სისხლძარღვები

- ჩაკეტილი წრის მეშვეობით ადამიანს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს, უჯრედებიდან კი ნივთიერებათა ცვლის შედეგად დაგროვილი დაშლის საბოლოო პროდუქტები გამოაქვს.
ცნობილია სამი სახის სისხლძარღვები: არტერიები, კაპილარები და ვენები.
არტერიები
არტერიებს უჯრედებამდე საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი მიაქვთ. მათი კედლები შედგება შიგნითა - ენდოთელური (ინტიმა), შუა - კუნთოვან-ელასტიკური და გარეთა - შემაერთებელქსოვილოვანი (ადვენტიცია) გარსისგან. მსხვილი არტერიების შუა გარსში ელასტიკური ქსოვილი ჭარბობს, წვრილისაში კი კუნთოვანი, ამიტომ მსხვილი არტერიების სანათურის ცვლილება უფრო გულის მუშაობაზეა დამოკიდებული, ხოლო წვრილი არტერიებისა - უფრო კუნთების ტონუსზე. არტერიების კედელში განლაგებულია ორი ტიპის: სიმპათიკური და პარასიმპათიკური - ბოჭკოები.
კაპილარები
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კაპილარები არტერიებისა და ვენების ერთმანეთთან დამაკავშირებელი უწვრილესი სისხლძარღვებია, რომლებითაც მოფენილია მთელი ორგანიზმი. კაპილარების კედლები ერთშრიანი ენდოთელიუმისგან შედგება, რომელსაც გარედან კუმშვადი უჯრედები აკრავს. კაპილარების ინერვაცია სიმპათიკურია. მათი ქსელის განივი კვეთი აორტისას 150-ჯერ (ზოგიერთი მკვლევარის აზრით, 500-ჯერ) სჭარბობს, ხოლო კაპილარების რიცხვი 1-4 მილიარდია. მოსვენებისას კაპილარების მხოლოდ მეოთხედი მუშაობს, დანარჩენები სისხლის მიმოქცევაში მხოლოდ სისხლის გაძლიერებული მოთხოვნის შემთხვევაში ერთვებიან.
ვენები
ვენებს უჯრედებიდან ნახშირორჟანგითა და დაშლის, ცხოველქმედების მავნე პროდუქტებით მდიდარი სისხლი გამოაქვთ. მათ არტერიების მსგავსი აგებულება აქვთ, მაგრამ კუნთებით ღარიბნი არიან. მათი სტრუქტურა მდებარეობაზეა დამოკიდებული, კერძოდ, იმაზე, სხეულის რომელ ნაწილში მდებარეობენ - ზემოთაში თუ ქვემოთაში, ვინაიდან ამ ორ ზონაში მდებარე ვენების აგებულება ერთმანეთისგან რამდენადმე განსხვავდება. ვენის კედელი სამშრიანია:
1. შიგნითა შრე, ენდოთელიუმი, შემაერთებელქსოვილოვან მემბრანას წარმოადგენს;
2. შუა, კუნთოვანი შრე, შედგება ცირკულარულად განლაგებული გლუვკუნთოვანი უჯრედებისგან, რომლებსაც ერთგვარი კოლაგენური კარკასი აქვთ;
3. გარეთა შრე, ადვენტიცია, ასევე მკვრივი კოლაგენური ბოჭკოვანი ქსოვილია.
ქვედა კიდურების ვენები აღჭურვილია სარქვლებით, რომლებიც სისხლის უკუდენას ხელს უშლის. მათ კედლებშიც ვეგეტატიური ნერვული წნულებია. ვენური ქსელის ტევადობა არტერიული ქსელისას 3-4-ჯერ აღემატება.
სისხლძარღვთა ფუნქციები
სისხლძარღვთა ფუნქციაა სისხლის საჭირო მიმართულებით დენისა და სისხლით ორგანოთა მომარაგების უზრუნველყოფა. სისხლის დინებას სისხლძარღვთა ელასტიკურობა და მათი ტონუსი უწყობს ხელს. საზოგადოდ კი სისხლის მიმოქცევის ინტენსივობას განაპირობებს:
- გულის შეკუმშვათა სიხშირე, რომელთა მეშვეობითაც სისხლი სისხლძარღვებში გადაიტყორცნება;
- სისხლძარღვთა კედლების ხარისხი, მათი ელასტიკურობა, რის წყალობითაც ისინი წინააღმდეგობას უწევენ სისხლის დინებას;
- ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის მოცულობა და სიბლანტე;
- ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა;
- ზოგიერთი მედიკამენტი.
სისხლძარღვთა სანათურის რეგულაცია
ორგანიზმი სისხლის მიმოქცევისადმი წაყენებულ მუდმივად ცვლად მოთხოვნებს საკმაოდ ადვილად ეგუება არა მხოლოდ გულის მიერ შეკუმშვათა სიხშირისა და ძალის ცვლით, არამედ თავად სისხლძარღვების სანათურის შევიწროება-გაფართოების მეშვეობითაც.
სისხლძარღვებს უნარი შესწევთ, იცვალონ სანათურის ზომა და ამ გზით შეამცირონ ან გააძლიერონ სისხლის მიდინება სხეულის ამა თუ იმ უბანში, სადაც კი ამის საჭიროება წარმოიშობა. განსაზღვრულ ფიზიოლოგიურ პროცესთა შესაბამისად, სხვა ორგანოებთან შედარებით ძლიერ იტვირთება და გაცილებით მეტი სისხლის მიწოდებას ითხოვს საჭმლის მომნელებელი ორგანოები საკვების მიღების შემდეგ, თავის ტვინი - გონებრივი მუშაობის დროს და სხვა. სამაგიეროდ, სისხლის მიწოდება იკლებს იმ ორგანოებში, რომლებიც დროებით აქტიური ფუნქციობის ფაზაში არ იმყოფებიან.
სისხლძარღვების შევიწროება ხდება არტერიების, ვენებისა და არტერიოლების კუნთოვანი გარსის შეკუმშვა-მოდუნებით. სისხლძარღვთა შევიწროება-გაფართოება (ვაზოპრესია-დილატაცია) ნერვული და ჰუმორული მექანიზმებით ხორციელდება. ვაზოპრესიული და დილატაციური ცენტრები მოგრძო ტვინში მდებარეობს, მაგრამ მათი მაკონტროლებელი ცენტრი ჰიპოთალამუსშია და თავის ტვინის ქერქის მუდმივ ზემოქმედებას განიცდის.
პერიფერიული სისხლძარღვების ტონური შევიწროება - სიმპათიკური, გაგანიერება კი პარასიმპათიკური ბოჭკოებით ხორციელდება. გვირგვინოვან არტერიებში პირუკუ ხდება: გაგანიერება სიმპათიკური ბოჭკოებით ხორციელდება, ხოლო შევიწროება - პარასიმპათიკურით.
სისხლის მიმოქცევის მაკონტროლებელი ცენტრები უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებენ, რადგან მათი საშუალებით ნარჩუნდება სხეულში არტერიული წნევის მუდმივი მაჩვენებელი.
ვაზოპრესიული ცენტრი
ვაზოპრესიული (სისხლძარღვთა შემავიწროებელი) ცენტრის მოქმედება ბევრად არის დამოკიდებული სისხლის ქიმიურ შემადგენლობაზე, კერძოდ კი სისხლში ნახშირორჟანგის დონეზე. ამ ნივთიერების კონცენტრაციის მატებისას იმატებს ვაზოპრესიული ცენტრის ტონუსი (ამავდროულად - სიმპათიკური ნერვების ტონუსიც), რაც სისხლძარღვის შევიწროებას და არტერიული წნევის მატებას იწვევს. სისხლში ნახირორჟანგის შემცირებისას კი (ხშირი და ღრმა სუნთქვისას) ცენტრის ტონუსი ქვეითდება და არტერიული წნევაც ეცემა.
ვაზოპრესიული ცენტრის ტონუსი იმატებს არამხოლოდ ნახშირორჟანგის შემცველობის მატებისას - იგი რეაგირებს სისხლში სხვა მჟავების არსებობაზეც. ამას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკური შრომისას, როდესაც კუნთური დატვირთვისას სისხლში იმატებს ნახშირწყლების დაშლის პროდუქტები, რძემჟავა და სხვა ტოქსიკური ნაერთები.
სისხლძარღვების შემავიწროებელ ცენტრზე ნახშირორჟანგთან ერთად პირობით გამღიზიანებლად მოქმედებს ჟანგბადიც. როდესაც სისხლში იკლებს ჟანგბადის დონე, ამაზე მკვეთრად რეაგირებენ აორტასა და საძილე არტერიაში განლაგებული ქემორეცეპტორები. ისინი ჟანგბადის შემცირების შესახებ ინფორმაციას ცენტრს გადასცემენ.
ცენტრზე გამღიზიანებლად მოქმედებს ზოგიერთი ჰორმონიც, მათ შორის - ადრენალინი, რომელიც ცენტრის ტონუსის მატებას და სისხლძარღვის შევიწროებას იწვევს.