წყლული

არსებობს გარეგანი და შინაგანი წყლულები. გარეგანი სხეულის ზედაპირზე მდებარეობს და კარგად ჩანს შეუიარაღებელი თვალით, შინაგანი კი შინაგან ორგანოებში - კუჭში, ნაწლავებში ჩნდება. წყლულის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის დარღვევა (სისხლის შეგუბება, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, არტერიოსკლეროზი, სპილოვნობა), ანთებითი პროცესები (ტუბერკულოზი, ჩირქოვანი ინფექციები) და ნივთიერებათა ცვლის მოშლა (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოვიტამინოზი, ავიტამინოზი).
ტროფიკული წყლული
ტროფიკული წყლული კანის ან ლორწოვანი გარსის ხანგრძლივად შეუხორცებელი დეფექტია. ის სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის მოშლის, ქსოვილთა ინერვაციის (პერიფერიული ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები) დაზიანების შედეგად ჩნდება, ძნელად ხორცდება და რეციდივებისკენ არის მიდრეკილი. ტროფიკული წყლულის მიზეზებია:
- ქრონიკული ვენური უკმარისობა;
- ქვედა კიდურების სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი;
- დიაბეტი;
- ჰიპერტონია (მარტორელას სინდრომი);
- ნეიროტროფიკა;
- ინფექცია;
- გაავთვისებიანება.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ქრონიკული ვენური უკმარისობით გამოწვეული წყლული ტროფიკული წყლულის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ქსოვილოვანი დეფექტი ლოკალიზებულია დაზიანებული ვენების გასწვრივ, ჩვეულებრივ, მუხლის ქვედა მესამედის შიგნითა ზედაპირზე, იშვიათად - მის გარეთა ან უკანა ზედაპირზე. წყლულის ზომები დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობისა და თანდართული მიკრობული ინფექციის შესაბამისად იცვლება. ათეროსკლეროზული ტროფიკული წყლული წარმოიქმნება კანის განსაზღვრულ უბნებსა და კანქვეშა უჯრედებში არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანების, ჟანგბადისა და საკვები ელემენტების ხანგრძლივი უკმარისობის შედეგად. მისი მაპროვოცირებელი ფაქტორებია საყოფაცხოვრებო და საწარმოო ტრავმები, ვიწრო და მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარება, გადაცივება. წყლულები ქუსლის არეში ან ტერფის შიგნითა ზედაპირზე ჩნდება და აზიანებს დიდი თითის ბოლო ფალანგას. ათეროსკლეროზული წყლულები არცთუ დიდი ზომისაა, ნახევრად მრგვალი, აქვს მკვრივი, არასწორი კიდეები, რომლებიც ბაცი მოყვითალო ფერისაა და კანიდან ოდნავ არის შემაღლებული. დიაბეტური წყლული შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა 3%-ს უვითარდება მიკროცირკულაციის სპეციფიკური დარღვევის შედეგად. ლოკალიზებულია ფეხის თითების ბოლო ფალანგებზე, ქუსლზე. მისი თავისებურება ის არის, რომ ტკივილი ღამით ძლიერდება. წყლულის გაჩენას წინ კანის აქერცვლა, მიკროტრავმა და დამწვრობა უძღვის. ჰიპერტონიული წყლული ანუ მარტორელას წყლული უმთავრესად 40-60 წლის ქალებს უჩნდებათ. მისი საფუძველია მყარი არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც წვრილ არტერიებსა და არტერიოლებს სანათურის სრულ დახშობამდე აზიანებს. დაავადება იწყება მცირე ზომის მოლურჯო-მოწითალო მტკივნეული ლაქის ან პაპულის გაჩენით. დამახასიათებელია ორივე ქვედა კიდურის სიმეტრიული დაზიანება.
წყლული, ჩვეულებრივ, ლოკალიზებულია მუხლის წინა ან გარეთა ზედაპირზე. დიაბეტური წყლულისგან განსხვავებით, ტკივილი ამ დროს მუდმივია და ქვედა კიდურების მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ხშირად იმდენად ძლიერია, რომ ფსიქონევროლოგიურ მოშლილობასაც კი იწვევს. ნეიროტროფული წყლული ხერხემლის და მისგან გამომავალი ნერვების დაზიანების შედეგად დეინერვირებულ ზონაში ჩნდება. მას ვულკანის კრატერის ფორმა და შესახედაობა აქვს, რომლის ფსკერიც შესაძლოა იყოს კუნთები, მყესები და ძვლებიც კი. კრატერის ფორმის წყლულს უსიამოვნოსუნიანი, სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენი ახასიათებს. ნეიროტროფული წყლული ინერვაციის დარღვევის გამო აბსოლუტურად უმტკივნეულოა. ინფექციური წყლული იმუნიტეტის დაქვეითების შემდგომ მიკროტრავმის ინფიცირების შედეგია. იგი უმთავრესად მათი ხვედრია, ვინც სათანადოდ არ იცავს პირად ჰიგიენას და, ამასთანავე, აქვს დაზიანებული და აქერცლილი კანი, სადაც ადვილად იჭრებიან პათოგენური მიკრობები. ამიტომ არის, რომ წყლული სხეულის ნებისმიერ უბანზე შეიძლება გაჩნდეს. ეს არის ოვალური ფორმის, სწორფსკერიანი დეფექტი, რომელსაც სქელი ჩირქოვანი გამონადენი ახასიათებს. წყლულის ავთვისებიანი გადაგვარება ათასიდან 16-35 შემთხვევაში ხდება. მიზეზი წყლულის არაადეკვატური მკურნალობა, მრავლობითი რეციდივი და მუდმივი ტრავმატიზაციაა. წყლულის ავთვისებიან გადაგვარებაზე გამონადენის ოდენობის მატება, უსიამოვნო სუნი და დეფექტში წვრილმარცვლოვანი მასების გაჩენა მეტყველებს.