რატომ გვაქვს იღლიაში უსიამოვნო სუნი
რატომ არის სწორედ ამ მიდამოში სუნი და როგორაა მისი ინტენსიურობა დროის სხვადასხვა მომენტზე დამოკიდებული?
საქმე ისაა, რომ კანის ქვეშ, იღლიის ფოსოში, ასევე საზარდულის, ანალურ მიდამოში, შუბლის, ქუთუთოებისა და ცხვირის ფრთების, დვრილების ირგვლივ, ანუ იქ, სადაც თმის ბევრი ფოლიკულია, განთავსებულია აპოკრინული ოფლის ჯირკვლები. სხვა ტიპის ოფლის (ეკრინული) ჯირკვლებისგან განსხვავებით, რომლებიც სხეულის მთელ ზედაპირზე კანის ქვეშაა განთავსებული და გამოყოფს პრაქტიკულად უსუნო, გამჭვირვალე, წყლისმაგვარ სუბსტანციას, აპოკრინული ჯირკვლები გამოიმუშავებს ბლანტ, ზეთოვან ოფლს.
ეკრინული ჯირკვლების როლი თერმორეგულაციის პროცესის უზრუნველყოფა (ოფლის აორთქლება კანის ზედაპირიდან ხელს უწყობს ორგანიზმის გაგრილებას) და ორგანიზმიდან წყლის, ნივთიერებათა ცვლის, მარილებისა და ა.შ. გამოყოფაა. აპოკრინულ ჯირკვლებს სხვა დანიშნულება აქვთ. ისინი ინდივიდუალური სუნის ფორმირებაზე არიან პასუხისგებლები. ჰორმონების ზეგავლენით აპოკრინული ჯირკვლების აქტივობა იზრდება სტრესის, შიშის, შფოთვის, ტკივილის, სექსუალური აღგზნების საპასუხოდ. ამიტომ ამ სიტუაციებში უფრო მეტად ოფლიანდება სხეული და სუნიც უფრო ინტენსიური აქვს.
თავისთავად აპოკრინულ ოფლს არ აქვს სუნი, მაგრამ რადგანაც მასში ეკრინულისაგან განსხვავებით დაშლილი უჯრედების ბევრი ნაწილაკია, ის შესანიშნავი საკვები გარემოა კანის ზედაპირზე არსებული ბაქტერიებისთვის. მიკროორგანიზმების აქტიური გამრავლების პროცესში, რომლებიც ოფლში არსებულ საკვებ ნივთიერებებს გადაამუშავებენ, გამოიყოფა მკვეთრი, ძლიერი და სპეციფიკური არომატის მქონე ორგანული ნაერთები.
კანის მიკრობიომის შემადგენლობა ყველა ადამიანს მეტ-ნაკლებად ერთნაირი აქვს, თუმცა სხვადასხვა ტიპის მიკროორგანიზმებს შორის ბალანსი ინდივიდუალურია, რაც ოფლის სუნზეც აისახება. ამას გარდა, სუნის ინტენსივობაზე მოქმედებს არა მარტო ემოციები, არამედ გენეტიკა და ცხოვრების წესი.
ცნობილია, რომ ოფლის სუნს ცვლის სხვადასხვა საკვები. კოფეინი, ზოგიერთი წამალი და ნარკოტიკები აძლიერებს ოფლის გამოყოფას და მოქმედებს ოფლის სუნზეც.
რატომ აქვს ოფლს სუნი?
აპოკრინული ოფლის ჯირკვლები არააქტიური რჩება სქესობრივი მომწიფების პერიოდის დადგომამდე. ამიტომ ბავშვების ოფლს სუნი არ აქვს. მაგრამ როგორც კი იწყება სასქესო ჰორმონების გამოყოფა, სიტუაცია იცვლება.
როგორ მოვიშოროთ ოფლის სუნი?
რადგანაც თავისთავად საოფლე ჯირკვლების სეკრეტს სუნი არ აქვს, რაც უფრო დიდხანს აქვს კანზე არსებულ ბაქტერიებს ამ სუბსტანციაში გამრავლების საშუალება, მით მეტ სუნიან ნაერთს წარმოქმნიან ისინი. ამიტომ აუცილებელია ყოველდღიურად დაბანა საპნით ან გელის საშუალებით.
ამ მიზანს ემსახურება იღლიის მიდამოში თმის მოშორებაც. ამ შემთხვევაში ოფლი აღარ დაგროვდება თმაზე.
მნიშვნელოვანია ასევე ტანსაცმლის შერჩევა. სუფთა, ნატურალური ფაქტურის სამოსში კანი რჩება მშრალი.
ოფლის სუნის საწინააღმდეგოდ შემუშავებულია ორი სახის სპეციალური საშუალებაც: დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები. დეოდორანტები მხოლოდ უსიამოვნო სუნს ნიღბავენ უფრო ძლიერი და სასიამოვნო სუნით. ისინი ხშირად შეიცავენ სპირტსა და სხვა ინგრედიენტებს, რომლებიც ზრდის კანის მჟავიანობას, რაც იღლიის მიდამოს ნაკლებად მიმზიდველ გარემოდ აქცევს ბაქტერიების გამრავლებისთვის.
ანტიპერსპირანტები სხვაგვარად მუშაობს. ისინი აქვეითებენ საოფლე ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ოფლის მოცულობას. ოფლის გამოყოფის ინტენსივობა ხშირად მცირდება ალუმინის მარილების საშუალებით, რომლებიც დროებით ახშობენ კანის ზედაპირზე ფორებს. არსებობს მოსაზრება, რომ ანტიპერსპირანტები მავნეა, რადგანაც ისინი ერევიან ორგანიზმის ბუნებრივ ფუნქციაში და შეიძლება გამოიწვიონ სხვადასხვა დაავადება: კიბო, ალცჰაიმერის დაავადება. თუმცა ანტიპერსპირანტების გამოყენებასა და ამ დაავადებებს შორის კავშირის მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს.