რა შეიძლება იყოს თიაქრის განვითარების მიზეზი და როგორ შეიძლება მისი პრევენცია და მკურნალობა
ევექსის ჰოსპიტლების, კლინიკა „კარაპს მედლაინის“ ზოგადი და მინიინვაზიური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, დავით ელგანდაშვილი.
– ბატონო დავით, რა იწვევს თიაქრის განვითარებას?
– კლასიკური განმარტების თანახმად, თიაქარი ეწოდება მდგომარეობას, როდესაც მუცლის კედლის თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტიდან მუცლის ღრუს რომელიმე ორგანო პარიეტული (მუცლის კედლის ამომფენი) პერიტონეუმის დაურღვევლად გამოდის კანქვეშ. განვასხვაოთ: თუ მუცლის კედლის მთლიანობა დაირღვა და ორგანო გარეთ გამოვარდა, საქმე გვაქვს ევენტრაციასთან, ფიზიოლოგიური ხვრელიდან ორგანოს სრულ ან ნაწილობრივ გამოსვლას კი პროლაფსი ეწოდება. ორგანოს, რომელიც თიაქარში გამოდის, თიაქრის შიგთავსს უწოდებენ. ეს, წესისამებრ, მუცლის ღრუს რომელიმე მოძრავი ორგანოა: ნაწლავი, ბადექონი, საშვილოსნოს დანამატი, თავად საშვილოსნო. კიდევ ერთი ტერმინი, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება საქმის არსში გასარკვევად, თიაქრის კარია. ეს არის ხვრელი, რომლიდანაც მუცლის ღრუს ორგანოები კანქვეშ გამოდიან, პერიტონეუმის იმ ნაწილს კი, რომელიც ორგანოსთან ერთად გამოდის თიაქრის კარში, თიაქრის პარკი ეწოდება. თიაქარი ნებისმიერ ადგილას შეიძლება განვითარდეს, თუმცა საყვარელი ლოკაციებიც აქვს. ყველაზე მეტად საზარდულის, ჭიპისა და ბარძაყის ფორმებია გავრცელებული. თიაქარი შესაძლოა განვითარდეს ოპერაციის შემდეგ დარჩენილი ნაწიბურის მიდამოშიც, თავად თიაქარზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგაც კი. თიაქარი გარეთაც შეიძლება იყოს და შიგნითაც. გარეთაა საზარდულის, ბარძაყის, ჭიპის, თეთრი ხაზის თიაქრები. შიგნითა თიაქარი თვალით არ ჩანს. ამ დროს მუცლის ღრუს ორგანო მუცლის ღრუს შიგნითა ხვრელში ან ჯიბეში შედის. შიგნითა თიაქრის ყველაზე გავრცელებული ფორმა დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარია. შიგნითა თიაქრის სხვა ფორმები იშვიათია.
– რა ფაქტორები იწვევს თიაქრის განვითარებას?
– დანამდვილებით ვერავინ გეტყვით, გაგიჩნდებათ თუ არა თიაქარი, თუმცა განსაზღვრული ფაქტორები მისი განვითარების ალბათობას ერთიორად ზრდის. ესენია, ერთი მხრივ, თანდაყოლილი დეფექტი, მუცლის კედლის განუვითარებლობა, კუნთოვანი სისუსტე, მეორე მხრივ კი – ძლიერი დატვირთვა.
მუცლის ღრუს ასეთ დატვირთვას აყენებს:
- სიმსუქნე, წონის უეცარი მატება;
- მძიმე საგნების აწევა;
- ქრონიკული ყაბზობა;
- მუდმივი ხველა და ცემინება;
- ორსულობა.
ეს ფაქტორები თავისთავად არ იწვევს თიაქარს, მაგრამ თუ მუცლის კუნთები ათლეტივით ძლიერი არ გაქვთ, ქრონიკულმა ხველამაც კი შეიძლება საოპერაციო მაგიდაზე ამოგაყოფინოთ თავი.
ზოგჯერ თიაქარი წლობით ვითარდება, ზოგჯერ კი ერთბაშად. ის ხშირად გვხვდება ბავშვებთან – სწორედ იმიტომ, რომ მათ სუსტი მუცლის კედელი აქვთ. ატროფიით განპირობებული კუნთოვანი სისუსტე იწვევს თიაქარს ხანდაზმულებთან. მეცნიერები სწავლობენ სხვა ფაქტორებს, რომლებიც თიაქრის განვითარებას უწყობს ხელს. სავარაუდოდ, მათ რიცხვშია ზოგიერთი გენიც. მუცლის ღრუში, არცთუ დიდ სივრცეში, არაერთი ორგანოა მოთავსებული. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ნაწლავები, მუცლის ღრუში ჩასატევად რამდენჯერმე უნდა მოიკეცოს. გასაკვირი არ არის, რომ როგორც კი გასასვლელი გამოჩნდება, ორგანოები უმალვე მუცლის ღრუდან თავის დაძვრენას ლამობენ. „მშობლიური წიაღის“ დატოვების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. პირველ საფეხურზე თიაქარი მხოლოდ გასინჯვით ვლინდება – ჩახველების დროს თიაქრის კარის მიდამოში პარიეტული პერიტონეუმის ბიძგისმაგვარ მოძრაობას შევიგრძნობთ, თუმცა თიაქრის პარკი ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. მომდევნო ეტაპზე ყალიბდება თიაქრის პარკი, მაგრამ მუცლის კედლის სისქიდან არ გამოდის და მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისას იჩენს თავს. მესამე სტადიას სრულ თიაქარს უწოდებენ – ამ დროს თიაქარი მუცლის კედელს სცილდება და გამობერილობას ქმნის. მეოთხე სტადიაა განსაკუთრებით დიდი ზომის თიაქარი. ამ დროს თიაქრის პარკში მუცლის ღრუს ორგანოთა დიდი ნაწილი ექცევა. თიაქრის კვლევას ექიმი დათვალიერებით იწყებს. ზოგჯერ გამობერილობა თვალითაც ჩანს. დიაგნოსტიკაში ექიმს ძალიან ეხმარება ე.წ. ხველის ფენომენი: ის ავადმყოფს სთხოვს, ჩაახველოს და ჩახველების დროს თითებით გრძნობს ორგანოების ბიძგს.
– თიაქარი ქალებს შორის უფრო ხშირად ვითარდება თუ მამაკაცებს შორის?
– ეს პრობლემა უმთავრესად ხანდაზმულ მამაკაცებთან ასოცირდება, თუმცა მისგან არც ახალგაზრდები არიან დაზღვეულნი და არც ქალები, თიაქრის ზოგიერთი ფორმა კი მხოლოდ ახალშობილებთან გვხვდება. ასაკთან ერთად კუნთოვანი ტონუსი სუსტდება და თიაქრის განვითარების შესაძლებლობაც იმატებს, ამიტომ საზარდულის თიაქარი ყველაზე მეტად 75-დან 80 წლამდეა გავრცელებული, თუმცა ხშირად გვხვდება ბავშვებთანაც, განსაკუთრებით – 5 წლამდე. თიაქრის განვითარების დიდი ალბათობა აქვთ დღენაკლულებს. ბავშვებთან საზარდულის თიაქრის თითქმის ყველა შემთხვევა არხის თანდაყოლილი დეფექტის შედეგია.
საზოგადოდ, მამაკაცებს ამ ტიპის თიაქარი 8-10-ჯერ უფრო ხშირად ემართებათ. ამის მიზეზი საზარდულის მიდამოს ანატომიური თავისებურებებია. პრობლემის თავიდათავი ანატომიაა. სათესლე ჯირკვლები მუცლად ყოფნის პერიოდში ყალიბდება წელის მეორე-მესამე მალების დონეზე და თანდათან ქვემოთ და გარეთ მოცოცავს. მუცლის ღრუდან სათესლე პარკისკენ მათი გადაადგილება მკაცრად განსაზღვრული მარშრუტით ხდება. დაშვების დროს ჯირკვალი ითრევს პარიესული პერიტონეუმის ფურცელს. ამ ფურცელს ბუდობრივი მორჩი ეწოდება. ბუდობრივი მორჩი სხვა სტრუქტურებსაც წაიყოლებს თან, რაც საზარდულის არხისა და სათესლე პარკის ჩამოყალიბებით სრულდება. ქრონოლოგიურად პროცესი ასე მიმდინარეობს: მუცლად ყოფნის მე-7 თვეს სათესლე ჯირკვალი გადის საზარდულის არხში, მე-8 თვეს აღწევს გარეთა რგოლს, მე-9 თვეს კი სათესლე პარკში ეშვება. დაბადების შემდეგ ბუდობრივი მორჩი ატროფიას განიცდის. თუ მისი დახშობა არ მოხდა, რჩება კავშირი სათესლე ჯირკვალსა და მუცლის ღრუს შორის, ეს კი თიაქრის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ზემოთ აღწერილი პროცესი ე.წ. საზარდულის ირიბი თიაქრის განვითარებას აღწერს. არსებობს პირდაპირი თიაქარიც. ის შედარებით იშვიათად გვხვდება და ყოველთვის შეძენილია. საზარდულის პირდაპირი თიაქარი არასდროს ჩადის სათესლე პარკში. უმეტესად ორმხრივია და იშვიათად იჭედება. ქალებთან პირდაპირი თიაქარი არ გვხვდება.
– რა არის ჭიპის თიაქარი?
თუ თიაქრის გამობერილობა ჭიპის არეშია, საქმე გვაქვს ჭიპის თიაქართან. ჭიპის თიაქარი ხშირად გვხვდება ექვს თვემდე ასაკის ბავშვებთან. თიაქრის ზომა 1-დან 5 სმ-მდე მერყეობს. თიაქარი რბილია, ჭიპიდან გამოდის, განსაკუთრებით მკვეთრად გამოიბურცება ტირილის, დაჭიმვის, ჯდომის დროს, წოლისა და მოსვენებისას კი ქრება. მასზე ცუდ გავლენას ახდენს შეკრულობა, ტირილი, აირების დაგროვება (მუცლის ღრუში წნევის მომატება). ჭიპის თიაქარი, წესისამებრ, უმტკივნეულოა. იშვიათად პრობლემას დაუნის სინდრომთან აქვს კავშირი. ჭიპის თიაქარი, სხვა თიაქრებისგან განსხვავებით, უმეტესად თავისთავად ხორცდება და ერთი წლის ასაკისთვის დაავადება, წესისამებრ, უკვალოდ ქრება. აქვე გეტყვით, რომ ჭიპის თიაქრის მართვის ხალხური მეთოდები წარსულს ჩაბარდა – გაუმართლებელია ჭიპზე მონეტის დაკვრა, ჭიპის გადახვევა. ამ არასწორმა პრაქტიკამ პრობლემის მოგვარების მაგივრად შესაძლოა ახალი თავსატეხი გაგვიჩინოს. თუ თიაქარი 3-4 წლამდე არ შეხორცდა ან ჩაიჭედა, ოპერაცია ტარდება.
– რამ შეიძლება გამოიწვიოს მისი განვითარება?
– ჭიპის თიაქარი ვითარდება მაშინ, როცა ნაწლავის ნაწილი ამოიბურცება, გამოდის მუცლის კუნთებში, ჭიპთან ახლოს. ჭიპის თიაქარი ხშირია და როგორც წესი, უვნებელი. კლინიკურ შემთხვევათა დიდ ნაწილში ჭიპის თიაქარი გვხვდება ახალშობილებს შორის, მაგრამ მისგან არც ზრდასრულები არიან დაზღვეულები. ჩვილთა თიაქრის არსებობის კლასიკური ნიშანია ის, რომ ტირილის დროს ახალშობილის ჭიპის არე ამოიბურცება. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ახალშობილების ჭიპის თიაქარი 1 ან 2 წლის ასაკში თავისით იხურება, მაგრამ ზრდასრულების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. ჭიპის თიაქარი იწვევს შესივებას, შეშუპებას ან ამობურცულობას ჭიპთან ახლოს. ბავშვებს შორის ჭიპის თიაქარი, ჩვეულებრივ, უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, მაგრამ ზრდასრულები უჩივიან დისკომფორტს მუცლის არეში. საჭიროა ვაცნობოთ ექიმს, რომ პატარას აქვს ჭიპის თიაქარი და ვიხელმძღვანელეთ ექიმის რეკომენდაციით. გადაუდებელი სასწრაფო დახმარებაა საჭირო, თუ პატარას ჭიპის თიაქარი აქვს და ამავდროულად გამოვლინდა შემდეგი სიმპტომები:
- ჭიპის თიაქარი მტკივნეულია;
- თიაქარი იწვევს პირღებინებას;
- თიაქრის ადგილი შესივებული ან ფერშეცვლილია.
იგივე სიმპტომები ვლინდება ზრდასრულებს შორისაც. მიმართეთ ექიმს, თუ ჭიპის გარშემო შენიშნეთ ამობურცულობა. სასწრაფო სამედიცინო დახმარება გჭირდებათ, თუ თიაქარი მტკივნეულია.
მუცლის არეში წნევამ, შესაძლოა, ზრდასრულთა ჭიპის თიაქარი წარმოშვას. წნევა, ზეწოლა, რომელიც მუცელზე ვრცელდება, შესაძლოა გამოწვეული იყოს შემდეგი მდგომარეობების გამო:
- სიმსუქნე;
- რამდენიმე ორსულობა;
- სითხე მუცლის ღრუში;
- წარსულში ჩატარებული ოპერაცია მუცლის ღრუში;
- თირკმლის უკმარისობისთვის განკუთვნილი ხანგრძლივი პერიტონეალური დიალიზი.
– რითია საშიში ჭიპის თიაქარი?
– საშიშროებაა თიაქრის შიგთავსის ჩაჭედვა. ჩაჭედვას განიცდის დიდი ბადექონის ცხიმი ან წვრილი ნაწლავის მარყუჟი. პაციენტი შეიძლება ვერ მიხვდეს ძირითად მიზეზს და ღებინება და მუცელში მოვლითი ხასიათის ტკივილი დააბრალოს მოწამვლას ან სხვა რამეს. პროცესი გრძელდება და შეიძლება ჩაჭედილი თიაქრის შიგთავსის ნეკროზი გამოიწვიოს. ეს კიდევ სიცოცხლისთვის საშიშ გართულებაში გადაიზარდოს.
– როგორია ჭიპის თიაქარის სიმპტომები?
– ჭიპის თიაქარი ახალშობილებს შორის: ახასიათებს ამობურცულობა, რომელიც თავისთავად ქრება დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში. არის შემთხვევები, როცა ჭიპის თიაქარი უკან დახევის ნაცვლად ვითარდება. ასეთ ვითარებაში ჩნდება ჭიპი, რომელიც ჭიპის გამობურცვას აჩენს, ეს უფრო თვალსაჩინოა, როცა მუცლის კუნთებს ვჭიმავთ ნაწლავის მოძრაობის ან ხველის დროს. განვითარებულ ჭიპის თიაქარს შესაძლოა თან ახლდეს ტკივილი და დისკომფორტი ჭიპისა და ეპიგასტრიუმის მიდამოში. ტკივილის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი კომპრესები, მაგალითად, 2 ლ რეზინის ცხელი წყლის ბოთლით. დროთა განმავლობაში სიმსივნე იწყებს გამკვრივებას, რაც მიუთითებს თიაქრის პარკში ნაწლავების არსებობასა და სისხლის მიწოდების შეწყვეტაზე. კანზე შეიძლება გამოჩნდეს ლაქები/გაუფერულება და შეშუპება, ბავშვი ტკივილს გამოხატავს ტირილით და ყვირილით. როდესაც ეს სიმპტომები იგნორირებულია, შეიძლება ველოდოთ ნაწლავის გაუვალობას, რომელსაც ახასიათებს ძლიერი მუცლის ტკივილი და ღებინება. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ნაწლავის ნეკროზმა შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
– რა არის თეთრი ხაზის თიაქარი?
– თეთრი ხაზის, იგივე ეპიგასტრალური, თიაქარი იშვიათია და მამაკაცებთან სამჯერ უფრო ხშირად გვხვდება. ეპიგასტრიუმის თიაქრის ჩამოყალიბებას ამ მიდამოს ანატომიური თავისებურებები უწყობს ხელს. საქმე ის არის, რომ თეთრი ხაზი იქმნება მუცლის მარჯვენა და მარცხენა ნახევრის კუნთების აპონევროზული ბოჭკოების (მყესების) გადაჯვარედინებით. გადაჯვარედინებისას მათ შორის რჩება რომბისებრი ნაპრალები, რომლებიც მუცლის პრესის დაჭიმვისას ფართოვდება. სწორედ ამ ნაპრალებიდან გამოდის თიაქრის შიგთავსი. თეთრი ხაზის თიაქარს ეპიგასტრიუმის მიდამოში განვითარებული ტკივილითა და გამობერილობით ამოვიცნობთ. ზოგჯერ ტკივილი ჭამის შემდეგ იმატებს. სხვათა შორის, კლინიკური სურათი წყლულოვანი დაავადებისას ჰგავს, ამიტომ წყლულოვანი დაავადების დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს ეპიგასტრიუმის თიაქარიც უნდა გამოირიცხოს. თეთრი ხაზის თიაქარი, ჭიპის თიაქრისგან განსხვავებით, თავისთავად არ ხორცდება. მისი ოპერაციული მკურნალობა აუცილებელია.
– რა სიმპტომები ახასიათებს თეთრი ხაზის თიაქარს?
– თეთრი ხაზის, ანუ იგივე ეპიგასტრალური, თიაქარი ვლინდება მცირე ზომის გამობერილობის სახით მუცლის არეში, ჭიპის ზემოთ, ჭიპსა და მკერდის ძვლის მახვილისებურ მორჩს შორის. ბავშვებში ის თანდაყოლილი პათოლოგიაა და მისი გამომწვევი მიზეზია მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის განვითარების დროს ფიბროზული ქსოვილის (აპონევროზის) არასრული განვითარება, როდესაც მასში რჩება ღია, შეუხორცებელი დეფექტი. აპონევროზი – ეს არის ქსოვილოვანი შრე მუცლის ზედაპირზე, კანქვეშა ცხიმსა და კუნთებს შორის. ეს გამობერილობა იმატებს მაშინ, როდესაც იზრდება მუცლის ღრუს წნევა (მაგალითად, როდესაც ბავშვი ტირის ან იჭინთება). თეთრი ხაზის თიაქარი უმეტესად უმტკივნეულოა, თუმცა ზოგჯერ შეიძლება ტკივილსაც იწვევდეს.
– უპირატესად რა ასაკში შეიძლება განვითარდეს?
– თიაქარი შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. თუ თანდაყოლილი დეფექტია, ახალშობილს ეტყობა დაბადებისთანავე ან პირველ თვეებში, შეძენილი თიაქრის დროს გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს, ფიზიკური დატვირთვიდან – ორსულობამდე... ასაკის მატებასთან ერთად, კუნთთა ტონუსი და ელასტიკურობა კლებულობს და თიაქრის გაჩენის რისკიც მატულობას.
– როგორია საზარდულის თიაქრის ნიშნები და რატომ შეიძლება იყოს ის საშიში?
– საზარდულის თიაქარი მუცლის თიაქრის ყველაზე გავრცელებული ფორმაა და თიაქრების შემთხვევათა 70%-ს შეადგენს. საზარდულის არხი ირიბი არხია, რომელიც ზემოდან ქვემოთ, უკნიდან წინ, გარედან შიგნით მიემართება. მამაკაცებთან საზარდულის არხში სათესლე ბაგირაკი (თესლის გამომტანი სადინარი, სათესლე ჯირკვლის არტერია და ვენა, გამომტანი ლიმფური სადინარი და სათესლე ჯირკვლის ნერვული წნული) გაივლის, ქალებთან კი საშვილოსნოს მრგვალი იოგი. საზარდულის თიაქრის მთავარი ნიშნებია მოცულობითი წარმონაქმნი საზარდულის ან სათესლე პარკის მიდამოში, დისკომფორტი, ტკივილი, წვა საზარდულის მიდამოში. სიმპტომები მძიმდება დაჭიმვის, დახრის, ხველის, დიდხანს დგომის დროს, სუსტდება წოლისას, მოსვენებისას. საზარდულის თიაქარი ხშირად მოძრაობს და პერიოდულად მუცლის კედლიდან გამოდის. საზარდულის თიაქრის შიგთავსი უმეტესად ბადექონი ან წვრილი ნაწლავის ნაწილია. ქალებთან შესაძლოა რეპროდუქციული სისტემის რომელიმე ორგანო, მაგალითად, საკვერცხე იყოს. გამოკვლევის დროს ექიმი გულდასმით ათვალიერებს საზარდულის მიდამოს, სთხოვს პაციენტს ჩახველებას, ფეხზე დადგომას. თუ თიაქარს მიაგნო, უმეტესად მსუბუქი მასაჟით ჩააბრუნებს მუცლის ღრუში. შესაძლოა, დიაგნოზის დასადასტურებლად საჭირო გახდეს ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. კვლევის ეს მეთოდები გართულებებსაც გამოავლენს. საზარდულის თიაქრის დიაგნოსტიკა რთული არ არის, მაგრამ მსგავსი კლინიკური სურათით მიმდინარე სხვა დაავადებებიც არ უნდა დავივიწყოთ. უნდა მოხდეს დიფერენცირება საზარდულის არეში არსებული ლიპომისგან, სათესლე პარკის წყალმანკისგან, საზარდულის მიდამოს აბსცესისგან, ლიმფადენიტისგან – საზარდულის ლიმფური კვანძების მწვავე ანთებისგან. საზარდულის თიაქარს ქირურგიულად მკურნალობენ. ეს ბავშვებთან ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ქირურგიული ჩარევაა. მთავარი პრობლემა, რომელსაც საზარდულის თიაქარი გვიქადის, მისი ჩაჭედვაა.
კლასიკური განმარტებით, საზარდულის ჩაჭედილი თიაქარი ეწოდება თიაქრის შიგთავსის ჩაჭედვას საზარდულის თიაქრის კარში, რასაც თიაქრის პარკში არსებული ორგანოების სისხლმომარაგების დარღვევა და განგრენა მოჰყვება. საზარდულის ჩაჭედილი თიაქარი მეტად გავრცელებული მწვავე პრობლემაა და მოსახლეობის 5-8%-თან გვხვდება. ის სიხშირით მესამე ადგილზეა მწვავე აპენციდიტისა და მწვავე ქოლეცისტიტის შემდეგ. ჩაჭედილი თიაქრის წილად მოდის თიაქრების 50-65%, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. კლინიკურად საზარდულის ჩაჭედილი თიაქარი ამგვარად ვლინდება: ჩაჭედვის მიდამოში უეცრად ვითარდება ძლიერი ტკივილი, მტკივნეულია შეხებაც. თიაქარი დიდდება, იჭიმება, მკვრივდება. ხველის დროს ბიძგის ტალღა აღარ შეინიშნება, თიაქრის ჩასწორება შეუძლებელი ხდება. ადგილობრივ სიმპტომებს ერთვის ზოგადიც: ტაქიკარდია, ზოგადი ინტოქსიკაცია, ანთებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები სისხლში... კლინიკური სურათი დამოკიდებულია იმაზეც, რომელი ორგანო ჩაიჭედება. მაგალითად, წვრილი ან მსხვილი ნაწლავის ჩაჭედვისას ნაწლავთა მწვავე გაუვალობის ნიშნები ვლინდება, შარდის ბუშტის ჩაჭედვისას – დიზურიული მოვლენები. ჩაჭედვა სასწრაფო ჩარევას მოითხოვს, ვინაიდან მეტად მძიმე გართულებები ახასიათებს – ჩაჭედილი ორგანოს ნეკროზი, ნაწლავთა მწვავე გაუვალობა, პერიტონიტი, თიაქრის პარკის ფლეგმონა (ჩირქოვანი ანთება). ჩაჭედვისთვის დამახასიათებელი ნიშნების გამოვლენისთანავე ექიმს უნდა მიმართოთ. დროის დაკარგვა არ შეიძლება! მკურნალობა ქირურგიულია. მის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. არ არის გამორიცხული, ჩაჭედილი თიაქარი თავისთავად ჩასწორდეს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი პრობლემა აღმოფხვრილად არ მიიჩნევა – 24 საათის განმავლობაში აკვირდებიან მდგომარეობის დინამიკას. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს პერიტონეალური მოვლენები. თუ ჩასწორება უშუალოდ ოპერაციის დროს მოხდა, მუცელს მაინც გაკვეთენ და ჩაჭედილი ორგანოს მდგომარეობას აფასებენ. ამრიგად, საზარდულის თიაქრის მკურნალობის ალგორითმი ასეთია: თუ ჩივილები მინიმალურია ან საერთოდ არ შეინიშნება, შეიძლება ლოდინის ტაქტიკის არჩევა და მდგომარეობის დინამიკაზე დაკვირვება. კლინიკურად გამოვლენილი თიაქარი გეგმური ოპერაციის ჩვენებაა, ჩაჭედილი კი სასწრაფო ოპერაციას მოითხოვს.
საზარდულის თიაქარი უმეტესად ცალმხრივია, მარჯვენამხრივი. მისი განვითარება მოსალოდნელია:
- პროსტატექტომიის შემდეგ;
- საზარდულის თიაქრის ოჯახური ისტორიის დროს;
- შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით მიმდინარე დაავადების დროს.
– როგორია ბარძაყის თიაქრის ნიშნები?
– ბარძაყის თიაქარი კი ქალების ხვედრია. ამ დროს მუცლის ღრუს ორგანოები ბარძაყის არხით ცდილობენ გარეთ გამოსვლას. ბარძაყის თიაქარი ყოველთვის შეძენილია. კლინიკურად ვლინდება ტკივილით, რომელიც ფიზიკური დატვირთვისას ძლიერდება. ბარძაყის არეში შეინიშნება მოცულობითი წარმონაქმნი, რომელიც მუცლის ღრუში ბრუნდება. ბარძაყის თიაქარი, წესისამებრ, ნაკლებ მასშტაბებს აღწევს, ამიტომ ზოგჯერ ვერც კი გრძნობენ მის არსებობას და დაავადების პირველივე კლინიკური გამოვლენა მისი ჩაჭედვაა. ბარძაყის თიაქრის მკურნალობაც ქირურგიულია.
– როგორი უნდა იყოს ცხოვრების წესი თიაქრის დროს?
– თიაქრის არსებობის დროს უნდა მოვერიდოთ ზედმეტ ფიზიკურ აქტივობას, სიმძიმეების აწევას, ვარჯიშს ტრენაჟორებზე, მუცლის პრესის გამაგრებას თიაქრის დროს აზრი არ აქვს, პირიქით, იზრდება ჩაჭედვის რისკი. უნდა მოწესრიგდეს დეფეკაცია, რადგან შეკრულობა, ყაბზობა და ჭარბი მეტეორიზმი თიაქრის ჩაჭედვას განაპირობებს. არ არის სასურველი ორსულობის დაგეგმვა. ოპერაციის წინააღმდეგ ჩვენების დროს პაციენტი იძულებულია, რეგულარულად ატაროს სპეციალური დამჭერი ქამარი, თიაქრის ლოკალიზაციისა და ტიპის მიხედვით, მაგრამ ეს არ იცავს გარანტირებულად ჩაჭედვისგან.
– როგორია თიაქრის მკურნალობა, როდის დგება დღის წესრიგში ოპერაციული მკურნალობის საკითხი?
– თიაქარს ქირურგიულად მკურნალობენ. ოპერაციის მიზანი თიაქრის კარის დახურვა და იმგვარად გამაგრებაა, რომ პრობლემა აღარ განმეორდეს. ამ ოპერაციას თიაქარპლასტიკა ეწოდება. მისი მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია თიაქრის შიგთავსის სიცოცხლისუნარიანობის შეფასება, რადგან ქირურგის ტაქტიკა სწორედ ამაზეა დამოკიდებული. ოპერაცია სრულდება როგორც ღია, ასევე ლაპაროსკოპიული მეთოდით. უმეტესწილად გამოიყენება სინთეტიკური გაუწოვადი ან ნახევრად გაწოვადი ბადეები, რომელთა გამოყენება რეციდივის (დაავადების განმეორების) რისკს ამცირებს.
ოპერაცია ასე მიმდინარეობს: უპირველეს ყოვლისა, ქირურგი მოძებნის თიაქრის პარკს და გამოყოფს ირგვლივმდებარე ქსოვილებისგან, შემდეგ გახსნის მას (ეს ძალიან ფრთხილად, ორგანოების დაუზიანებლად უნდა მოხდეს) და აფასებს თიაქრის შიგთავსს. თუ ის ჯანსაღია, მუცლის ღრუში ჩააბრუნებენ, თიაქრის ყელს გაკერავენ და პარკს მოკვეთენ. სხვაგვარია ტაქტიკა, როცა თიაქრის შიგთავსი დაზიანებულია. ამ დროს საჭიროა მისი მოკვეთაც.
სამწუხაროდ, დათვალიერებითა და გასინჯვით შეუძლებელია თიაქრის შიგთავსის სიცოცხლისუნარიანობის შეფასება. ეს უშუალოდ ოპერაციის დროს ხდება.
თიაქრის კარის დასახურავად სხვადასხვა პლასტიკურ მეთოდს მიმართავენ. იყენებენ როგორც საკუთარ ქსოვილებს, ისე სინთეზურ ბადეს. ბადე ამაგრებს მუცლის კედლის სუსტ ადგილს და ხელს უშლის თიაქრის ხელახალ განვითარებას. ეს მეტად ეფექტური საშუალებაა, თუმცა არსებობს მისი ინფიცირების რისკი, ამიტომ პაციენტებთან, რომლებთანაც ინფექციის განვითარებაა მოსალოდნელი, უპირატესობა საკუთარი ქსოვილებით პლასტიკას ენიჭება.
ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს როგორც ღია წესით, ისე ლაპაროსკოპიულადაც. ოპერაციის ტიპი თიაქრის ზომაზე, პაციენტის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სამედიცინო ისტორიაზეა დამოკიდებული.
ლაპაროსკოპიული მიდგომისას პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი უფრო მსუბუქი და ხანმოკლეა, თუმცა ზოგ შემთხვევაში ღია ოპერაცია უალტერნატივო ვარიანტია.
ზოგჯერ ლოდინის ტაქტიტას მიმართავენ. ამ შემთხვევაში საჭიროა სიმპტომების ზედმიწევნითი კონტროლი, რომ გართულება არ გამოეპაროთ. გართულებებია: თიაქრის ანთება, ფლეგმონა, ჩაჭედვა, კოპროსტაზი.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ლოკალიზაციის თიაქრების კლინიკური სურათი, დიაგნოსტიკის მეთოდები და მკურნალობის პრინციპები მსგავსია.
– შესაძლებელია თუ არა მისი პრევენცია?
– თიაქრის გაჩენის პროფილაქტიკა გულისხმოს მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზების შემცირებას, როგორებიცაა: მუცელში გაზრდილი წნევა, მუცლის კედელში არსებული სუსტი წერტილი, შარდვისას ან დეფეკაციისას გაჭინთვა, მძიმე საგნის აწევა, სითხის დაგროვება მუცელში, ორსულობა, ჭარბი წონა, ქრონიკული ხველა ან ცემინება. აღსანიშნავია მემკვიდრული ფაქტორი და მუცლის კედლის განვითარების მანკებიც, რომელთა დროსაც ბავშვს დაბადებისთანავე აღენიშნება თანდაყოლილი თიაქარი, რომელიც შეიძლება თავისით დაიხუროს ან საჭირო გახდეს ქირურგიული დახმარება.