დიეტა შაქრიანი დიაბეტის დროს - რჩევები ენდოკრინოლოგისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიეტა შაქრიანი დიაბეტის დროს - რჩევები ენდოკრინოლოგისგან

უცნაურია, მაგრამ ამის მიზეზი ხშირად არც დაავადების ქრონიკული ხასიათია და არც მისი საკმაოდ მძიმე გართულებები - დაავადებულებს, უპირველეს ყოვლისა, დიაბეტთან დაკავშირებული დიეტა აშინებთ. როგორი უნდა იყოს დიეტა შაქრიანი დიაბეტის დროს, რომელი პროდუქტებია კატეგორიულად აკრძალული და რომელი - ნებადართული? შაქრიანი დიაბეტის დროს დიეტის თავისებურებებთან დაკავშირებულ ამ და სხვა შეკითხვებს უპასუხებს "ავერსის კლინიკის" ენდოკრინოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ნინო ესაკია.

- ქალბატონო ნინო, რამდენად მნიშვნელოვანია დიეტა შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას, რომელ პრეპარატებს უნდა დაემშვიდობოს დიაბეტით დაავადებული ადამიანი, რომელ პროდუქტებს უნდა ერიდონ და რის მირთმევა შეუძლიათ სურვილისამებრ?

- უნდა ვაღიაროთ, რომ დიეტოთერაპია შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის ერთ-ერთი წამყვანი მეთოდია. პაციენტმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რა არის შაქრიანი დიაბეტი და როგორი დიეტაა აუცილებელი მისი კონტროლისთვის. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულს კატეგორიულად ეკრძალება შაქარი და შაქრის შემცველი ნაწარმი - კომპოტები, მურაბები, კანფეტები, ნამცხვრები. მკვეთრად უნდა შეიზღუდოს თეთრი ფქვილის ნაწარმი და ცომეული, ასევე - ცხოველური წარმოშობის ცხიმი, ტკბილი ხილი - ყურძენი, ლეღვი, ბროწეული, თუთა, კარალიოკი... ნებადართულია რუხი პური, მჭლე ხორცი და თევზი, ხილი (ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა) და ბოსტნეული.

- რამდენი პურის მიღებაა რეკომენდებული? არის თუ არა ნებადართულ პროდუქტებს შორის კარტოფილი?

- პურის რეკომენდებული ოდენობა თითოეული კვებისას 50-80 გრამია, ზუსტი რიცხვი კი პაციენტისთვის, სიმსუქნის ხარისხის გათვალისწინებით, ინდივიდუალურად განისაზღვრება. დიაბეტით დაავადებულებს შეუძლიათ, მიირთვან ორი ცალი საშუალო ზომის კარტოფილი - მოხარშული ან ზეთში შემწვარი. თუმცა უნდა გაითვალისწინონ, რომ კარტოფილი პურეულია, ის პურის მაგივრად მიიღება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კარტოფილთან ერთად პურის მიღება არ არის მიზანშეწონილი.

- ნებადართული პროდუქტების მიღება ნებისმიერი ოდენობით შეიძლება?

- ნებადართული საკვების განუსაზღვრელი ოდენობით მიღება არ შეიძლება. ასეთი პროდუქტები, მაგალითად, ხბოს, წიწილის, საქონლის მჭლე ხორცი, თევზი, მოხდილი რძის პროდუქტები, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ განსაზღვრული ოდენობით, ზომიერად. მიღების დროც მკაცრად უნდა იყოს დადგენილი. მაგალითად, საღამოს შვიდი საათის შემდეგ არ არის რეკომენდებული დიდი ოდენობით ხორცის ან რძის ნაწარმის მიღება, ვახშამი დაბალკალორიული და მსუბუქი უნდა იყოს.

- რაზეა დამოკიდებული მისაღები საკვების ოდენობა?

- პაციენტს ულუფა ექიმმა ინდივიდუალურად უნდა განუსაზღვროს. დიეტის შერჩევა ენდოკრინოლოგისა და დიეტოლოგის კომპეტენციაა. ამ დროს მხედველობაშია მისაღები პაციენტის სქესი, ასაკი, წონა. ყურადსაღები ფაქტორებია დაავადების ხანგრძლივობა და პაციენტის ფიზიკური აქტივობა. აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს სისხლში გლუკოზის შემცველობა დიეტის დანიშვნის მომენტში. გარდა ამისა, ხდება სხვა მაჩვენებლების, კერძოდ, ცხიმოვანი, ნახშირწყლოვანი, მინერალური ცვლის პარამეტრების განსაზღვრა, ყურადღება ექცევა შაქრიანი დიაბეტის ტიპს.

- შეუძლია თუ არა დიაბეტით დაავადებულს, შავი პურის ნაცვლად ქართველებისთვის ტრადიციული მჭადი და ღომი მიირთვას?

- რასაკვირველია, დიაბეტით დაავადებულს შეუძლია მჭადიც მიირთვას და ღომიც, ოღონდ რაციონალურად. ამ პროდუქტების შეუზღუდავი გამოყენება დაუშვებელია. მჭადი უნდა იყოს მშრალად, უცხიმოდ გამომცხვარი.

- რას ნიშნავს პურის ერთეულები, როგორ ხდება მათი გამოთვლა?

- პურის ერთეულების გამოანგარიშება საჭიროა მხოლოდ I ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს, იმ პაციენტთათვის, რომელთაც ინსულინოთერაპია უტარდებათ. არსებობს სპეციალური ცხრილები, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია გავიგოთ, რამდენი პურის ერთეული რამდენ ერთეულ ინსულინს შეესაბამება და რამდენ პურის ერთეულს შეიცავს ამა თუ იმ საკვების განსაზღვრული რაოდენობა. მაგალითად, დადგენილია, რომ 1 პურის ერთეული (პე) უდრის 12,5 გრამ სუფთა ნახშირწყლებს. შესაბამისად, ნახშირწყლების შემცველობიდან გამომდინარე, ცნობილია, რამდენ პურის ერთეულს შეიცავს ესა თუ ის საკვები. გამოთვლით შეგვიძლია გავიგოთ, რამდენი ინსულინია საჭირო მიღებული საკვების ასათვისებლად ანუ რა რაოდენობის ინსულინი უნდა გაიკეთოს პაციენტმა ამა თუ იმ საკვების მიღებისას. ექიმის დახმარებით პაციენტები სწავლობენ ინსულინის საჭირო რაოდენობის გამოანგარიშებას. პურის ერთეულების გამოთვლა აუცილებელია, რათა პაციენტმა ადვილად აკონტროლოს სისხლში გლუკოზის დონე.


- ბევრს მიაჩნია, რომ დიეტის დარღვევისას სისხლში გლუკოზის შემცველობის მატების თავიდან აცილება შესაძლებელია ინსულინის ან ტაბლეტირებული პრეპარატის დოზის გაზრდით. როგორია ენდოკრინოლოგის პოზიცია ამის თაობაზე?

- არამც და არამც არ შეიძლება, პაციენტმა თვითნებურად შეცვალოს დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების დოზა. მსგავს თვითმკურნალობას არცთუ იშვიათად მოსდევს ჰიპოგლიკემიური (სისხლში გლუკოზის შემცველობის დაცემით განპირობებული) კომა და მისი გართულებები. თუ პაციენტმა ვერ მოახერხა დიეტის დაცვა და სისხლში გლუკოზის შემცველობამ მკვეთრად მოიმატა, ექიმთან დაკავშირება აუცილებელია.

- რით შეუძლია დიაბეტიანს, დაიკმაყოფილოს ტკბილის მიღების მოთხოვნილება?

- ტკბილის მოთხოვნილების დაკმაყოფილება შესაძლებელია ნებადართული ხილის, ბოსტნეულის ან სპეციალური დიაბეტური ტკბილეულის მიღებით, რომლის შეძენაც დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილი პროდუქტებით მოვაჭრე მაღაზიებშია შესაძლებელი, მაგრამ ასეთი პროდუქტების ყოველდღიურად მიღება არ შეიძლება.

- როდის უფრო მკაცრი უნდა იყოს დიეტა - ინსულინით მკურნალობისას თუ ტაბლეტირებული პრეპარატების მიღებისას?

- დიეტა ორივე შემთხვევაში აუცილებელია. ზოგიერთს ჰგონია, რომ დიაბეტის ინსულინით მკურნალობის შემთხვევაში შეუძლიათ დიეტა აღარ დაიცვან და დაარღვიონ საკვების მიღების რეჟიმი. ეს მცდარი შეხედულებაა. ინსულინით მკურნალობისას მიღებული საკვების ოდენობა ინსულინის დოზას უნდა შეესაბამებოდეს. ჭარბი საკვები შესაძლოა სისხლში გლუკოზის შემცველობის მატების მიზეზად იქცეს, ხოლო ინსულინის ინექციის შემდეგ კვების დაგვიანება ჰიპოგლიკემიურ კომას იწვევს.

- ჩვენი საუბარი მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, ხომ არ შესთავაზებდით დიაბეტით დაავადებულებს სანიმუშო მენიუს?

- დიაბეტით დაავადებულმა საკვები უნდა მიიღოს დღეში 4-5-ჯერ. რაციონალურად უნდა იყოს გადანაწილებული დღის განმავლობაში კვების დრო - სასურველია კვება 8.00, 12.00, 16.00, 19.30 საათზე. დილის ულუფა შეიძლება იყოს ხაჭო, ნადუღი ან ყველი ცოტაოდენ პურთან ერთად, ჩაი ან უშაქრო ყავა. მეორე კვებისას, 12 საათზე, რეკომენდებულია ცოტაოდენი ხორცი ბოსტნეულის სალათთან ერთად, რუხი პური, დასაყოლებლად - ხილი. სადილი 16 საათზე უნდა იყოს კალორიული, სრულყოფილი, რათა პაციენტი დანაყრდეს. რეკომენდებულია ხბოს ან წიწილის სუპი, ბორშჩი ან ბულიონი ცოტაოდენ ხორცთან ერთად, პური, ბოსტნეულის სალათი და ხილი. ვახშამი, რომლისთვისაც შესაფერისი დრო 19.30 საათია, დაბალკალორიული უნდა იყოს. რეკომენდებულია წიწიბურას ან ჰერკულესის ფაფა და მაწონი ან კეფირი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მე მოვიყვანე დიეტის ზოგადი მონახაზი, თითოეული პაციენტისთვის კი აუცილებელია ინდივიდუალური, პირადად მისთვის, მისი დაავადების თავისებურებათა გათვალისწინებით განსაზღვრული დიეტა, რომლის შედგენაც მხოლოდ ენდოკრინოლოგს შეუძლია. დიეტა არის საფუძველი, რომელსაც ემატება სხვა სამკურნალო საშუალებები. დიეტასთან ერთად აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, რათა მიღებული კალორიები დაიხარჯოს. სამწუხაროდ, დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, მისი განკურნება თანამედროვე მედიცინას არ ძალუძს, მაგრამ სწორი მკურნალობის წყალობით პაციენტს შეუძლია, დიდხანს შეინარჩუნოს სრულფასოვანი ცხოვრება და თავიდან აიცილოს დაავადების გართულებები. მკურნალობის უმნიშვნელოვანესი მომენტი კი სწორედ დიეტაა.