პოსტოპერაციული თიაქარი
მდგომარეობას ახასიათებს შინაგანი ორგანოების გადაადგილება მუცლის კედლის საზღვრებს მიღმა, ხოლო გამოსასვლელი კარი ლოკალიზებულია ყოფილი ჭრილობის ადგილზე. თიაქრის მკურნალობა ქირურგის პრეროგატივაა.
პოსტოპერაციული თიაქარი გვხვდება ყველა გასტროენტეროლოგიური ქირურგიული ჩარევის 6-10% შემთხვევაში და მუცლის თიაქრის დაახლოებით მეხუთედს შეადგენს. ასეთი გართულების განვითარების შესაძლებლობა უფრო დიდია გადაუდებელი ოპერაციების შემდეგ (ქოლეცისტიტი, პანკრეასის ნეკროზი, პერიტონიტი), როდესაც ექიმებს არ აქვთ დრო პაციენტის სრულფასოვანი მომზადებისთვის. თიაქრის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ქირურგიული ჩარევის ტექნიკის დარღვევა, პაციენტის ინდივიდუალური მახასიათებლები და სარეაბილიტაციო პერიოდის წესების დარღვევა.
პოსტოპერაციული თიაქარი ჰგავს მომრგვალებულ სიმსივნის მსგავს გამობურცულობას მუცელში. ის შეიძლება ლოკალიზებული იყოს შუა ხაზის გასწვრივ, თეძოს, ნეკნქვეშა ან ჭიპის ირგვლივ მიდამოში (დამოკიდებულია იმაზე, თუ სად გაკეთდა ჭრილობა). იშვიათ შემთხვევებში თიაქარი წარმოიქმნება წელის არეში (თირკმელზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ) ან ბოქვენის ზემოთ (გინეკოლოგიური და უროლოგიური ჩარევების შემდეგ).
ექიმები თიაქრის კლასიფიცირებას ახდენენ მედიალურ და ლატერალურ, მარჯვენა და მარცხენამხრივ თიაქრებად. თიაქრის ტომრის შიგთავსის მიხედვით განასხვავებენ ერთ და მრავალკამერიან გამობურცულობას. თუ გამობურცულობა (წარმონაქმნი) ჩადის, ბრუნდება მუცლის ღრუში თავისით ან ხელის (მანუალური ტექნიკის) დახმარებით, მას ჩასწორებადი თიაქარი ეწოდება. თიაქრის პარკსა და კანქვეშა ქსოვილს ან თიაქრის ხვრელს (კარიბჭეს) შორის შეხორცებების ფორმირების შემთხვევაში ამობურცულობის ჩასწორება (უკან მუცლის ღრუში ჩაბრუნება) ვერ ხერხდება.
პათოლოგიური პროცესის პროგრესირებასთან ერთად, თიაქარი იზრდება, შეიძლება ჩაიჭედოს ნეკროზისა და პერიტონიტის განვითარებით.
პოსტოპერაციული თიაქრის სიმპტომები
პოსტოპერაციული თიაქრის ფორმირების მთავარი ნიშანია მუცლის კედელზე გამობურცვა. პაციენტი განსაზღვრავს მას ვიზუალურად ან შეხებით. წარმონაქმნი შეიძლება ლოკალიზდეს უშუალოდ ნაწიბურის ქვეშ ან მის მახლობლად. ადრეულ სტადიაზე თიაქარი შესამჩნევი ხდება მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისას, ხველების, ჭინთვისა და დაძაბვისას. მოდუნებისას ამობურცულობა ქრება.
პროგრესირებისას თიაქარი იზრდება, ადვილად შესამჩნევი ხდება მოსვენების მდგომარეობაშიც. დაძაბვისას წარმონაქმნი მკვრივდება, რასაც თან ახლავს მტკივნეული შეგრძნებები. დაწოლისას არ ქრება, თუმცა ხელის დაჭერისას სწორდება მუცლის ღრუში და ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისთანავე კვლავ ჩნდება. როგორც წესი, ამ ეტაპზე ვლინდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციური დარღვევებიც:
- ყრუ ტკივილები მუცლის არეში (ჭამის შემდეგ, დატვირთვის დროს და მის შემდეგ);
- მუცლის შებერილობა და ყურყური;
- გულისრევა;
- ბოყინი;
- სრულფასოვანი განავლის ნაკლებობა (2 დღეზე მეტი ხნით შეკავება).
დიდი თიაქრები, როგორც წესი, არ ექვემდებარება ჩასწორებას (ჩაბრუნებას). ისინი რჩება წოლისას და დგომისასაც, არ მცირდება ზეწოლისას. თან ერთვის კანის ანთება. თიაქრის ჩაჭედვის სახით განვითარებულ გართულებას თან ახლავს მკვეთრი შეტევითი ხასიათის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, ნაწლავებში აირებისა და განავლის შეკავება. დროული სამედიცინო დახმარების გარეშე იზრდება ინტოქსიკაციის სიმპტომები, შესაძლოა ლეტალური გამოსავალიც.
პოსტოპერაციული თიაქრის მიზეზები
პოსტოპერაციული თიაქრის ჩამოყალიბების მთავარი მიზეზი ჭრილობის შეხორცებისთვის ნორმალური პირობების უქონლობაა. მსგავსი შედეგი შეიძლება დადგეს შემდეგ სიტუაციებში:
1) გადაუდებელი ქირურგიული ჩარევისას. ოპერაციამდე კომპლექსური მომზადების გარეშე ოპერაციის შემდეგ, ადრეული გამოჯანმრთელების ეტაპზე, შესაძლებელია განვითარდეს ნაწლავის პერისტალტიკის (მოძრაობითი აქტივობის) დარღვევები, გართულებები სასუნთქი სისტემის მხრივ, რომლებსაც თან ახლავს ხველა. რეაბილიტაციის პერიოდში პაციენტს აღენიშნება ინტრააბდომინალური (მუცლის შიდა) წნევის მომატება, რაც ართულებს ქსოვილების სრულ შეხორცებას. ეს ქმნის პირობებს კუნთებისა და მყესების მოდუნებისათვის თიაქრის ფორმირებით.
2) სარეაბილიტაციო პერიოდის წესების დარღვევისას. უმეტეს შემთხვევაში, პოსტოპერაციული თიაქარი ყალიბდება აღდგენის პერიოდის წესების დაუცველობის გამო, როდესაც პაციენტი უგულებელყოფს ექიმის რეკომენდაციებს. მიზეზი შეიძლება იყოს ზედმეტად ადრეული გააქტიურება, ფიზიკური დატვირთვა, სიმძიმეების აწევა, სპეციალური ბანდაჟის გამოუყენებლობა.
3) ქირურგიული ტექნიკის დარღვევისას. სათანადო შეუხორცებლობა და დანაწიბურება შეიძლება განაპირობოს ნაკერების არასწორად დადებამ ან უხარისხო მასალის გამოყენებამ.
4) ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობისას. პოსტოპერაციული თიაქრის წარმოქმნის რისკი იზრდება იმ ვითარებაში, რომელსაც თან ახლავს შემაერთებელი ქსოვილის თვისებების ცვლილება. ეს შესაძლებელია ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ, მეტაბოლური დარღვევებისა და სიმსუქნისას, შაქრიანი დიაბეტის ან მემკვიდრეობითი კოლაგენოპათიების ფონზე.
5) პოსტოპერაციული გართულებებისას. უფრო ხშირად თიაქარი გვხვდება იმ პაციენტებთან, რომლებსაც განუვითარდათ გართულებები ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში (დიდი ჰემატომები, დაჩირქება, ნაკერების დაცილება-დაშორება).
პოსტოპერაციული თიაქრის მკურნალობა
თიაქრის კონსერვატიული მკურნალობა არ არსებობს. გაურთულებელ შემთხვევებში შესაძლებელია დაბალტრავმული ქირურგიული მკურნალობა (ლაპაროსკოპიული ქირურგია).
თიაქრის ჩაჭედვის ან ანთებითი ცვლილებების განვითარებისას ოპერაცია ტარდება სასწრაფოდ ღია წესით.
მოლოდინის ტაქტიკა მისაღებია იმ პაციენტებისთვის, ვისთვისაც უკუნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა. ამ პერიოდში რეკომენდებულია ზედმეტი ფიზიკური აქტივობისა და მძიმე ტვირთის აწევისგან თავშეკავება. ინტრააბდომინალური (მუცლის შიდა) წნევის მომატების ასარიდებლად შეიძლება დაინიშნოს დიეტა ან საფაღარათო საშუალებები. დამჭერი ბანდაჟის ტარება ამცირებს თიაქრის ჩაჭედვის რისკს. ხველა და ცემინება თიაქრის პროგრესირების ხშირი პროვოკატორებია. ამიტომაც, გაციებისა თუ ქრონიკული დაავადების გამწვავებისას, სასურველია რაც შეიძლება დროული მიმართვა თერაპევტისთვის.
ჩამოთვლილი ღონისძიებები არ იწვევს გამოჯანმრთელებას, თუმცა ხელს უშლის თიაქრის პროგრესირებას და ამცირებს გართულებების რისკს. კონსერვატიული ტაქტიკის გამოყენება შესაძლებელია ქირურგიულ ოპერაციამდე პერიოდში, მაგალითად, თუ პაციენტი მკურნალობს სხვა, უფრო საშიშ პათოლოგიას.
პოსტოპერაციული თიაქრის ქირურგიული მკურნალობა
პოსტოპერაციული თიაქრების რადიკალური აღმოფხვრისთვის ტარდება ჰერნიოპლასტიკური ოპერაციები. ჩარევის ტექნიკა დამოკიდებულია გამობურცვის ზომასა და მიმდებარე ქსოვილების მდგომარეობაზე.
პაციენტს შეუძლია ნაკლებად ტრავმული მკურნალობის ჩატარება ქირურგთან დროულად ვიზიტის შემთხვევაში, როდესაც თიაქარი ჯერ კიდევ მცირე ზომისაა. ამ შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ტიპის ოპერაცია. ტექნიკურად ყველაზე მარტივია მუცლის წინა კედლის პლასტიკა, რომელიც გულისხმობს ქსოვილების გაკერვას დეფექტის დასახურად. საშუალო, მსხვილი, გიგანტური და მორეციდივე პოსტოპერაციული თიაქრების დროს ტარდება სრულფასოვანი ჰერნიოპლასტიკა ბადის ჩაკერებით (ბადის პროთეზის მონტაჟით). პოლიპროპილენის ბადის ფიქსაციის მეთოდი დამოკიდებულია ქსოვილების მდგომარეობაზე.
გართულებული თიაქრის დროს შეიძლება საჭირო გახდეს ჩაჭედილი ორგანოების რეზექცია და მუცლის ღრუს რევიზია. ამ შემთხვევაში ოპერაცია ტარდება გადაუდებელი და მხოლოდ ღია წესით. პოსტოპერაციული პერიოდი ხანგრძლივია და კარგი შედეგის მიღწევა დიდწილად დამოკიდებულია პაციენტის მიერ სამედიცინო რეკომენდაციების მკაცრ დაცვაზე.