როგორ უნდა დავიბანოთ ხელები

ყველას უყვარს სუფთად და ლამაზად ჩაცმა, ცდილობს, გარეგნულმა იერმა რეპუტაცია არ შეუბღალოს. ასეთივე გულდასმით ვეკიდებით თუ არა კანის სისუფთავეს? არადა, მნიშვნელოვანწილად სწორედ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობა.
ხელების დაბანა არა მარტო კანიდან ჭუჭყის მოცილებას, არამედ მრავალი დაავადების პრევენციასაც გულისხმობს.
მცირე სტატისტიკა
ჩვენს ხელებზე 2-დან 10 მილიონამდე ბაქტერიაა, უმთავრესად - თითებს შორის, ხელისგულებზე, მაჯებზე. საპირფარეშოში შესვლის შემდეგ თითებზე მიკრობების რაოდენობა ორმაგდება.
მიკრობების სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩვენს ხელებზე სამი საათით განისაზღვრება. მილიონობით მიკრობი “იმალება” საათის, სამაჯურისა და ბეჭდების ქვეშ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ნოტიო ხელებით 1000-ჯერ მეტი მიკრობი გადადის, ვიდრე მშრალით.
ხელების დაბანის წესი
აიწიეთ ტანსაცმლის სახელოები.
- შეუშვირეთ ხელები წყლის ნაკადს და თანაბრად დაისველეთ თბილი წყლით. მიუხედავად გავრცელებული აზრისა, ცხელი წყალი თბილზე ეფექტურად ვერ აშორებს ბაქტერიებს, თანაც ზოგიერთი საპნის გამაღიზიანებელ ეფექტს ზრდის.
- ბაქტერიებს ყველანაირი საპონი აცილებს, მაგრამ თუ ფერადი და სურნელოვანი საპნით დაბანა უფრო გსიამოვნებთ, ნება თქვენია. აუცილებელი არ არის, საპონი ანტიბაქტერიული იყოს - მისი ფუნქცია ბაქტერიების მოსპობა კი არა, მოშორებაა. თანაც მეცნიერები შიშობენ, რომ ანტიბაქტერიული საპნის რეგულარული გამოყენება ანტიბაქტერიული აგენტებისადმი მდგრადი მიკრობების გამრავლებას გამოიწვევს. დაბოლოს, ასეთი საპონი ჩვეულებრივზე მეტად აშრობს კანს.
- აიღეთ საპონი, წაისვით ხელებზე კარგად, ქაფის წარმოქმნამდე.
- ხელისგულები ერთმანეთს გაუსვით, აიქაფეთ თითებს შორის არსებული არეები, მაჯები, არ დაგავიწყდეთ ფრჩხილების გასუფთავება.
- საპნის ქაფი ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობის გამდინარე წყლით.
- დღეს საზოგადოებრივ საპირფარეშოებში ონკანები უმეტესად ზამბარაზე ან ფოტოელემენტზე მუშაობს. თუ ასე არ არის, გამოიყენეთ მის დასაკეტად ქაღალდის ხელსახოცი, იდაყვი ან წინამხარი.
- შეიმშრალეთ ხელები სუფთა, მშრალი პირსახოცით. საზოგადოებრივ საპირფარეშოებში ამისთვის, წესისამებრ, ქაღალდის ხელსახოცს ან ცხელი ჰაერის ნაკადს იყენებენ - ეს გაცილებით სანიტარიულია. სახლში კი პირსახოცი რეგულარულად რეცხეთ.
ხელების დაბანა აუცილებელია საპირფარეშოთი სარგებლობის, ბავშვისთვის პამპერსის გამოცვლის, დაცემინების, დახველების ან ცხვირის მოწმენდის, ცხოველების მოფერების ან უბრალოდ ჭუჭყიანი ნივთის შეხების შემდეგ. ასევე - კერძის მომზადებისა და ჭამის წინ.
როგორ მოვუაროთ ხელებს
1. რაც შეიძლება ხშირად გამოიყენეთ ხელის კრემი, განსაკუთრებით წყალთან შეხების შემდეგ.
წყალი, საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებები კანს აშრობს. შეიზილეთ კრემი კანში, არ დაგავიწყდეთ ხელისგულების გვერდითი კიდეები.
2. ნუნის არეში ყოველდღიურად შეიზილეთ სპეციალური ზეთი ან კრემი, რომელიც მას დაარბილებს და ფრჩხილების ჯანსაღ ზრდას დაეხმარება. უკეთესი ეფექტის მისაღებად ეს ძილის წინ გააკეთეთ.
3. ასაკთან ერთად ფრჩხილები იწყებს აშრევებას და ხშირად იმტვრევა. გაიპრიალეთ ისინი ნატის სპეციალური ჯაგრისით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
4. საპონი აშრობს კანს, რაც კანისთვის არასასურველი შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს. შეეცადეთ გამოიყენოთ დამატენიანებელი დანამატების შემცველი დასაბანი საშუალებები.
5. რეგულარულად იხმარეთ სკრაბი, რომ მკვდარი უჯრედები მოშორდეს. ამით ხელის კრემს კანის ღრმა ფენებში უკეთ შეწოვის საშუალება მიეცემა.
თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე
https://mkurnali.ge/kosmetologia/11805-rogor-movuaroth-khelebs.html