News

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ H1N1 გრიპის ინფექციის ეპიდემიური საშიშროების მეექვსე, მაქსიმალურ დონეზე დატოვება გადაწყვიტა. 15 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარი კომისიის დასკვნის თანახმად, ჯანმო-ს წევრი ქვეყნების ჯანდაცვის ორგანოთა ხელმძღვანელებმა უნდა განაგრძონ H1N1 გრიპის მონიტორინგი და ინფექციის პროფილაქტიკისთვის საჭირო ღონისძიებათა გატარება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მარგარეტ ჩენმა აღნიშნა, რომ ექსპერტთა პროგნოზით, H1N1-ის გავრცელება გაგრძელდება და გრიპის პანდემიისადმი მიძღვნილი მომდევნო სხდომა 2010 წლის ივლისისთვის დაგეგმა. როგორც მან თქვა, იმ დროისთვის უკვე ხელთ ექნებათ მონაცემები სამხრეთ ნახევარსფეროში დაავადებულთა რაოდენობის შესახებ, სადაც ამჟამად გრიპითა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციებით ავადობის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გრიპის პანდემიის საფრთხემ მეექვსე, მაქსიმალურ დონეს მიაღწია და 2010 წლის ივნისი პანდემიის დასაწყისად ოფიციალურად აღიარა. ორგანიზაციის ხელთ არსებული უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, ლაბორატორიულად დადასტურებულია ინფექციით 18 ათასი ადამიანის სიკვდილის შემთხვევა. ცნობისათვის: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ უკანასკნელად 1968 წელს გამოაცხადა გრიპის პანდემია, რომელსაც მაშინ მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
მშობლების საშიში შეცდომები
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მასაჩუსეტსელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების მშობლები შვილებისთვის წამლის მიცემისას ხშირად მიუტევებელ შეცდომას უშვებენ. კლინიცისტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პატარა პაციენტებისთვის ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტების დროულ და რეგულარულ მიცემას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მკვლევარებმა შეისწავლეს, როგორ აძლევდნენ ექიმის მიერ დანიშნულ პრეპარატებს კიბოთი, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიითა და ეპილეფსიით დაავადებულ 6 თვიდან 20 წლამდე ასაკის 83 ბავშვსა და მოზარდს. პაციენტებს წამალს ყველაზე ხშირად დედები (79%) და მამები (7%) ასმევდნენ. და აი, აღმოჩნდა, რომ მიუხედავად უმაღლესი განათლებისა, ბავშვების მშობლებსაც და მომვლელებსაც წამლის მიცემის დროს ხშირად მოსდიოდათ შეცდომა. მაგალითად, ზოგიერთ ოჯახში არ იცოდნენ შპრიცის სწორად გამოყენება, ამიტომ საინექციო პრეპარატი არასწორად შეჰყავდათ, რის შედეგადაც ბავშვები ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის საჭიროზე გაცილებით ნაკლებ დოზას იღებდნენ.
სულ მკვლევარებმა ქრონიკულად დაავადებულ ბავშვთა ოჯახებში 128 სამედიცინო შეცდომა გამოავლინეს. 73 მათგანს შეეძლო, ბავშვის ჯანმრთელობისთვის დიდი ზიანი მიეყენებინა, ხოლო 10-მა რეალურად გააუარესა ბავშვის ჯანმრთელობა. ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა პრეპარატის იარლიყსა და ინსტრუქციაზე არასწორი მინაწერის არსებობა. იყო შემთხვევები, როცა იარლიყზე ეწერა, რომ ბავშვისთვის უნდა მიეცათ დღეში 6 აბი, სინამდვილეში კი ბავშვს კვირაში სულ 7 აბი ჰქონდა დანიშნული. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების მშობლებს დამატებითი კონსულტაციები სჭირდებათ, რათა შინ ექიმის დანიშნულება ზედმიწევნით შეასრულონ.
ამერიკელმა მეცნიერებმა სარძევე ჯირკვლის კიბოს
საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა გვაუწყეს
ამერიკელმა მეცნიერებმა თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად განაცხადეს, რომ სარძევე ჯირკვლის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს. უახლოეს რამდენიმე წელიწადში ეს პრეპარატი ადამიანებზე გამოიცდება. გამოკვლევა კიბოს განვითარებისკენ გენეტიკურად მიდრეკილ თაგვებზე ჩატარდა.
საცდელი მღრღნელები ორ ჯგუფად გაყვეს. ანტისხეულ აცტალბუმინ-ის შემცველ ვაქცინას მხოლოდ პირველ ჯგუფს უკეთებდნენ. ანტისხეულებით აცრილი თაგვებიდან კიბოთი არც ერთი არ დაავადდა, მეორე ჯგუფში კი ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევები აღირიცხა. მეცნიერთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის თქმით, აქტიური პრეპარატი მოქმედებს ცილაზე, რომელიც სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევათა უმრავლესობაში ჩნდება ორგანიზმში. მკვლევარებს სჯერათ, რომ კვლევის წარმატებით დასრულების შემთხვევაში შესაძლოა ვაქცინა ქალებში სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკისთვის გამოიყენონ.