ჰიპოდინამია - ჩვენი საუკუნის დაავადება
განპირობებულს ცხოვრების მჯდომარე წესითა და მოძრაობითი აქტივობის შეზღუდვით. ჰიპოდინამიის სინდრომი ჩვენი საუკუნის დაავადებად და ტექნიკური პროგრესის თანმხლებ უარყოფით მოვლენად განიხილება. არც არის გასაკვირი, ტექნოლოგიების სრულყოფამ, სხვადასხვა მოწყობილობათა დახვეწამ და საზოგადოდ პროგრესმა ხომ მაქსიმალურად შეუმცირა ადამიანს ფიზიკური დატვირთვა, შეუზღუდა მოძრაობითი აქტივობა. ამიტომ ჩვენი კუნთები სულ უფრო ნაკლებად იტვირთება, სათანადო ვარჯიშსა და აქტივობას უფრო მეტად ემშვიდობება, შესაბამისად სუსტდება და ატროფირდება კიდეც (განლევას განიცდის). კუნთების დასუსტებისა და განლევის კვალდაკვალ (როდესაც მცირდება მათი მოცულობა და შეკუმშვის ძალა), იცვლება ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურაც. დღეს ადამიანთა უმრავლესობისათვის ფიზიკური დატვირთვა მხოლოდ სადარბაზოდან მანქანამდე მისვლით განისაზღვრება.
ცხოვრების ნაკლებად მოძრავ წესთან შეჩვევა ხომ მეტისმეტად ადვილია. მით უფრო, რომ ამაში სხვადასხვა სახის საქმიანობა და პროფესიული მოღვაწეობაც უმრავლეს შემთხვევაში ხელს გვიწყობს. რაც უფრო ნაკლებს მოძრაობს ადამიანი, მით უფრო მიმზიდველი ხდება მისთვის ზედმეტი ძალის დაზოგვა და ასე თანდათანობით „ზარმაცდება“ კიდეც. დანიშნულების ადგილზე ფეხით მისვლა ვეღარ წარმოუდგენია, აღარაფერს ვამბობთ ფეხით გასეირნებაზე. ადამიანი იმდენად ეჩვევა ჰიპოდინამიას, რომ ვერც კი ამჩნევს, როგორ იზღუდება მისი ფიზიკური დატვირთვა, აქტივობა და როგორ უახლოვდება მისი უმოძრაო ცხოვრების წესი ავადმყოფი ადამიანის ცხოვრების რეჟიმს.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაქტია, რომ მოძრაობის ნაკლებობა, მუდმივად ჯდომა და წოლა, მხოლოდ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას კი არ ვნებს, ანუ მხოლოდ კუნთები და სახსრები კი არ „ზარმაცდება“ და სუსტდება, გონებრივი შესაძლებლობებიც იზღუდება. კუნთოვან მასაზე დატვირთვის შეზღუდვა აუარესებს ქსოვილთა სისხლით მომარაგების პროცესს. ამის შედეგად უჯრედებამდე ჟანგბადის შეზღუდული რაოდენობა აღწევს და იწყება ჰიპოქსია (ჟანგბადოვანი შიმშილი). მოძრაობის რეგულარული დეფიციტისას ირღვევა გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და ენდოკრინული (შინაგანი სეკრეციის) სისტემების ნორმალური ფუნქციობა. დარღვევები ვლინდება ორგანიზმის სხვა სისტემების მუშაობაშიც. ცენტრალური ნერვული სისტემა კარგავს სათანადო ტონუსს, რადგან ნერვულ-რეფლექტორული კავშირი კუნთებსა და ტვინს შორის მუდმივად ვარჯიშს საჭიროებს. კუნთოვანი მასის დასუსტებისა და ატროფიის შედეგად იზრდება ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობა, ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესი, იცვლება ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობა, ვითარდება ე. წ. ასთენიზაციის სინდრომი – სისუსტე, მოდუნებულობა, ჭარბი წონა, მოხრილობა, ადვილად დაღლა, ემოციური გაუწონასწორებლობა და ვინ მოთვლის კიდევ იმ ნიშნებს, რომელთაც ჰოპოდინამია აძლევს დასაბამს და რომელიც იმავდროულად ორგანიზმის ნაადრევად დაბერების მიზეზიცაა.
განსაკუთრებით საშიშია ჰიპოდინამია ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში. ის აფერხებს ორგანიზმის ნორმალურად ფორმირებას, უარყოფით გავლენას ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარებაზე. იმუნიტეტის (სხვადასხვა დაავადებისადმი ორგანიზმის სენშეუვალობის) დაქვეითება და ბევრი დაავადების ქრონიკული მიმდინარეობა ხშირად სწორედ ჰიპოდინამიით არის განპირობებული. მოძრაობითი აქტივობა და რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ეხმარება არა მხოლოდ ბავშვის ჩონჩხისა და კუნთოვანი სისტემის ჩამოყალიბებას, უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის პროცესთა რეგულაციას, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციის სრულყოფას, აჯანსაღებს და აკაჟებს ორგანიზმს.
მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტით დადასტურებულია, რომ ვარჯიშის დროს მნიშვნელოვანია არა იმდენად დატვირთვა, რამდენადაც რეგულარობა. ფორმაში ყოფნისათვის სრულებითაც არ არის აუცილებელი ძალისმიერი ვარჯიშები, ფიტნეს კლუბში ან საცურაო აუზზე სიარული. საკმარისია დღეში ნახევარი საათით მაინც ფეხით გაიაროთ. თუ თავს ძალას ვერ ატანთ, სახლში დაბრუნებისას ერთი გაჩერებით ადრე მაინც ჩამოდით და დარჩენილ მანძილს ფეხით შეუდექით. მეორე დღეს გასავლელი მანძილი გაზარდეთ და სახლამდე ორი გაჩერებით ადრე ჩამოდით. რაც უნდა დაღლილი ბრუნდებოდეთ სამსახურიდან, ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის თავს ძალა მაინც დაატანეთ. შეიძლება ეს დავალება მაინცდამაინც არ მოგეწონოთ, მაგრამ აუცილებლად წაგადგებათ. ერთგვარ განტვირთვასაც კი იგრძნობთ. მთელი დღის დაღლილობა და თავის დაქაჩულობაც უმალ გაგივლით. ამ ეფექტს იმდენად რეალურად შეიგრძნობთ, რომ შესაძლოა შემდგომში უარიც კი თქვათ ტრანსპორტზე.
გახსოვდეთ, ჰიპოდინამიის პროფილაქტიკა რეგულარული ფიზიკური აქტივობა და დატვირთვაა. ამისათვის იარეთ ფეხით, შეასრულეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიში, მისდიეთ სპორტის ამა თუ იმ სახეობას, ცეკვას. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მხოლოდ მოძრაობა და მოძრაობა არის სიცოცხლისა და ძალის მომცემი!