სიტყვების გარეშე

ასე ყალიბდება დედა-შვილის ის ურთიერთგაგება, რომლის შენარჩუნება ბავშვის დაბადების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვილისა და გარესამყაროს ურთიერთობაში გადამწყვეტი როლი დედას ეკუთვნის. ის შვილს ესაუბრება ჟესტების, მიმიკის, მოძრაობების ენით. ცნობილია, რომ ჩვილის სიგნალებს დედები უფრო უკეთ აღიქვამენ, ვიდრე მამები. სწორედ ამის გამო ფსიქოლოგების დიდი ნაწილი თვლის, რომ მოლაპარაკებებს ქალები უკეთ აწარმოებენ, ვიდრე მამაკაცები.
ჟესტების დაბადება
ნებისმიერმა მშობელმა იცის, რომ პატარა ბავშვი, რომელსაც ენა ჯერ არ ამოუდგამს, მიმიკით, ჟესტებით, მზერითა და ბგერებით გვატყობინებს თავის სურვილებსა და მისწრაფებებს. ამ ჟესტების უმრავლესობა თანდაყოლილია, მათ ბავშვი სულაც არ სწავლობს. მაგალითად, მრავალ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ისეთი გავრცელებული ჟესტი, როგორიც არის თავის გაქნევა უარყოფის ნიშნად, ჩვილის დანაყრებასა და საკვებზე უარის თქმას უკავშირდება. როცა პაწაწინა დანაყრდება, სწორედ თავის ქნევით ამბობს უარს ჭამაზე. ასევე ცდილობენ უფრო მოზრდილი ბავშვები, დაუსხლტნენ კოვზს, რომლითაც დედა მათ საკვებს აწვდის. ცნობილია, რომ ყველა პატარას ჟესტების გაჩენის მსგავსი თანამიმდევრობა აქვს და ეს ჟესტები, ჩვეულებრივ, 1-დან 3 თვემდე ჩნდება. თავდაპირველად მშიერი ჩვილი "სწავლობს" თავის მოძრაობას ღია პირით, რაც ძუძუს ძებნისას მეორდება, დაბადებიდან 3 კვირის შემდეგ კი პირველად "იღიმება". 2-4 თვის ასაკში ჩვილი დედის ხმის გაგონებისას გამოცოცხლების კომპლექსის დემონსტრირებას ახდენს - იცინის, ღუღუნებს, ხელ-ფეხს იქნევს... გამოცოცხლების კომპლექსის გაჩენა იმდენად მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ბავშვის ფსიქიკის ფორმირებსა, რომ მისი არარსებობა ექიმების ყურადღებას მოითხოვს. 5-7 თვისთვის პატარებს უჩნდებათ ჟესტები, რომლებიც მათთვის არავის უსწავლებია. როცა პატარა უკმაყოფილო და გაღიზიანებულია, ხელებს იქნევს, ხოლო მუშტების მსუბუქი დარტყმა მუხლებზე და ხალისიანი ღიმილი სიხარულის გამოხატულებაა. ამავე ასაკში ავლენს პატარა ირგვლივ მყოფებზე ზემოქმედების პირველ ჟესტებს - იწვდის ხელს, როცა რაიმე სურს, ორივე ხელს მაღლა სწევს, რათა ხელში აგაყვანინოთ თავი, ხელს იქნევს, რათა ყურადღება მიიპყროს... 6-9 თვის ასაკში თხოვნას ბავშვი გაწვდილი საჩვენებელი თითით გამოხატავს, ხოლო რაც არ მოსწონს, ხელის აქნევით იცილებს. უფრო მრავალფეროვანი ხდება მეთოდი, რომლითაც პატარა ყურადღებას იპყრობს. მაგალითად, ბავშვი მანეჟიდან დემონსტრაციულად ყრის სათამაშოებს, რათა მას ვინმე მიუახლოვდეს და დაელაპარაკოს. თუ ამ ასაკის პაწაწინა ადამიანს კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ის თითქოს პირში გიყურებთ. ამ ასაკში ბავშვზე გავლენას ახდენს არა ის, რასაც ამბობთ, არამედ კილო, რომლითაც ამ სიტყვებს წარმოთქვამთ. ბავშვისთვის ამ ასაკში გადამწყვეტი მნიშვნელობა ინტონაციას აქვს. ფსიქოლოგებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც ცხრა თვის ბავშვები და მათი მშობლები მონაწილეობდნენ. დედა ბავშვს საალერსო სიტყვებს თავდაპირველად ღიმილითა და თბილი ინტონაციით ეუბნებოდა, შემდეგ კი - გულგრილად, ემოციისა და ალერსის გარეშე. პირველ შემთხვევაში პატარა დედის სიტყვებზე ღიმილით, სიხარულით რეაგირებდა, ხოლო მეორე შემთხვევაში მალე მოუსვენრობას იწყებდა, ზოგჯერ კიდეც ტიროდა. ბოლოს დედა იმავე სიტყვებს მკაცრი და გაბრაზებული კილოთი ამბობდა. ბავშვიც, რა თქმა უნდა, ჟესტებსა და კილოზე რეაგირებდა და არა სიტყვების შინაარსზე.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ისწავლეთ, დედებო!
მიმიკა სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე ბავშვთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენი სახის მიმიკა შეესაბამებოდეს იმ ემოციას, რომლის გადაცემაც ბავშვისთვის გსურთ. მშობელს თავადაც უნდა შეეძლოს შვილის სახეზე არსებული გამომეტყველების წაკითხვა. სახისა და თვალების გამომეტყველებას შეუძლია ბევრი რამ გვითხრას ბავშვის მდგომარეობაზე. არ შეიძლება, სათანადოდ არ დავაფასოთ იმ პირველი მზერის მნიშვნელობა, რომელსაც ერთმანეთს მიაპყრობენ დედა და შვილი ან ბავშვი და უცხო მოზრდილი. ეს რიტუალური პირველი მზერა ხშირად განსაზღვრავს პიროვნებასთან ბავშვის შემდგომ ურთიერთობას. გულწრფელი, კეთილგანწყობილი ადამიანის თვალები სითბოსა და სიხარულს ასხივებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი (სხვათა შორის, მოზრდილი ადამიანიც!) თავს იგნორირებულად გრძნობს და კონტაქტის სურვილიც ქრება. საყოველთაოდ არის აღიარებული, რომ თანამოსაუბრისთვის თვალებში ცქერა წარმატებული დიალოგის ერთ-ერთი საწინდარია. თუმცა საჭირო მზერის გამომუშავებას დრო და გარკვეული ჩვევები სჭირდება. მშობლების დიდი ნაწილი სამართლიანად მიიჩნევს, რომ მტკიცე მზერას ჰიპნოზისმაგვარი ძალა აქვს. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მტკიცე მზერა სულაც არ არის გაყინული მზერა. ეს უკანასკნელი მოზრდილ ადამიანს განიზიდავს, ხოლო ბავშვს უბრალოდ აშინებს. ყოველთვის არის თუ არა აუცილებელი ბავშვთან ურთიერთობისას მხედველობითი კონტაქტი? მოზრდილებს ხშირად ჰგონიათ, რომ პირდაპირ მზერას შეუძლია ადამიანს ერთგვარი უხერხულობა შეუქმნას. განსაკუთრებით ისეთ ადამიანს, რომელსაც არცთუ უზადო გარეგნობა აქვს. მსგავს შემთხვევებში ბევრი "დიპლომატიურად" იცქირება განზე და ბავშვებსაც იმავეს ასწავლის. თუმცა, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, მსგავსი ქცევა ტაქტიანობა კი არ არის, არამედ საკუთარი უხერხულობის დაფარვის მცდელობაა. ბავშვი, რომელსაც რაიმე დეფექტი აქვს, სწორედ იმას განიცდის, რომ ახლობლებს არასოდეს ავიწყდებათ მისი "განსხვავებულობა". პირდაპირი, კეთილგანწყობილი მზერა ასეთ პატარასთან კონტაქტს მხოლოდ აუმჯობესებს.