როგორ ანაწილებს კანონი სამკვიდროს უახლოეს ნათესავებს შორის
მემკვიდრეობის არსის გასაგებად აუცილებელია თვით საკუთრების, როგორც უფლების მნიშვნელობის ცოდნა, რადგან სწორედ საკუთრების უფლებისგან გამომდინარეობს კანონით მემკვიდრეობაც. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით უზრუნველყოფილია თავისუფალ, დემოკრატიულ, საზოგადოებაში ადამიანის არსებობის საფუძველი - საკუთრება.
საკუთრების უფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის თავისუფლებასთან, რადგან სწორედ საკუთრებაა ადამიანის არსებობისა და საქმიანობის ქონებრივი საფუძველი, რაც, თავის მხრივ, საკუთარი ცხოვრების თავისუფლად, საკუთარი პასუხისმგებლობის საფუძველზე ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა.
საკუთრების უფლება ფაქტობრივად სახელმწიფოს სამართლებრივი და ეკონომიკური სისტემის ქვაკუთხედია. მის გარეშე შეუძლებელია საბაზრო ეკონომიკის, სანივთო სამართლისა და მემკვიდრეობის სამართლის არსებობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია.
საკუთრება ადამიანის ყოფიერების საფუძველია. გარდა აღნიშნულისა, კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულია საკუთრების განსაკუთრებული ფორმა - მემკვიდრეობის უფლება, ანუ საკუთრების მემკვიდრეობით მიღებისა და გაცემის უფლება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ჩარევისაგან საკუთრების დაცვას ადამიანის სიკვდილის შემთხვევაში.
კანონით, მემკვიდრეობა, ანუ გარდაცვლილის ქონების გადასვლა სხვა პირებზე, მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი (სსკ 1306.2).
გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივეს საფუძველზე (სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლი). მემკვიდრეობის სახეებია:
- მემკვიდრეობა კანონით, ე. ი. გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე, წარმოიშობა კანონში ზუსტად მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.
- ანდერძით მემკვიდრეობა, ე. ი. ფიზიკური პირის შესაძლებლობა, სიკვდილის შემთხვევისთვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს - როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშესაც.
სისრულისთვის აუცილებელია განვიხილოთ, ვინ შეიძლება იყოს მამკვიდრებელი და ვინ შეიძლება იყოს მემკვიდრე და არსებობს თუ არა რაიმე შეზღუდვა ამ პირთა მიმართ კანონმდებლობაში.
მამკვიდრებელი (სამკვიდროს დამტოვებელი) ის პირია, რომლის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება სხვა პირზე გადადის.
მემკვიდრეობის ცნება განმარტებულია სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლში. კანონით მემკვიდრეები არიან პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისთვის, აგრეთვე - მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადნენ. 1309-ე მუხლში მოყვანილია ქორწინების გარეშე შობილი ბავშვის, როგორც მამის მემკვიდრის, სამართლებრივი უფლება, ოღონდ კანონი მკაცრად განმარტავს ძირითად წინაპირობას - ქორწინების გარეშე შობილი ბავშვი მამის მემკვიდრედ ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ მამობა აღიარებულია კანონით დადგენილი წესით.
სამოქალაქო კოდექსი (მუხლი 1310) ითვალისწინებს პირის უღირს მემკვიდრედ ცნობას.
დადგენილია, რომ არც კანონითა და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ უშლიდა ხელს მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში. უღირსი მემკვიდრისთვის მემკვიდრეობის ჩამორთმევის უფლება დადგენილი უნდა იქნეს სასამართლოს მიერ.
აღსანიშნავია, რომ სამკვიდრო არის ქონება, რომელიც მემკვიდრეობით გადადის. სამკვიდრო შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების, ისე იმ მოვალეობის ერთობლიობას (მუხლი 1328), რომელიც მამკვიდრებელს ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ასევე კანონით (მუხლი 1319) განსაზღვრულია სამკვიდროს გახსნის არსი და სამკიდროს გახსნის დრო (მუხლი 1320) - იგი გამოითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან, ხოლო კანონის 1324-ე მუხლით განსაზღვრულია სამკვიდროს გახსნის ადგილი. კანონით მემკვიდრეები, რომლებიც მოხსენიებულნი არ არიან ანდერძში, ინარჩუნებენ მემკვიდრეობის უფლებას სამკვიდროს იმ ნაწილზე, რომელსაც ანდერძი არ შეხებია.
ასევე მიიღებენ ისინი ანდერძით გათვალისწინებულ ქონებასაც, თუ სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის ცოცხლები არ არიან ანდერძით მემკვიდრეები ან თუ მათ უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე.
კანონით მემკვიდრეთა წრის დადგენისას ძირითად კრიტერიუმს წარმოადგენს მემკვიდრის ნათესაური დამოკიდებულება მამკვიდრებელთან. კანონით მემკვიდრეთა წრე საკმაოდ ფართოა, მაგრამ ყველა კანონით მემკვიდრეს ერთნაირი სიახლოვე როდი აქვს მამკვიდრებელთან, ამიტომ კანონი ფიზიკურ პირთა მემკვიდრეებად მოწვევის თანამიმდევრობას ადგენს მამკვიდრებელთან ნათესაური სიახლოვის ხარისხის მიხედვით.
კანონით მემკვიდრეები არიან: გარდაცვლილის შვილები (როგორც ღვიძლი, ასევე ნაშვილები); გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადა; მეუღლე; მშობლები (მშვილებლები); დები და ძმები; ბებია და პაპა; დედ-მამა და პაპის დედ-მამა; ბიძები; დეიდები და მამიდები; ბიძაშვილები; დეიდაშვილები; მამიდაშვილები და მათი შვილები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (მუხლი 1336) კანონით მემკვიდრეთა ხუთ რიგს ადგენს. კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან:
- პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
აღნიშნულ საკანონმდებლო ჩანაწერში ფიქსირებული ჩამონათვალი (შვილი, მეუღლე, მშობლები) სათანადო დეტალიზაციას მოითხოვს. კერძოდ: შვილები მემკვიდრეები არიან დაქორწინებული მშობლების გარდაცვალების შემდეგ. ქორწინების ბათილად ცნობა გავლენას არ ახდენს ასეთი ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვთა უფლებებზე და ცხადია, არც მემკვიდრეობის უფლებაზე.
მემკვიდრეები არიან ის შვილებიც, რომლებიც მამის გარდაცვალების შემდეგ დაიბადნენ. ამ შემთხვევაში კანონი მემკვიდრედ ყოფნის უფლებას უკავშირებს არა დაბადებას, არამედ ჩასახვას.
ნაშვილები, კანონის თანახმად, გათანაბრებულია მშვილებლის შვილებთან. შვილება ისეთი იურიდიული ფაქტია, რომლის ძალითაც ნაშვილებსა და მშვილებელს შორის აღმოცენდება ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორიც სისხლით ნათესავებს შორის. დადგენილია რომ ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებსა და მათ შთამომავლებთან.
მეუღლე კანონით მემკვიდრეა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, თუ იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მასთან და ეს ქორწინება გარდაცვალებამდე გრძელდებოდა. მეუღლეთა ურთიერთმემკვიდრეობის უფლება მათ სიცოცხლეშივე შეწყდება
განქორწინების შედეგად. განქორწინებული მეუღლეები არ შეიძლება ერთმანეთის მემკვიდრეები იყვნენ. მამაკაცსა და ქალს შორის არსებული ურთიერთობა, რომელსაც "ფაქტობრივ ქორწინებას" უწოდებენ, ურთიერთმემკვიდრეობას არ წარმოშობს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი ერთი და იმავე ბავშვის მშობლებად არიან ჩაწერილები. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მეუღლეს შეიძლება ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობით უფლება, თუ დადასტურებულ იქნა, რომ ქორწინება მამკვიდრებელთან ფაქტობრივად სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლის შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ (სამოქალაქო კოდექსის 1341-ე მუხლი), ცოცხლად დარჩენილი მეუღლე დაკარგავს მემკვიდრეობის უფლებას, თუ არსებობდა ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველი და მამკვიდრებლის მიერ სარჩელი წარდგენილი იყო (სამოქალაქო კოდექსის 1342-ე მუხლი).
აქ იგულისხმება ის შემთხვევა, როცა მამკვიდრებელმა შეიტანა სარჩელი სასამართლოში ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე გარდაიცვალა. თუ სასამართლო ასეთ სარჩელს დააკმაყოფილებს, ცოცხლად დარჩენილი მეუღლე მემკვიდრეობის უფლებას დაკარგავს. სამოქალაქო კოდექსი ასევე აკანონებს, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას) წარმოადგენს, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დაგენილი. მაშასადამე, ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში საერთო ქონების ნახევარი ცოცხლად დარჩენილი მეუღლის წილს შეადგენს და, ცხადია, ის სამკვიდროში არ შედის.
ცოცხლად დარჩენილ მეუღლეს სხვა მემკვიდრეებთან ერთად აქვს მემკვიდრეობის უფლება საერთო ქონების მეორე ნახევარზე, რომელიც გარდაცვლილი მეუღლის წილს შეადგენს და გარდაცვლილი მეუღლის სხვა ქონებაზე, რომელიც საერთო ქონებაში არ შედის. აღნიშნულის გამო კანონი ადგენს, რომ ცოცხლად დარჩენილი მეუღლის მემკვიდრეობის უფლება არ ეხება ქონების იმ ნაწილს, რომელიც მას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან ეკუთვნის (სამოქალაქო კოდექსის 1339-ე მუხლი).
დედა ყოველთვის არის მემკვიდრე შვილის გარდაცვალების შემდეგ, მამა კი იმ შვილის მემკვიდრეა, რომელიც მამის მემკვიდრე იქნებოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ რომ ეცოცხლა. მშობლებთან გათანაბრებულები არიან მშვილებლები: მათ იგივე უფლება აქვთ, რაც ნამდვილ მშობლებს.
შვილიშვილები, შვილიშვილის შვილები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეთა რიგში არ შედიან. კანონი მათი მემკვიდრეობის განსაკუთრებულ წესს ადგენს. შვილიშვილები (შვილიშვილის შვილები და მათი შვილები) კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო. საყურადღებოა, რომ შვილიშვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა თავიანთი ნებით უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე.
- მეორე რიგში - გარდაცვლილის დები, ძმები. კანონით მემკვიდრეები არიან გარდაცვლილის ღვიძლი ძმები და დები, ასევე დედით ან მამით ერთი დები და ძმები (ანუ ისეთები, რომლებსაც საერთო დედა ან მამა ჰყავთ). დედინაცვლის შვილებსა და მამინაცვლის შვილებს შორის ნათესაური კავშირი არ არსებობს, შესაბამისად, ისინი არც ურთიერთმემკვიდრეები არიან.
რაც შეეხება მამკვიდრებლის დისწულებსა და ძმისწულებს და მათ შვილებს, ისინი კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდათ.
- მესამე რიგში - ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა. გარდაცვლილის ბებია და პაპა მიიჩნევიან მემკვიდრეებად როგორც დედის, ისე მამის მხრიდან, თუ მამკვიდრებელი (შვილიშვილი) დაქორწინებული პირების შვილი იყო. თუ მამკვიდრებელი დაუქორწინებელი მშობლების შვილია, მაშინ დედის მხრიდან ბებია და პაპა ყოველთვის მემკვიდრეები არიან, მამის მხრიდან კი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მამკვიდრებელსა და მამამისს შორის სამართლებრივი კავშირი სათანადო წესით იყო დადგენილი.
კანონით მემკვიდრეთა მესამე რიგი, თავის მხრივ, ორ თანამიმდევრულ რიგს მოიცავს: იგი ითვალისწინებს ბებიის დედ-მამისა და პაპის დედ-მამის მემკვიდრეობით უფლებას, მაგრამ ისინი მხოლოდ მაშინ იქნებიან კანონით მემკვიდრეები, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან.
- მეოთხე რიგში - გარდაცვილის ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები (დედის და), მამიდები (მამის და).
- მეხუთე რიგში - ბიძაშვილები (მამის ძმის შვილები, დედის ძმის შვილები), დეიდაშვილები (დედის დის შვილები), მამიდაშვილები (მამის დის შვილები), ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან ცოცხალნი, მაშინ - მათი შვილები.
გარდა კანონითა და ანდერძით მემკვიდრეობისა, კანონი ითვალისწინებს მისგან ფორმითა და შინაარსით განსხვავებულ კიდევ ერთ სახეს, როგორიცაა უმკვიდრო ქონების მემკვიდრეობა.
თუ არც კანონითა და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მაშინ ქონება უმკვიდროდ ითვლება, უმკვიდრო ქონება კი გადადის სახელმწიფო სარგებლობაში (სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლი). მოცემულ შემთვევაში ქონება სახელმწიფოს გადაეცემა არა მამკვიდრებლის ნებით, არამედ, პირიქით, იმის გამო, რომ მამკვიდრებელს არავითარი ნება არ გამოუვლენია ან მისი ნების განხორციელება რაიმე მიზეზით ვერ მოხერხდა.
სახელმწიფოს მიერ სამკვიდროს მიღება კანონით მემკვიდრეობისაგან იმით განსხვავდება, რომ ნორმები კანონით მემკვიდრეობის შესახებ დისპოზიციური ნორმებია, ხოლო ნორმები უმკვიდრო ქონების შესახებ - იმპერატიული, რადგან სახელმწიფოს არა მარტო აქვს უმკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლება, არამედ ვალდებულია მიიღოს იგი. მომდევნო სტატიაში, მკითხველთა თხოვნით, ანდერძით მემკვიდრეობის ძირითად პრინციპებზე ვისაუბრებთ.