ოჯახი და სამართალი - ანდერძის ფორმა
ჩვენი ჟურნალის მკითხველთათვის წინა ნომერში მიცემული პირობის თანახმად, ვაგრძელებთ საუბარს ანდერძით მემკვიდრეობის სამართლებრივ საკითხებზე. დღეს ანდერძის ფორმაზე გესაუბრებით. განვმარტავთ როგორც დახურული, ისე შინაურული და სანოტარო ფორმით ანდერძის შედგენის წესსა და პირობებს, ყურადღებას გავამახვილებთ სამკვიდროს დაცვის საკითხებზე და სხვა.
როცა ანდერძი ძალას იძენს, პირი (სამკვიდროს დამტოვებელი), რომლის ნებაც ანდერძშია გამოხატული, ცოცხალი უკვე აღარ არის. ამიტომ გარდაცვლილი პირის ნამდვილი ნების დასადგენად აუცილებელია, ანდერძის შედგენისას მამკვიდრებელმა დაიცვას კანონით დადგენილი ანდერძის ფორმა.
იმისათვის, რომ სარწმუნოდ იქნეს დადგენილი მოანდერძის უკანასკნელი ნება, აუცილებელია კანონით გათვალისწინებულ შემდეგ ფორმათაგან ერთ-ერთის დაცვა:
- სანოტარო ფორმა;
- შინაურული ანდერძი;
- დახურული ანდერძი.
ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ანდერძის სანოტარო ფორმაზე, რადგანაც სწორედ ეს ფორმა უზრუნველყოფს მოანდერძის უკანასკნელი ნების სარწმუნოდ დადგენას და არის როგორც მამკვიდრებლის, ასევე მემკვიდრის უფლებების დაცვის გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ბოლო წიგნში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ანდერძის ზემოთ აღნიშნული სამივე ფორმა, რომელთაგან ერთ-ერთს უნდა მიმართოს პირმა, რათა დაცულ იქნეს მისი (მოანდერძის) ნამდვილი ნება და შედეგად მოხდეს მამკვიდრებლის ნამდვილი ნების სარწმუნოდ დადგენა. დაწვრილებით განვიხილოთ თითოეული ფორმა, რათა გავაანალიზოთ, რომელი უზრუნველყოფს ზემოთ აღნიშნული მიზნის მიღწევას.
შინაურული ანდერძი
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც მოქმედმა სამოქალაქო კოდექსმა გაითვალისწინა ანდერძთან დაკავშირებით, არის ის, რომ ანდერძის შედგენა დასაშვებია ნოტარიული დადასტურების გარეშე. მოანდერძეს შეუძლია, საკუთარი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას. ანდერძს, რომელიც მოანდერძემ თავისი ხელით დაწერა და ხელი მოაწერა, სრული ძალა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ არ არის დადასტურებული ნოტარიუსის მიერ. ასეთი ანდერძი, როგორც წესი, ინახება მოანდერძესთან და მას შინაურულ ანდერძს უწოდებენ.
- როგორ უნდა შეინახოს მოანდერძემ ანდერძი, როცა იგი შინაურული წესით არის შედგენილი, რათა დაკარგვისგან ან განადგურებისაგან დაიცვას?
- საკუთარი ხელით დაწერილი და ხელმოწერილი ანდერძი მოანდერძეს შეუძლია შეინახოს თავის სახლში ან შესანახად გადასცეს ახლობელს, მაგრამ ასეთ შენახვას თან სდევს მისი დაკარგვის, გაფუჭების საფრთხე. ნოტარიუსისთვის ანდერძის გადაცემა კი მოანდერძეს აღნიშნული საფრთხისაგან ათავისუფლებს, ამიტომ უმჯობესია, ანდერძი (დალუქული კონვერტით) შესანახად მიენდოს ნოტარიუსს (ან სხვა შესაბამისი თანამდებობის პირს).
ნოტარიუსისთვის კონვერტის გადაცემას უნდა ესწრებოდეს სამი მოწმე, რომლებიც კონვერტზე ხელს მოაწერენ. შინაურული ანდერძის ტექსტი შეიძლება გადმოიცეს საზოგადოდ მიღებული ტექნიკური საშუალებებით, ოღონდ ხელმოწერილი უნდა იყოს მოანდერძის მიერ. აღნიშნულ შემთხვევაში ანდერძის შედგენა და მოანდერძის ხელის მოწერა უნდა მოხდეს ორი მოწმის თანდასწრებით, რომლებმაც უნდა დაადასტურონ, რომ ანდერძი შედგენილი იყო მათი თანდასწრებით ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
მოწმეებმა ანდერძი უნდა დაადასტურონ მოანდერძის მიერ ანდერძზე ხელის მოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ, მოანდერძისა და ორივე მოწმის თანდასწრებით. აუცილებელია მოწმეთა სახელის, გვარისა და საცხოვრებელი ადგილის მითითება.
დახურული ანდერძი
მოანდერძის სურვილით, მოწმეებმა ანდერძი უნდა დაადასტურონ ისე, რომ არ გაეცნონ მის შინაარსს. ამ შემთხვევაში მოწმეები უნდა დაესწრონ ანდერძის შედგენას და მოანდერძის ხელმოწერის დადასტურებისას უნდა მიუთითონ, რომ ანდერძი შედგენილი იყო პირადად მოანდერძის მიერ მათი თანდასწრებით, მაგრამ არ გასცნობიან მის შინაარსს. აღნიშნული სახით შედგენილ ანდერძს დახურული ანდერძი ეწოდება.
- აქვს თუ არა სამართლებრივად რაიმე მნიშვნელობა დახურული ანდერძის შედგენის ზუსტი თარიღის მითითებას?
- დიახ, აქვს. უფრო მეტიც - ანდერძის შედგენის თარიღი ზოგჯერ ისეთ დიდ მნიშვნელობას იძენს, რომ შესაძლოა, მიუთითებლობამ ანდერძის ბათილად ცნობაც კი გამოიწვიოს. ანდერძის ბათილად ცნობას თარიღის არარსებობა იწვევს მხოლოდ მაშინ, თუ ვერ გაქარწყლდა ანდერძის შედგენისას, შეცვლისას ან გაუქმებისას, ასევე რამდენიმე ანდერძის არსებობისას მოანდერძის ქმედობაუნარიანობასთან დაკავშირებული ეჭვი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, ანდერძში მითითებული იყოს მისი შედგენის თარიღი. აქვე უნდა ითქვას, რომ ანდერძი, რომლის შედგენაც ხდება ნოტარიუსის მონაწილეობის გარეშე, ნაკლებ ნდობას იმსახურებს. ნოტარიული ფორმა, რომელსაც დაწვრილებით ქვემოთ შევეხებით, მამკვიდრებელი პირისთვის წარმოადგენს გარანტიას, რომ მისი ნება გარდაცვალების შემდეგ ნამდვილად აღსრულდება და, შესაბამისად, არც მემკვიდრეთა უფლებები შეილახება. ამ ინსტიტუტისადმი ამგვარი ნდობა გამომდინარეობს იქიდან, რომ ნოტარიუსი სახელმწიფოს წარმომადგენელია და მოანდერძის ნამდვილი ნების გარანტორად გამოდის. კანონმდებელი ნოტარიუსს სხვა ვალდებულებებსაც აკისრებს და განამტკიცებს მათ სხვადასხვა ნორმატიული აქტით, შესაბამისად, ნოტარიუსი შეზღუდულია კანონით და ვალდებულია, კეთილსინდისიერად აღასრულოს თავისი უფლებამოსილება.
სანოტარო ფორმა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანდერძი შეიძლება შედგენილ იქნეს სანოტარო ფორმით ან მის გარეშე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში წერილობით. წერილობითი ანდერძი შეიძლება იყოს ან არ იყოს დადასტურებული სანოტარო წესით. პირველ შემთხვევაში ანდერძს ადგენს და ხელს აწერს მოანდერძე და ადასტურებს ნოტარიუსი (იქ, სადაც ნოტარიუსი არ არის - თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანო), მეორე შემთხვევაში კი ანდერძს ადგენს და ხელს აწერს მოანდერძე ისე, რომ არ წარუდგენს ნოტარიუსს ხელმოწერის დასადასტურებლად.
კანონი არ განსაზღვრავს, როდის უნდა შედგეს ანდერძი სანოტარო ფორმით და როდის - უამისოდ. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მოანდერძის ნებაზეა დამოკიდებული.
- პრაქტიკულად როგორ ხდება სანოტარო ანდერძის შედგენა?
- სანოტარო ანდერძი შეიძლება შედგეს ორი განსხვავებული წესით:
1. ანდერძს ადგენს და ხელს აწერს მოანდერძე, რასაც ადასტურებს ნოტარიუსი; ანდერძს მოანდერძის სიტყვებით ჩაიწერს ნოტარიუსი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ორი მოწმის თანდასწრებით. ნოტარიუსს შეუძლია ანდერძის ჩასაწერად გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები. მოანდერძის სიტყვებით ნოტარიუსის მიერ ჩაწერილი ანდერძი უნდა წაიკითხოს მოანდერძემ და ნოტარიუსისა და მოწმეების თანდასწრებით მოაწეროს ხელი.
აღსანიშნავია, რომ კანონი ითვალისწინებს თანამდებობის პირთა ფართო წრეს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან დაადასტურონ ანდერძი. იმ შემთხვევისთვის, როდესაც პირს ობიექტურად არსებული მიზეზების გამო არ შეუძლია მიმართოს ნოტარიუსს, ნებადართულია ანდერძის დადასტურება თანამდებობის პირების მიერ.
სანოტარო მოქმედების შესრულებისთვის უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 1358-ე მუხლში.
2. კანონმდებელი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც რაიმე მიზეზით (ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის გამო) შესაძლოა მოანდერძემ ანდერძს ხელი თვითონ ვერ მოაწეროს. ამ შემთხვევაში, მისი თხოვნით, ანდერძს ხელს მოაწერს სხვა პირი ნოტარიუსის თანდასწრებით.
მოანდერძე აუცილებლად უნდა ესწრებოდეს ნოტარიუსთან ერთად სხვა პირის მიერ ანდერძზე ხელის მოწერას. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს მიზეზი, რის გამოც მოანდერძემ თვითონ ვერ მოაწერა ხელი ანდერძს.
თუ მოანდერძე ყრუ-მუნჯია ან ყრუ-მუნჯი და წერა-კითხვის უცოდინარი, საანდერძო განკარგულება უნდა გასცეს ნოტარიუსმა ორი მოწმისა და ისეთი მოწმის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია გააგებინოს მას საქმის არსი და ხელმოწერით დაადასტუროს, რომ ანდერძის შინაარსი შეესაბამება მოანდერძის ნებას.
მოანდერძემ, რომელიც უსიანათლოა და წერა-კითხვა არ შეუძლია, საანდერძო განკარგულება უნდა გასცეს ნოტარიუსთან სამი მოწმის თანდასწრებით. განსაზღვრულ სირთულეებთან არის დაკავშირებული ისეთი შემთხვევა, როცა ნოტარიუსმა არ იცის ენა, რომელზეც ანდერძია შედგენილი. ამ შემთხვევაში მოწვეულ უნდა იქნეს მთარგმნელი, რის შესახებაც უნდა გაკეთდეს სათანადო აღნიშვნა.
- შეუძლია თუ არა ნოტარიუსს სანოტარო მოქმედების შესრულება მოანდერძის სახლში და თუ შეუძლია, რა შემთხვევაში?
- როგორც წესი, სანოტარო მოქმედება სრულდება სანოტარო ორგანოს შენობაში. ცალკეულ შემთხვევებში სანოტარო მოქმედება შეიძლება შესრულდეს აღნიშნული შენობის გარეთაც, თუ პირს ავადმყოფობის, ინვალიდობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ შეუძლია იქ გამოცხადება. მაგალითად, თუ მოანდერძე სიკვდილის პირას არის და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, ამ შემთხვევაში ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას შეასრულებს (ანდერძს დაადასტურებს) მოანდერძის სახლში. ნოტარიუსს ან სხვა პირს, რომელმაც დაადასტურა ანდერძი, მოწმეს, ასევე პირებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ანდერძს მოანდერძის ნაცვლად, უფლება არ აქვთ, სამკვიდროს გახსნამდე გაამხილონ ინფორმაცია, რომელიც შეეხება ანდერძის შინაარსს, მის შედგენას, შეცვლას ან გაუქმებას. კანონმდებელი ამგვარი დანაწესით ნოტარიუსს ავალდებულებს, არ დაუშვას მოანდერძის ნების გამჟღავნება სამკვიდროს გახსნამდე, ანუ მის გარდაცვალებამდე.
ნოტარიუსი აგრეთვე ვალდებულია, შეინახოს ანდერძი, გამოაქვეყნოს ის კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, გასცეს სამკვიდრო მოწმობა და დაიცვას სამკვიდრო.
ნოტარიუსის აღნიშნული ვალდებულებები განმტკიცებულია "სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 29 აგვისტოს #2359 ბრძანებით. ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტი "სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის თაობაზე" განამტკიცებს ანდერძის შენახვისა და გამოქვეყნების წესს, რომელიც დაწვრილებით მოცემულია IV თავის 59-ე მუხლში.
- რამდენ ეგზემპლარად უნდა შედგეს ანდერძი და როგორია მისი შენახვის წესი?
- ანდერძი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება სანოტარო ბიუროში, ხოლო მეორე გადაეცემა მოანდერძეს.
ანდერძი უნდა იყოს დალუქული. კონვერტი უნდა გაიხსნას მხოლოდ მოწვეული მოწმეების თანდასწრებით. გამოქვეყნებული ანდერძი უნდა დარჩეს ნოტარიუსთან, რომელთანაც იგი ინახებოდა, ხოლო უფლებამოსილ პირს მიეცეს მისი დამოწმებული ასლი. აღსანიშნავია, რომ თუ ერთმა პირმა დატოვა რამდენიმე ანდერძი, რომელთაგან ერთ-ერთი სანოტარო ფორმით არის შედგენილი, დანარჩენი კი - არა, უპირატესობა სანოტარო ფორმით შედგენილს ენიჭება. აქედან გამომდინარე, თუ მოანდერძემ პირველი ანდერძი სანოტარო ფორმით შეადგინა, მომდევნო კი სანოტარო ფორმის გარეშე, პირველი ანდერძი ძალაში დარჩება, რადგან ის არ შეიძლება მოიშალოს სხვა ფორმის ანდერძით. სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძი შეიძლება მოიშალოს მხოლოდ სანოტარო ფორმით შედგენილი მომდევნო ანდერძით ან სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ნოტარიუსის მიერ დადასტურებული ანდერძი მეტ ნდობას იწვევს.
აი, ის ძირითადი საკითხები, რომლებიც სხვადასხვა ფორმის ანდერძის შედგენასთან არის დაკავშირებული. მრავალრიცხოვან მკითხველთა თხოვნით, მომდევნო ნომერში კანონით კუთვნილი სავალდებულო წილისა და საანდერძო დანაკისრის შესახებ გესაუბრებით. კითხვებით მოგვმართეთ ნომერზე: 893 35-99-09