ბავშვები და მათი შიშები
ამ ასაკში განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორია ადამიანისა და გარემოს კონტაქტი: აქტიური ბავშვი/აქტიური გარემო; აქტიური გარემო/პასიური ბავშვი, აქტიური ბავშვი/პასიური გარემო თუ პასიური გარემო/პასიური ბავშვი. ბავშვი არის ფაქიზი არსება, რომელიც დიდ ყურადღებასა და ფრთხილ მოპყრობას საჭიროებს. ამის მიუხედავად, მრავალი მშობელი ისეთ აღზრდის სტილს იყენებეს (მაგალითად, დასჯის არასასურველ ფორმებს) ან ისეთ შეცდომებს უშვებს, რომლებიც შემდგომ ცუდად მოქმედებს მოზარდის ემოციებზე. „ბევრი კვლევა გვიჩვენებს, რომ შიშით, დეპრესიით, სიბრაზით, გაღიზიანებით გამოხატული მუდმივი ფსიქოსოციალური სტრესი, ჩვილობიდან ზრდასრულობამდე, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას განაპირობებს. მაგალითად, სტრესის დროს გულისცემისა და წნევის მომატება, იმუნური სისტემის დაქვეითება ორგანიზმის ის რეაქციებია, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს გულსისხლძარღვთა და ინფექციური დაავადებები, სიმსივნის სხვადასხვა ფორმა. სტრესი საჭმლის მონელების პროცესსაც ანელებს, რადგან სისხლი მიედინება ტვინისა და გულისკენ და ორგანიზმს მოქმედებისთვის ამზადებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის პრობლემები: კუჭის შეკრულობა, ფაღარათი, კოლიტი და თვით წყლულიც კი“.
ბავშვთა შიშები დამახასიათებელია სხვადასხვა ასაკისთვის და ფსიქიკური განვითარების სხვადასხვა დონისთვის, მაგრამ ისინი შეიძლება თან ახლდეს რაიმე დაავადებასაც, მაგალითად, ნევროზს. შიშებს ყველაზე ხშირად ვხვდებით ემოციურად მგრძნობიარე ბავშვებს შორის, რომლების მიმართაც მშობლები ხშირად გადამეტებულ ყურადღებას იჩენენ და უფრთხილდებიან. სკოლამდელ ასაკში უფრო ხშირად ჩნდება შიშები, ვიდრე შემდგომ წლებში. ზრდის თითოეულ ეტაპზე შიშები უფრო გოგოებისთვისაა დამახასიათებელი, ვიდრე ბიჭებისთვის, რაც, სავარაუდოდ, სწორედ გოგოების ფაქიზი ემოციური ფონიდან გამომდინარეობს. ახალშობილთა უმრავლესობას თავდაცვის ინსტინქტური ფორმები უაქტიურდებათ, როდესაც მათ უახლოვდება რაიმე საგანი ან ესმით მაღალი ხმა. 7 თვის ბავშვი უკვე გამოხატავს ხანგრძლივ ნერვიულობას დედის დიდიხნით მის გვერდით არყოფნის შემთხვევაში, რაც მის მიჯაჭვულობაზე მეტყველებს. ასეთი შიში კარგად არის გამოხატული 2 წლამდე გოგოებსა და 3 წლამდე ბიჭებს შორის. 8 თვის ასაკში ჩნდება უცხოების შიში, განსაკუთრებით ქალების, რომლებიც არ ჰგვანან დედას. ეს მიუთითებს ისეთი ფსიქოლოგიური კატეგორიის გაჩენაზე, როგორიცაა „ჩემი“ და „სხვისი“.
როდესაც ბავშვი გადადის სკოლამდელ ასაკში და შემდეგ უკვე უმცროს სასკოლო ასაკში, იცვლება მისი დამოკიდებულება გარემოსადმი, შესაბამისად იცვლება შიშებიც.
ბავშვებს განსხვავებულ ასაკში განსხვავებული შიშები აქვთ. ზოგი შიშის გაჩენა ბუნებრივიც არის, მაგრამ მათი დიდი რაოდენობით არსებობა, ბავშვის წინანევროტული მდგომარეობის მანიშნებელია. რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი რამ არის დამოკიდებული მშობლის ცოდნასა და უნარზე, არ შექმნას შიშებისგან სერიოზული პრობლემა, დროულად დაამშვიდოს ბავშვი და მზრუნველად დაელაპარაკოს მას, რათა უსაფრთხოდ აგრძნობინოს თავი. ბავშვებს, რომელთა მშობლებიც დადებით ემოციებს იშვიათად გამოხატავენ ხშირად აპათიურები არიან და ძალიან აგრესიულები, ემოციის მართვის პრობლემაც ექმნებათ, ხდებიან უსუსურები და შიშის ფონზე იმატებს შფოთვა, რაც საბოლოოდ, საშინლად მოქმედებს ბავშვის ფსიქოლოგიურ ადაპტაციაზე. ჩაკეტილი შენობა შეიძლება შიშის მომგვრელი იყოს მაშინ, როდესაც ბავშვი შემთხვევით მარტო რჩება ასეთ ოთახში ან მას შეგნებულად, დასჯის მიზნით ასე ტოვებენ მშობლები. ბავშვი ძილის წინ ვერ რჩება მარტო ოთახში, მუდმივად ეძახის დედას, ითხოვს ენთოს ლამფა და კარი იყოს ღია. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბავშვი იწყებს ნერვიულობას და ვერ იძინებს. ასეთი სიტუაციით გამოწვეული ნერვიულობა შეიძლება ძილშიც გამომჟღავნდეს – კოშმარების სახით.
ხშირად, სკოლამდელთა ცოცხალი წარმოსახვის უნარი და მითიურის რეალურისგან განსხვავების ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი შესაძლებლობა, ბავშვობის ადრეული პერიოდისთვის დამახასიათებელ შიშს იწვევს, რაც შეიძლება უშუალოდ უკავშირდებოდეს მარტოობის შიშს.
„მოსწავლეთა შიშებზე მათი კულტურაც მოქმედებს, მაგალითად, ჩინეთში, სადაც თავშეკავებულობა და სოციალურ სტანდარტებთან შესაბამისობა ძალზე ღირებულია, ბავშვების დიდი ნაწილისთვის წარუმატებლობა და უფროსთა კრიტიკა ჩუმ შიშს აჩენს. მიუხედავად ამისა, ჩინელი ბავშვები ზედმეტად გაუბედავები არ არიან. შიშის სიმძაფრე მათში დასავლეთის ბავშვების მსგავსია“ (Oლლენდიცკ და სხვები, 1996).
ზოგჯერ ემოციის რეგულირების კარგი უნარის მქონე ბავშვებსაც უჭირთ გრძნობების მართვა. ისინი ვერ გრძნობენ თავს იმდენად დაცულად, რომ დაძლიონ წარმოსახვითი ზღაპრული პერსონაჟები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის მონაწილეობა ასეთ მომენტებშიც, სწორედ მშობელს შეუძლია უდიდესი როლი ითამაშოს ბავშვის ემოციური სფეროს განვითარებაში. პრობლემის გადასაწყვეტად, პირველ რიგში, საჭიროა პრობლემის არსებობის დადასტურება და ხაზგასმა, თუ რომელი მათგანი უფრო აქტუალურია.
საინტერესოა საიდან იღებენ შიშები სათავეს. ითვლება, რომ ბავშვთა შიშების განვითარებაზე გავლენას ახდენს ურბანიზაცია და ქალაქების სწრაფი განვითარებაც. რამდენად შორეულადაც უნდა გვეჩვენებოდეს ეს მიზეზი აღნიშნულ საკითხზე, ისინი მაინც მჭიდროდ უკავშირდებიან ერთმანეთს. დიდი ქალაქის პირობებში ბევრი ბავშვი თავს მარტოხელად გრძნობს, მათ უჭირთ ახალი მეგობრების გაჩენა. იგულისხმება ისეთი უბნები სადაც ხალხი ნაკლებად არის დასახლებული. ასევე უფრო დიდია რისკი, ბავშვს შიშები განუვითარდეს იმ შემთხვევაში, თუ ის პასიურია, ნაკლებს მოძრაობს, არ მონაწილეობს კოლექტიურ თამაშებში, რადგან თამაში ყოველთვის იყო და დღესაც რჩება საუკეთესო ხერხად შიშებისგან გასათავისუფლებლად. ბავშვთა შიშის მიზეზი უმეტესად დედა ან ზოგჯერ დედის არასწორი საქციელია ოჯახში. ცუდია, როდესაც ბავშვი დედას მამაზე უფროსად თვლის. ნერვიულ-ფსიქოლოგიურად გადატვირთული და დომინირებული დედა ბავშვების ნერვულ რეაქციებს იწვევს. ამას გარდა, ასეთი მშობელი ხშირად არ ითვალისწინებს ბავშვის სურვილებს და სულ იმისკენ მიისწრაფის, რაც შეიძლება მალე გავიდეს სამსახურში.
ბავშვს რომ რაიმეს შიში გაუჩნდეს, საკმარისია მშობლებმა იჩხუბონ. დადგენილია, რომ დედ-მამის ჩხუბის ფონზე, ბავშვები ყველაზე ხშირად რეაგირებენ შიშის გაჩენით. ამდენად, სკოლამდელი ასაკის კონფლიქტურ ოჯახში მცხოვრებ ბავშვებს უფრო ხშირად ეშინიათ ცხოველების, სიკვდილის და უფრო ხშირად ესიზმრებათ კოშმარები, ვიდრე მშვიდი ოჯახური გარემოს მქონეთ. შიშების გაჩენა დამოკიდებულია ოჯახის წევრების შემადგენლობაზეც, რაც უფრო მეტი ბავშვია, მით ნაკლებია – შიში. თავისებურ როლს თამაშობს მშობლების ასაკიც. როგორც წესი, ახალგაზრდა და ემოციურად ლაღი მშობლების შვილები ნაკლებად არიან მიდრეკილები ნერვიულობისა და განგაშისკენ, ვიდრე ისინი, ვისი მშობლებიც 35 წლის ასაკის ზემოთ არიან. ბავშვის შიშის გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი, რომელიც დედამ გადაიტანა ჯერ კიდევ ორსულობის დროს, კონფლიქტური სიტუაცია მისი ცხოვრების ამ პერიოდში. ფსიქოლოგებს ხშირად ეკითხებიან, შესაძლებელია თუ არა, რომ შიშები იყოს მემკვიდრეობითი? ამ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ მემკვიდრეობით შეიძლება გადაიცემოდეს უმაღლესი ნერვული სისტემის თავისებურებები, რომელიც რეაგირებს გარემო გამღიზიანებელზე, რაც ნიშნავს იმას, რომ თვითონ შიშები არ გადადის მემკვიდრეობით, მაგრამ სუსტი ნერვული სისტემა საწინდარია შიშების გაჩენის.
როგორ დავეხმაროთ შიშების მქონე ბავშვებს?
როგორც უკვე აღვნიშნე, შიშების მოხსნისთვის აუცილებელია ოჯახში იყოს სტაბილური და მისაღები სიტუაცია, ასევე აუცილებელია მშობლები სწორად ასრულებდნენ თავიანთ როლებს, გამოხატავდნენ სითბოს ბავშვის მიმართ, იჩენდნენ სიფრთხილეს ნორმის ფარგლებში. განვიხილოთ შიშებისგან თავის დასაღწევი სხვა საშუალებაც, რომელსაც მრავალი სხვა პრობლების მოსაგვარებლადაც იყენებენ. აღნიშნული მეთოდია – ხატვა.
ხატვა – შემოქმედებითი აქტია, რომელიც ბავშვებს საშუალებას აძლევს იყვნენ ბედნიერები, თავისუფლად გამოხატონ გრძნობები და განცდები, ოცნებები და იმედები. ხატვა, როგორც თამაში – არამარტო იმის გადმოცემაა, რა აზრებიც რეალურად ტრიალებს ბავშვის ტვინში, არამედ მისეული დამოკიდებულება ამ აზრებთან. ამიტომ, ხატვის საშუალებით, შესაძლებელია, უკეთ და სიღრმისეულად გავიგოთ მისი ინტერესები, ის ფიქრები, რომლებიც ყოველთვის ცხადი არ არის და შიშების მოხსნისას გავითვალისწინოთ. ხატვა, ფანტაზიის განვითარების ბუნებრივი ხერხია, რის გამოც ბავშვები, რომლებსაც ხატვა უყვართ, განსხვავდებიან ფანტაზიის ხარისხით და ადვილად შეუძლიათ თავი წარმოიდგინონ ნახატზე გამოსახული ამა თუ იმ პერსონაჟის ადგილას. სწორედ ეს მომენტი გვაძლევს საშუალებას, გამოვიყენოთ ხატვა თერაპიული მიზნით. ხატვისას, ბავშვი თავისი სხეულიდან უშვებს გრძნობებს, განცდებსა თუ ოცნებებს, ცვლის თავის დამოკიდებულებას სხვადასხვა სიტუაციისადმი და ტკივილის გარეშე ეხება ზოგიერთ შემაშინებელ, არასასიამოვნო და მატრავმირებელ მოვლენას. როგორც ცოცხალი და დასუსტებული ვაქცინა უკეთდებათ ბავშვებს ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, ასე მივყავართ ნახატზე შიშის გამოტანას, მის დასუსტებამდე.
დადებით და ძლიერ პერსონაჟთან თავის გაიგივებით, ბავშვი ებრძვის ბოროტებას: იცავს ახლობლებს, ამარცხებს მტერს და ა. შ. აქ არ არის სისუსტის ადგილი, შეუძლებელია გაუჭირდეს თავდაცვა, პირიქით, ჩნდება ძალის შეგრძნება, გმირობის სურვილი და ყველაფერი ეს იწვევს სიხარულს, აღფრთოვანებას, დადებით ემოციებს, ასუსტებს შიშს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი, რომელიც ხშირად ხატავს, არ განიცდის არანაირ შიშს. სამწუხაროდ, ბევრი მშობელი არასერიოზულად ეკიდება ხატვას და თამაშს, ამიტომ აუცილებელია, ასეთი დამოკიდებულების შეცვლა.
სპეციალურად ჩატარებული კვლევით ცნობილი გახდა, რომ თუ ორივე მშობელს აქვს საგანგაშო და საეჭვო ხასიათი, ხატვის ეფექტი შიშების მოსაშორებლად 2-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე სხვა შემთხვევაში. ხოლო, თუ ასეთი ხასიათი მხოლოდ ერთ მშობელს აქვს, მაშინ 1.5-ჯერ ძლიერია ეფექტი. თუ ოჯახს აკლია რომელიმე წევრი, მაშინ ხატვის ეფექტი ნაკლებ გამოხატულია მაგ. მამის, ანუ იმ წყაროს არარსებობის გამო, რომელიც ოჯახს იცავს საფრთხისგან. რა თქმა უნდა, ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია და სრულყოფილ ოჯახშიც შეიძლება ვერ მივიღოთ მნიშვნელოვანი ეფექტი, თუ ხშირად არის კონფლიქტი მშობლებს შორის და თან ისინი ამას არ აღიარებენ. ხატვის პროცესში თავიდან ის შიშები ქრება, რომლებიც მხოლოდ წარმოსახვის შედეგია და მოვლენები, რომლებიც რეალურად არასდროს მომხდარა, მაგრამ ბავშვის წარმოდგენით შეიძლება მოხდეს. ამის შემდეგ თანდათან ლაგდებიან ძირითადი შიშები, რომლებიც ეფუძნებიან რეალურად მატრავმირებელ, წარსულში მომხდარ და ბავშვის გრძნობებში დარჩენილ მძიმე შემთხვევებს. კვლევები ადასტურებენ ხატვითი თერაპიის ეფექტს, რომელიც შიშთა 80-85%-ს ხსნის, ხოლო დაჩენილი 15-20% შიშისგან თავის დასაღწევად, შესაძლებელია მსგავსი პრინციპით თხზულების შეთხზვა და უკვე ამ სახით მუშაობა.