ქოშინი სასუნთქი გზების დაავადებების დროს

ქსოვილოვანი ანუ შინაგანი სუნთქვა კი ქსოვილების მიერ სისხლიდან ჟანგბადის ათვისება და მასში ნახშირორჟანგის გაცემა. ფილტვისმიერი სუნთქვისგან განსხვავებით, ფილტვის ვენტილაცია - გარეგანი სუნთქვა - გარემოს (ატმოსფეროს) და ალვეოლებს შორის ჰაერის გაცვლა-გამოცვლაა.
ვენტილაციის მექანიზმს საფუძვლად უდევს სუნთქვითი აქტი, რომელიც ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვისგან შედგება. იგი გულმკერდის ყაფაზის რიტმული მოძრაობით, გაგანიერებითა და დაშვებით ხორციელდება. სუნთქვითი მოძრაობის სიხშირე და ძალა შესაძლოა შეიცვალოს. მაგალითად, არსებობს დაავადებები, როდესაც სუნთქვა ხშირდება - ვითარდება ქოშინი. ეს უსიამოვნო სიმპტომი საგრძნობლად აკნინებს ცხოვრების ხარისხს. ის, რაც მანამდე ადამიანს ადვილად ხელეწიფებოდა, ახლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ქოშინის მოსახსნელად არსებობს მხოლოდ ერთი გზა: იმ დაავადების მკურნალობა, რომელმაც ქოშინის პროვოცირება გამოიწვია. ზოგჯერ ეს ძალიან ძნელია, ზოგჯერ შეუძლებელიც კი, მაგრამ თუ ქოშინი ბრონქებისა და ფილტვების დაავადებების შედეგია, ყველაფერი დაკარგული ნამდვილად არ არის. რას უკავშირდება ქოშინის ფენომენი, სასუნთქი გზების რომელ დაავადებებს სდევს იგი თან? ამაზე გვესაუბრება ექიმი
ალერგოლოგ-პულმონოლოგი ნინო ჯანიაშვილი.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- როდესაც ადამიანს სუნთქვა უჭირს, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
- სუნთქვითი უკმარისობა ორგანიზმის ისეთი მდგომარეობაა, როცა გარეგანი სუნთქვის აპარატის ფუნქცია არ არის საკმარისი საჭირო აირთა ცვლის უზრუნველსაყოფად. უკმარისობას თავდაპირველად, ე. წ. ვენტილაციურ სტადიაში, ახასიათებს:
. სუნთქვის მექანიკის დარღვევა;
. ნორმულ მონაცემებთან ვენტილაციის მაჩვენებლების შეუსაბამობა;
. ვენტილაციის ეფექტურობის შემცირება;
. ალვეოლების ჰაერში აირთა შემცველობის შეცვლა.
შემდგომ, მოგვიანებით სტადიაში, კომპენსაციურ შესაძლებლობათა შემცირებისას, ვითარდება არტერიული ჰიპოქსემია და ჰიპერკაპნია. სუნთქვის უკმარისობის ვენტილაციური სტადიის მთავარი კლინიკური ნიშანია ქოშინი. განასხვავებენ ქოშინის სამ გრადაციას. პირველი ჩვეულებრივი ფიზიკური დატვირთვისას ვითარდება, მეორე - უმნიშვნელო ფიზიკური დაძაბვისას, მესამე - მოსვენების მდგომარეობაშიც.
- რა შეიძლება იყოს ფილტვისმიერი ქოშინის მიზეზი?
- ფილტვისმიერი ქოშინის ზოგადი მიზეზებიდან აღსანიშნავია:
. სასუნთქ გზებში ჰაერის გავლის დაბრკოლება, რასაც იწვევს შემდეგი დაავადებები: ალერგიული შეშუპება, პარატონზილური აბსცესი, დიფტერია, ჩიყვი, ტრაქეის, ფარისებრი ჯირკვლის, შუასაყრის სიმსივნე, ტრაქეობრონქული ხის სტრიქტურა, ბრონქოსპაზმი, ტრავმა (გახეთქვა, ჰემატომა), ასპირაცია, ასევე - უცხო სხეული;
. ფილტვის სასუნთქი ზედაპირისა და ელასტიურობის შემცირება; ფილტვისა და პლევრის დაავადებები: ემფიზემა, პნევმოსკლეროზი, ატელექტაზი, სიმსივნე, კისტები, პნევმოთორაქსი, პნევმონია, ჰიდროთორაქსი (ჰემოთორაქსი, პიოთორაქსი), ფილტვის პროგრესირებადი დისტროფია, ემბოლია, ფილტვების შეშუპება, შოკური ფილტვი, პლევრიტი;
. სასუნთქი კუნთების სისუსტე, პარეზი ან სპაზმი;
. გულმკერდის ყაფაზის ხრტილების გაძვალება და მოძრაობის შემცირება. ამას ფილტვის ვენტილაციის უკმარისობა, სისხლში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მატება, სისხლში რძემჟავას გადასვლა და სუნთქვის ცენტრის გაღიზიანების გამო ქოშინი მოჰყვება. ფილტვის დაავადებათა (მაგალითად, ემფიზემის) დროს სისხლის მიმოქცევაც შეიძლება მოიშალოს და ამას ფილტვისმიერი ქოშინის გაძლიერებაც მოჰყვეს. სუნთქვის ცენტრის აგზნებაზე ტოქსიკური ფაქტორიც მოქმედებს, მაგალითად, მილიარული ტუბერკულოზის, კრუპოზული პნევმონიის დროს.
- ჩვეულებრივ, სუნთქვის აქტი ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის ფაზებისგან შედგება. ფილტვისმიერი ქოშინის შემთხვევაში კლინიკურად რომელი ფაზაა გაძნელებული?
- ფილტვისმიერი ქოშინი კლინიკურად სამი ტიპისაა:
. ინსპირაციული (ჩასუნთქვითი), როდესაც გაძნელებულია ჩასუნთქვის ფაზა, სუნთქვა კი შენელებულია. იგი აღინიშნება ზედა სასუნთქ გზებში მექანიკურ დაბრკოლებათა არსებობისას (კრუპი დიფტერიის დროს, ხორხის მწვავე ანთება, ცრუ კრუპი გრიპის დროს), ტრაქეის სტრიქტურის ან სასუნთქ გზებზე რამის (ჩიყვის, შუასაყრის სიმსივნის, აორტის ანევრიზმის) ზეწოლის შემთხვევაში. ამ გზების შევიწროებისას სუნთქვას სტრიდორი - ჰაერის შეწოვისას სტვენისმაგვარი ხმა - სდევს თან.
. ექსპირაციული (ამოსუნთქვითი), როდესაც გაძნელებულია ამოსუნთქვის ფაზა, მაგალითად, ფილტვის ქსოვილის ელასტიურობის შემცირების (ემფიზემა), ბრონქული გამავლობის დარღვევის, წვრილი ბრონქების სანათურის შევიწროების (ბრონქიოლიტი) ან მათი სპაზმის (ბრონქული ასთმა) შემთხვევაში.
. შერეული, როდესაც გაძნელებულია სუნთქვის ორივე ფაზა, სუნთქვა კი გახშირებულია. ეს მოვლენა დამახასიათებელია ფილტვის სასუნთქი ზედაპირის შემცირებისთვის. შესაძლოა, თავი იჩინოს ფილტვის დაზიანების (ანთება, ტუბერკულოზი, ფიბროზი), პლევრის დაზიანების (სველი პლევრიტი, პნევმოთორაქსი, პლევრის შეხორცება), ხრტილების გაძვალების, დიაფრაგმის სპაზმის ან დამბლის შემთხვევაში. ამგვარი ქოშინი გულის მწვავე (კარდიული ასთმა) და ქრონიკული უკმარისობის, ფილტვის შეშუპების, ანემიისა და სისხლის ქიმიურ თვისებათა შეცვლის (დიაბეტური აციდოზი) დროსაც ვითარდება. არცთუ იშვიათად ქოშინი აიძულებს ავადმყოფს, იძულებით მჯდომარე ან ვერტიკალური მდგომარეობა მიიღოს. ძლიერ, მოხრჩობის შეგრძნებისმაგვარ და სწრაფად განვითარებულ ქოშინს ასფიქსია ეწოდება. იგი აღინიშნება მბგერავი იოგების სპაზმის, ფილტვის მწვავე შეშუპების, დიფუზური ფიბრინული ბრონქიტის, სპონტანური პნევმოთორაქსისა და ფილტვის არტერიის მსხვილი ტოტის დახშობის დროს. თუ მოხრჩობის შეგრძნება დროდადრო შეტევით ვითარდება, ასთმაზე მიუთითებენ.
- თქვენ ბრონქული და კარდიული ასთმა ახსენეთ. ქოშინის განვითარების კუთხით თუ არის მათ შორის რაიმე განსხვავება?
- ბრონქული ასთმა ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა. ასთმური შეტევის უშუალო და ძირითადი მიზეზი წვრილი ბრონქების კუნთების სპაზმია. ასთმური შეტევის განვითარებაში განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება პარასიმპათიკურ რეაქციებს. კარდიული ასთმა (ეგრეთ წოდებული გულის ასთმა) კი გულის მარცხენა პარკუჭის კუმშვადი ფუნქციის შემცირების გამო მცირე წრეში სისხლის მწვავე შეგუბებაა, რასაც შეიძლება ფილტვის მწვავე შეშუპება მოჰყვეს. ამრიგად, იგი ფილტვის სასუნთქი ზედაპირის შემცირების ნიშანია.
- კლინიკურად რა ნიშნებით უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან სხვადასხვა დაავადების დროს აღმოცენებული ქოშინი?
- წესისამებრ, ქოშინი ერთვის ამა თუ იმ დაავადების სხვა სიმპტომებს, რაც კომპლექსურად გაანალიზებისას საშუალებას გვაძლევს, დავსვათ იმ დაავადების სწორი დიაგნოზი, რომელმაც ქოშინი გამოიწვია. მაგალითად: ქოშინი, რომელსაც თან ახლავს სახის, მტევნების შეშუპება, ურტიკარიული გამონაყარი, ალერგიის ნიშანია. ამგვარი ქოშინი განპირობებულია როგორც ლორწოვანის შეშუპებით, ასევე ბრონქოსპაზმითაც. უკანასკნელ შემთხვევაში მას თან ახლავს ტიპური მშრალი, გაფანტული ხიხინი, ფილტვების აქტიური მოძრაობის შემცირება. ქოშინი, რომელიც ვითარდება ტონზილიტის ფონზე (ტკივილი ხახის არეში, რომელიც ძლიერდება ყლაპვისას, სალივაცია, ჰიპერთერმია), დამახასიათებელია პარატონზილური აბსცესისათვის. დიაგნოზს ამყარებს ობიექტური გასინჯვა, რომლის დროსაც ვლინდება ნუშურების შეშუპება, ჰიპერემია, ლაკუნებში ჩირქოვანი საცობები, ფიბროზული ნადები, ხახის უკანა-გვერდითი და გვერდითი კედლების შესივება. ქოშინი სწრაფად ვითარდება და მძიმდება დიფტერიის დროს. ხახაში ჩნდება მემბრანოზული ნადები, შეშუპება, გამოხატულია ზოგადი ინტოქსიკაცია, ჩნდება მიოკარდიტის ნიშნები. ფილტვის, პლევრის, ტრაქეობრონქული ხის დაავადებებით გამოწვეულ ქოშინს თან ახლავს ზომიერად გამოხატული ციანოზი და, როგორც უკვე მოგახსენეთ, ავადმყოფი იღებს მჯდომარე ან ნახევრად მჯდომარე პოზას.