ორიგინალური და ასაკის შესაფერისი საჩუქარი
თუ გინდათ, ბავშვს დიდი სიხარული მიანიჭოთ და თქვენმა საჩუქარმა კარადის თაროზე უქმად არ მოიკალათოს, ამიტომ ამ საქმეს, ანუ საჩუქრის შერჩევას, შემოქმედებითად მიუდექით. უმთავრესია, განვსაზღვროთ, რისთვისაა საჩუქარი განკუთვნილი: დაბადების დღის, ახალი წლისა თუ რაიმე სხვა ღირსშესანიშნავი დღისთვის.
რით შეიძლება გავახაროთ ბავშვი, მაგალითად, ახალ წელს? თუ ამ წელს ვერ გაითვალისწინებთ, ჩვენი რჩევა მომავალი წლისთვის გამოგადგებათ. მაინც რა საჩუქარი შევურჩიოთ პატარას? მორიგი სურათებიანი წიგნი, თოჯინა თუ მანქანა? როგორც ჩანს, ჩვენს შვილებს ყველაფერი აქვთ, რაც ამქვეყნად შეიძლება ინატრონ. მაგრამ ამ საკითხის უჩვეულო და მოულოდნელი გადაწყვეტა მაინც შესაძლებელია! თუ წინასწარ იზრუნებთ საჩუქარზე, ბავშვს აუცილებლად გააოცებთ!
მხატვრებისა და მუსიკოსებისთვის
თუ თქვენი შვილი პატარა ფერმწერია, ფურცლებს არ სჯერდება და დასახატავად კედლებსა და ქათქათა ზეწრებსაც იყენებს, სწორედ ის დროა, მას გასაფერადებელი თეთრეული უყიდოთ. ქსოვილისთვის განკუთვნილი სპეციალური ფლომასტერებით ბავშვს ამ თეთრეულზე ნებისმიერი ნახატის შექმნა შეუძლია. ის ადვილად ირეცხება, ნახატი კი რჩება. ასეთ თეთრეულში დაძინება პატარასთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება. საერთოდ, ნებისმიერი ბავშვური შემოქმედება წახალისების ღირსია.
თუ ბავშვს მსახიობობა ეოცნებება, ამისთვის არსებობს სპეციალური საკონცერტო სცენა (ასაწყობი) მიკროფონით “Star Party” - ის საახალწლო ან სხვა დღისადმი მიძღვნილი ნამდვილი კონცერტის შინ მოწყობის შესაძლებლობას იძლევა. ქსოვილი ორ სადგარზე მაგრდება და იქმნება ნათელი სცენური კედელი. სიმღერა შეიძლება უსადენო მიკროფონით, რომელშიც ჩამონტაჟებულია: ხუთი მელოდია, რამდენიმე რიტმი, ხმის რეგულატორი და აპლოდისმენტებიც კი. როცა სცენა შინ გაქვთ, მიკროფონის დამაგრება ძნელი აღარ არის.
ხომ წარმოგიდგენიათ თქვენი შვილების გაოცება და სიხარული! ეს მართლაც მოულოდნელი საჩუქარი იქნება მათთვის!
მე მიყვარს ჩემი ცხენი
თუ სახლში ცოტაოდენი მისაბრუნ-მოსაბრუნებელი ადგილი მაინც გაქვთ, შეძლებთ, თქვენი პატარა საოცარი საჩუქრით გაახაროთ. ეს არის ახალი ინტერაქტიული მეგობარი - პონი. ეს ცხენი თითქმის ნატურალური ზომისაა - მისი სიმაღლე 99 სმ-ია, რეაგირებს შეხებაზე, მოფერებასა და ხელის გადასმაზე, აბრუნებს თავს, ამოძრავებს ყურებსა და კუდს, ფრუტუნებს და სტაფილოსაც კი მიირთმევს. მასზე შეჯდომაც შეიძლება. იქნებ ასეთმა საჩუქარმა თქვენს შვილს საცხენოსნო სპორტისადმი ინტერესიც გაუღვივოს.
რა გაქვს ქუდში?
ფოკუსების ცოდნა ყველა პატარას ოცნებაა. შეგიძლიათ, თქვენს შვილს ეს ოცნება რეალობად უქციოთ. აჩუქეთ მას შლაპა “Magic Hat”, რომელშიც მოულოდნელად შეიძლება გაჩნდეს ან გაქრეს კურდღელი. რამდენიმე რეპეტიციის შემდეგ ახალი წლის ღამეს თქვენი გოგონა თუ ბიჭი ნამდვილი ფოკუსებით გააოცებს სტუმრებს.
ამ ჯადოსნური შლაპის გარდა არსებობს კეისები, რომელთა დახმარებითაც ადვილად შეიძლება 200-მდე ფოკუსის ათვისება. გაითვალისწინეთ, რომ ესჯადოსნური ქუდი ბავშვების ასაკის მიხედვითაა შექმნილი. შეგიძლიათ შეარჩიოთ 5-6 წლის ილუზიონისტებისა თუ უფრო მოზრდილთათვის განკუთვნილი მოწყობილობა.
ზღაპარი კედელზე
ალბათ, ბევრს ახსოვს ბავშვობის დიაფილმები - კედელზე გაჭიმული თეთრი ქსოვილი, ფირის სუნი, დედისა თუ ბებიის ხმა მათი თანმხლები ტექსტის კითხვისას და ნახატი ფილმები - “ჩხიკვთა ქორწილი”, “ქორბუდა”, “ნახევარქათამა” და ა.შ. რატომ არ შეიძლება, ის საოცარი სამყარო ჩვენს შვილებსაც შევუქმნათ? რა თქმა უნდა, ახლა ყველა სახლში აქვთ DVD პლეერი, ზოგან - საოჯახო კინოპროექტორიც კი, მაგრამ დიაფილმების მაგიურ ზემოქმედებას ვერაფერი შეცვლის. თანაც საშინაო კინოთეატრი აღადგენს მეგობრულ ოჯახურ ატმოსფეროს. განა ეს მშვენიერი არ არის? ასეთი საოცარი საჩუქრების შეძენა ინტერნეტმაღაზიებშია შესაძლებელი.
ჩვენ მიერ ჩამოთვლილი სათამაშოები ბავშვებს სულს გაუფაქიზებენ, ფანტაზიას გაუმდიდრებენ და გემოვნებას დაუხვეწენ. მოულოდნელობა ყოველთვის სასიამოვნო ემოციებს იწვევს, მით უფრო- ბავშვებში, ისინი ნამდვილად კმაყოფილები და უზომოდ მადლიერები დაგრჩებიან.