მიოკარდიუმის ინფარქტის მიზეზები და პროფილაქტიკა

- რამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი?
- მიოკარდიუმის ინფარქტს მრავალი მიზეზი აქვს, თუმცა ზოგიერთი ხელშემწყობი ფაქტორის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია და საგრძნობლად ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს. ასეთი ფაქტორებია მოწევა, სმა, ჭარბი წონა. რისკის ზოგიერთი ფაქტორის, მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის აღმოსაფხვრელად კი მეტი ძალისხმევა და ხშირად მედიკამენტური ჩარევაც კია საჭირო. ერთი რისკფაქტორის არსებობა 2-3-ჯერ ზრდის ინფარქტის განვითარების რისკს, ხოლო 2-3 რისკფაქტორის თანხვედრის შემთხვევაში ალბათობა ათჯერ იზრდება.
- მოწევა რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მტერია, ყველამ ვიცით. რატომ ვნებს ნიკოტინი გულსა და სისხლძარღვებს?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- დადგენილია, რომ მოწევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, მათ შორის - ინფარქტით გამოწვეულ სიკვდილიანობას 50%-ით ზრდის. ლეტალური შედეგის ალბათობა ასაკსა და მოწეული სიგარეტის ოდენობასთან ერთად იზრდება. თამბაქოს კვამლში შემავალი ნიკოტინი, მხუთავი აირი, ბენზოლი, ამიაკი და სხვა ნივთიერებები ავიწროებს სისხლძარღვებს, რითაც აადვილებს მათ ქოლესტერინით გაჯერებას და ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას. გარდა ამისა, მწეველის სისხლში იმატებს ქოლესტერინის შემცველობა, რაც ასევე ამცირებს სისხლძარღვების ელასტიკურობას. თამბაქოს მხუთავი აირი სისხლში ჰემოგლობინს უკავშირდება და წარმოქმნის დაუშლელ ნაერთს - კარბოქსილჰემოგლობინს, რომელიც ათეროსკლეროზის განვითარებას საგრძნობლად აჩქარებს. მოწევა ამცირებს სისხლის შედედების დროს, ზრდის თრომბოციტების შეწებების უნარს, რის გამოც იმატებს თრომბების წარმოქმნის ალბათობა. ასევე დადგენილია, რომ სიგარეტის მოწევის დროს:
- ხშირდება გულისცემა, იმატებს არტერიული წნევა;
- იმატებს ჟანგბადზე გულის კუნთის მოთხოვნილება;
- უარესდება ელექტროკარდიოგრაფიული მაჩვენებლები;
- იკლებს ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლეობა.
გულის დაავადებებსა და მოწევას შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულებაა - რაც უფრო მეტს მოსწევს ადამიანი, მით უფრო მეტია გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკი.
- რას გვეტყვით ინფარქტის განვითარებაში ქოლესტერინის როლზე?
- დავიწყებ იმით, რომ ქოლესტერინი და სხვა ლიპიდები დიდ როლს ასრულებენ ორგანიზმის ფუნქციობაში. ისინი ქმნიან უჯრედის კედლის საფუძველს, წარმოადგენენ უჯრედებისა და ქსოვილების ცხოველმოქმედებისთვის აუცილებელი ენერგიის შეუცვლელ წყაროს; ქოლესტერინისგან წარმოიქმნება საჭმლის მონელებისთვის აუცილებელი ნაღვლის მჟავები, ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციის შესანარჩუნებლად აუცილებელი სასქესო ჰორმონები, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები. მაგრამ სასარგებლოა ქოლესტერინის მხოლოდ ერთი ნაირსახეობა - მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინი. არსებობს "ცუდი" - დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინიც, რომელიც ათეროსკლეროზულ ფოლაქებს წარმოქმნის და სისხლძარღვებს აზიანებს, შემდგომ კი ინფარქტის განვითარებას განაპირობებს. ამის საპირისპიროდ, "კარგ" ქოლესტერინს არტერიის კედლებიდან გამოაქვს "ცუდი" ქოლესტერინი და გასანეიტრალებლად ღვიძლისკენ მიაქვს. ასე რომ, სისხლში მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ანუ კარგი ქოლესტერინის დაბალი შემცველობა და ტრიგლიცერიდების ანუ ცუდი ქოლესტერინის მაღალი დონე როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთად შესაძლოა მიოკარდიუმის ინფარქტის წინაპირობად ჩაითვალოს. არსებობს მონაცემები, რომ ქოლესტერინის ნორმალიზებისკენ მიმართული მკურნალობა ამცირებს ინფარქტის განვითარების რისკს. ამ კუთხით დიდ როლს ასრულებს ჰიპოქოლესტერინული დიეტა. ამ დიეტის მიხედვით იკრძალება ცხოველური წარმოშობის ცხიმი (მსუქანი ხორცი, ძეხვი, შებოლილი ხორცი, ხორცის პაშტეტი), მკაცრად იზღუდება რძე და მისი ნაწარმი (იოგურტი, არაჟანი და სხვა), მაიონეზი, ხიზილალა, კვერცხის გული, ღვიძლი, ტვინი, თირკმელი. რეკომენდებულია ყოველგვარი მცენარეული ცხიმი, თხილი, კაკალი, თევზი, ხილი და ბოსტნეული (ყოველდღიურად 400 გრამი და მეტი), პარკოსნები (ლობიო, მუხუდო, სოია და სხვა), წყლითა და მცენარეული ზეთით მომზადებული ფაფები, თაფლი, დაღერღილი ხორბლისა და ჭვავის პური.
- უწყობს თუ არა ხელს ინფარქტის განვითარებას არტერიული ჰიპერტენზია?
- რა თქმა უნდა, უწყობს. არტერიული ჰიპერტენზია განაპირობებს გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას, რაც გულის კუნთის ფუნქციობის დარღვევას იწვევს, აქედან კი გულის იშემიურ დაავადებამდე და ინფარქტამდე ერთი ნაბიჯია.
- რას გვეტყვით შაქრიანი დიაბეტისა და ინფარქტის ურთიერთკავშირზე?
- შაქრიანი დიაბეტის ფონზე მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების ალბათობა საშუალოდ ორჯერ იზრდება. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს ხშირად აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ხოლო ინფარქტის შემთხვევაში პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. ითვლება, რომ ათი წლის განმავლობაში და მეტხანს მიმდინარე შაქრიან დიაბეტს თან სდევს მკვეთრი ათეროსკლეროზი. საშიშია არა მხოლოდ დიაბეტი, არამედ ჰიპერგლიკემიაც, ანუ სისხლში გლუკოზის ნორმაზე მაღალი შემცველობა. თუ გლუკოზა სისხლში ჭარბად არის, იგი სისხლძარღვთა კედლებზე ილექება და აზიანებს მათ, რაც სისხლძარღვების შევიწროებასა და ათეროსკლეროზის გაღრმავებას განაპირობებს. ამ პროცესს თან სდევს სისხლის შედედების გაძლიერება და მიკროთრომბების წარმოქმნა. ამიტომ საჭიროა, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა სისხლში მუდმივად აკონტროლონ გლუკოზის დონე. გარდა ამისა, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს აქვთ სხვა პრობლემებიც, მათ შორის - არტერიული ჰიპერტენზია, ქოლესტერინის მატება, რაც, თავისთავად ცხადია, ინფარქტის განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.