რეაბილიტაცია კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რეაბილიტაცია კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ

როგორ მიმდინარეობს პაციენტთა გამოჯანმრთელების პროცესი ავადმყოფობის შემდგომ. რასაკვირველია, გრძელდება შესაძლო შორეული ეფექტების და მათთან ბრძოლის მეთოდების შესწავლაც.

- როდის უმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა კოვიდ-19-ის გადატანის შემდგომ?

- პაციენტთა უდიდესი ნაწილი კოვიდ-19-ის გადატანიდან მცირე დროის შემდეგ თავს კარგად გრძნობს, თუმცა არის შემთხვევები, როცა სიმპტომები ხანგრძლივდება. ხშირად ეს ეხებათ იმ პაციენტებს, რომელთაც მკურნალობა სტაციონარში (საავადმყოფოში) მკურნალობა დასჭირდათ.

მართალია, ექიმები მთელ მსოფლიოში განაგრძობენ კოვიდ-19-ის შესწავლას და ყოველთვის მოსალოდნელია არსებული ინფორმაციის ცვლილებები, თუმცა ამ ეტაპზე განასხვავებენ დაავადების 2 სტადიას:

  • მწვავე კოვიდ-19-ს - მოიცავს დაავადების სიმპტომებს ინფიცირებიდან პირველი 4 კვირის განმავლობაში. საბედნიეროდ, პაციენტთა უდიდეს ნაწილს ამ პერიოდის დასრულების შემდეგ არავითარი სიმპტომი აღარ აქვს;
  • პოსტკოვიდ (კოვიდის შემდგომი) მდგომარეობა - აღნიშნული ტერმინი გულისხმობს ინფიცირებიდან 3 თვის განმავლობაში არსებულ სიმპტომებს. უხშირესად ასეთი გახანგრძლივებული სიმპტომები დაავადების მძიმე ფორმით გადამტან პაციენტებს აქვთ. მათ, ვისაც დასჭირდა მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ან რეანიმაციაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატის ან სხვა დამხმარე მოწყობილობის გამოყენება.

მწვავე პერიოდის შემდგომი სიმპტომების (სიმპტომების პერსისტენცია) აღსანიშნავად მედიკოსები სხვადასხვა ტერმინს იყენებენ. ეს შეიძლება იყოს „ხანგრძლივი კოვიდი“, „ქრონიკული კოვიდ-19“, „პოსტკოვიდ სინდრომი“.

- რომელი სიმპტომები გვხვდება ხშირად კოვიდ-19-ის შემდგომ?

- რასაკვირველია, ყოველი პაციენტისათვის ეს სიმპტომები განსხვავებულია, თუმცა მათ შორის ხშირია:

  • ძლიერი სისუსტე;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • არასასიამოვნო შეგრძნება (დისკომფორტი) გულმკერდში;
  • ხველა.

გარდა ამისა, შესაძლოა გახანგრძლივდეს სხვა სიმპტომებიც - ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა/დაქვეითება, თავის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ძილის დარღვევა, უმადობა, ოფლიანობა, ფაღარათი.

პაცინეტთა ნაწილს აქვს გახანგრძლივებული ფსიქოლოგიური პრობლემები:

  • აზროვნების, ყურადღების ფოკუსირების, ფაქტების გახსენების გაძნელება;
  • დეპრესია, შფოთვა ან ტრავმის შემდგომი სტრესული მდგომარეობისათვის დამახასიათებელი სიმპტომები.

ექიმისთვის საკმაოდ რთულია პროგნოზირება, როდის გაუმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა, რადგანაც ეს ინდივიდუალურია ყოველი პაციენტისათვის, დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, კოვიდ-19-ის მიმდინარეობის სიმძიმეზე. ზოგიერთი სიმპტომი, მაგალითად, სისუსტე, მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, შეიძლება ხანგრძლივად აწუხებდეს პაციენტს.

კოვიდ-19-ის შემდგომი დამოუკიდებელი რეაბილიტაცია

დაავადების გახანგრძლივებული სიმპტომებისას, რაც პოსტკოვიდ (კოვიდის შემდგომი) სინდრომის სახელწოდებითაა ცნობილი, ჩვეული, ყოველდღიური აქტივობის ან შრომის უნარის აღსადგენად შესაძლოა საჭირო გახდეს სპეციალური სარეაბილიტაციო ღონისძიებები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ამ მიზნით შეიმუშავა რეკომენდაციები დამოუკიდებელი რეაბილიტაციისათვის. ის, უპირველესად, გამიზნულია პაციენტებისათვის, რომლებიც ჰოსპიტალიზებულნი იყვნენ კოვიდ-19-ის გამო. ქვემოთ შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ რეკომენდაციათა ძირითადი დებულებები.

ქოშინის კუპირება (მოხსნა)

საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ პაციენტებს ხშირად აქვთ ქოშინი, ანუ სუნთქვის გაძნელება. მისი აღმოცენების უმთავრესი მიზეზებია ორგანიზმის დასუსტება, ფიზიკური აქტივობის დაქვეითება ავადმყოფობისას. ქოშინი, თავის მხრივ, იწვევს პაციენტის შფოთვას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ქოშინს. ამ პრობლემასთან გამკლავების საუკეთესო საშუალება სიმშვიდის შენარჩუნება და ქოშინის კონტროლის მეთოდების ცოდნაა. ყოველდღიური ფიზიკური აქტივობისა და ვარჯიშის ინტენსივობის მატებასთან ერთად ქოშინი თანდათან უნდა შემცირდეს. ქვემოთ მოყვანილი რჩევები პაციენტს დაეხმარება პრობლემასთან სრაფგამკლავებაში.

შესაძლოა, პაციენტმა სცადოს ქოშინის შემცირება სხეულის პოზიციის დახმარებით, ეს შეიძლება იყოს:

  • გვერდზე წოლა წამოწეული თავით;
  • ჯდომისას სხეულის წინ დახრა;
  • დგომისას სხეულის წინ დახრა;
  • დგომისას სხეულის კედელზე მიყრდნობა.

ქოშინის შემცირებაში დაგვეხმარება სუნთქვის სხვადასხვა ტექნიკა:

  • კონტროლირებადი სუნთქვა - პაციენტი ზის მოხერხებულად, ისე, რომ ზურგს ჰქონდეს კარგი საყრდენი, ერთი ხელი თავსდება გულმკერდზე, მეორე - მუცელზე, თუ პაციენტს სიამოვნებს და დაეხმარება კონცენტრირებაში, შესაძლებელია თვალების დახუჭვა, პაციენტი ნელა შეისუნთქავს ცხვირით (თუ ცხვირით სუნთქვა გაძნელებულია - პირით), ამოისუნთქავს პირით, მუცელზე მოთავსებული ხელი უფრო მეტად უნდა მოძრაობდეს, სუნთქვა უნდა იყოს ნელი, თავისუფალი, მშვიდი, ნაკლები ძალისხმევით.
  • მეტრონომიზებული სუნთქვა (ნელი ღრმა სუნთქვა მუცლით) - ასეთი სუნთქვა გვეხმარება იმ აქტივობისას, რომელიც მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მაგალითად, კიბეზე ან აღმართზე ასვლისას. უნდა გვახსოვდეს, რომ არ ვიჩქაროთ. ძალისხმევის ეპიზოდამდე (მაგალითად, საფეხურზე ასვლის წინ) შევისუნთქოთ, უშუალოდ ძალისხმევისას (საფეხურზე გადანაცვლება) კი ამოვისუნთქოთ. შესაძლოა, უფრო ადვილი იყოს ცხვირით შესუნთქვა და პირით ამოსუნთქვა.

თუკი აღწერილი მეთოდების გამოყენების მიუხედავად ქოშინი შემაწუხებელია ან უეცრად აღმოცენდა ძლიერი ქოშინი, აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვა!!!

ვარჯიში საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ

ვარჯიში კოვიდ-19-ის შემდგომი რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი მიზანია:

  • ფიზიკური ფორმის გაუმჯობესება;
  • ქოშინის შემცირება;
  • კუნთოვანი ძალის ზრდა;
  • წონასწორობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება;
  • აზროვნების გაუმჯობესება;
  • სტრესის შემცირება და გუნება-განწყობილების გაუმჯობესება;
  • საკუთარი შესაძლებლობების რწმენის გაძლიერება;
  • ენერგიის შეგრძნების მატება.

რა უნდა გავითვალისწინოთ ვარჯიშის დროს

უპირველესად, მხედველობაში უნდა მივიღოთ უსაფრთხოების წესები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავადმყოფობამდე პაციენტს არ ჰქონდა ფიზიკური აქტივობისა და წონასწორობის დაცვის არავითარი პრობლემა. აღნიშნული რჩევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, თუ:

  • პაციენტს კოვიდ-19-ით დაავადებამდე ჰქონდა გადაადგილების პრობლემა;
  • ჰქონდა უეცრად დაცემის შემთხვევა სტაციონარში მოხვედრამდე ან უშუალოდ სტაციონარში;
  • პაციენტს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც ფიზიკური აქტივობისას გარკვეულ რისკს უკავშირდება;
  • თუ პაციენტს შინაც სჭირდება ჟანგბადის აპარატის გამოყენება.

ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისას ვარჯიშის დროს პაციენტის უსაფრთხოებისათვის აუცილებელია სხვა პირის დასწრება. თუ პაციენტი მოიხმარს ჟანგბადს სპეციალური მოწყობილობით, აუცილებელია წინასწარი კონსულტაცია ექიმთან.

საფრთხე რომ ავიცილოთ, რეკომენდებულია:

  • ვარჯიშის დაწყების წინ მოთელვა, დასრულებისას კი დამამშვიდებელი ვარჯიშები;
  • სათანადო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გამოყენება;
  • საკვების მიღებიდან გასული უნდა იყოს, სულ მცირე, 1 საათი;
  • საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება;
  • მიზანშეუწონელია ვარჯიში ძალიან ცხელ ან ძალიან ცივ გარემოში.

თუ ვარჯიშის დროს აღმოცენდა ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი, აუცილებელია დატვირთვის შეწყვეტა და კონსულტაცია ექიმთან:

  • გულისრევის შეგრძნება, ღებინება;
  • თავბრუ, მათ შორის მსუბუქი;
  • ძლიერი ქოშინი;
  • გაძლიერებული ოფლიანობა;
  • ზეწოლა გულმკერდის არეში;
  • ტკივილის გაძლიერება.

როგორ ვივარჯიშოთ სწორად

ბუნებრივია, ვარჯიშისას პაციენტმა უნდა შეამოწმოს, რამდენად სწორად ტვირთავს ორგანიზმს. ამისათვის არსებობს მარტივი რეკომენდაცია - ვარჯიშისას უნდა წარმოთქვას რაიმე წინადადება.

  • თუ ამ დროს პაციენტი უწყვეტად ამბობს წინადადებას და ქოშინი არ აღმოცენდება, შესაძლებელია დატვირთვის გაზრდა;
  • თუ ქოშინის გამო პაციენტი ვერ საუბრობს ან მხოლოდ თითო სიტყვის წარმოთქმა შეუძლია, ესე იგი დატვირთვა ძალიან დიდია;
  • თუ წინადადების წარმოთქმისას აუცილებელია ერთი ან ორი შესვენება, ქოშინი ზომიერი ან თითქმის ძლიერია, დატვირთვა ნორმალურია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ფიზიკური დატვირთვის დროს ქოშინი ნორმალური ფიზიოლოგიური რეაქციაა, რაც არც საზიანოა და არც საშიში. ფიზიკური მდგომარეობის თანდათანობით გაუმჯობესებისას ქოშინი მცირდება.

როგორ აღვადგინოთ ხმა

ზოგჯერ პაციენტებს ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენების შემდეგ აქვთ ხმის პრობლემები - ხმის ჩახლეჩა ან შესუსტება. ამ დროს მნიშვნელოვანია:

  • თუ ძალიან დიდ დისკომფორტს არ უკავშირდება, პაციენტმა უნდა განაგრძოს საუბარი, რომ სახმო იოგები აქტიურობდეს. დაღლის შემთხვევაში რეკომენდებულია შესვენებები.
  • არ შეიძლება ხმის დაძაბვა, ჩურჩული, ყვირილი;
  • აუცილებელია შესვენებები;
  • რეკომენდებულია მელოდიის „წამღერება“ პირის გაღებისა და დაძაბვის გარეშე;
  • საუბრის გაძნელებისას ალტერნატიული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენება - ჟესტები, წერილები;
  • მცირე ყლუპებით წყლის მიღება დღის განმავლობაში.

ყლაპვის, საკვებისა და სითხის მიღების აღდგენა

ინტუბაციის შემდგომ პერიოდში შესაძლოა თავი იჩინოს ყლაპვის გაძნელებამ. ამის მიზეზი ყლაპვაში მონაწილე კუნთების დასუსტებაა. კარგი კვება, საკმარისი რაოდენობით სითხის გამოყენება მნიშვნელოვანია პრობლემის მოსაგვარებლად.

ყლაპვის პროცესზე ყურადღების გამახვილება აუცილებელია მოხრჩობისა და სასუნთქი გზების ინფექციების ასარიდებლად. მათი რისკი მაშინ აღმოცენდება, როცა ყლაპვის დარღვევის გამო საკვების ნაწილაკები, საყლაპავის ნაცვლად, სასუნთქ გზებში ხვდება.

ყლაპვის პრობლემებისას რეკომენდებულია:

  • საკვების და/ან სასმლის მიღებისას პაციენტი იჯდეს სწორად. დაუშვებელია კვება წოლის დროს;
  • საკვებისა და სითხის მიღების შემდეგ პაციენტმა შეინარჩუნოს ვერტიკალური მდებარეობა, სულ მცირე, 30 წუთის განმავლობაში;
  • პაციენტმა სცადოს სხვადასხვა კონსისტენციის (თხიერი, რბილი, მაგარი, დაქუცმაცებული) საკვების მიღება, რათა იცოდეს, რომელს იღებს ადვილად;
  • საკვების და სასმლის მიღება წყნარ გარემოში, მთელი ყურადღების კონცენტრირება ყლაპვაზე;
  • საკვების მიღება ნელა, აჩქარების გარეშე, საკვების მცირე ნაწილების კარგად დაღეჭვა, აუცილებლობისას სითხის მიღება მცირე ყლუპებით, საკვების გადაყლაპვათა შორის;
  • მორიგი ლუკმის მიღება მხოლოდ წინა ლუკმის სრულად გადაყლაპვის შემდეგ;
  • თუ საკვების მიღების ჩვეული სამჯერადი რეჟიმი გაძნელებული და დამღლელია, სასურველია, ერთ ჯერზე მიღებული საკვების რაოდენობის შემცირება და საკვების მიღება უფრო ხშირად - 4-5-ჯერ;
  • თუ კვებისას აღმოცენდება ხველა ან ქოშინი, აუცილებელია ხშირი შესვენება.

ჯანსაღ კვებას განუზომელი მნიშვნელობა აქვს პაციენტის რეაბილიტაციის პროცესში, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა პაციენტს აქვს სისუსტე ან გამოიყენეს ხელოვნური სუნთქვის აპარატი. დიდი მნიშვნელობა აქვს პირის ღრუს ჰიგიენასა და საკმარისი ოდენობით წყლის მიღებასაც.

თუ საკვებისა და სითხის მიღების პრობლემა გახანგრძლივდა, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

მეხსიერების, აზროვნებისა და ყურადღების კონცენტრირების ფუნქციის აღდგენა

ძალიან ხშირად კოვიდ-19-ის მძიმე შემთხვევების შემდეგ, განსაკუთრებით, თუ საჭირო იყო ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია (ე. წ. „აპარატით სუნთქვა“), ვლინდება ყურადღების, დამახსოვრებისა და აზროვნების ფუნქციების დარღვევა. ეს პრობლემა შეიძლება გაქრეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე პერიოდში, თუმცა ზოგ პაციენტს შეიძლება უფრო ხანგრძლივად აღენიშნებოდეს. მნიშვნელოვანია, პაციენტი და მისი ოჯახის წვერები აცნობიერებდნენ აღნიშნული დარღვევების არსებობას, რადგანაც შესაძლოა მათი ზეგავლენა ადამიანების ურთიერთობებზე, ყოველდღიურ ოჯახურ თუ პროფესიულ საქმიანობაზე, სწავლაზე.

ქვემოთ მოყვანილი მეთოდებით პაციენტი შეიძლება უფრო ადვილად გაუმკლავდეს არსებულ პრობლემებს:

  • თავის ტვინის ფუნქციის აღდგენაში პაციენტს დაეხმარება ფიზიკური ვარჯიში;
  • აზროვნების პროცესზე დადებითად მოქმედებს სპეციალური ვარჯიშები თავის ტვინისათვის - ახალი გატაცება და საქმიანობა, თავსატეხების, კროსვორდების ამოხსნა, კითხვა, დამახსოვრება. რეკომენდებულია დაწყება მარტივით და დავალებების თანდათან გართულება;
  • საკუთარი თავისათვის შესახსენებლად ჩანაწერების, ტელეფონის სიგნალის გამოყენება;
  • დაგეგმილი რთული საქმიანობის დანაწევრება ცალკეულ ეტაპებად, რათა ის შეუძლებლის შთაბეჭდილებას არ ტოვებდეს.

სტრესი, შფოთვა, დეპრესია

საავადმყოფოში ყოფნა, მით უფრო - ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ნამდვილად არის ის ფაქტორი, რომელიც ძლიერ უარყოფითად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. ასეთი მდგომარეობის შემდეგ არ არის უცნაური, რომ პაციენტს უეცრად ეუფლებოდეს შფოთვა (მოუსვენრობისა და შიშის უმიზეზო ეპიზოდები) ან დეპრესია (უმიზეზო ცუდი განწყობა ან ნაღველი). უნებურად შეიძლება აღმოცენდეს ცუდი ფიქრები და აზრები საკუთარი ჯანმრთელობის გამო, გონებაში გაცოცხლდეს საავადმყოფოში განცდილი თუ ნანახი სურათები. პაციენტის განწობას ხშირად აუარესებს ჩვეულთან შედარებით სისუსტე და შრომის უუნარობა, ცუდი განწყობა კი კიდევ უფრო აქვეითებს ადამიანის შესაძლებლობებს.

ყოველივეს გათვალისწინებით სტრესის, შფოთვისა და დეპრესიის დაძლევა პაციენტის რეაბილიტაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. საამისოდ რეკომენდებულია ორგანიზმის ძირითადი მოთხოვნილებების უზრუნველყოფა:

  • სრულფასოვანი ძილი - სტაციონარში ყოფნა და შემდგომი სტრესი მკვეთრად არღვევს ნორმალურ ძილს. მისი აღდგენისათვის უნდა დაწესდეს ძილისა და სიფხიზლის გარკვეული რეჟიმი, ძილის დროს უნდა ავირიდოთ ხმაური, მკვეთრი შუქი, ნიკოტინის (თამბაქო), კოფეინის, ალკოჰოლის ზემოქმედება;
  • საკმარისი და ჯანსაღი საკვები;
  • ფიზიკური აქტიურობა, რაც ამცირებს სტრესსა და დეპრესიის შესაძლებლობას.

მნიშვნელოვანია, პაციენტმა გადადგას ნაბიჯები საკუთარი თავის დასახმარებლად. ამისათვის კი აუცილებელია:

  • სოციალური კონტაქტების შენარჩუნება - ეს საკმაოდ რთულია პანდემიისას, თუმცა არსებობს ტელეფონი, ინტერნეტი. აუცილებელია ახლობლებს და მეგობრებს აგრძნობინოთ, რომ მათთან საუბარი და ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი რეაბილიტაციისათვის;
  • საქმიანობა, რომელიც ხელს უწყობს დასვენებას, რელაქსაციას - იგულისხმება ყველაფერი, რაც ადამიანისათვის სასიამოვნოა და მას არ ძაბავს - მუსიკის მოსმენა, კითხვა, ნელი სუნთქვა;

თუ პაციენტს კოვიდ-19-ის გადატანამდე სჭირდებოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთა დახმარება, აუცილებელია განახლდეს მათთან ურთიერთობა.

როდის მივმართოთ ექიმს

გადატანილი კოვიდ-19-ის შედეგები, განსაკუთრებით - დაავადების მძიმე შემთხვევებით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციისა და ხელოვნური ვენტილაციის შემდეგ, სხვადასხვა პაციენტისთვის განსხვავებულია. არის შემთხვევები, როცა აუცილებელია დროულად, ზოგჯერ კი დაუყოვნებლივ ექიმისთვის მიმართვა. აღნიშნული აუცილებელია, როცა:

  • არ მცირდება ქოშინი ანუ სუნთქვის გაძნელება უმოძრაოდ ყოფნისას, ზემოთ აღწერილი სუნთქვის კონტროლის მეთოდების გამოყენების მიუხედევად;
  • მცირე ფიზიკური დატვირთვის დროსაც კი აღმოცენდება ძლიერი ქოშინი;
  • ფიზიკურ დატვირთვამდე ან უშუალოდ დატვირთვისას პაციენტს აქვს ჩამოთვლილ სიმპტომთაგან ერთი ან რამდენიმე - გულისრევის შეგრძნება, ღებინება; თავბრუ, მათ შორის - მსუბუქი; ძლიერი ქოშინი; გაძლიერებული ოფლიანობა; ზეწოლა გულმკერდის არეში; ტკივილის გაძლიერება;
  • არ უმჯობესდება არც აზროვნების პროცესი, არც დაღლილობა, რაც ართულებს ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობას;
  • უარესდება პაციენტის გუნება-განწყობილება, განსაკუთრებით, თუ უგუნებობა გრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაში.