ბავშვი და საჩუქარი
საჩუქრის შერჩევა და მისი ჩუქება არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ასეთი მარტივ რამეებსაც კი უნდა სწავლა, შესაბამისი ემოციების განცდა და ხანდახან შეცდომების დაშვება. ჩვენ მიერ შერჩეული თემა შედგება ორი ასპექტისაგან: პირველი და საკმაოდ საპასუხისმგებლო გახლავთ ბავშვის მიერ მეგობრისთვის საჩუქრის შერჩევა და მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ამ შერჩეული საჩუქრის მისთვის ჩუქება, გადაცემა.
როგორ შევარჩიოთ საჩუქარი
საჩუქრის შერჩევის პროცესს ართულებს ის მომენტი, რომ ბავშვმა უნდა ისწავლოს სხვა ადამიანზე ფიქრი. სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ახასიათებთ საკუთარი სურვილებით ხელმძღვანელობა, მაგალითად, თვითმფრინავზე მეოცნება ბავშვი დიდი სიამოვნებით აჩუქებს თვითმფრინავს ფეხბურთის მოყვარულ ბავშვს. ამიტომ, საჩუქრის შერჩევის პროცესი შეგიძლიათ აქციოთ ბავშვისთვის სასარგებლო სიტუაციად, ჩაერთოთ ამ პროცესში და კითხვებით მიიყვანოთ ბავშვი იქამდე, რომ თავად მიხვდეს, რომ უმჯობესია მეგობარს აჩუქოს ის, რაც მას უყვარს და სიამოვნებს, ან, შესაძლოა, სჭირდება. ამ პროცესის სარგებელი ისაა, რომ ბავშვი სწავლობს თავისი და სხვისი სურვილების გამიჯვნას, სხვაზე ფიქრს და ზრუნვას, სხვისთვის სიამოვნების მინიჭებას. ეს ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია.
როგორ ვასწავლოთ სკოლამდელი ასაკის ბავშვს საჩუქრის გაჩუქება
საჩუქრის სხვისთვის მიცემა ბავშვისთვის ადვილი არ არის. მოზრდილი ბავშვისთვის ნამდვილად სასიამოვნო და საამაყოა ლამაზად შეფუთული საჩუქრის თავისი ხელით მიტანა და იუბილარისთვის ჩუქება, თუმცა 3-5 წლის ბავშვი ასე ნამდვილად არ ფიქრობს. მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, თუ საჩუქარი უფროსის მიერ არის ნაყიდი. თუ ბავშვი თავად არჩევს საჩუქარს, ის უკვე უშვებს და იაზრებს იმ ფაქტს, რომ ეს საჩუქარი მან აურჩია და უნდა აჩუქოს. ლამაზად შეფუთული საჩუქარი კი, რომელსაც დედა მიუტანს, მისცემს და ეტყვის, რომ სხვას უნდა აჩუქოს, აუცილებლად ააღელვებს.
- ასე რომ, პირველი ნაბიჯი მსგავსი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად ის არის, რომ ბავშვმა საჩუქარი თავად უნდა შეურჩიოს, ან მშობელი დაეხმაროს. ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ, როდესაც ბავშვს არ უნდა საჩუქრის სხვისთვის მიცემა, მშობლები შეარცხვენენ ხოლმე, მაგალითად, ასეთი ფრაზით: „ძუნწი ხომ არ ხარ“, ან ჰპირდებიან, რომ მასაც მსგავსს უყიდიან, თუმცა, ეს გამოსავალი არ არის და სასურველ შედეგს არ იძლევა. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენმა სტრატეგიამ გაჭრა და ბავშვმა გაითავისა, რომ საჩუქარი უმტკივნეულოდ უნდა გადასცეს იუბილარს, თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე. მშობელი უნდა დაუჯდეს და აუხსნას ბავშვს, რომ მისთვის გასაგებია მისი გრძნობები, სურვილები და რომ მას შეუძლია აირჩიოს ორიდან ერთი ვარიანტი, ან დაიტოვოს საჩუქარი თავად და დარჩეს სახლში, ან წავიდეს წვეულებაზე და თავად გადასცეს იუბილარს საჩუქარი.
- შეიძლება მოხდეს ისეც,რომ უკვე წვეულებაზე მისულმა ბავშვმა განაცხადოს უარი საჩუქრის მიცემაზე, რა უნდა ქნას ამ დროს მშობელმა? ნუ აჩქარდებით და ნუ ეცდებით ოთახში შესვლას, მოიცადეთ ცოტა ხანი კორიდორში, ნურავის მიაქცევთ ყურადღებას, სამაგიეროდ, თავიდან აიცილებთ ბავშვის ცრემლებს და ისტერიკებს. თქვენს შვილს ექნება დრო, დააკვირდეს ლამაზად ჩაცმულ ბავშვებს, რომლებიც საჩუქრებით შედიან ოთახში. დაიწყება თამაში, გართობა და დიდი ალბათობით თქვენს შვილსაც მოუნდება ბავშვებთან თამაში. სწორედ ეს სურვილი აიძულებს მას გადალახოს საჩუქრის დატოვების სურვილი და დიდი სიამოვნებით გადასცემს იუბილარს გართობისა და ტორტის ნაჭრის სანაცვლოდ. ამ დროს აუცილებლად აგრძნობინეთ ბავშვს, რომ გესმით, მისთვის როგორი რთული იყო საჩუქართან განშორება, მაგრამ როგორი ყოჩაღია, რომ საბოლოოდ ასე გადაწყვიტა.
ძნელია ბავშვი მართლა რაიმეთი გააოცო როცა ნაირნაირი სათამაშო, გასართობი იყიდე, თუმცა, არსებობს 22 ცხოვრებისეული საჩუქარი, რომლებსაც ვერანაირი თანხით ვერ იყიდით, მაგრამ ბავშვები მათ მთელი ცხოვრება გულით ატარებენ.
1. რწმენა და მათი ძალა. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს, რომ მისთვის საყვარელ ადამიანს მისი სჯერა. აგრძნობინეთ შვილს, რომ გწამთ მისი, მისი შესაძლებლობების. მხოლოდ თქვენი ერთი სიტყვა აქცევს ბავშვს გენიოსად.
2. სიყვარული, მთელი მისი გამოვლინებით. ჩახუტება, კოცნა, სასიყვარულო სიტყვების თქმა, ეს ყველაფერი აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი შვილი 30 წლისაა.
3. საოჯახო ვახშამი. ოჯახის გაერთიანების წუთები ბავშვებს მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ. ეს მშვენიერი ტრადიციაა, რომელიც შეგარიგებთ ერთმანეთთან, გაგაერთიანებთ, გაგაძლიერებთ.
4. სიხარული. გიხაროდეთ ცხოვრება და თქვენი შვილის არსებობა. ნუ მოგერიდებათ საკუთარი გრძნობების გამოხატვის. ბავშვთან ერთად გაერთეთ, იმაიმუნეთ.
5. ძლიერი და მთლიანი ოჯახი. ეცადეთ შეინარჩუნოთ ოჯახი, კარგი დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. ბავშვისთვის ეს ფუნდამენტია, დასაყრდენი, რაც მთელი ცხოვრება გამოადგება.
6. თავისი დრო. ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რასაც ბავშვი მთელი ცხოვრება სათუთად შეინახავს. განსაკუთრებით, თანამედროვე ბავშვებს სჭირდებათ მშობლებთან ურთიერთობა. ხშირად მოეხვიეთ, ერთად გაისეირნეთ, ეთამაშეთ, ძილის წინ დაელაპარაკეთ.
7. ყურადღება. კიდევ ერთი საჩუქარი, რომელიც კატასტროფულად აკლიათ ბავშვებს. აგრეთვე სიკეთეც. ის ხშირად შეხვდება ცხოვრებაში უხეშობას, ამიტომ, პატარაობიდანვე დაანახვეთ, ასწავლეთ სიკეთის კეთება.
8. დაფასება. ასწავლეთ ბავშვს დააფასოს ის, რაც მას აქვს, მაგრამ მუდამ ცდილობდეს უკეთესისკენ სვლას.
9. ინტერესი. სამყაროსადმი ინტერესი ბავშვს მუდამ აქვს. გაუფრთხილდით ამას. ნუ აუკრძალავთ: „არ შეიძლება! ნუ მიშლი ხელს! რამდენს მეკითხები?!“ – ამოიღეთ ხმარებიდან ეს სიტყვები.
10. გადაწყვეტილების მიღება. დაეხმარეთ ბავშვს იყოს მეტად გაბედული, თამამი. მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ეს მომავალშიც გამოადგება.
11. ჩარჩოები. ბავშვმა უნდა იცოდეს, რა შეიძლება და რა – არა. ეცადეთ, არ იყოთ ზედმეტად მკაცრი და არც ყველაფრის უფლება დართოთ.
12. თავისუფლება. მიეცით ბავშვს უფლება, ისწავლოს თავის შეცდომებზე. დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, ისწავლოს არჩევანის გაკეთება.
13. შექება. ბავშვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლის შექება. ეს კიდევ უფრო მეტისა და კარგის გაკეთების სურვილს გაუჩენს.
14. სიყვარული შემოქმედებისადმი. ბავშვმა უნდა შექმნას, ჰქონდეს საშუალება გამოხატოს თავისი ნიჭი შემოქმედებაში. ჩაერთეთ და გაერთეთ ბავშვთან ერთად. შემოქმედებითი საქმიანობა სილამაზის აღქმაში დაეხმარება.
15. გულკეთილობა. პირად მაგალითზე აჩვენეთ, რომ სხვას უნდა გაუყოს, დაეხმაროს. ხელგაშლილობამ სიამოვნება უნდა მიანიჭოს.
16. სულიერება. ასწავლეთ ბავშვს, იზრუნოს არამარტო სხეულზე, სულის კეთილდღეობაზეც.
17. სიმართლე. იყავით მართალი ბავშვის მიმართ, ასე ასწავლით, რომ თქვენ მიმართაც სამართლიანი იყოს. გარდა ამისა, ასე მიახვედრებთ, რომ შეიძლება თქვენი იმედი ჰქონდეს, თქვენ გვერდით თავი დაცულად იგრძნოს.
18. იმედი. იმედი გადაარჩენს რთულ სიტუაციაში. გაამხნევებს და ძალით აავსებს.
19. სიყვარული ცოდნისადმი. შეაგულიანეთ ბავშვი, რომ ახალ-ახალი საგანი შეისწავლოს.
20. ოპტიმიზმი. ეს არის ის, რაც დაეხმარება წარმატების მიღწევაში, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაში.
21. მშობლის კალთაში ჯდომა. ეს მსოფლიოში ყველაზე მყუდრო ადგილია ბავშვისთვის.
22. ოჯახისა და ურთიერთობისადმი ერთგულება. იყავით ერთგული მეუღლისადმი – საქციელით, გულით, სულით. ბავშვები გრძნობენ ერთგულებას და თავადაც ოჯახის წევრების მიმართ ერთგულებას გამოიჩენენ.