მემკვიდრეობა ანდერძით

როგორც ჩვენი რუბრიკის ერთგულ მკითხველებს ახსოვთ, კანონით მემკვიდრეობის ძირითად პრინციპებზე ”ოჯახის მკურნალის” მიმდინარე წლის 21-ე ნომერში ვისაუბრეთ. დღეს კი ანდერძით მემკვიდრეობაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. ანდერძით მემკვიდრეობის არსის გასაგებად უწინარესად აუცილებელია თვით საკუთრების როგორც უფლების მნიშვნელობის ცოდნა, რადგან სწორედ საკუთრების უფლებისგან გამომდინარეობს ანდერძით მემკვიდრეობაც.
კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულია საკუთრების განსაკუთრებული ფორმა - მემკვიდრეობის უფლება, ანუ საკუთრების მემკვიდრეობით მიღებისა და გაცემის უფლება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ჩარევისგან საკუთრების დაცვას ადამიანის სიკვდილის შემთხვევაში. ამით უზრუნველყოფილია, ერთი მხრივ, სამკვიდროს დამტოვებლის (მამკვიდრებლის) უფლება, თავისი ქონება საკუთარი (”უკანასკნელი”) სურვილის შესაბამისად განკარგოს, მეორე მხრივ კი მემკვიდრის უფლება, მიიღოს მამკვიდრებლის მიერ დატოვებული ქონება. მამკვიდრებელი ყოველივე ამას ახორციელებს ანდერძის საფუძველზე, რომლითაც იგი განსაზღვრავს, სიკვდილის შემდეგ ვის დარჩება მისი ქონება. ამით ნათელი ხდება მემკვიდრეობის უფლების მჭიდრო კავშირი საკუთრების უფლებასთან, რადგან ანდერძის თავისუფლება სხვა არაფერია, თუ არა უფლება, მამკვიდრებელმა უკანასკნელად განკარგოს თავისი საკუთრება. მემკვიდრეებისთვის კი მემკვიდრეობის უფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივი უზრუნველყოფა ნიშნავს იმას, რომ კანონით მემკვიდრეობის მიღების უფლების მქონე პირთა წრე დადგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევისთვის, როცა არ არსებობს მამკვიდრებლის ანდერძი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ კანონში განმტკიცებულ კანონით მემკვიდრეობაზე უფრო მაღლა დგას მოანდერძის ნება, რომელსაც ის ანდერძის საშუალებით გამოხატავს. ამ მოთხოვნას შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის მიხედვითაც კანონით მემკვიდრეობა, ანუ გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე, მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, ”თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი” (სსკ 1306-ე მუხლის მე-2 ნაწილი). მოქმედი კანონმდებლობა განამტკიცებს ანდერძის თავისუფლების პრინციპს. კანონი ანდერძით მემკვიდრეობის ინსტიტუტის განმტკიცებით მამკვიდრებელს მემკვიდრეთა ამორჩევის უფლებას აძლევს.
- გთხოვთ განგვიმარტოთ, როგორი გარიგებაა ანდერძი, შეუძლია თუ არა მოანდერძეს მისი შეცვლა და საჭიროა თუ არა ანდერძის შესადგენად მემკვიდრის თანხმობა.
- ანდერძი არის კანონის მიერ დადგენილი ფორმით შედგენილი მამკვიდრებლის (მოანდერძის) განკარგულება გარდაცვალების შემთხვევაში მისი ქონების ბედის შესახებ. ანდერძი ცალმხრივი გარიგებაა, რომელშიც მხოლოდ მოანდერძის ნებაა გამოხატული. ანდერძის ცალმხრივი ხასიათი მოანდერძეს ანდერძის შედგენის შემდეგაც კი აძლევს თავისი ქონების განკარგვის შესაძლებლობას, ანუ მას შეუძლია შეცვალოს ან გააუქმოს ანდერძი თავისი სურვილისამებრ.
ანდერძის შესადგენად საჭირო არ არის მემკვიდრის თანხმობა. უფრო მეტიც - მემკვიდრემ ხშირად არც კი იცის ანდერძის შინაარსი. არსებულ სამართლებრივ სივრცეში ანდერძის უმნიშვნელოვანეს როლსა და მის აქტუალობაზე ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ამ ინსტიტუტის საქართველოს სახელმწიფოს უმაღლეს კანონში - კონსტიტუციაში განმტკიცება.
მემკვიდრეობის უფლება, როგორც უკვე აღინიშნა, კონსტიტუციური უფლებაა. საჭიროა დეტალურად განვიხილოთ, ვინ შეიძლება იყოს მამკვიდრებელი და ვინ შეიძლება იყოს მემკვიდრე და არსებობს თუ არა რაიმე შეზღუდვა ამ პირთა მიმართ კანონმდებლობაში. მამკვიდრებელი (სამკვიდროს დამტოვებელი) ის პირია, რომლის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება სხვა პირზე გადადის. ის შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი. აღნიშნულის თანახმად, კანონმდებელი განამტკიცებს მთავარ შეზღუდვას, რომლის შესაბამისადაც იურიდიულ პირს არ შეუძლია გახდეს მამკვიდრებელი. ამგვარი შეზღუდვა გამომდინარეობს თვით ანდერძით მემკვიდრეობის არსიდან, რომლის მთავარ ნიშანს წარმოადგენს ერთი პირის ნამდვილი ნების გამოვლენა საკუთარი ქონების საბოლოოდ განკარგვის შესახებ.
ანდერძით მემკვიდრეობის დროს ყველა შემთხვევაში აუცილებელია, მამკვიდრებელი იყოს ქმედობაუნარიანი პირი. დაუშვებელია, ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში იგი იყოს არასრულწლოვანი ან ქმედობაუუნაროდ აღიარებული სრულწლოვანი პირი.