაგარ გარსსა და ქალას შიგნითა ზედაპირს შორის არსებულ ეპიდურულ, ტვინის შუა შრეში არსებულ სუბდურულ და ტვინის შიგნითა შრეში არსებულ ტვინშიდა ჰემატომებს. ჰემატომას შეუძლია გამოიწვიოს თავის ტვინის შეშუპება, ქალასშიგა წნევის მომატება, კომა. ზოგჯერ მის მოსაცილებლად საჭირო ხდება ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, ზოგჯერ კი თავისით გაიწოვება და შორეულ გართულებებსაც არ იწვევს. თავის ტვინის მაგარ გარსსა და ქალას ძვლებს შორის ეპიდურული სისხლჩაქცევა ვითარდება - ადამიანი ტრავმის შემდეგ გონებას კარგავს და თავადვე მოდის გონს, ნათელი პერიოდი რამდენიმე საათიდან 1-2 დღემდე გრძელდება. დამახასიათებელია მონოპარეზები, ყველაზე ხშირად - ზედა კიდურებისა. ზოგჯერ ვითარდება ჰემიპარეზიც, თუმცა სხეულის რომელიმე მხარის დაზიანება ამ შემთხვევაშიც გამოკვეთილია. სუბდურული ჰემატომა ტვინის მაგარ და ქსელისებრ გარსებს შორის სისხლჩაქცევის შედეგია, რომელიც ტვინის ვენების დაზიანების გამო ტრავმიდან რამდენიმე საათის შემდეგ ყალიბდება, ზოგჯერ - ერთი დღე-ღამის შემდეგაც კი. ამ დროს ზოგადტვინოვანი მოვლენები მალე ქრება, პაციენტი თითქოს გამოჯანმრთელდება, უბრუნდება სამსახურს, მოგვიანებით კი ეწყება ძლიერი თავის ტკივილი, ღებინება, გულისცემის შენელება, მოთენთილობა და ანიზოკორია. სუბარაქნოიდულ სისხლჩაქცევას ნათელი პერიოდი არ აქვს, ტრავმის დროს ადამიანი განიცდის თავის ძლიერ, ხანჯლის ჩაცემის მაგვარ ტკივილს, ვითარდება ფსიქომოტორული აგზნება, ძლიერ პროგრესირებს მენინგეალური მოვლენები, ზურგის ტვინის სითხე გამოკვლევით სისხლისფერია და დიდი რაოდენობით შეიცავს სისხლის ელემენტებს. სისხლჩაქცევა კლინიკურად ინსულტს ჰგავს.