გულ-სისხლძარღვთა დამაზიანებელი რისკ-ფაქტორები
– სიკვდილის 30-35% მათ უკავშირდება. ყველაზე გავრცელებული დაავადებებია:
- არტერიული ჰიპერტენზია – დედამიწის მოსახლეობის 25%-ისთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა;
- გულის იშემიური დაავადება – გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ფართო სპექტრს მოიცავს;
- ინსულტი – მსოფლიოში სიკვდილის მეორე მიზეზი, იშემიური დაავადების შემდეგ;
- სისხლის მიმოქცევასთან ასოცირებული პრობლემები ერთნაირი სიმწვავით ვლინდება როგორც მაღალგანვითარებულ, ისე განვითარების საშუალო და დაბალი დონის ქვეყნებში, ამასთან, მთავარი მიზეზი – ათეროსკლეროზის ზუსტი მიზეზები, ჯერჯერობით ბოლომდე დაუდგენელი და უცნობია.
ყველა ის ფაქტორი, რომელიც ამა თუ იმ ხარისხით გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მაპროვოცირებელია, ორ ჯგუფად იყოფა: ფაქტორები, რომელთა აღმოფხვრა და მართვაც შესაძლებელია და ფაქტორები, რომელთა აღმოფხვრა წარმოუდგენელია. ეს უკანასკნელი არაკონტროლირებადი მოცემულობაა და უნდა მივიღოთ და ყოველთვის ვითვალისწინებდეთ.
პირველი ჯგუფის ფაქტორები კონტროლირებადია, მათი შეცვლა და მართვა შესაძლებელია, ამისთვის საჭიროა გარკვეული ღონისძიებების გატარება და ცხოვრების წესის შესაბამისი კორექტირება.
არაკონტროლირებადი, უმართავი ფაქტორები
- ასაკი – 55 წლის შემდეგ ამ პროფილის დაავადებების განვითარების შესაძლებლობა გაცილებით იზრდება, თუმცა, ყველასთვის ერთნაირად არა. სხვა ფაქტორებთან თანხვედრისას რისკი 65%-ია, ხოლო სხვა ფაქტორთა უქონლობისას მხოლოდ 4%-ით იზრდება;
- სქესი – კაცები კარდიოლოგიური პრობლემებისადმი გაცილებით მოწყვლადები არიან. სტატისტიკით, 40-დან 70 წლამდე კატეგორიაში არტერიათა ათეროსკლეროზული დაზიანებები გაცილებით ხშირია მამაკაცებს შორის, ამასთან, ისინი გაცილებით ახალგაზრდა ასაკში ავადდებიან, საშუალოდ 40-45 წლისანი, მაშინ როდესაც ქალების შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხე 55-60 წლის შემდეგ იზრდება;
- მემკვიდრეობითობა – რატომღაც მას ხშირად ივიწყებენ ხოლმე, არადა დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 25% მიოკარდიუმის ინფარქტისა და გულ-სისხლძარღვების სხვა დაავადებებისადმი გენეტიკურად დადებითი წინასწარგანწყობის მატარებელია, მიუხედავად იმისა, რომ სხვა რომელიმე რისკ-ფაქტორის ჯგუფში არ შედის: იცავს ცხოვრების ჯანსაღ წესს, ფიზიკურად აქტიურია და სწორად იკვებება.
თუ რომელიმე მშობელი ან ახლო ნათესავი არტერიული ჰიპერტენზიით, ათეროსკლეროზითა და კარდიოსკლეროზით ავადობს, მაშინ თქვენი რისკი შესაბამისად 25%-ით მაღალია მათზე, ვისაც მსგავსი მემკვიდრეობა არ ერგო;
- რასობრივი მიკუთვნება – ევროპულ რასაში, გულ-სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, აფრიკულსა და აზიურთან შედარებით, ნაკლები სიხშირით გვხვდება.
კონტროლირებადი, მართვადი ფაქტორები - თამბაქოს მოხმარება
უამრავი ფაქტი მეტყველებს ჯანმრთელობასა და ორგანოთა სხვადასხვა სისტემაზე თამბაქოს უარყოფით გავლენაზე, თუმცა, ის, რომ მწეველი ადამიანი 2-ჯერ უფრო ხშირად იღუპება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ვიდრე არამწეველი, ვფიქრობთ, საკმარისი არგუმენტია.
ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება
ალკოჰოლური სასმელების მინიმალური მიღება – ქალებისთვის დღეში 20 მლ, ხოლო მამაკაცებისთვის – 30 მლ, აქვეითებს ყველა სახის გულსისხლძარღვოვანი პათოლოგიის განვითარებას, მაშინ როდესაც მისი ბოროტად გამოყენებისას ეს რისკი გაცილებით იზრდება.
არტერიული ჰიპერტენზია
ქრონიკულად მაღალი არტერიული წნევა 3-ჯერ ზრდის იშემიური და გულის დაავადებების განვითარების რისკს.
ჭარბი წონა
ჭარბი წონა – არა მხოლოდ ზრდის დაავადებათა განვითარების რისკებს, არამედ საკმაოდ ნეგატიურად ისახება უკვე არსებულის მიმდინარეობაზე.
სხეულის წონის მატება არტერიული წნევის ზრდის ტოლფასია. ამ დროს ირღვევა მავნე და სასარგებლო ქოლესტერინს შორის ბალანსი.
- განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ე. წ. აბდომინური გაცხიმოვნება, როცა ქალების წელის გარშემოწერილობა 80 სმ-ზე, მამაკაცებისა კი – 94 სმ-ზე მეტია, ეს ზრდის კარდიოლოგიური პათოლოგიების რისკს;
- ზედმეტი კილოგრამები ზღუდავს ადამიანის ფიზიკურ აქტივობას და სტრესის მიზეზად იქცევა ხოლმე.
ასე რომ, ჯანმრთელობაზე მისი ნეგატიური გავლენა კომპლექსურია.
მოსალოდნელი საფრთხეების ასაცილებლად საუკეთესო გამოსავალი წონის კლებაა და რეკომენდებულია, ეს სპეციალისტის რჩევების მიხედვით განხორციელდეს. ამ შემთხვევაში პროცესი არა მხოლოდ ეფექტიანი, არამედ უვნებელიც იქნება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ წონის მკვეთრი კლება მის სიჭარბეზე არანაკლებ საშიშია.
შაქრიანი დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტი აზიანებს პერიფერიულ სისხლძარღვებს, ზრდის იშემიური დაავადების რისკს და რამდენჯერმე ამძიმებს და ართულებს უკვე არსებულის მიმდინარეობას. დაავადება არტერიული ჰიპერტენზიის ხელშემწყობია.
სისხლში შაქრის სიჭარბე ნეგატიურად ისახება არტერიათა კედლებზე და მოსალოდნელია ორგანიზმის სხვა ადგილების დაზიანებაც.
დიაბეტის დროს განსაკუთრებით საშიშია არასწორი კვება და ფიზიკური აქტივობის დეფიციტი, ეს თანხვედრა 3-ჯერ ზრდის თრომბების ჩამოყალიბების რისკს.
მენოპაუზა
მენოპაუზის პერიოდი მორიგი რისკ-ფაქტორია ქალებისთვის. ამ დროს ორგანიზმში კლებულობს ჰორმონ ესტროგენის მაჩვენებელი, რომელიც არა მხოლოდ მთავარი „ქალური“ ჰორმონია, არამედ ქალის ორგანიზმს მთელი რიგი აგრესიული შემოტევებისგან იცავს, შესაბამისად, დამცავი ფუნქციების დაქვეითება არსებითად არყევს ჯანმრთელობას.
ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი
რატომ არის ჰიპოდინამიკა რისკ-ფაქტორი? – ყველაფერი საკმაოდ მარტივია –
ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი იწვევს სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, შეგუბებით პროცესებს ორგანიზმში, ნივთიერებათა ცვლის შენელებას, აქვეითებს ორგანიზმიდან მავნე პროდუქტების გამოდევნას, ნეგატიურად მოქმედებს სხეულის ტონუსზე, ორგანიზმის ამტანობაზე, გარემო ფაქტორებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე და 2-3-ჯერ ზრდის უეცარი შეტევების შესაძლებლობას.
ყველაფერი, ბუნებრივია, ნეგატიურად ისახება ჯანმრთელობაზე.
თუ ადამიანს სურს მდგომარეობის გამოსწორება, აუცილებელია ყურადღება მიაქციოს ფიზიკურ აქტივობას და ეს მინიმალური დატვირთვებით დაიწყოს. საკმარისია სუფთა ჰაერზე რეგულარული სეირნობა, ველოსიპედით სიარული, ცურვა, თხილამურებით სრიალი. მცირე დატვირთვების ორგანიზება შესაძლებელია წელიწადის ცივ პერიოდშიც.
დაუბალანსებელი კვება
რამდენიმე ათეული წლის მანძილზე მიმდინარე სამეცნიერო კვლევები დამაჯერებლად დემონსტრირებს იმას, რომ ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში ჩამოყალიბებული არასწორი კვებითი ჩვევები, როგორ შეიძლება იქცეს მომავალში გაცხიმოვნებისა და ათეროსკლეროზთან დაკავშირებული დაავადებების ეპიდემიურად გავრცელების მიზეზად.
ყველაზე მეტად ეს ითქმის ცხიმებით მდიდარ კვების რაციონზე, რომელიც მოქმედებს არტერიულ წნევაზე, შრატის ქოლესტერინზე, აგრეთვე იწვევს ტიპ II შაქრიან დიაბეტს.
მსოფლიოს საკმაოდ ბევრ ქვეყანაში პოპულაციათა უმრავლესობა იკვებება ცხიმით, ქოლესტერინით, მარტივი ნახშირწყლებით მდიდარი და უჯრედისით ღარიბი რაციონით, შესაბამისად, ისინი მაღალკალორიულ საკვებს, ჭარბ სუფრის მარილსა და ნატრიუმით მდიდარ პროდუქტებს იღებენ.
ქოლესტერინის მაღალი შემცველობით გამორჩეული ნაჯერი ცხოველური ცხიმების დიდი შემცველობა რაციონში იწვევს ათეროსკლეროზს და აჩქარებს გულ-სისხლძარღვთა გენეზს ფართო სპექტრით.
ლიპიდური ცვლის დარღვევა
საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე სწორედ ქოლესტერინი მიიჩნეოდა გულისა და სისხლძარღვების პირველ მტრად, თუმცა, მისი სარგებლობაც არ უნდა დაგვავიწყდეს – იგი უჯრედთა მემბრანის სამშენებლო მასალაა, მის გარეშე წარმოუდგენელია ორგანიზმში D ვიტამინისა და სხვა ჰორმონთა სინთეზი.
გარდა ამისა, იგი ნეირონთა გარსების მნიშვნელოვანი ნივთიერებაა.
საფრთხეს ქმნის ე. წ. ცუდი ქოლესტერინის ფრაქცია დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების სახით, ასევე, მაღალი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს შორის თანაფარდობის დარღვევა.
სტრესი
სტრესის პირობებში ორგანიზმი არასრულფასოვნად ფუნქციონირებს, განსაკუთრებით ეს სისხლძარღვებზე, ნივთიერებათა ცვლის პროცესებსა და იმ სისტემებზე ითქმის, რომელთა მოქმედებასაც დიდწილად ნერვული სისტემა განკარგავს.
ქრონიკული სტრესი საშიში გულის შეტევების კატალიზატორი და ბიძგია.
ემოციურ გადატვირთვას დღეს განიცდის პრაქტიკულად ნებისმიერი ადამიანი, ამიტომ ხანგრძლივი სტრესები იწვევს სისხლში ჰორმონ ადრენალინის მომატებულ კონცენტრაციას, ის კი, თავის მხრივ, სისხლს ასქელებს და თრომბებს წარმოქმნის.
გარდა ამისა, მომატებული ადრენალინი გარდაიქმნება ადრენოქრომად, რომელიც თავისუფალი რადიკალების თვისებათა მატარებელია და არტერიათა კედლებს აზიანებს, იწვევს მათ ათეროსკლეროზულ გადაგვარებას.
ემოციური დატვირთვებისას ორგანიზმიდან მაგნიუმი გამოიდევნება, ამ ელემენტისა და კალციუმის ბალანსი კი გულის კუნთისთვის აუცილებელია, მაგნიუმი ხელს უწყობს გულის კუნთის მოდუნებას, კალციუმი კი მის შეკუმშვაზეა პასუხისმგებელი.
სტრესებისგან სრულად თავის არიდება პრაქტიკულად შეუძლებელია, რამდენადაც თანამედროვე ადამიანი გარშემორტყმულია ნეგატიური ფაქტორებით, მათი შემცირება კი შესაძლებელია – თუ ამჩნევთ, რომ ამას დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ, გირჩევთ მიმართოთ სპეციალისტს: ფსიქოლოგს ან ფსიქოთერაპევტს.
როგორ ვიცავთ თავს?
უარი თამბაქოსა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას! თავი ანებეთ თამბაქოს მოწევას, შეზღუდეთ პასიური მწეველობა და თავადაც ნახავთ, როგორ შეიცვლება ყოველდღიური მდგომარეობა.
თამბაქო გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია, მისი უკუგდებით 2-ჯერ ამცირებთ მოსალოდნელ საფრთხეებს. თამბაქოს კვამლი შეიცავს არა მხოლოდ ნიკოტინს, არამედ კანცეროგენული თვისების მქონე ნივთიერებებს, რომლებიც მოქმედებენ თქვენს გულსა და სისხლძარღვებზე. აქტიურის მსგავსად, პასიური მწეველობაც დამღუპველია.
შეზღუდეთ ალკოჰოლის მიღებაც. დიდი კონცენტრაციებით ის სისხლის მიმოქცევაზე ძალიან ცუდად აისახება.
აკონტროლეთ წონა და იკვებეთ სწორად!
ჭარბი წონის მქონე ადამიანებს ინფარქტი და ინსულტი რამდენჯერმე უფრო ხშირად ემართებად, ამიტომ მუდმივად აკონტროლეთ წონა და წელის გარშემოწერილობა.
იკვებეთ სწორად, ზომიერად მიიღეთ ხორცი, საკმარისი რაოდენობით შეგიძლიათ თევზის (მინიმუმ 300 გრამი კვირაში), ხილისა და ბოსტნეულის ჭამა, ზეღუდეთ ან ამოიღეთ რაციონიდან ცხიმიანი, შემწვარი და შებოლილი საკვები.
ეს საკმაოდ მარტივი და ეფექტიანი საშუალებები არა მხოლოდ სხეულის სასურველ ფორმებს შეგინარჩუნებთ, მნიშვნელოვნად დააქვეითებს გულის დაავადებათა განვითარების რისკებს.
აკონტროლეთ სისხლში ქოლესტერინის დონე და გახსოვდეთ, რომ მის ნორმას სწორი კვებით შეინარჩუნებთ.
მეტი იმოძრავეთ!
აუცილებელი ფიზიკური აქტივობის ნორმა კვირაში არანაკლებ 150 წუთია – ეს აუცილებელი პირობაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პროფილაქტიკისთვის;
ისწავლეთ სტრესის გაკონტროლება!
ქრონიკული გამოუძინებლობა, მუდმივი ფსიქოლოგიური დაძაბვა აქვეითებს იმუნიტეტს, თენთავს და ფიტავს ადამიანს, იწვევს არითმიებსა და მთლიანობაში გულის რითმის ცვლილებას.
ჯანსაღი ძილი და ცხოვრებისადმი ფილოსოფიური მიდგომა კი, პირიქით, მნიშვნელოვნად ზრდის თქვენს შანსებს გააკონტროლოთ სტრესი, შეამციროთ ორგანიზმზე მისი ნეგატიური გავლენა და გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე.
მართეთ დიაბეტი
საჭიროა მკურნალი ექიმის რეკომენდაციათა განუხრელი დაცვა, სისხლში შაქრის მაჩვენებლის კონტროლი და კვების რეჟიმის დაცვა.
დიაბეტისას ენდოკრინოლოგთან რეგულარული ვიზიტები მოსალოდნელი გართულებების დროულად აღმოსაჩენად და სამკურნალოდ.
ჯანმრთელობის პერიოდული სკრინინგი
- რეგულარული კონტროლი არტერიული წნევის და მკურნალი ექიმის რეკომენდაციათა დაცვა;
- წელიწადში ერთხელ ოჯახის ექიმთან ვიზიტი;
- ქოლესტერინის დონისა და ზოგადად, ლიპიდური ცვლის განსაზღვრა წელიწადში ერთხელ, საჭიროებისამებრ, პრობლემის არსებობის პირობებში.