ყურადღების დეფიციტი და ფსიქოლოგიური მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყურადღების დეფიციტი და ფსიქოლოგიური მიზეზები

ბავშვთა ასაკის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მათ სიაში ერთ-ერთ წამყვან ადგილზეა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი. მსოფლიოში მისი გავრცელებული სახელწოდებაა ინგლისური აბრევიატურა (Attention Deficit Hyperactivity Disorder). ნეიროგანვითარების დარღვევაა, რომელიც პრობლემას უქმნის ადამიანის ნორმალურ ფუნქციონირებას, როგორც თავის მოვლის, ასევე სოციალურ-ემოციურ და აკადემიურ სფეროებში. მისი გავრცელება საშუალოდ 5%-ს შეადგენს. აშშ-ში კი მისი გავრცელება 9%-ია და ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში მიმართვიანობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია.

რა იწვევს მას, როგორ ვლინდება და როგორ დაიძლევა ის, ამ საკითხზე სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ნეიროფსიქოლოგი, დალი ცარციძე გვესაუბრა.

– ქალბატონო დალი, რა არის ADHD?

– ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, იგივე ADHD, გავრცელებული მენტალური მდგომარეობაა, რომელიც გამოწვეულია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევით და ხასიათდება კომპლექსური სიმპტომებით:

  • ყურადღების დეფიციტი, გონებაგაფანტულობა;
  • იმპულსურობა;
  • პიჰერაქტივობა (გადაჭარბებული მოუსვენრობა).

სინდრომი თავს იჩენს სკოლამდელ ასაკში და სკოლაში ყოფნის დაწყებით საფეხურებზე. სიმპტომები ვლინდება რამდენიმე, სულ მცირე, ორ გარემოში, მაგალითად, სკოლა და სახლი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ADHD სინდრომი შესაძლოა გამოვლინდეს ჩვილებს შორისაც სხვადასხვა სტიმულატორზე მარტივად აღგზნებადობით (მკვეთრ სინათლეზე, ხმაურზე, ტემპერატურაზე).

ვაჟებს შორის უფრო ხშირია ჰიპერაქტივობით მიმდინარე ფორმა, ხოლო გოგონებთან უყურადღებობითი ფორმა. ტვინის აქტივობის დონე ჰიპერაქტიურ ბავშვებთან გაცილებით დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივი ბავშვების შემთხვევაში. აღნიშნულ სინდრომს უკავშირდება სხვა პრობლემაც:

  • ჩამორჩენა აკადემიურ საქმიანობაში;
  • ქცევითი პრობლემები;
  • აგრესიულობა;
  • პრობლემები თანატოლებთან ურთიერთობაში;
  • დაბალი თვითშეფასების არსებობა;
  • ნეგატიური დამოკიდებულება უფროსებთან, ძირითადად მშობლებსა და მასწავლებლებთან.

თანატოლებთან შედარებით ყურადღების დეფიციტი ვლინდება გონებაგაფანტულობასა და კონცენტრაციის უნარების სიმწირეში, ყურადღების ფოკუსირების დარღვევასა და სელექციური ყურადღების, აღქმის შეზღუდულ უნარებში. ასეთ დროს ბავშვს მარტივად გადააქვს ყურადღება ერთი აქტივობიდან მეორეზე, არ შეუძლიათ თავიანთი რეაქციის გაკონტროლება ისეთ დროს, როცა საჭიროა კონცენტრაციისა და ორგანიზებულობის მობილიზება.

ჰიპერაქტივობა ვლინდება ჭარბ მოტორულ აქტივობაში. აქტიურობის ზრდა ნაკლებად შესამჩნევია თავისუფალი თამაშის დროს, მაგრამ აშკარა ხდება წესებით შეზღუდული თამაშებისა და აქტივობების დროს.

სინდრომს ასაკის მატებასთან ერთად ეცვლება სიმპტომები. თუ სკოლამდელ ასაკში შეინიშნება იმპულსურობა, მოუსვენრობა და თანატოლების მიმართ აგრესიულობა, სკოლის ასაკში უკვე სოციალური და აკადემიური პრობლემები იჩენს თავს. ამ დროს შესაძლოა თანმდევი დარღვევების არსებობაც, როგორებიცაა განწყობის დაქვეითება, შფოთვა, ტიკები, დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, ანტისოციალური ქცევები.

სირთულის მიხედვით ADHD სინდრომს აქვს სამი სტადია:

  • სუსტი – სიმპტომები უმნიშვნელოდ არის გამოხატული;
  • საშუალო – სიმპტომები საშუალო სიმძიმით არის გამოხატული;
  • მძიმე – ერთდროულად ვლინდება რამდენიმე სიმპტომით, შესამჩნევია თანატოლებთან შედარებით ჩამორჩენა როგორც მათთან ურთიერთობისას, ისე აქტივობებისას.

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის გამომწვევი მიზეზებია:

  • მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა;
  • ორსულობის დროს მომწამვლელი ნივთიერების მიღება, არაჯანსაღი კვება, ნაადრევი მშობიარობა;
  • სტრესი, ფსიქიკური და ემოციური ფუნქციის მოშლა.

დიაგნოსტირება ხდება კლინიკურ ნიშნებზე დაკვირვებით, აუცილებელია ბავშვის შეფასება შესაბამისი სპეციალისტების მიერ. ასევე, მნიშვნელოვანია მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობა და სპეციალიზებული დახმარება.

თანამედროვე მედიცინა ამ მდგომარეობას ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომს (ADHD – Attention Deficit Hyperactivity Disorder) უწოდებს. ის ბავშვთა ასაკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული განვითარების აშლილობაა. ქცევის ამ ტიპის დარღვევას სკოლის ასაკის ბავშვთა 3-9%-ს შორის ვხვდებით და მოსწავლეთა მშობლები ბავშვთა ნევროლოგებს ყველაზე ხშირად ამ მიზეზით მოგვმართავენ. ნეიროგანვითარების სხვა დარღვევების მსგავსად, ADHD სინდრომიც ვაჟებს შორის სამჯერ უფრო ხშირია, თუმცა ამ ფარდობის გარკვეული ცდომილება მოსალოდნელია, რადგან გოგონებთან ჭარბობს მხოლოდ უყურადღებობის სიმპტომებით მიმდინარე შემთხვევები, რომლებიც ყურადღებას ნაკლებად იპყრობს და დიაგნოზის დასმაც გვიანდება.

– გამოდის, რომ ყველა მოუსვენარი და ჰიპერაქტიური ბავშვის მშობელმა, უმჯობესია, ექიმს მიმართოს?

– თუ ეჭვი გაჩნდა, რა თქმა უნდა, ჯობს, ის ფსიქოლოგს ან პედიატრს მაინც გავუზიაროთ. მოუსვენრობა, უყურადღებობა, დაუფიქრებლობა მეტ-ნაკლებად ყველა ბავშვს ახასიათებს და ეს სავსებით ნორმალურია, მაგრამ მაშინ, როცა რომელიმე ეს სიმპტომი (ან სიმპტომთა ნებისმიერი კომბინაცია) იმდენად არის გამოხატული, რომ ბავშვს თანატოლებისგან მკვეთრად გამოარჩევს და ხელს უშლის გაკვეთილების მოსმენასა და გააზრებაში, როცა მისი ნიშნები მკვეთრად ჩამორჩება მისსავე ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და თანატოლებთან ურთიერთობაც უჭირს, აუცილებლად უნდა გამოვრიცხოთ. გარდა ამისა, სინდრომი რომ დავარქვათ, აუცილებელია, სიმპტომებმა 7 წლამდე იჩინოს თავი, მჟღავნდებოდეს ბავშვის ცხოვრების ორ სფეროში მაინც (მაგალითად, სკოლაში და შინ, შინ და სათამაშო მოედანზე) და ქრონიკული ხასიათი ჰქონდეს (6 თვეზე მეტხანს გრძელდებოდეს).

– რა ნიშნებით ვლინდება აღნიშნული სინდრომი? რამ შეიძლება მიიქციოს მშობლის ყურადღება?

– ქცევის დარღვევები შეგვიძლია სამ ძირითად ჯგუფად დავყოთ:

  • უყურადღებობა: გაფანტულობა, დეტალების მიმართ უყურადღებობა და დავალების შესრულებისას ხშირად დაშვებული შეცდომა, ასაკის შესაბამის უნართან შედარებით ინსტრუქციის გაგების სიძნელე, გარკვეული ხნით ყურადღების კონცენტრაციის შეუძლებლობა, საქმიანობის დაგეგმვის, ორგანიზებისა და ბოლომდე მიყვანის პრობლემები, რუტინული საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობა, გულმავიწყობა;
  • ჰიპერაქტიურობა: ზოგადი მოუსვენრობა, მოჭარბებული მოტორული აქტივობა, გაუჩერებლად ლაპარაკი, ერთ ადგილზე გაჩერების სიძნელე;
  • იმპულსურობა: მოუთმენლობა, რიგითობის დაცვის სიძნელე, გაუაზრებელი მოქმედება თავისი სურვილის მყისიერად შესრულების მიზნით.

იმისდა მიხედვით, ამ სამი ჯგუფიდან რომლის სიმპტომები მეტად არის გამოხატული, ვსაუბრობთ უპირატესად ყურადღების დეფიციტის, უპირატესად ჰიპერაქტიურ-იმპულსურ და კომბინირებულ ტიპებზე. ისიც შეიძლება, ასაკის მატებასთან ერთად სინდრომის ტიპი შეიცვალოს: სკოლამდელ ასაკში ჭარბობდეს ჰიპერაქტიურობა-იმპულსურობა, დაწყებით კლასებში შეინიშნებოდეს სინდრომის ყველა ძირითადი სიმპტომი, ხოლო მოგვიანებით – მხოლოდ უყურადღებობა.

– ADHD სინდრომი მხოლოდ ბავშვებს ახასიათებთ?

– უკანასკნელ დრომდე სინდრომი მხოლოდ ბავშვთა ასაკის დარღვევად განიხილებოდა, თუმცა, დაგროვდა მონაცემები, რომ ADHD-ის მქონეთა 30-75%-ს სიმპტომები ზრდასრულ ასაკშიც უვლინდება, ზოგჯერ კი, მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები ადამიანს წლობით აქვს, დიაგნოზს მხოლოდ ზრდასრულ ასაკში სვამენ.

– ცნობილი თუა, რა იწვევს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომს?

– ვარაუდობენ, რომ ADHD-ს ჩამოყალიბებაში მრავალ ფაქტორს მიუძღვის ბრალი. განსაზღვრულ როლს უნდა ასრულებდეს გარეგანი დამაზიანებელი ფაქტორები: ინფექცია, ტყვიით ინტოქსიკაცია, ნაყოფზე ალკოჰოლისა და ნიკოტინის ზემოქმედება. სისხლით ნათესავებში სინდრომის მნიშვნელოვნად მაღალი სიხშირე გენეტიკურ ფაქტორზე მიუთითებს, შესაბამისი გამოკვლევებიც სინდრომის მემკვიდრეობითი გადაცემის მაღალ ალბათობას (75-80%) ადასტურებს.

მეცნიერთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სინდრომის საფუძველია თავის ტვინის ქერქის განსაზღვრული ნაწილის (შუბლის წილის წინა ნაწილის – ე.წ. პრეფრონტალური არის) სისუსტე და შუბლ-ქერქქვეშა ნეირონული კავშირების ფუნქციური არასრულფასოვნება. პრეფრონტალური ქერქის, განსაკუთრებით – მისი მარჯვენა ნახევრის, ფუნქცია ყურადღების რეგულაცია ანუ ყურადღების შენარჩუნება, მისი გადატანა და მოთხოვნის შესაბამისად განაწილებაა. თავის ტვინის იმავე უბანში ხდება მოქმედების დაგეგმვა მიზნის მისაღწევად და ქცევისა და იდეის ორგანიზება. შუბლ-ქერქქვეშა ნერვული კავშირების არასრულფასოვნება და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების – კატექოლამინების – არასწორი გადანაწილება ყურადღების პროცესების დარღვევას იწვევს. ძნელდება მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო სტიმულების ერთმანეთისგან გარჩევა და მათზე ადეკვატური პასუხის უნარი, უმნიშვნელოს იგნორირება, მნიშვნელოვანზე კი სათანადო პასუხის შერჩევა და მომზადება და აგზნების კერის საკმარისი ხნის შენარჩუნება. ქერქის დამთრგუნველი ზემოქმედების შესუსტება კი იწვევს რეაგირებას ისეთ სტიმულებზეც, რომლებიც მოქმედებას არ მოითხოვს და ამ უკანასკნელის შედეგად იმატებს იმპულსური და ჰიპერაქტიური ქცევა. თანამედროვე მეთოდებით მიღებული მონაცემები ამ ჰიპოთეზების მართებულობას ამტკიცებს. იმავეზე მიუთითებს ფსიქოსტიმულანტების ეფექტურობა სინდრომის დროს. ამ ჯგუფის მედიკამენტები კატექოლამინების უკუშეწოვის პროცესებს ანელებს, რის გამოც მათ ნერვულ დაბოლოებებზე უფრო ხანგრძლივი ზემოქმედება უხდებათ.

– როგორ ხდება ADHD სინდრომის დიაგნოსტიკა?

– ლაბორატორიული ტესტი, რომლითაც სინდრომს დავადგენდით, არ არსებობს. დიაგნოზი ქცევის დარღვევების შეფასების საფუძველზე დაისმის, ეს კი საკმაოდ სუბიექტურია. დიაგნოზს ერთი ექიმი კი არა, მულტიდისციპლინური გუნდი: პედიატრი, ნევროლოგი, ფსიქოლოგი, პედაგოგი, – და თუ საჭიროა სხვა სპეციალისტებიც: ენისა და მეტყველების სპეციალისტი, ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტი – სვამენ; ზუსტი დიაგნოზი და თანმხლები დაავადების არსებობის შეფასება მოითხოვს მრავალი მიდგომის გამოყენებას და მოიცავს რამდენიმე ეტაპს.

სინდრომის დიაგნოზი, როგორც აღვნიშნეთ, მოითხოვს სირთულეების დადასტურებას ბავშვის ფუნქციობის სულ მცირე ორ სფეროში. ამიტომაც ინფორმაცია უნდა შეგროვდეს რამდენიმე წყაროდან, კლინიკური ინტერვიუსა და ქცევის შეფასების სპეციალური კითხვარის გამოყენებით. ეს არის სპეციალური კითხვარები ბავშვის ქცევის შესახებ მშობლებისა და მასწავლებლებისთვის. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მონაცემებს ბავშვის აკადემიური მოსწრების შესახებ. აუცილებლად უნდა გამოვრიცხოთ სხვა დაავადებები, რომლებიც ამგვარადვე ვლინდება და დავადგინოთ, ხომ არ აქვს ბავშვს სხვა ფსიქიკური გადახრებიც. ADHD-ს ხშირად ახლავს თან ოპოზიციურ-გამომწვევი აშლილობა, ქცევითი აშლილობა, შფოთვითი აშლილობა, გუნება-განწყობის აშლილობა, დასწავლის უნარის დარღვევები.

– როგორ მკურნალობენ ADHD სინდრომს?

– თანამედროვე მედიცინის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან მკურნალობის საკმაოდ ეფექტური მეთოდები შეიმუშავა. ძირითადი ნაწილი ფსიქოლოგიურ ტექნიკებსა და მიდგომებს მოიცავს. მედიკამენტებიდან კი, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ფსიქოსტიმულანტებია მოწოდებული. მათი ეფექტიანობა 70%-ს უტოლდება. სხვა ჯგუფის მედიკამენტები ამ პათოლოგიის სამკურნალო არ არის.

განვითარებულ ქვეყნებში ძალზე ხშირია სინდრომის მართვაში ერთადერთ და პირველი რიგის მკურნალობად მედიკამენტური საშუალებების გამოყენება და ეს მართვის ერთ-ერთ საკამათო საკითხად მიიჩნევა. მსოფლიოში წარმოებული ფსიქოსტიმულანტების 80%-ს აშშ-ში მოიხმარენ. როგორც პრაქტიკულად ყველა მედიკამენტი, გვერდითი მოვლენებისგან არც ფსიქოსტიმულანტებია დაზღვეული. მათი გამოყენება ექიმის მუდმივ ზედამხედველობას მოითხოვს.

ამჟამად არსებული საუკეთესო კლინიკური მტკიცებულებების თანახმად, მხოლოდ ის შემთხვევებია სტიმულანტების გამოყენების ჩვენება, როცა არსებობს საშუალო ან მძიმე პრობლემები ორ სხვადასხვა გარემოში (მაგალითად, სკოლასა და ოჯახში), ანუ ბავშვი, რომელსაც აქვს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი უპირატესად ყურადღების დეფიციტით და სერიოზული აკადემიური პრობლემები როგორც გაკვეთილზე, ისე საშინაო დავალების მომზადებისას, სტიმულანტის დანიშვნის კანდიდატია. ასეა თუ ისე, საქართველოში ფსიქოსტიმულანტები ჯერჯერობით რეგისტრირებული არ არის (თუმცა, გვპირდებიან, რომ უახლოეს მომავალში დაარეგისტრირებენ). შესაბამისად, არც ამ პრეპარატების გამოყენების გამოცდილება გვაქვს.

ასეა თუ ისე, უნდა გვახსოვდეს, რომ სინდრომის მკურნალობა მულტიმოდალური უნდა იყოს – მოიცავდეს ერთდროულად რამდენიმე სფეროს და მხოლოდ წამლის იმედად არ უნდა დავრჩეთ.

მიუხედავად ნევროლოგიური თუ გენეტიკური საფუძველისა, გროვდება სულ უფრო მეტი მტკიცებულება, რომ ფსიქოლოგიური ტექნიკები, ქცევის მოდიფიკაცია განსაკუთრებით ეფექტურია და ამ სინდრომის მქონე პატარებს ინტელექტუალური პოტენციალის გამომჟღავნებაში ეხმარება. დამტკიცდა, რომ ბავშვები, რომლებიც სათანადო დახმარებას იღებენ მასწავლებლების, მშობლებისა და ექიმისგან, გაცილებით იოლად სძლევენ პრობლემებს და უკეთ ეგუებიან სასკოლო გარემოს.

ბავშვის ინდივიდუალური პრობლემების გათვალისწინებით ფსიქოლოგები ინდივიდუალურ გეგმას ვადგენთ და იდეალურ შემთხვევაში ვმუშაობთ არა მარტო ბავშვთან, არამედ მშობლებთან, პედაგოგებსა და იმ მოზრდილებთან, ვისთანაც ბავშვს ურთიერთობა აქვს. ქცევის მოდიფიკაცია, სწავლისა და განვითარებისთვის სასურველი გარემოს შექმნა მხოლოდ ბავშვის კი არა, მის ირგვლივ არსებული ყველა უფროსის ქცევის შეცვლას მოითხოვს, ამიტომ ფსიქოლოგის რჩევები უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ ბავშვმა, არამედ, პირველ რიგში, მშობლებმა, მასწავლებლებმა, სკოლის ადმინისტრაციამ. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, მოზრდილებს ბავშვის ქცევის მიმართ სწორი, ადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდეთ, არც აზვიადებდნენ პრობლემას და არც ზედმეტად ამარტივებდნენ. მშობელი, პედაგოგი და ფსიქოლოგი ერთმანეთთან უნდა თანამშრომლობდნენ. სასურველი შედეგის მიღწევა მხოლოდ ასე შეიძლება. ბუნებრივია, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ჩვენი რეკომენდაციები სხვადასხვანაირია, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე ზოგად საკითხზე შევჩერდებით, რომელთაც ADHD-ის მართვაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ, თუმცა მათი უმრავლესობა ამ სინდრომის არმქონე ბავშვებისთვისაც ძალიან სასარგებლოა:

  • შეუქმენით შესაფერისი გარემო. საკლასო ოთახში ADHD სინდრომის მქონე ბავშვი ფანჯრისა და კარებისგან მოშორებით, მასწავლებლის მაგიდის სიახლოვეს, მშვიდი, წარმატებული თანაკლასელის გვერდით დასვით, სახლში მყუდრო, გარეშე სტიმულებისგან მაქსიმალურად დაცული სამეცადინო კუთხე მოუწყვეთ, სასურველია, ისეთი, სადაც ბავშვი მხოლოდ მეცადინეობს და ყველა საჭირო ნივთი ხელთ აქვს.
  • შეადგინეთ დღის რეჟიმი. დაგეგმეთ ყოველდღიური აქტივობები. განრიგში გაითვალისწინეთ დრო საშინაო დავალებებისა და თამაშისთვის (როგორც შინ, ასევე გასეირნებისას). განრიგი მოათავსეთ გამოსაჩენ ადგილზე. თუ ცვლილებას შეიტანთ, ეს წინასწარ აცნობეთ ბავშვს, რათა სიახლე მისთვის მოულოდნელი არ აღმოჩნდეს.
  • მოაწესრიგეთ ყოველდღიური მოხმარების ნივთები. თავ-თავისი ადგილი მიუჩინეთ ყველა ნივთს (ტანსაცმელს, სასკოლო ნივთებს, სათამაშოებს). სკოლაში წასვლის წინ შეუმოწმეთ, უდევს თუ არა ჩანთაში ყველა საჭირო ნივთი.
  • შემოიღეთ წესები, ჩამოწერეთ და მოათავსეთ გამოსაჩენ ადგილზე. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს, რას მოელიან მისგან.
  • შემოიღეთ შეზღუდვები: ეს არ არის სასჯელი; შეზღუდვა აკავებს და აწყნარებს ბავშვს. გამოიჩინეთ თანამიმდევრულობა და თავდაჯერება. ნუ ჩაერთვებით რთულ დისკუსიებში, ისინი მხოლოდ ყურადღებას უფანტავენ ბავშვს.
  • გაუმეორეთ ინსტრუქციები. რამდენჯერმე გაუმეორეთ ბავშვს, რის გაკეთებას ითხოვთ მისგან.
  • გაუმარტივეთ რთული დავალებები. რთული, გრძელი დავალება ბავშვს უჩენს განცდას, რომ მას ვერასოდეს გაართმევს თავს, ამიტომ მის შესრულებას არც კი ცდილობს. როდესაც დავალება მცირე ნაწილებადაა დაყოფილი, ცალკეული მონაკვეთების შესრულება უფრო ადვილია. ხშირად ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებს მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე თავად წარმოუდგენიათ. დავალების გამარტივება და ნაწილებად დაყოფა ბავშვს თავისი თავის რწმენას განუმტკიცებს, ყოველი წარმატებული საფეხურის შემდეგ შექება კი პატარას კიდევ უფრო აუმაღლებს თვითშეფასებას. შეაქეთ ბავშვი ყოველი კარგად შესრულებული დავალებისათვის და გახსოვდეთ, „კარგი“ არ ნიშნავს „სრულყოფილს“.
  • ასწავლეთ სწავლა: აქტიურად გამოიყენეთ დასწავლის ისეთი მეთოდები, როგორებიცაა – ხმამაღალი კითხვა, კონსპექტის გაკეთება, გეგმის ჩამოყალიბება; მიაჩვიეთ სამუშაოს დაგეგმვასა და ორგანიზებას.
  • მიეცით ბავშვს შესვენების საშუალება. დაე, თუ სჭირდება, ოთახიდანაც გავიდეს. ეს მას თვითკონტროლის გამომუშავებაში დაეხმარება.
  • უყურეთ თვალებში. ხშირი ვიზუალური კონტაქტი დაგეხმარებათ, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვი „რეალობას დაუბრუნოთ“. ზოგჯერ მზერასაც კი შეუძლია ბავშვის დაწყნარება.
  • ყოველთვის შეაფასეთ მისი საქციელი. დაეხმარეთ ბავშვს უკეთ გაიგოს, რას ელით მისგან და მიაღწია თუ არა მან სასურველ შედეგს. აღნიშნეთ მისი ყოველი კარგი საქციელი, როგორი უმნიშვნელოც უნდა იყოს ის.
  • თვალი ადევნეთ ბავშვის წარმატებებს და აღნიშნეთ ისინი. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვები იმდენ წარუმატებლობას განიცდიან, რომ მათთვის ყოველი დადებითი რეაქცია მნიშვნელოვანია. ქება არასოდეს არის ზედმეტი. ბავშვებს მოსწონთ, როდესაც აქებენ, უამისოდ მათი თვითშეფასება უფრო მეტად ეცემა, ამიტომ ეცადეთ, ქების უმნიშვნელო საბაბიც კი გამოიყენოთ.
  • იყავით თანამიმდევრული. ბავშვს დანაპირები ყოველთვის აუსრულეთ. მითითებებისა და დავალებების ბევრჯერ გამეორებას არავითარი აზრი არ აქვს. თუ ბავშვი არღვევს წესებს, ზედმეტად ნუ უყვირებთ, მხოლოდ ერთხელ უთხარით, რომ უკმაყოფილო ხართ და დასაჯეთ იგი ისე, როგორც დაჰპირდით (ეცადეთ, არ გამოიყენოთ ფიზიკური დასჯის მეთოდი – ეს ხშირად აუარსებს მდგომარეობას. ფსიქოლოგები გვთავაზობენ დასჯის შემდეგ მეთოდებს: პრივილეგიების ჩამორთმევას, ტაიმ-აუტს და სხვა.
  • გახალისდით, მიეცით თავს მოდუნების საშუალება. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვები ენერგიით არიან სავსე და ვერ იტანენ მოწყენილობას. ისინი ყოველთვის ენთუზიაზმით რეაგირებენ სიახლეებზე, ამიტომ ეცადეთ, იყოთ ენერგიული, მხიარული, თუმცა დროული ჩარევით უნდა შეძლოთ სიტუაციის მართვაც, რათა ბავშვს ზედმეტი აღგზნების საშუალება არ მისცეთ.
  • ჩართეთ ბავშვი ფიზიკურ ვარჯიშებში. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებზე ზემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება ფიზიკური ვარჯიშია. ის მათ ჭარბი ენერგიის დახარჯვაში ეხმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეცადეთ, ფიზიკურმა აქტივობამ ბავშვს სიამოვნება მიანიჭოს. მაშინ ის მისი ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად იქცევა.