ანგიოსპაზმი: მიზეზები, გამოვლინება და მკურნალობა

- ბატონო ზაალ, რა უდევს საფუძვლად ანგიოსპაზმს?
- ანგიოსპაზმი წარმოადგენს არტერიის სანათურის გარდამავალ პათოლოგიურ შევიწროებას, რომელიც სისხლძარღვის კედლის კუნთების ხანგრძლივი და გადაჭარბებული შეკუმშვის შედეგად წარმოიშობა. ანგიოსპაზმი შესაძლოა იყოს მწვავე სისხლძარღვოვანი დისტონიის (სისხლძარღვოვანი კრიზის) გამოვლინების ერთ-ერთი ვარიანტი.
- რა მოსდევს ანგიოსპაზმს?
- ანგიოსპაზმის შედეგად სპაზმირებული არტერიის აუზში ვითარდება ქსოვილთა იშემია. მინდა, ხაზგასმით გითხრათ ერთი რამ: ტერმინი "ანგიოსპაზმი" არ უნდა გამოვიყენოთ ფიზიოლოგიური ვაზოკონსტრიქციის და მით უმეტეს სანათურის შევიწროების გარეშე არსებული არტერიების ტონუსის ფიზიოლოგიური მომატების აღსანიშნავად. ასევე მეცნიერულ საფუძველს არის მოკლებული XX საუკუნის შუა ხანებში გავრცელებული ტენდენცია, ანგიოსპაზმს დაუკავშირონ ადგილობრივი ცირკულაციის მოშლა, თუ მისი წარმოშობის მექანიზმი უცნობია. ეს იწვევს ჰიპერდიაგნოსტიკას და ყოველთვის არ ამართლებს პაციენტისთვის სპაზმოლიზური საშუალებების დანიშვნას.
- რომელ სისხლძარღვებში შეიძლება განვითარდეს ანგიოსპაზმი და რა შეიძლება იყოს მისი მიზეზი?
- ანგიოსპაზმი შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა სისხლძარღვოვან რეგიონში, იმ დაავადებების დროს, რომლებსაც თან სდევს სისხლძარღვებისა და მათი ნერვული აპარატის დაზიანება (ათეროსკლეროზი, ვასკულიტი, ანევრიზმა და სხვა) ან სისხლძარღვთა ტონუსის ნეიროჰუმორული რეგულაციის დარღვევა (ჰიპერტონიული დაავადება, ჰიპოთალამური სინდრომი, პათოლოგიური კლიმაქსი, ნევროზი და სხვა). ანგიოსპაზმის ეტიოლოგიაში უნდა აღინიშნოს თამბაქოს როლი. ასევე უნდა დავასახელოთ ინტოქსიკაცია თუთიით, გოგირდწყალბადით და სხვა ნივთიერებებით, კიდურების მოყინვა, განმეორებითი გადაცივება. ანგიოსპაზმზე არცთუ იშვიათად არის დამოკიდებული სისხლძარღვთა ორგანული დაავადებების (ათეროსკლეროზის, თრომბოზის, ემბოლიის) კლინიკური დინამიკა - სპაზმი მათ მიმდინარეობას ართულებს.
გახანგრძლივებული ანგიოსპაზმი თავის ტვინში (ცერებრული ანგიოსპაზმი), გულში (კორონარული ანგიოსპაზმი), თვალის ბადურაში შესაძლოა ამ ორგანოებში სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევის მიზეზად იქცეს და ინსულტამდე, მიოკარდიუმის ინფარქტამდე და მხედველობის დარღვევამდეც კი მიგვიყვანოს. ანგიოსპაზმის პათოგენეზი სათანადოდ ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, თანაც სხვადასხვა სისხლძარღვოვანი რეგიონის არტერიებისთვის სხვადასხვაა.
- განვითარების მექანიზმის სხვადასხვაობა ალბათ კლინიკურ გამოვლინებაზეც აისახება...
- ანგიოსპაზმის კლინიკური სურათი უმთავრესად მის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული და, წესისამებრ, იშემიზებული ქსოვილის ფუნქციის დარღვევის ნიშნებით ვლინდება. მაგალითად, კუნთოვან ორგანოებში ის იწვევს იშემიის ზონის ტკივილს შესაბამისი სომატური ინერვაციის სეგმენტში გადაცემით. კორონარული ანგიოსპაზმი ვლინდება პრინცმეტალის სტენოკარდიით, რომელსაც მკერდის ძლიერი შეტევითი ტკივილი ახასიათებს. იგი აღმოცენდება მოსვენებისას, უმეტესად წოლისას, ღამით, რაც შესაბამისად აისახება ელექტროკარდიოგრამაზე. კორონარული ანგიოსპაზმი კარდიოლოგების კომპეტენციის სფეროში შედის.
ცერებრული ანგიოსპაზმი უმეტესად თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის დროს ვითარდება. მუცლის ღრუს ორგანოთა ანგიოსპაზმს სპეციფიკური კლინიკური გამოვლინება არ ახასიათებს.
მეტად მნიშვნელოვანია ანგიოსპაზმის მიმდინარეობა კიდურთა სისხლძარღვებში ლოკალიზაციისას. თითის არტერიის ხანმოკლე ანგიოსპაზმი რეინოს დაავადებისა და სინდრომის დროს იწვევს თითის მკვეთრ გათეთრებასა და გაცივებას ტკივილითა და ტაქტილური მგრძნობელობის დარღვევით ლოკალური პარესთეზიიდან ანესთეზიამდე. სიმპტომების ასეთ ერთობლიობას "მკვდარ თითს" - დიგიტუს მორტუუს-ს უწოდებენ. ასეთივე ნიშნები მოიცავს მთელ კიდურს მაგისტრალური არტერიების სპაზმის დროს, რომელსაც თან სდევს მათი ორგანული დაზიანება (მაგალითად, ფეხის ალებასტრული - ქანდაკებისმაგვარი - სითეთრის სიმპტომი, "კომანდორის ფეხი").
კიდურის გახანგრძლივებული ანგიოსპაზმის დროს ვითარდება დისტალური ციანოზი, ზოგჯერ თანაბარი, ზოგჯერ კი ციანოზური ბადის სახით, რომელიც მარმარილოსებრი კანის ეფექტს ახდენს. ციანოზის აღმოცენება განპირობებულია იშემიის ზონაში ვენულების პარეზით. დიგიტუს მორტუუს-ის დროს ციანოზი, წესისამებრ, არ აღინიშნება, მაგრამ ხშირად იჩენს თავს კიდურის დიდი უბნის იშემიის დროს. ციანოზის შემდეგ ვითარდება ქსოვილის ერთგვარი შეშუპება, რაც განპირობებულია მემბრანების ჰიპოქსიის შედეგად ცილებისადმი კაპილარების განვლადობის ზრდით. მომდევნო ეტაპზე ნეკრობიოზური პროცესები ვითარდება. რაც უფრო მაღალია ამ პროცესების განვითარების სიჩქარე, მით უფრო მეტია სხვაობა ჟანგბადზე ქსოვილების მოთხოვნასა და სისხლით მის მიწოდებას შორის.
- რა არის რეინოს დაავადება და რეინოს სინდრომი? რა განსხვავებაა მათ შორის?
- რეინოს სინდრომი, როგორც უკვე აღვნიშნე, ვლინდება თითების სიფითრისა და ციანოზის შეტევით სიცივეში და ემოციის ფონზე. შეტევის გავლისთანავე გალურჯებული თითები წითლდება. რეინოს დაავადების დროს აღწერილი მოვლენები პირველადად ვითარდება, ხოლო თუ იმავე ნიშნებმა სხვა დაავადების დროს იჩინა თავი, ამას რეინოს ფენომენს უწოდებენ.
- რამ შეიძლება გამოიწვიოს რეინოს ფენომენი?
- მრავალმა ფაქტორმა, კერძოდ:
- არტერიების ოკლუზიურმა დაავადებებმა;
- მაობლიტირებელმა ათეროსკლეროზმა;
- არტერიულმა ემბოლიამ;
- ვასკულიტმა;
- არტერიულმა თრომბოზმა;
შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებმა:
- სკლეროდერმიამ;
- რევმატოიდულმა ართრიტმა;
- სისტემურმა წითელმა მგლურამ;
- ეგზოგენური ფაქტორებით სისხლძარღვთა დაზიანებამ;
- მცირე, მაგრამ განმეორებადმა საწარმოო ტრავმამ - ვიბრაციამ (პნევმატური ჩაქუჩით მომუშავე პირები, პიანისტები, მბეჭდავები);
- მოყინვამ;
- ნეიროგენულმა მიზეზებმა;
- მედიკამენტებმა და ქიმიურმა ნივთიერებებმა;
- სისხლძარღვშიგა კოაგულაციამ და აგრეგაციამ.
რეინოს ფენომენის შეტევების დროს თითების სიფითრე ვაზოსპაზმით არის განპირობებული, რომელიც ფალანგებში სისხლის ნაკადის შემცირებას იწვევს. მოგვიანებით ვაზოკონსტრიქციის ინტენსიურობა იკლებს და კაპილარებსა და ვენებში ჟანგბადით გაღარიბებული სისხლი გროვდება. ამის გამო თითები ციანოზური ხდება. სითბოს გავლენით სიფითრეს და სილურჯეს რეაქტიული ჰიპერემია და კიდურების სიწითლე ცვლის. იმ პაციენტთა კიდურების სისხლძარღვოვანი ტონუსი, რომელთაც ტროფიკული ცვლილებები არ აღენიშნებათ, შეტევებს შორის ნორმას უახლოვდება, ტროფიკული ცვლილებების დროს კი სისხლძარღვები შეტევებს შორისაც შევიწროებული რჩება, რაც მათ სტრუქტურულ ცვლილებაზე მეტყველებს.