შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

სისხლში გლუკოზის დონის სათანადო კონტროლი მნიშვნელოვანია დიაბეტის გართულებების თავიდან ასაცილებლად. დიაბეტის დროს ხშირად სამკურნალო პრეპარატების დანიშვნა ხდება საჭირო. სწორედ, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებზე, მათი მოქმედების მექანიზმებსა და სხვა დეტალებზე გვესაუბრება სამკურნალო ცენტრ "მედინვესტის", კუზანოვის კლინიკის, ნუტრიციოლოგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა "მედლაბის" ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი მაკა კვირიკაშვილი.
ქალბატონო მაკა, დღეს შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების ფართო არჩევანია. მოდი, დავიწყოთ ინსულინის პრეპარატებით. რას წარმოადგენს სამკურნალო ინსულინები? რომელი ცხოველის ორგანიზმიდან არის მიღებული? რომელი ქვეყნისა თუ ფირმის ინსულინს ნიშნავენ უპირატესად ენდოკრინოლოგები და რატომ? თუ არის განსხვავება სხვადასხვა წარმოების პრეპარატებს შორის?
- მოგეხსენებათ, შაქრიანი დიაბეტი არის ნივთიერებათა ცვლის დაავადებათა ჯგუფი, რომელიც ხასიათდება ჰიპერგლიკემიით ინსულინის სეკრეციის და/ან მისი მოქმედების ეფექტურობის დარღვევის გამო. შაქრიანი დიაბეტის განვითარების მიზეზები სხვადასხვაგვარია. ის ძირითადად ვითარდება ინსულინის აბსოლუტური დეფიციტის (შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1) ან ინსულინის მიმართ პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობის დაქვეითების და კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) ბეტა-უჯრედების სეკრეტორული დისფუნქციის შედეგად (შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2). ინსულინის პრეპარატები სასიცოცხლოდ აუცილებელია შაქრიანი დიაბეტის 1 ტიპის მქონე პაციენტებისთვის. გარდა ამისა, მათ იღებს შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპის მქონე პაციენტთა დაახლოებით 40%.
შაქრიანი დიაბეტის დროს ინსულინთერაპიის დანიშნულების საერთო ჩვენებებს მიეკუთვნება:
- შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1;
- პანკრეატექტომია (კუჭქვეშა ჯირკვლის ამოკვეთა);
- კეტოაციდოზური და ჰიპეროსმოლარული კომა;
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს კი:
- ინსულინის დეფიციტის აშკარა ნიშნები, ისეთები, როგორიც არის სხეულის წონის პროგრესირებადი დაქვეითება და კეტოზი, გამოხატული ჰიპერგლიკემია;
- დიდი ქირურგიური ჩარევები;
- მწვავე მაკროვასკულური გართულებები (ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, განგრენა და სხვ.), დეკომპენსაციით მიმდინარე ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევები და ინფექციური დაავადებები;
- მყარი კომპენსაციის არარსებობა სხვადასხვა ტაბლეტირებული ჰიპოგლიკემიური პრეპარატის მაქსიმალური დოზით დანიშვნის მიუხედავად;
- შაქრიანი დიაბეტის გვიანი გართულებების გვიანი სტადიები (მძიმე ნეიროპათია და რეტინოპათია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა);
- დიეტოთერაპიით გესტაციური შაქრიანი დიაბეტის კომპენსაციის მიღწევის შეუძლებლობა.
წარმოშობის მიხედვით ინსულინის პრეპარატები შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად:
- ცხოველური ინსულინები (ღორის);
- ადამიანის ინსულინები (ნახევრად სინთეზური, გენურ-ინჟინერული);
- ინსულინის ანალოგები;
ადამიანის ინსულინის წარმოების ტექნოლოგიის პროცესის გამო ღორის ინსულინების (ადამიანის ინსულინისგან განსხვავდება ერთი ამინმჟავით) გამოყენება ამჟამად მნიშვნელოვნად შემცირდა. ღორის ინსულინის გამოყენება შეიძლება ადამიანის ინსულინის წარმოებისთვის ნახევრადსინთეზური მეთოდით, რომელიც გულისხმობს ერთი განსხვავებული ამინმჟავის შეცვლას.
უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევა გენური ინჟინერიით მიღებული ადამიანის ინსულინები. მათ მისაღებად ადამიანის ინსულინის სინთეზზე პასუხისმგებელი გენომის ნაწილს ასოცირებენ E. coli-ს ან საფუვრის კულტურის გენომთან, რის შედეგადაც ეს უკანასკნელები იწყებენ ადამიანის ინსულინის პროდუქციას. ადამიანის ინსულინის შექმნა სხვადასხვა ამინმჟავის გადაადგილების საშუალებით მიზნად ისახავდა მოცემული და უფრო კარგი ფარმაკოკინეტიკის მქონე პრეპარატების მიღებას.
მოქმედების ხანგრძლივობის მიხედვით ინსულინები იყოფა ოთხ ძირითად ჯგუფად:
- ულტრახანმოკლე მოქმედებისა - ლიზპრო (ჰუმალოგი), ასპარტინი (ნოვორაპიდი);
- ხანმოკლე მოქმედებისა - ადამიანის მარტივი ინსულინები (აქტრაპიდი HM, ჰუმულინი R, ინსუმან რაპიდი);
- საშუალო ხანგრძლივობის მოქმედებისა (პროტაფან HM, ჰუმულინი NPH, ინსულმან ბაზალი);
- ხანგრძლივი მოქმედებისა (გლარგინი - ლანტუსი, დეტერმირი);
- სხვადასხვა ხანგრძლივობის მოქმედების ინსულინის ნარევები (ნოვომიქსიტი - 30, ჰუმულინ - M3, ჰუმალოგ - მიქს - 25).
ულტრახანმოკლე მოქმედების პრეპარატების გლუკოზის დამაქვეითებელი ეფექტი იწყება ინექციიდან 15 წუთში, რაც იძლევა ინექციის გაკეთების საშუალებას ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. ხანმოკლე მოქმედების პრეპარატები არის ხსნარები, რომლებიც ინსულინს შეიცავს კონცენტრაციით 100 ერთეული მილილიტრზე. ინექცია კეთდება ჭამამდე 30 წუთით ადრე. მოქმედების ხანგრძლივობა 4-6 საათია. ულტრახანმოკლე და ხანმოკლე მოქმედების პრეპარატების შეყვანა შეიძლება კანქვეშ, კუნთსა და ვენაში. მოქმედების საშუალო ხანგრძლივობის მქონე პრეპარატების მოქმედება ძირითადად 12 საათს გრძელდება. ისინი შეჰყავთ მხოლოდ კანქვეშ.
ხანგრძლივი მოქმედების პრეპარატებიდან ამჟამად აქტიურად გამოიყენება ინსულინის ანალოგები (ლატუსი). ამ პრეპარატების ფარმაკოკინეტიკის კარგი თავისებურებაა ის, რომ უზრუნველყოფენ წამლის უფრო თანაზომიერ და ხანგრძლივ მოქმედებას კანქვეშა დეპოდან. ამის გამო ისინი შეიძლება დაინიშნოს დღეში ერთხელ ნებისმიერ დროს. ინსულინის სტანდარტული ნარევების უპირატესობაა ორი ინექციის შეცვლა ერთით და ნარევის კომპონენტების დოზირების მეტი სიზუსტე, ნაკლი კი ნარევის ცალკეული კომპონენტების ინდივიდუალური დოზირების შეუძლებლობაა.