აკრძალვის ხელოვნება როგორ ვუთხრათ ბავშვს "არა" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აკრძალვის ხელოვნება როგორ ვუთხრათ ბავშვს "არა"

ბავშვს ხშირად სურს ის, რაც არ შეიძლება და აუცილებლად უნდა ავუკრძალოთ. სწორედ ასეთ დროს ვდგებით ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული პრობლემის წინაშე - როგორ ვუთხრათ ბავშვს "არა"?

რეალურად, ბავშვისათვის უარის თქმა და სასურველი შედეგის მიღება სულაც არ არის რთული. ამისთვის აუცილებელია მივდიოთ სქემას, რომელიც შვიდ წესს ემყარება. ეს წესები მკაცრად და განუხრელად უნდა დავიცვათ.

წესი პირველი: "არას" თქმა ყოველთვის არ შეიძლება

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ "არა" არის განსაკუთრებული, იშვიათი სიტყვა. თუ ის წამდაუწუმ წარმოვთქვით, გაუფასურდება და მნიშვნელობას დაკარგავს. თუ დედა ყველაფრის გამო უყვირებს ბავშვს: "ხელი არ ახლო! არ შეიძლება!" - მის მიერ წარმოთქმული სიტყვები ქმედების უბრალო შეწყვეტის მნიშვნელობას შეიძენს და როგორც აკრძალვა, აღარ იმუშავებს. იმისთვის, რომ პატარას რეაქცია უფროსების "არაზე" სათანადო იყოს, ის დღის განმავლობაში წარმოთქმული მრავალი "დიახ"-ის ფონზე უნდა ჟღერდეს და ამით იპყრობდეს ყურადღებას, აფრთხილებდეს ბავშვს. ასე რომ, რაც უფრო იშვიათად წარმოთქვამთ სიტყვა "არას", მით უფრო ეფექტურად იმოქმედებს ის.

აკრძალვათა რაოდენობის შესამცირებლად მათზე წინასწარ უნდა ვიფიქროთ და თავიდანვე მინიმუმამდე დავიყვანოთ ბავშვის შეჯახება ისეთ სიტუაციებთან, როცა ამ განსაკუთრებული სიტყვის წარმოთქმა მოგვიწევს. თუ ლარნაკს ისეთ ადგილზე დავდებთ, რომ ბავშვი მას ვერავითარ შემთხვევაში ვერ მისწვდება, აღარ გახდება საჭირო, ბავშვს ავუკრძალოთ მისი ხელით შეხება. საშიშ ნივთებზეც იგივე ითქმის. რაც უფრო იშვიათია აკრძალვა, მით უფრო უკეთ ჭრის ის - ეს უნდა გავიგოთ და მივიღოთ.

წესი მეორე: თუ ბავშვს უთხარით "არა", მას აღარ უნდა უთხრათ "დიახ"

როცა გადაწყვეტთ, შვილს უთხრათ "არა", გაიხსენეთ, რომ ამით საკუთარ თავს ჩიხში აქცევთ. დიდ პასუხისმგებლობას იღებთ, იმიტომ, რომ თუ "არა" თქვით, გადაწყვეტილება აღარ უნდა შეიცვალოთ. სწორედ ამიტომ გმართებთ დაფიქრება, სანამ ამ განსაკუთრებულ სიტყვას წარმოთქვამდეთ. ხომ არ ამბობთ უარს იმაზე, რისი ნების დართვაც მოგიწევთ შემდგომ? რა ფასი ექნება თქვენს "არას", თუ მას ადვილად მოჰყვება "დიახ"? არავითარი.

როცა ბავშვს ვასწავლით, ერთმანეთისაგან გაარჩიოს თეთრი და შავი, ჩვენ არასოდეს ვუწოდებთ შავს თეთრს და პირიქით, მაგრამ როცა საქმე ეხება სიტყვა "არას", ამ ლოგიკას არცთუ იშვიათად ვღალატობთ: ხშირად მივიჩნევთ შესაძლებლად აკრძალულს და ვკრძალავთ შესაძლებელს.

წესი მესამე: თუ ბავშვს უთხარით "არა", დიდი შრომისათვის განეწყვეთ

როცა ბავშვს "არა" ესმის, აკრძალულის მიღების სურვილი კი არ უსუსტდება, უორკეცდება. იმიტომ კი არა, რომ "აკრძალული ხილი გემრიელია", არამედ იმიტომ, რომ "არა" თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობს, შეზღუდვას კი ყველა ადამიანი მტკივნეულად განიცდის. ამიტომ ახალი აკრძალვის შემოღებისას არ უნდა ველოდეთ, რომ ბავშვი მას უსიტყვოდ მიიღებს. პირიქით, მზად უნდა ვიყოთ მისი ბუნებრივი პროტესტისთვის. სწორედ აქ იწყება მშობლის მუშაობა ცხოვრებაში ახალი "არას" დასანერგად.

თავდაპირველად ბავშვი წინააღმდეგობას გაგიწევთ, მშობლის ხელოვნება კი ის არის, რომ წინააღმდეგობა არ აქციოს დაპირისპირებად. პატარა ეცდება, კორექტივი შეიტანოს თქვენ მიერ შეთავაზებულ წესებში, თქვენ კი უნდა მოახერხოთ, მან ეს ვერ შეძლოს. მიუხედავად წინააღმდეგობისა, დადგება წუთი, როცა ბავშვი აუცილებლად მიიღებს მშობლის წესებს. სწორედ ეს წუთი არ უნდა გამოგეპაროთ - შეაქოთ, წაახალისოთ ბავშვი, მოუწონოთ ქცევა. ყოველივე ეს დიდი სამუშაოა.

დაბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ შვილს რამეს უკრძალავთ, აუცილებლად მოგიწევთ საკუთარი თავის შეზღუდვაც. მაგალითად, თუ არ გინდათ, ბავშვმა ბევრი ტკბილეული მიირთვას, არც თავად უნდა შეექცეოდეთ ხშირად კანფეტებსა და ნამცხვრებს. ხშირად გვგონია, რომ აკრძალვა პრობლემის მოგვარების იოლი გზაა - ვთქვით "არა" და მორჩა. ეს მცდარი აზრია. სწორედ აკრძალვა მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას. ამიტომაც ხშირად უმჯობესია მოლაპარაკება.


წესი მეოთხე: საკუთარი "არა" ბავშვს მხოლოდ მაშინ აუხსენით, როცა დარწმუნებული იქნებით, რომ ის ამას გაიგებს

ალბათ ყველა შესწრებია სცენას, როცა ერთი წლის ბავშვს დედა კატეგორიულად სთხოვს პირიდან ხელის გამოღებას იმიტომ, რომ ხელი ჭუჭყიანია. არ არის გასაკვირი, რომ პატარა ბავშვი ყურსაც არ ათხოვებს. რასაკვირველია, ამ ასაკის ბავშვს არ ესმის, რა მიზეზშედეგობრივი კავშირია თითის ლოკვას, ბაქტერიებსა და ფაღარათს შორის, დედის აზრით კი პატარას ეს არათუ უნდა გაეგო, არამედ უნდა დაეხსომებინა კიდეც.

ამ მდგომარეობის ნაკლი ის არის, რომ ჩვენი გონივრული, მაგრამ პატარა ბავშვისათვის სრულიად გაუგებარი შეგონებით მას არათუ არ ვუხსნით აკრძალვის არსს, არამედ ვაბნევთ კიდეც და ვტოვებთ ჩვენი გაუგებარი მოთხოვნის პირისპირ, რომელსაც პატარა ბავშვი, რა თქმა უნდა, მრავალჯერ დაარღვევს. სწორედ ამიტომ უნდა ვეცადოთ, ჩვენს აკრძალვას მოვუძებნოთ პატარა ბავშვისთვის შესაფერისი და გასაგები ახსნა, გავითვალისწინოთ მისი ინტელექტუალური განვითარება, ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება. თუ ასეთ ახსნას ვერ უპოვით, უბრალოდ აუკრძალეთ. ურიგო არ იქნება, თუ აკრძალვის ნაცვლად პატარას რამეს შესთავაზებთ.

თუ ბავშვს რაიმეს უკრძალავთ, ეს უნდა გააკეთოთ მისი გამოცდილების შესაბამისად. სასურველია, ბავშვმა, თავის მხრივ, აგიხსნათ, როგორ გაიგო აკრძალვა.

წესი მეხუთე: "არა" არის სიტყვა, რომელიც ნეიტრალური ტონით წარმოითქმის

"არა" უნდა იყოს სიტყვა, რომელიც წარმოითქმის აღზრდის და არა დასჯის ან უპირატესობის დემონსტრირების მიზნით. თუ აკრძალვის დროს მშობელს ემოციამ სძლია, ბავშვი ამ ემოციას მისდამი მიმართულად აღიქვამს, ეს კი აღზრდის პროცესს ვნებს. "დედა ბრაზობს, ესე იგი მას არ ვუყვარვარ; დედა კარგ გუნებაზეა, ესე იგი, ვუყვარვარ", - ფიქრობს პატარა.

პატარა ბავშვს არ ესმის, რომ "არა" არის წესი, რომელიც ემყარება განსაზღვრულ ობიექტურ რეალობას, ამა თუ იმ ქმედებათა შედეგების ცოდნას. მისთვის "არა" მისი ქმედების შეწყვეტაა. როცა მშობელი წყნარად და მშვიდად წარმოთქვამს სიტყვა "არას", ბავშვი ამას ასე აღიქვამს: მის ქმედებას დედამ კი არ შეუშალა ხელი, არამედ ქმედება თავისით შეწყდა. ამ შემთხვევაში ბავშვი თავს დამცირებულად არ გრძნობს, აკრძალვა კი ბუნების კანონს ემსგავსება: ის შეიძლება ვერ გავიგოთ, მაგრამ უნდა შევასრულოთ. მოზრდილი ადამიანის მეტყველების სტილი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი სიტყვების შინაარსობრივი დატვირთვა.

პატარა გოგონა პომადას იღებს ხელში. თუ ამ დროს დედა ღიმილით ეტყვის "არას", ბავშვი მიიჩნევს, რომ თავისი საქციელით დედას ართობს და იმავე ქმედებას განაგრძობს. თუ დედა მკაცრად ეტყვის: "რამდენჯერ გითხარი, ხელი არ ახლო ჩემს საფულეს!" - ეს მისთვის მუქარასავით გაიჟღერებს. სამაგიეროდ, თუ აკრძალვას ნეიტრალური კილოთი წარმოთქვამთ, ბავშვი მას მშვიდად, ზედმეტი მღელვარების გარეშე მიიღებს.

წესი მეექვსე: არ დაგავიწყდეთ, ბავშვის საქციელი ქებით განამტკიცოთ, როცა ის თქვენს "არას" გაიგებს და შეასრულებს

სამწუხაროდ, ამის შეხსენება გამუდმებით ხდება საჭირო. აუცილებელია განვამტკიცოთ ბავშვის კარგი, სწორი, მოსაწონი საქციელი. ჩვეულებრივ, დრამა შემდეგი თანამიმდევრობით გათამაშდება ხოლმე: თავდაპირველად მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვი "რაღაც საშინელებას აკეთებს" და ამის გამო უბრაზდება, მერე კი უკრძალავს, ოღონდ დაძაბული, ემოციური კილოთი. ზოგჯერ ისტერიულადაც უყვირის. შეშინებული ბავშვი ემორჩილება "არას", რათა როგორმე დაიცვას თავი. მშობელი გრძნობს, რომ გაიმარჯვა და ნაწყენი, მაგრამ კმაყოფილი უყურებს შვილს. გამოდის, რომ ბავშვს არავინ შეაქებს იმის გამო, რომ დედის "არას" დაემორჩილა. ასეთი მიდგომა სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს. მშობელი მზად უნდა იყოს იმის გასაგებად, რომ ბავშვის მზადყოფნა, დაემორჩილოს დედის აკრძალვას, სრულიადაც არ არის ბუნებრივი რეაქცია; ეს "კეთილი ნების" აქტია და აუცილებელია მისი შემჩნევა, აღნიშვნა, დადებითი ემოციით განმტკიცება.

ყოველთვის გამოხატეთ სიხარული, როცა ბავშვი თქვენ მიერ შეთავაზებულ პირობებს შეასრულებს. პირველ რიგში - იმიტომ, რომ ეს მართლაც სასიხარულოა, მეორეც - იმისთვის, რომ პატარამ იცოდეს - მან დედა გაახარა!

წესი მეშვიდე: "არას" თაობაზე ოჯახის ყველა წევრს ერთნაირი პოზიცია უნდა ჰქონდეს

ძალიან ცუდია, როცა ოჯახის რომელიმე წევრი ცდილობს, ბავშვის თვალში დანარჩენებზე უკეთესი გამოჩნდეს - ცდილობს იყიდოს პატარას კეთილგანწყობა, მოახდინოს ლოიალურობის დემონსტრირება. ასეთი საქციელით ადამიანი ახდენს ყველას დისკრედიტაციას, მათ შორის - საკუთარი თავისასაც. უნდა ვაღიაროთ, რომ ოჯახის ყველა წევრს - დედას, მამას, ბებიებსა და პაპებს - აღზრდის თაობაზე თავ-თავიანთი წარმოდგენები აქვთ. ერთნი ბავშვს კანფეტებს უკრძალავენ, მეორენი - ტელევიზორის ყურებას, მესამენი კარგად სწავლას სთხოვენ... ტიპური შეცდომა კი ასეთია: დედა გაკვეთილების მომზადებამდე ტელევიზორის ყურებას კრძალავს; ბავშვი ბებიასთან მიდის და მასზე ზეწოლას იწყებს; ბებია ხედავს საყვარელი შვილიშვილის აცრემლებულ თვალებს და მყისვე რთავს ტელევიზორს. ჩამოუყალიბდება ამ დროს ბავშვს მართებული აზრი იმის თაობაზე, რა შეიძლება და რა - არა? რასაკვირველია, არა. სამაგიეროდ ჩამოუყალიბდება სხვა რამ - ახლობლებით მანიპულირების უნარი.

აუცილებელია, მოზრდილებს ერთნაირი პოზიცია ჰქონდეთ აკრძალვების თაობაზე. ეს ხელს შეუწყობს ბავშვის ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოყალიბებას. პატარა იგრძნობს, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს პატივს სცემენ და მიხვდება, რომ "არა" არის არა კონკრეტული პიროვნების ახირება, არამედ აუცილებლობა.