რაზე მეტყველებს ბავშვის ნახატი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რაზე მეტყველებს ბავშვის ნახატი

ნათესაური კავშირები

ამ ტესტის შესასრულებლად პატარას დასჭირდება თეთრი ფურცელი და ფერადი ფანქრები. უმჯობესია, თუ ბავშვს დავალებას მისცემს სხვა - თქვენი მეგობარი, მეზობელი თუ მასწავლებელი. თქვენმა არჩეულმა ადამიანმა ბავშვს უნდა სთხოვოს, დახატოს დედა, მამა, ბებია, ბაბუა ისე, რომ უფროსები რამეს აკეთებდნენ. ტესტი აჩვენებს, როგორ წარმოუდგენია ბავშვს საკუთარი თავი საოჯახო ურთიერთობებში.

გაშიფვრა: სანამ ბავშვი ხატავს, მიაქციეთ ყურადღება მოქმედებათა თანმიმდევრობას. ყველაზე მნიშვნელოვან პიროვნებას ბავშვი პირველად დახატავს. ხდება ხოლმე, რომ პირველად ბავშვები საკუთარ თავს ხატავენ. ეს ნორმალურია. დააკვირდით, ვის დახატავს ამის შემდეგ. თუ ბავშვმა მთელი ოჯახი დახატა, ესე იგი, ოჯახში ყველაფერი რიგზეა. თუ ოჯახის ყველა წევრი ხელიხელჩაკიდებული დგას, ეს ორმაგად სასიხარულოა - ეს ნიშნავს, რომ ოჯახი მტკიცეა და იქ სრული ურთიერთგაგება სუფევს. თუ ადამიანები ერთმანეთისგან შორიშორს არიან დახატულნი, იქვე გამოსახულია გაზეთი, გაზქურა, საუთოო მაგიდა, ტელევიზორი და სხვა საოჯახო ნივთები, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ოჯახში საკმარისი ურთიერთგაგება არ არის.

სინამდვილეში შესაძლოა ასე არც იყოს, მაგრამ ბავშვის წარმოდგენით ვითარება სწორედ ასეთია. იმ ადამიანს, ვინც პატარას ცხოვრებაში დიდ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ბავშვი, როგორც წესი, დიდხანს და გულმოდგინედ ხატავს, ისეთი დეტალებიც კი არ ავიწყდება, როგორებიცაა ღილები ან თმის სამაგრები. “მეორეხარისხოვან” პიროვნებებს შეიძლება აკლდეთ ხელი ან ფეხი, ცხვირი, ყურები. ასეთი ფიგურები, ჩვეულებრივ, ზერელედ არის გაფერადებული. ყურადღება მიაქციეთ “მხატვრის” ფიგურას. ის სხვებზე დიდია თუ სხვების თანასწორი? შესაძლებელია, ბავშვი მშობლების სიყვარულში ეჯიბრებოდეს დას ან ძმას. თუ ის სხვებთან შედარებით პატარაა, შესაძლოა აკლდეს მზრუნველობა ან ყურადღება. თუ ბავშვმა არ დახატა საკუთარი თავი ან მხოლოდ თავისი თავი დახატა, შესაძლოა თავს მარტოსულად გრძნობდეს. იგივე შეიძლება ვიფიქროთ, თუ ბავშვმა საკუთარი თავი სხვებისგან მოშორებით დახატა. ყურადღებით შეისწავლეთ ნახატის სიმბოლოები. თუ ბავშვმა დახატა ტალახი, ეს შინაგანი შფოთვის მანიშნებელია. წყალი, ყინული, წვიმა, ვარსკვლავები დეპრესიულ განწყობილებას გამოხატავს. საწოლი, გალია (ასოცირდება ტყვეობასთან), თოფი, რევოლვერი, ტყვიები, დანა და სხვა სასროლი ან მჭრელი საგნები აგრესიულობისა და სიფიცხის მანიშნებელია.

ვხატავთ ცხოველებს

ეს ტესტი ბავშვის პიროვნული თვისებების ამოცნობაში დაგეხმარებათ. ამით თქვენს პირმშოზე ბევრ რამეს გაიგებთ: განვითარებულია თუ არა მასში შემოქმედებითი საწყისი, აქვს თუ არა აგრესიული დამოკიდებულება გარშემო მყოფების მიმართ, ხომ არ აშფოთებს რამე და ა.შ. ტესტი შეიძლება გამოიყენოთ პატარებთანაც და მოზარდებთანაც, თუმცა არსებობს გარკვეული განსხვავება შედეგების ინტერპრეტაციისას (ეს დამოკიდებულია ტესტირებული ბავშვის ასაკზე). განვიხილოთ ტესტირების პროცესი.

დაგჭირდებათ თეთრი ფურცელი, უბრალო და ფერადი ფანქრები. დავალება ასეთია: ბავშვმა უნდა დახატოს არარსებული ცხოველი და დაარქვას მას სახელი. გააფრთხილეთ, რომ არ შეიძლება მულტიპლიკაციური ფილმების ან ზღაპრული გმირების დახატვა - ისინი ხომ უკვე სხვამ გამოიგონა.

გაშიფვრა: მიაქციეთ ყურადღება, როგორ არის განლაგებული ნახატი. ნორმაა, როცა ნახატი ცენტრშია განთავსებული. თუ ნახატი ფურცლის ზედა კიდესთანაა მიახლოებული, ეს “მხატვრის” მაღალ თვითშეფასებაზე მიუთითებს. შესაძლოა, იგი აზვიადებს საკუთარ შესაძლებლობებს. ძალიან პატარა გამოსახულება ქვედა კიდესთან საკუთარი თავის რწმენის ნაკლებობაზე მეტყველებს. ასეთი ადამიანი დათრგუნულია და გაუბედავი. თუ ცხოველის თავი ან ფიგურის ცენტრალური ნაწილი მარჯვნივ არის შებრუნებული, ბავშვი ენერგიული და მიზანსწრაფულია. თუ ფიგურა ან თავი მარცხნივ არის მიბრუნებული - მაშინ პასიური და გაუბედავია. თუ ცხოველის თავი ანფასშია, ბავშვში ეგოიზმი ჭარბობს, დიდი ყურები ცნობისმოყვარეობას ამხელს, ღია პირი ლაპარაკის სიყვარულზე მეტყველებს, მრგვალი პირი შფოთვას, შიშს გამოხატავს. კბილებს ფსიქოლოგები ზედმეტი აგრესიულობის გამომხატველ სიმბოლოდ მიიჩნევენ. იმავეს თქმა შეიძლება რქებზე, ბრჭყალებზე, ეკლებსა და სხვა მჩხვლეტ თუ ბასრ ელემენტებზე.

განვაგრძოთ ნახატის გამოკვლევა. მიაქციეთ ყურადღება ფიგურის სიმტკიცესა და მდგრადობას. თუ ცხოველი მტკიცედ დგას ფეხზე, ეს თავდაჯერებულობის ნიშანია (რა თქმა უნდა, ბავშვისა და არა ცხოველის), თუ ჰაერშია გამოკიდებული - თვითრწმენის ნაკლებობის, ზედაპირულობისა და ფუქსავატობის. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ფიგურის შემავსებელი დეტალებიც. ფუნქციური ელემენტები, მაგალითად, ექვსი ფეხი, იმისთვის, რომ “ცხოველი” უფრო ძლიერი ყოფილიყო ან უფრო სწრაფად ერბინა, პატარა მხატვარს მრავლად შეუძლია მოიფიქროს. თუ მან ცხოველი ბაფთებითა და ბუმბულებით მორთო, ეს იმას მიანიშნებს, რომ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ორიგინალური ელემენტების არსებობა ავტორის ინდივიდუალობას აღნიშნავს.

აუცილებლად ჰკითხეთ ბავშვს, რა დაარქვა თავის ცხოველს. თუ სახელს მებრძოლი და მკვეთრი ჟღერადობა აქვს, - მაგალითად, ტერმინოზავრი, - ეს ავტორის აღგზნებულობასა და აგრესიულობაზე მეტყველებს. თუ სახელი მოქმედებითი სახეობისაა, - მაგალითად, ხორციჭამია - ეს ლოგიკურ აზროვნებას მიუთითებს. განმეორებითი ელემენტები, მაგალითად, “კუსკუსა”, - ერთგვარი პასიურობის მანიშნებელია. გრძელი სახელი კი განვითარებულ ფანტაზიაზე მეტყველებს.

ზოგჯერ ბავშვებს უჭირთ ცხოველის გამოგონება, ამიტომ ხატავენ “ნამდვილს”, ბუნებაში არსებულს. სკოლამდელთათვის ეს ბუნებრივია (თუმცა, თუ ბავშვი საკმარისად არის განვითარებული, მას ცხოველის გამოგონების უნარიც შესწევს). ცუდია, როცა უფროსი ასაკის ბავშვები ვერ ახერხებენ ცხოველის გამოგონებას. ეს მათ ღარიბ წარმოსახვაზე ან შფოთვაზე მეტყველებს. მშფოთვარე ადამიანს, როგორც წესი, აბნევს გაურკვეველი ამოცანა. მისთვის არაფერია იმაზე უარესი, როცა სთხოვენ, წავიდეს იქ, არ ვიცი სად, მოიტანოს ის, არ ვიცი რა - მას შეცდომის ეშინია. იგივე ითქმის ტესტზეც: “რეალური” ცხოველის ხატვისას იგი მეტ თავდაჯერებას გრძნობს.

ხშირად ბავშვები გადაშენებულ ცხოველებს, მაგალითად, დინოზავრებს ან ზღაპრულ, მითურ არსებებს ხატავენ. ასე, უმეტესად, უმცროსი სასკოლო ასაკის - 8-10 წლის ბავშვები იქცევიან. პრინციპში ესეც ნორმად შეიძლება ჩაითვალოს.

თუ დინოზავრი მოზარდმა დახატა, ეს მის განუვითარებელ წარმოსახვასა და დაბალ განათლებაზე მეტყველებს.

ბავშვები, განურჩევლად ასაკისა, ჩვეულებრივ, ხატავენ ცხოველს, რომელიც არ არის ბუნებაში არსებულის სრული ასლი, თუმცა მეტ-ნაკლებად რომელიმეს ჰგავს. ცხოველს აქვს თავი, ტანი, კუდი, თათები, ფრთები... ამასთან, ყველა პროპორცია დაცულია, ცალკეული ელემენტებიც თავ-თავის ადგილზეა: თვალები თავზეა და არა ფრთებზე, “ხელ-ფეხი” ტანზეა და არა ყურების ან თმის ადგილას და ა.შ. არავითარ შემთხვევაში არ უსაყვედუროთ ბავშვს ფანტაზიის უქონლობა.

“ორი სახლი”

თუ წინა ტესტი შვილის ხასიათის ამოცნობაში დაგეხმარათ, ამ ტესტის მეშვეობით გაარკვევთ, როგორი დამოკიდებულება აქვს ბავშვს მშობლების, ახლო ნათესავების, მეგობრების, პედაგოგების მიმართ. ტესტი უმჯობესია 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებს ჩაუტაროთ, თუმცა უფრო დიდებისთვისაც შეიძლება. დაგჭირდებათ თეთრი ქაღალდის ფურცელი, წითელი და შავი ფანქრები, საწერი კალამი. პროცესის დაწყებამდე სასურველია ესაუბროთ ბავშვს სახლზე, სადაც ის ცხოვრობს, მერე კი სთხოვეთ, ააშენოს “ლამაზი წითელი სახლი”. ამის თქმისას ფურცლის მარცხენა მხარეს წითელი ფანქრით დახატეთ შენობა და აღნიშნეთ მისი მომხიბვლელობა. შემდეგ თქვით: “მოდი, სახლში ადამიანები შევასახლოთ! მასში იცხოვრებ, უპირველეს ყოვლისა, შენ, ასევე ისინი, ვისთან ერთადაც მოისურვებ ცხოვრებას. ნუ გეშინია, ადგილი ყველას ეყოფა”.

როცა ბავშვი ბინადართა ჩამოთვლას დაიწყებს, თქვენ მათი სახელები სახლის ქვეშ ჩამოწერეთ. შემდეგ ფურცლის მარჯვენა მხარეს დახატეთ შავი სახლი, მაგრამ მის შესახებ ნურაფერს იტყვით, ნურც კარგს და ნურც ცუდს. ეს უბრალოდ სხვა სახლია. უთხარით ბავშვს: “ალბათ, ყველა ნაცნობს წითელ სახლში არ წაიყვან, მაგრამ დანარჩენებმაც ხომ უნდა იცხოვრონ სადმე... როგორ ფიქრობ, ვინ შეიძლება დაასახლო შავ სახლში?” ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ ბავშვი შავი სახლის ბინადრებს დაასახელებს.

ახლა შედეგები გაშიფრეთ: ის, ვისაც ბავშვი წითელ სახლში შეასახლებს, მისთვის ძვირფასი, საყვარელი და მნიშვნელოვანია. ზოგჯერ წითელ სახლში ბავშვი მარტო თვითონ “სახლდება”. ეს შემაშფოთებელი სიგნალია: შესაძლოა, გარემომცველ ადამიანებთან კონფლიქტი ჰქონდეს. ყურადღებით დააკვირდით, ვის “შეასახლებს” ბავშვი შავ სახლში. ეს ადამიანები ნაკლებად მნიშვნელოვანნი არიან მისთვის და შესაძლოა, ემოციურად უარყოფს კიდეც მათ. თუ შავი სახლის ბინადართა რაოდენობა მეტია, ესე იგი ბავშვი თავს არც ისე კომფორტულად გრძნობს. სასურველია, ფსიქოლოგთან გაიაროთ კონსულტაცია. იდეალურად ითვლება შემთხვევა, როცა შავი სახლი ცარიელი და დაუსახლებელი რჩება.

ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს!

ნახატების ტესტებად გამოყენება ადრეც ბევრ მეცნიერს უფიქრია, თუმცა მათი გამოყენება ერთ-ერთმა პირველმა XX საუკუნის ამერიკელმა ფსიქოლოგმა, ფლორენს გუდინავმა სცადა. სხვადასხვა ასაკის ბავშვების ნახატების ანალიზისას “მხატვრებს” შორის იყვნენ როგორც ჯანმრთელი, ისე ფსიქიკური გადახრების მქონე ბავშვები - ფსიქოლოგმა შექმნა ბავშვთა გონებრივი შესაძლებლობების შეფასების სკალა. ეს სკალა შემდგომ რამდენჯერმე გადამუშავდა. ნახატი ტესტები დღესაც ყველაზე ინფორმაციულ და ზუსტ ტესტებად მიიჩნევა. როცა ბავშვის ნახატის გაშიფვრას შეუდგებით, ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს (მაგალითად, თუ ცხოველს დიდი კბილები აქვს, “მხატვარს” მაშინვე აგრესიულად ნუ ჩათვლით). შეაფასეთ ნახატი კომპლექსურად. გახსოვდეთ, რომ ტესტი არ არის განაჩენი, ის მხოლოდ ინფორმაციაა ანალიზისთვის. თუ ტესტის შედეგებში შემაშფოთებელი სიგნალები აღმოაჩინეთ, კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ბავშვთა ფსიქოლოგს. ის შემოგთავაზებთ უფრო ზუსტ ტესტებს, გაესაუბრება ბავშვსა და მშობელს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანს ვერდიქტს.