რას გულისხმობს სხეულის ჰიგიენა
კანის ჰიგიენა
კანი ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. მის მდგომარეობაზე ბევრად არის დამოკიდებული სხვა ორგანოთა ფუნქციობა და მთლიანად ორგანიზმის ჯანმრთელობა. კანს სხვაგვარად ორგანიზმის სარკეს უწოდებენ. ის მონაწილეობს სუნთქვისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, არის სეკრეტორული (გამომყოფი) ორგანო. კანის ფორებით ორგანიზმიდან გამოიყოფა დიდი რაოდენობით წიდები და ტოქსინები. კანისა და კანქვეშა ქსოვილის ნორმალურ ფუნქციობაზე დიდად არის დამოკიდებული იმუნური სისტემის ეფექტურად მუშაობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანმრთელი და მოვლილი კანის მქონე ადამიანი ბევრად მომხიბვლელია. ამიტომაც კანის ჰიგიენას განსაკუთებული ყურადღება ენიჭება.
კანის ჰიგიენა, უპირველეს ყოვლისა, მისი სისუფთავის დაცვასა და რეგულარულად მოვლას გულისხმობს. ამისათვის კანის წყლით დაბანაა საჭირო. წყლის მოქმედება შესაძლოა საპნისა და ღრუბლის მოქმედებით გააძლიეროთ. ამ უკანასკნელთა ზემოქმედებით (სრესითა და ხახუნით) კანის გარქოვანებული უჯრედები და დალექილი ჭუჭყი უფრო ადვილად ჩამოიფცქვნება, შესაბამისად, ადვილადვე იხსნება საოფლე და ქონის დაცობილი ჯირკვლები. რამდენადაც კანის გამონაყოფს ცხიმოვანი ბუნება აქვს, მისი ჩამობანა უმჯობესია ცხელი წყლით. ცხელი წყალი არა მარტო მექანიკურად ჩამორეცხავს არასასურველ ჭუჭყსა და გამონაყოფს კანიდან, არამედ აფართოებს კანის ფორებს და ხელს უწყობს კანის უკეთ გასუფთავებას.
ცივი წყალი სასარგებლოა შხაპისა და დაზელის სახით.
კანი წყლით დღეში ორჯერ უნდა გასუფთავდეს – დილას და საღამოს. ფორებში დაგროვებული მტვერი და მიკრობები ხელს უშლის ქონის გამოყოფას, აფერხებს კანის სუნთქვას, ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების შეწოვას. ამიტომაც კანის სისუფთავეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. თუ ნორმალური ან ცხიმიანი კანი გაქვთ, შეგიძლიათ, ჩვეულებრივი საპონი ან შხაპის გელი გამოიყენოთ. მშრალი კანის შემთხვევაში კი – ბავშვის საპნის გამოყენებაა რეკომენდებული (საპონი რბილია, არ შეიცავს ტუტეს და სხვა გამაღიზიანებელ კომპონენტებს). გარდა ამისა, აუცილებელია დამატენიანებელი კრემებისა და ზეთების შეზელა. საპნისა თუ გელის შერჩევისას სიფრთხილე, დაკვირვება და ყურადღებაა საჭირო. დასაბანი თუ სხვა კოსმეტიკური საშუალებები ხშირად აღიზიანებენ კანს, მის სიმშრალესა და აქერცვლას იწვევენ. ამიტომაც შხაპის ყოველდღიურად მიღებისას საკმარისია, საპონი მხოლოდ იღლიის ფოსოების, სასქესო ორგანოთა და ტერფების დასაბანად გამოიყენოთ, სხეულის სხვა ნაწილების კანის დასაბანად მხოლოდ თბილი წყლის გადავლებაც კმარა.
არ მოწიოთ!
მოწევა მავნებელია კანისათვის, აჭკნობს და აბერებს მას!
ცნობილია, რომ ნიკოტინი დამღუპველად მოქმედებს ადამიანის კანზე. საქმე ის გახლავთ, რომ თამბაქოს კვამლში შემავალ ნივთიერებებს ვაზოკონსტრიქტორული ეფექტი ახასიათებს – მათი ზემოქმედება წვრილი სისხლძარღვების სპაზმსა და შევიწროებას იწვევს. ამის შედეგად ქსოვილების სისხლით მომარაგება ირღვევა და უჯრედები საკვები ნივთიერებების დეფიციტს განიცდის. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ იმ ადამიანთა ორგანიზმი, რომლებიც დღეში 5 ღერ სიგარეტს მაინც ეწევიან, გამუდმებით განიცდის ჟანგბადოვან შიმშილს, რაც, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლის პროცესზე. ორი წლის განმავლობაში რეგულარულად მოწევა საკმარისია იმისათვის, რომ კანის მხრივ ცვლილებები ხილული გახდეს. კოსმეტოლოგები ამ პროცესს თამბაქოსეულ ტრანსფორმაციას უწოდებენ. ეპიდერმისი (კანის ზედაპირული, ეპითელური შრე), რომელიც მუდმივად განიცდის სისხლის მიმოქცევის დეფიციტს, ფერს კარგავს და ჭკნება, ეცვლება ტექსტურა და სიმკვრივე. ერთი სიტყვით, იძენს პათოლოგიურ ნიშანთა კომპლექსს, რომელსაც კოსმეტოლოგები „მწეველთა კანს“ უწოდებენ.
მრავალრიცხოვანმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ თამბაქოში შემავალი მავნე ნივთიერებები ერთგვარი გამშვები მექანიზმის როლს ასრულებს ცილა კოლაგენის დამშლელი ფერმენტებისათვის, კოლაგენის რღვევას კი ძალზე უსიამოვნო შედეგები მოსდევს: კანი სიმკვრივეს კარგავს, დუნდება, ნაოჭდება და ნაადრევად ბერდება.
ფეხების ჰიგიენა
ფეხების ჰიგიენა მათი სისუფთავის უზრუნველყოფას, სათანადო მოვლასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას გულისხმობს. ფეხები ზამთარ-ზაფხულ აუცილებლად უნდა დაიბანოთ დღეში ორჯერ მაინც, ზაფხულობით, ღია ფეხსაცმლის ტარებისა და შესაბამისად, გაჭუჭყიანების გამო – მეტჯერაც.
გახსოვდეთ, რაც უფრო ხშირად დაიბანთ ფეხებს დღის განმავლობაში, მით უფრო სუფთა და ჯანმრთელი გექნებათ, შესაბამისად, მთელი ორგანიზმიც – გაკაჟებული!
დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხების სწორად დაბანას. საპნის წასმის შემდეგ ტერფების ყველა ნაწილი, განსაკუთრებით თითებშუა სივრცეები, ინტენსიურად უნდა გაისრისოთ. ზომიერი ზეწოლით მასირება ტერფების ერთგვარი მასაჟია და განსაკუთრებით რეკომენდებულია ასთენიური ტიპის ადამიანებისათვის. ფეხების დაბანის პროცესში საპნის წასმისა და ხანმოკლე მასირების შემდეგ ქუსლების არე პემზის ქვით ან ტერფებისათვის განკუთვნილი სპეციალური ჯაგრისით უნდა დაიმუშაოთ გარქოვანებული კანის აქერცვლა-ჩამოფცქვნისათვის. დაბანის შემდეგ ფეხები კარგად უნდა გაიმშრალოთ, განსაკუთრებით – თითებს შორის სივრცეები. დარჩენილი სისველე მავნე მიკროორგანიზმების გამრავლებას, კანის ტროფიკის მოშლასა და დაზიანებას იწვევს.
თუ სხვადასხვა მიზეზით ფეხები დიდი ხნის განმავლობაში არ დაგიმუშავებიათ და კანი ტერფების ზოგიერთ ნაწილში განსაკუთრებულად გარქოვანებული გაქვთ, აუცილებელია ფეხების დალბობა ცხელ, სოდიან წყალში. ფეხებისათვის განკუთვნილი ცხელი აბაზანა ამ დროს სასიამოვნოზე ოდნავ მეტი ტემპერატურისა უნდა იყოს. ერთ ლიტრ წყალზე ორი ჩაის კოვზი სოდა უნდა დაამატოთ.
თმის ჰიგიენა
თმის ჰიგიენა მოვლის, სწორად დავარცხნისა და დაბანის წესებს მოიცავს
დაბანა
თმის მოვლის მთავარი პირობა დაბანაა. სპეციალისტები დიდი ხნის განმავლობაში კამათობდნენ იმაზე, რა სიხშირითაა სასურველი თმის დაბანა; ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს ვადა ინდივიდუალურია და თითოეულ შემთხვევაში, თმის ტიპის მიხედვით, მის გაჭუჭყიანებაზეა დამოკიდებული. გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება თმის სიგრძეს, სისქეს, სამუშაო გარემოსა და წელიწადის დროსაც.
დადგენილია, რომ წყლის ხშირი ზემოქმედება თმას აშრობს, ამიტომაც თავის ყოველდღე დაბანა არ არის სასურველი. თმის ღერების ელასტიკურობა, პეწი და სიჯანსაღე დიდწილად დამოკიდებულია ცხიმის ფენაზე, რომელსაც თავის კანის ცხიმოვანი ჯირკვლები გამოყოფს. ვარცხნისას თმის ღერები სწორედ ამ ჯირკვლების გამონაყოფით იპოხება. საპოხი თმას მზის სხივების, ქარისა და სხვა მავნე ფაქტორთა ზემოქმედებისაგან იცავს. ხშირი დაბანა ქონის ჯირკვლებს ფიტავს, რაც თმის ღერების სტრუქტურასა და სხვა თავისებურებებზეც აისახება. ასე რომ, უკეთესი იქნება, თავი 3-5 დღეში ერთხელ დაიბანოთ.
მთავარია თმის სწორად და ხარისხიანად დაბანა!
თმის დაბანა თურმე ადუღებული წყლითაა რეკომენდებული. დარბილების მიზნით წყალს სოდა, ნიშადურის სპირტი, გლიცერინი, ძმარი ან ბურახი შეგიძლიათ დაუმატოთ. ქლორიანი და მარილიანი (ზღვის) წყალი აუხეშებს თმას. თურმე ძალიან ცხელი წყლით თავის დაბანა ასევე არასასურველია; ჯერ ერთი, ცხელი წყალი ააქტივებს ქონის ჯირკვლებს და შესაბამისად, შესაძლოა თმამ მეტი ცხიმოვნება შეიძინოს, მეორეც, შამპუნში შემავალი საპონი ერთგვარად „იხარშება“, ილექება თმაზე ნადების სახით და ძნელად ჩამოიბანება (ივლება). რაც უფრო ცხიმიანია თმა, მით მეტად სასურველია მისი გრილი წყლით დაბანა. ყველაზე კარგია, თუ დაბანისა და კარგად გავლების შემდეგ თმაზე ცივ წყალს გადაივლებთ. თმას განსაკუთრებულ ბზინვარებასა და პეწს ანიჭებს მჟავე (მაგალითად, ძმრიანი ან ლიმონისწვენიანი) ხსნარის გადავლება.
ყურადღება მიაქციეთ და გარკვეული დრო დაუთმეთ თმის ძირების სრესასა და ე.წ. თავის მასაჟს. ეს უკანასკნელი აუმჯობესებს თავის კანის სისხლის მიმოქცევას, ეხმარება თმის ძირების სრულფასოვან „კვებასა და ნერვულ ტროფიკას“, ამიტომაც თვითმასაჟს არა მხოლოდ დაბანისას, სხვა დროსაც მიმართეთ.
დიდი მნიშვნელობა აქვს თმის გაშრობის მეთოდიკასაც. უმჯობესია თმა თბილი პირსახოცით შეიმშრალოთ, შემდეგ კი სრულად ჰაერზე, ბუნებრივად გაიშროთ. ფენის გამოყენებას არ გირჩევთ, რადგან ის თმას აშრობს და არღვევს მის სტრუქტურას.
დავარცხნა
თმა მეტად ჰიგროსკოპულია. წყლით დამძიმებული ღერები დავარცხნისას ადვილად ზიანდება და წყდება. ამიტომაც სველი თმის დავარცხნა ძალის გამოყენებით ყოვლად დაუშვებელია. სასურველია, პროცედურა რამდენადმე გამშრალებულ თმაზე, ფაშარი კბილების მქონე სავარცხლით ნაზად ჩაატაროთ. თმა დღის განმავლობაში, სულ მცირე, ორჯერ მაინც უნდა დაივარცხნოთ. ძილის წინ 4-5 წუთის განმავლობაში თმა ყველა მიმართულებით ივარცხნეთ. საამისოდ აჯობებს დრეკადი და მეჩხერკბილება სავარცხლის გამოყენება. თუ სქელი და ხვეული თმა გაქვთ, ნელა, თმის ძირებიდან კიდეების მიმართულებით დაივარცხნეთ. ეს პროცედურა თმის ბოლქვების სტიმულაციას ახდენს, აუმჯობესებს თავის კანის საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციას და ნერვულ სისტემასაც ამშვიდებს.
ძალზე სასარგებლოა თმის ძირების რეგულარული მასაჟი: ორივე ხელის თითები წრიული მოძრაობებით გადაიტარეთ თხემის წილებიდან კეფის მიმართულებით, ისე, რომ ბალიშები თავის კანს მაქსიმალურად ებჯინებოდეს. რეგულარული და სწორად ჩატარებული მასაჟი აუმჯობესებს თავის კანის სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს თმის ზრდას, ააქტიურებს ცხიმოვან და საოფლე ჯირკვლებს, ამაგრებს და ელასტიკურს ხდის თმის ღერებს.