ნერვ-კუნთოვან პრობლემებთან დაკავშირებული ყლაპვის გაძნელება
აუცილებელია, განვასხვაოთ ჭეშმარიტი დისფაგია და ფსევდოდისფაგია, რომელიც ვლინდება ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნებით, მაგრამ არ ახლავს ყლაპვის აქტის დარღვევა.
ნერვული (ფსიქოგენური) დისფაგია დიაგნოსტირდება პაციენტებთან ორგანული პათოლოგიის არარსებობის შემთხვევაში. ვითარდება შეტევისებურად ფსიქოემოციური დარღვევების, პოსტტრავმული სინდრომის ფონზე. თუ დაავადება განპირობებულია საკვები ულუფის (ბურთულის) ზომასა და საყლაპავის სანათურს შორის შეუსაბამობით, საუბრობენ მექანიკურ დისფაგიაზე.
ფსიქოგენური (ქცევითი) დისფაგია განისაზღვრება როგორც სუბიექტური აშლილობების კომპლექსი ყლაპვის პროცესში რეალური ცვლილებების გარეშე, მაგალითად, გლობუს ჰყსტერიცუს - ყელში ჩარჩენილი ლუკმის (გაჩხერილი ბურთულის) აშკარა შეგრძნება, ფაგოფობია - ყლაპვისა და ასპირაციის (სასუნთქ გზებში საკვების მოხვედრის, გადაცდენის) შიში.
ყლაპვის პროცესს არეგულირებს ნერვული ცენტრი, რომელიც განთავსებულია მოგრძო ტვინში, ამიტომაც ტვინის სტრუქტურების დაზიანება იწვევს ყლაპვის რეფლექსის დარღვევას. ყლაპვის აქტში ჩართულია პირხახისა და საყლაპავის კუნთები, რომელთა პათოლოგია ასევე იწვევს დისფაგიას.
ყლაპვის დარღვევების სახეები
ყლაპვის დარღვევა, ჩვეულებრივ, კუჭ-ნაწლავის, სიმსივნური ან ნევროლოგიური დაავადებების სიმპტომია.
ყლაპვის აქტი შედგება სამი ფაზისგან: ორალური იგივე პირის ღრუს ფაზის (უნებურად სრულდება), ხახისმიერი ანუ ფარინგეალური ფაზისა (მიმდინარეობს რეფლექსურად) და საყლაპავის ფაზისგან (ხორციელდება ასევე რეფლექსურად). იმისდა მიხედვით, თუ რა ეტაპზე ხდება ყლაპვის გაძნელება, შეგვიძლია ვისაუბროთ ამ ფენომენის მიზეზზე. ზოგიერთ შემთხვევაში ყლაპვის გაძნელება გამოწვეულია ყლაპვის აქტის დარღვევით ტკივილთან ერთად (ოდინოფაგია). ხანდახან ჩნდება განცდა, რომ ყლაპვისას რაღაც იჭედება ყელში, დანარჩენ დროს კი ასეთი ჩივილი არ არსებობს. ზოგიერთი დაავადების დროს ვითარდება ყლაპვის შიში (ფაგოფობია), ადამიანს ეშინია საკვების გადაცდენის და გრძნობს, რომ საჭმელს ვერ ყლაპავს. ასეთი მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს შფოთვითი და ჰიპოქონდრიული აშლილობის, ისტერიის და წინამორბედი უარყოფითი მოვლენების გამო.
ზოგიერთი ადამიანი შეიგრძნობს საკვების მოძრაობას (გადაადგილებას) საყლაპავში. თუმცა, ასეთი შეგრძნება უკავშირდება საყლაპავში საკვების შეკავებას ან მის გაჩხერას. ზოგჯერ პაციენტები უჩივიან ყლაპვის გაძნელებას, თუმცა, ფაქტიურად ჭამის გამო კუჭი გადავსებული აქვთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნაჩქარევ ჭამას თან ახლავს ჰაერის გადაყლაპვა.
იმ მიზეზზე დამოკიდებულებით, რომელიც არ უშვებს საკვების კუჭში მოხვედრას, განასხვავებენ ფუნქციურ და ორგანულ დისფაგიას. ყლაპვის მოქმედების (აქტის) ფუნქციური დარღვევა გამოწვეულია საყლაპავის კუნთების ზედა სფინქტერის შეკუმშვისა და მოდუნების დარღვევით, ან პირხახისა და საყლაპავის ნერვული რეგულაციის მოშლით. ასევე შეიძლება არსებობდეს ყლაპვის დარღვევის ორგანული მიზეზი პირხახის ან საყლაპავის მექანიკური ობსტრუქციის (დაბრკოლების) ან შევიწროების გამო.
ყლაპვის პრობლემების შესაძლო მიზეზები
ყლაპვის დარღვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ინსულტის შედეგები.
ამ შემთხვევაში ყლაპვის დარღვევის კლინიკურ გამოვლინებებს მიეკუთვნება საკვების გადაცდენა ან ხველა ჭამის დროს, ნერწყვდენა, ლოყის უკან საკვების დაგროვება ან პირიდან ამოვარდნა, ტაბლეტირებული მედიკამენტების მიღების სირთულე.
დისფაგია არის პარკინსონის დაავადების სიმპტომიც და ვლინდება აღნიშნული დიაგნოზის მქონე პაციენტების თითქმის ნახევართან.
ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მიმდინარე დეგენერაციული პროცესები საბოლოოდ იწვევს პირხახის კუნთების დაზიანებას, რასაც თან ახლავს ყლაპვისა და მეტყველების დარღვევა. სიმპტომი ხშირად ვლინდება დაავადების შემდგომ ეტაპებზე.
ყლაპვის აქტის დარღვევას იწვევს საყლაპავის დისკინეზია, რომელსაც შეიძლება ახლდეს ატონია და დამბლა ან საყლაპავის სპაზმი (ეზოფაგოსპაზმი).
საყლაპავის ატონია შეიძლება გამოწვეული იყოს თავის ტვინის დაზიანებით, თავის ტრავმების, სისხლჩაქცევების ან თავის ტვინის სიმსივნეების გამო, ასევე ავტონომიური (ვეგეტატური) ნერვული სისტემის დარღვევით სისტემური დაავადებების დროს (სისტემური სკლეროდერმია, მიასთენია და სხვა).
როგორც წესი, ამ დროს წამყვანი კლინიკური ნიშნებია ძირითადი დაავადების სიმპტომები. სისტემური სკლეროდერმიის დროს ზიანდება შემაერთებელი ქსოვილები, პათოლოგიურ პროცესში კანის, ძვალ-კუნთოვან სისტემისა და შინაგანი ორგანოების ჩართვით. ამ პათოლოგიის დროს საყლაპავი სხვა ორგანოებზე უფრო ხშირად ზიანდება, რაც ყლაპვის გაძნელებით ვლინდება. მიასთენიის (კუნთების სისუსტე) დროს დისფაგია ხშირად დაავადების ერთადერთი სიმპტომია და ვლინდება მშრალი და ცუდად დაღეჭილი საკვების გადაყლაპვის გაძნელებით, განსაკუთრებით წოლის დროს.
საყლაპავის დისკინეზიის კიდევ ერთი მიზეზია სპასტიური ხასიათის დისფაგია (ეზოფაგოსპაზმი), რომელიც წარმოიქმნება ფსიქოემოციური სტრესის შედეგად ეზოფაგიტით, კუჭის წყლულით და ა.შ. დაავადებულ პაციენტებთან. გარდა ამისა, ეზოფაგოსპაზმი ვითარდება ზოგადი კრუნჩხვითი სინდრომით მიმდინარე პათოლოგიების დროს (ეპილეფსია).
კლინიკურად საყლაპავის სპაზმი ვლინდება გულმკერდის ტკივილით და ყლაპვის გაძნელებით.
ყლაპვის დარღვევის საკმაოდ იშვიათი მიზეზია კარდიის აქალაზია. ამ დაავადების დროს ზიანდება კუნთთაშორისი ნერვული წნულები, რაც იწვევს საყლაპავის ქვედა სფინქტერის მოდუნების შეუძლებლობას და საყლაპავის პერისტალტიკას. საყლაპავის ტონუსის დარღვევას თან ახლავს დისფაგია, ღებინება და ტკივილი საკვების გადაყლაპვის დროს.
საყლაპავის შეკუმშვითი ფუნქცია ირღვევა საყლაპავის ზედა სფინქტერის დისფუნქციის დროს, ოკულოფარინგეალური კუნთოვანი დისტროფიის დროს (მემკვიდრული დაავადება, რომელიც აზიანებს სახისა და თავის კუნთებს). ამ შემთხვევებში დისფაგია გამოწვეულია საყლაპავის ნეირომუსკულური ქსოვილის დაზიანებით, რასაც თან ახლავს კუნთების სისუსტე.
დისფაგია, როგორც ინსულტის გართულება
ინსულტის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულებაა ყლაპვის გაძნელება, ანუ დისფაგია. დისფაგიამ შეიძლება გამოიწვიოს სითხისა და საკვების შეღწევა სასუნთქ გზებში და გამოიწვიოს ასპირაციული პნევმონია. დისფაგიამ შეიძლება გამოიწვიოს განლევა და დეჰიდრატაციაც (გაუწყლოება). ამიტომ, მნიშვნელოვანია, დროულად მივაქციოთ ყურადღება საგანგაშო სიმპტომებს და ვიცოდეთ ადამიანის კვების ძირითადი წესები.
დისფაგიის მიზეზები და სიმპტომები
დისფაგიის გავრცელება ინსულტის შემდგომ (პოსტინსულტურ) ადრეულ პერიოდში, საერთაშორისო კვლევების მიხედვით, 19,7-დან 63%-მდე მერყეობს.
ყლაპვის დარღვევის მიზეზი კუნთების პარეზი (დამბლა) და ინსულტით გამოწვეული პირის ღრუს მგრძნობელობის დაქვეითებაა. ყლაპვის დარღვევას ასევე აძლიერებს:
- უკბილობა;
- მცირე რაოდენობით ნერწყვი;
- საკვების არასწორად შერჩეული კონსისტენცია;
- ადამიანის სწრაფად დაღლა, ცნობიერების დაქვეითება ან არარსებობა;
- კვების დროს სიჩქარე.
შედეგად, ცუდად დაღეჭილი, ნერწყვით არასაკმარისად დასველებული საკვების ლუკმა (ბურთულა, ულუფა) ძნელად გადასაყლაპია. ხშირად საკვები პირის ღრუში, პარალიზებული ლოყის უკან რჩება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საკვების მოხვედრა სასუნთქ გზებში ძილის დროს.
ყლაპვის დარღვევის გამოსავლენად აუცილებელია ადამიანზე დაკვირვება კვების პროცესში და მის შემდეგ.
დისფაგიაზე მიანიშნებს:
- საკვების გადაცდენა და ხველა ჭამის დროს ან მის შემდეგ;
- ხველა, ყელის გაწმენდა კვების დროს ან მის შემდეგ;
- ყლუპის შემდეგ ხმის შეცვლა სველი, ბუყბუყა, ხრინწიანი და ჩახლეჩილი ხმის მიმართულებით;
- ყლაპვის შემდეგ გაძნელებული ან არარეგულარული სუნთქვა, სახის კანის ცვლილება ან თვალების აწყლიანება;
- ნერწყვდენა;
- საკვების პირიდან ამოვარდნა ან ლოყის უკან ჩარჩენა;
- ცხვირიდან საკვების ან სითხის გადმოსხმა;
- საკვების ნელა და დიდი ძალისხმევით მიღება;
- ტაბლეტების გადაყლაპვის გაძნელება;
- უარი ჭამაზე ან სასმელზე, შფოთვა ჭამის დროს;
- ჩივილები საკვების ყელში გაჩხერის (ჩარჩენის) შესახებ.
თუ ადამიანს აქვს რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, რათა შეფასდეს მისი ყლაპვის ფუნქცია. ზოგჯერ ხველის რეფლექსის დაქვეითების გამო საკვები შეიძლება ყოველგვარი სიმპტომების გარეშე შევიდეს სასუნთქ გზებში და გამოიწვიოს პნევმონია - ეს არის ე.წ. ფარული ასპირაცია.
რა არ უნდა გააკეთოთ დისფაგიის დროს
დისფაგიის, როგორც ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში, თვითმკურნალობა უკუნაჩვენებია. თუ ინსულტგადატანილ ახლობელს საკვების ან სასმელის მიღების სირთულეს შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სპეციალისტს - ექიმს, ლოგოპედს. ის შეაფასებს ყლაპვის ფუნქციას.
გამოკვლევისა და კვების მეთოდის შერჩევის შემდეგ, აუცილებელია დისფაგიის დასაძლევად გაკვეთილების დაწყება. სარეაბილიტაციო გაკვეთილებს ატარებს ლოგოპედი. ისინი შეიძლება მოიცავდეს მასაჟს, ყლაპვის აქტში ჩართული კუნთების მობილობის აღსადგენად ვარჯიშების სპეციალურ კომპლექსს და ყლაპვის ვარჯიშებს.
დაუშვებელია ვარჯიშების დამოუკიდებლად შერჩევა (მოძიება ინტერნეტში). სხვადასხვა ადამიანს აქვს განსხვავებული კლინიკური გამოვლინებები. ის, რაც დაეხმარა მეზობელს, შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს თქვენი ახლობლისთვის. ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ პაციენტმა ყოველდღიურად შეასრულოს ლოგოპედის რეკომენდაციები და საშინაო დავალებები, ასევე მკაცრად დაიცვას კვების ყველა რეკომენდაცია.
გახსოვდეთ, რომ კვების წესების უგულებელყოფამ დისფაგიის დროს შეიძლება გამოიწვიოს ასპირაციული პნევმონია, სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა.
შეცდომები კვების დროს:
- არ შეიძლება კვება ზურგზე წოლისას;
- საკვები არ უნდა იყოს ძალიან ცხელი ან ძალიან ცივი. კვებამდე აუცილებლად უნდა შემოწმდეს საკვების ტემპერატურა. დაქვეითებული მგრძნობელობის გამო, ადამიანმა შეიძლება პირის ღრუს ან ხახის ლორწოვანი გარსის დამწვრობა მიიღოს;
- დაუშვებელია ჩასუნთქვისას საკვების პირში ჩადება ან ჩასხმა! საკვების მიცემა და გადაყლაპვა ხდება ამოსუნთქვის შემდეგ და მომდევნო ჩასუნთქვის დაწყებამდე;
- არ შეიძლება საკვების მიცემა პარალიზებული ლოყის მხრიდან;
- არ არის რეკომენდებული მშრალი საკვები (წიწიბურა, კრეკერი, ჩირი, თესლი, თხილი), წყლიანი სასმელები, ყველა სახის ჩანართების შემცველი საკვები (დანამატები შვრიის ფაფაში, ბურთულისებრი გამკვრივებები მანისა და ბრინჯის ფაფაში, იოგურტი და წრაწი ხილისა და კენკრის ნაჭრებით);
- არ არის სასურველი ჭამის შემდეგ დაუყოვნებლივ ადამიანის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაყვანა. ამ შემთხვევაში აუცილებლად ვითარდება საკვების რეფლუქსი კუჭიდან საყლაპავში და შემდგომ პირის ღრუში, შემდეგ კი ასპირაცია სუნთქვის დროს;
- არ მოათავსოთ ადამიანი გვერდზე, პარალიზებულ მხარეს ჭამის შემდეგ - ის ვერ გრძნობს საკვების რეგურგიტაციას, ასპირაცია კი პრაქტიკულად გარდაუვალია;
- არ დატოვოთ ადამიანი უყურადღებოდ ჭამის შემდეგ;
თუ ადამიანს ჭამის დროს საკვები გადასცდა ან ხველა დააწყებინა:
- შეწყვიტეთ კვების პროცესი;
- ამოიღეთ საკვების ნარჩენები პირიდან ხელსახოცით;
- არ ინერვიულოთ, დაამშვიდეთ ადამიანი, აუხსენით მას, რომ ხველა თავდაცვითი რეაქციაა, რადგან ხველა ხდება, ეს ნიშნავს, რომ არაფერი მოხვდება სასუნთქ გზებში;
- თუ ხველა ეფექტურია, მიეცით საშუალება, მშვიდად ამოახველოს:
- სუნთქვის აღდგენის შემდეგ განაგრძეთ ჭამა.