პროსტატიტი

ჩვენს ცხოვრებაში ფართოდ არის გავრცელებული.
რა არის პროსტატიტი? ვინ ავადდება ამ პათოლოგიით?
პროსტატიტი წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. მისი მთავარი მიზეზი ჯირკვალში ინფექციის გამომწვევი აგენტის მოხვედრაა, რაშიც არცთუ მცირე როლს ასრულებს წინამდებარე ჯირკვლის ანატომიური მდებარეობა.
მასში ინფექცია შეიძლება მოხვდეს შარდის ბუშტიდან, შარდსადენი არხიდან, სწორი ნაწლავიდან, მცირე მენჯის სისხლძარღვებიდან თუ ლიმფური გზებიდან. თუმცა პროსტატაში ინფექციის მოხვედრამ შესაძლოა სულაც არ გამოიწვიოს დაავადება. უფრო მეტიც - შეიძლება ითქვას, რომ ასეთ არახელსაყრელ ადგილზე მდებარე ჯირკვლისთვის ინფექცია ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც ხშირად ისე გაივლის, რომ მამაკაცი ვერაფერს ამჩნევს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ასეა თუ ისე, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პროსტატიტის განვითარებისთვის, გარდა ინფექციური აგენტისა, აუცილებელია ზოგიერთი სხვა ფაქტორიც. ფაქტორებს, რომლებსაც დაავადების პროვოცირება შეუძლია, მიეკუთვნება:
- ორგანიზმის გადაცივება;
- ხშირი შეკრულობა;
- მჯდომარე სამუშაო;
- ხანგრძლივი სქესობრივი თავშეკავება და გადაჭარბებული სექსუალური აქტიურობა;
- ჰიპოდინამია, მოძრაობითი აქტივობის შეზღუდვა;
- ქრონიკული ანთებითი პროცესები (მაგალითად, ქრონიკული ბრონქიტი) და ინფექციის ქრონიკული კერები (მაგალითად, ტონზილიტი, არანამკურნალები კარიესული კბილები);
- გადატანილი ვენერული და უროლოგიური დაავადებები (გონორეა, ურეთრიტი);
- ნებისმიერი სხვა მდგომარეობა, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის იმუნური სისტემის დათრგუნვას (მაგალითად, გადაძაბვა სპორტული დატვირთვის დროს, რეგულარული გამოუძინებლობა, არასრულფასოვანი და არარეგულარული კვება, ქრონიკული სტრესი და სხვა).
ყველა ეს ფაქტორი ან უადვილებს მიკრობებს წინამდებარე ჯირკვალში შეღწევას, ან ხელს უწყობს მცირე მენჯის ორგანოების სისხლით მომარაგების გაუარესებას, ან იწვევს შეგუბებით პროცესებს, რასაც საბოლოოდ მიკროორგანიზმების გამრავლებამდე და ანთებითი პროცესის განვითარებამდე მივყავართ.
როგორ ვლინდება პროსტატიტი?
მწვავე პროსტატიტი
პროსტატიტი შეიძლება მოულოდნელად განვითარდეს როგორც მწვავე ანთებითი დაავადება ყველა შესაბამისი კლინიკური ნიშნით. ასეთ დროს პაციენტს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა (38-39 გრადუსი ცელსიუსით), ციება, მწვავე ტკივილი შორისის ან სწორი ნაწლავის მიდამოში, მტკივნეული შარდვა და დეფეკაცია.
ქრონიკული პროსტატიტი
დაავადება ხშირად ქრონიკული ფორმით ვითარდება და არცთუ ისე შემაწუხებელია. ამ შემთხვევაში ზემოხსენებული სიმპტომები უფრო სუსტად იქნება გამოხატული, ზოგჯერ კი იმდენად უმნიშვნელოდ, რომ შესაძლოა, ადამიანმა ან საერთოდ არ მიაქციოს ყურადღება, ან, ვთქვათ, ტემპერატურის მცირედი მომატება ბანალურ გაციებას დააბრალოს. ტემპერატურა ასეთ დროს ოდნავ თუ ასცდება 37 გრადუსს; შორისის მიდამოში პერიოდულად შესაძლოა სუსტმა ტკივილმა ან უსიამოვნო შეგრძნებამ იჩინოს თავი; ასეთი შეგრძნება ზოგჯერ შარდვის ან დეფეკაციის დროსაც შეინიშნება.
საშარდე არხიდან უმნიშვნელო რაოდენობით დის ლორწოვანი გამონაყოფი - ეს ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია. ხშირად პროსტატიტი სქესობრივი გზით გადამდები ქრონიკული ინფექციური დაავადების - ქლამიდიოზის, ტრიქომონიაზის, ურეაპლაზმოზის და სხვათა - გართულებად გვევლინება. ამ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა უმნიშვნელოდ იცვლება, კერძოდ, მოშარდვა ოდნავ უფრო მტკივნეული ხდება, შეინიშნება უმნიშვნელო ტკივილები შორისის მიდამოში, დეფეკაციის დროს საშარდე არხიდან ცოტაოდენი გამონაყოფი დის. სამწუხაროდ, ამ ცვლილებებს პაციენტები იშვიათად აქცევენ ყურადღებას. გარკვეული ხნის შემდეგ თავს იჩენს ერექციის პრობლემები. ეს გამოწვეულია ანთებით პროცესში იმ ნერვების ჩართვით, რომლებიც ერექციულ ფუნქციას განაგებს.
ქრონიკული პროსტატიტი ნეგატიურად მოქმედებს განწყობილებაზე. მამაკაცი მუდმივად გაღიზიანებულია, უკმაყოფილო და მხოლოდ საკუთარ მდგომარეობაზე ფიქრობს. ხშირად ეს ყველაფერი ისე მკვეთრად არის გამოხატული, ექიმები ამბობენ, რომ საუკეთესო შედეგის მისაღებად არა მარტო კარგი უროლოგი, არამედ კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყო.
რა მოხდება, თუ არ იმკურნალებთ?
თუ მწვავე პროსტატიტის დროს ავადმყოფი ექიმთან არ მივიდა, მოსალოდნელია, განვითარდეს წინამდებარე ჯირკვლის აბსცესი - კეროვანი ჩირქოვანი ანთება. ამ დროს სხეულის ტემპერატურა 39-40 გრადუსამდე იმატებს და ჰექტიური ხდება, ძლიერ ცხელებას პერიოდული შემცივნება ცვლის, ტკივილი შორისის მიდამოში ისე ძლიერდება, რომ შარდვა მეტისმეტად ძნელდება, ხოლო დეფეკაცია ხშირად შეუძლებელი ხდება.
გარკვეული ხნის შემდეგ მწვავე პროსტატიტი წინამდებარე ჯირკვლის შეშუპებას იწვევს, შედეგად კი ვითარდება შარდვის მწვავე შეკავება. საბედნიეროდ, მამაკაცთა უმრავლესობას საქმე აქამდე არ მიჰყავს და დროულად მიმართავს უროლოგს.
სხვაგვარადაა საქმე ქრონიკული პროსტატიტის დროს. ის ტალღისებურად მიმდინარეობს, პერიოდულ გამწვავებას მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი რემისიები მოსდევს, რომელთა დროსაც დაავადება თითქმის არაფრით იჩენს თავს, ამიტომ მრავალი მამაკაცი ექიმთან მისვლას ლოდინს ამჯობინებს, თუმცა ეს არცთუ გონივრული აზრია, რადგან ყოველი გამწვავების დროს ანთებითი პროცესი უფრო და უფრო შორს ვრცელდება. თუ მან საშარდე სისტემაც ჩაითრია, ეს ცისტიტის ან პიელონეფრიტის განვითარებამდე მიგვიყვანს. ასევე არ არის გამორიცხული ვეზიკულიტი - სათესლე ბუშტუკების ანთება და ეპიდიდიმოორქიტი - სათესლე ჯირკვლებისა და მათი დანამატების ანთება. საბოლოოდ დაავადებამ შესაძლოა უნაყოფობა გამოიწვიოს, რომლის მკურნალობა მეტად რთული და ხანგრძლივი იქნება, თუ საერთოდ მოხერხდა განკურნება.
რა მოხდება, თუ ექიმთან მიხვალთ?
არც მწვავე, არც ქრონიკული პროსტატიტის დიაგნოსტიკა არ არის რთული. გამოკითხვისა და დათვალიერების შემდეგ ექიმი წინამდებარე ჯირკვალს უკანა ტანიდან თითით სინჯავს და ანალიზისთვის პროსტატის სეკრეტს იღებს. ეს არასასიამოვნო, ხოლო გამოხატული ანთებითი პროცესის დროს საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა, მაგრამ აუცილებელიც.
პროსტატიტის დროს დიაგნოსტიკის კიდევ ერთი მეთოდია ტრანსრექტალური ულტრაბგერითი კვლევა.
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია შარდისა და წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტის ლაბორატორიული დათესვა, რითაც ანტიბაქტერიული პრეპარატებისადმი ფლორის მგრძნობელობას ადგენენ. უამისოდ მკურნალობა ეფექტური არ იქნება და განკურნებამდე კი არა, დაავადების უფრო მძიმე ფორმამდე მიგვიყვანს.