დისფაგია - ყლაპვის გაძნელება
სინამდვილეში საკმაოდ რთული პროცესია, რომელშიც მონაწილეობს თავის ტვინი, მრავალი ნერვი და კუნთი, ორი კუნთოვანი სარქველი, საყლაპავი, რომლის სანათურიც განვლადი უნდა იყოს. ყლაპვა თავისუფალი, ადამიანისათვის შეუმჩნეველი რომ იყოს, აუცილებელია აღნიშნული სტრუქტურების ანატომიური მთლიანობა და კოორდინირებული ურთიერთქმედება.
ნორმალური ყლაპვის აქტი სამ ფაზად ხორციელდება. ნებისმიერი მათგანის ხარვეზი დისფაგიის ანუ ყლაპვის გაძნელების მიზეზი შეიძლება გახდეს.
ოროფარინგეული დისფაგია ყლაპვის პირველი ფაზის დარღვევაა. ნორმალური პირველი ფაზისას საკვები და სითხე პირის ღრუში გადაადგილდება ენისა და სასის ზემოქმედებით. ეს არის ყლაპვის ფაზა, რომლის კონტროლიც ადამიანს შეუძლია.
ფარინგეული დისფაგია - მეორე ფაზა იწყება, როცა ტვინი იღებს საკვების გადაყლაპვის გადაწყვეტილებას. ამ დროს იწყება რეფლექსთა სერია - საკვების გუნდა გადაინაცვლებს ხახისაკენ, ხორხსარქველი იხურება და აღარ აძლევს საკვებს საუნთქი გზებისაკენ გადაადგილების საშუალებას, ხოლო ხახის ძირზე არსებული სარქველი იღება, რათა საკვებმა საყლაპავისაკენ გადაინაცვლოს. ამ ყელაფერს წამის ნახევარი ჰყოფნის. ნებისმიერი მომენტის დარღვევა ფარინგეული დისფაგიის მიზეზია.
ეზოფაგური (საყლაპავთან დაკავშირებული) დისფაგია - საკვების საყლაპავში გადასვლისას იწყება ყლაპვის მესამე ფაზა. საყლაპავი არის კუნთოვანი მილი, რომელიც ბუნებრივად თავისთავად კოორდინირებულად იკუმშება - ახასიათებს ბუნებრივი მოტორული აქტივობა. ამ მოძრაობას პერისტალტიკას უწოდებენ. პერისტალტიკის შედეგად საყლაპავში საკვების მოხვედრისას დუნდება მისი ქვედა მომჭერი კუნთი ანუ სფინქტერი, რომელიც კუჭთან ახლოს მდებარეობს. ამ ყოველივეს შედეგად საკვები თავისუფლად, ადამიანისათვის შეუმჩნევლად გადაინაცვლებს კუჭში. ყლაპვის მესამე ფაზა 6-8 წამიანია. საყლაპავის პერისტალტიკის დარღვევა, საყლაპავის სანათურის შევიწროვება როგორც შიგნით არსებული ცვლილების, ასევე გარედან ზეწოლის შედეგად, სფინქტერის მოდუნების დარღვევა ეზოფაგური დისფაგიის მიზეზია.
დისფაგია საყლაპავის მოტორული აქტივობის დარღვევისას
როგორც აღვნიშნეთ, საყლაპავში საკვების თავისუფალი, ადამიანისათვის შეუმჩნეველი გადაადგილებისათვის აუცილებელია საყლაპავის კუნთების კოორდინირებული, თანმიმდევრული შეკუმშვა-მოდუნება ანუ საყლაპავის ნორმალური მოტორული აქტივობა. ეს პროცესი უზრუნველყოფს საკვების გადანაცვლებას ზემოდან ქვემოთ და ანეიტრალებს კუჭიდან საყლაპავში უკუამოტყორცნილ მჟავასა და ნაღვლის წვენს. სამწუხაროდ, არის მდგომარეობები, რომელთა დროსაც საყლაპავის მოტორული აქტივობა დარღვეულია. ასეთ დროს პაციენტს აწუხებს ყლაპვის გაძნელება მხოლოდ თხევადი საკვების მიღებისას ან ყლაპვა ირღვევა როგორც მყარი, ისე თხევადი საკვების მიღების დროს. საყლაპავის აქალაზია, საყლაპავ-კუჭის შენაერთის გამოსავალი ტრაქტის ობსტრუქცია, კუმშვადობის არარსებობა, ფუნქციური დაავადებები - ასეთია საყლაპავის მოტორულ დაავადებათა არასრული ჩამონათვალი. შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ მათი არსი და ყლაპვის დარღვევის თავისებურებები.
საყლაპავის აქალაზია
აქალაზია არის უცნობის მიზეზით აღმოცენებული დაავადება, რომლის დროსაც დაკარგულია ყლაპვის პროცესში საყლაპავის ქვედა ნაწილის ნორმალური მოძრაობის (პერისტალტიკის) და საყლაპავის ქვედა სფინქტერის (მომჭერი კუნთი) მოდუნების ანუ რელაქსაციის უნარი. შედეგად საკვები გროვდება საყლაპავში, ზოგჯერ განიცდის ფერმენტულ დაშლას, ამოიტყორცნება პირის ღრუში, რასაც ახლავს მომწარო გემო.
აქალაზიის სიმპტომები, ჩვეულებრივ, სხვადასხვა სიძლიერითაა გამოხატული, შეიძლება დროთა განმავლობაში გაუარესდეს. როგორც აღვნიშნეთ, პაციენტს აქვს დისფაგია - ყლაპვის გაძნელება, რასაც ჩვეულებრივ აღწერენ როგორც ყლაპვისას მხოლოდ თხევადი ან თხევადი და ასევე მყარი საკვების საყლაპავში შეჩერების შეგრძნებას, რასაც თან ახლავს პერიოდულად მჟავა წვენის პირის ღრუში ამოტყორცნა. შესაძლოა გამოხატული იყოს გულძმარვა, ბოყინი, გარდამავალი, პერიოდული ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ხველა ღამით, ზოგჯერ ფილტვების ანთება ანუ პნევმონია საკვების სასუნთქ გზებში მოხვედრის გამო, ღებინება, წონის კლება.
როგორც აღვნიშნეთ, აქალაზიის ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, დაავადების შესაძლო მიზეზია საყლაპავის ნერვული უჯრედების კარგვა, რაც, თავის მხრივ, ვირუსული დაავადებით ან აუტოიმუნური პროცესით უნდა იყოს განპირობებული. იშვიათად აქალაზია განპირობებულია თანდაყოლილი გენეტიკური (მემკვიდრული) დაავადებით ან ინფექციით.
სადღეისოდ აღიარებულია, რომ აქალაზიის რისკ-ფაქტორებია:
- ასაკი - მართალია, დაავადება ნებისმიერი ასაკის პირს შეიძლება გამოუვლინდეს, მაგრამ ყველაზე ხშირია 25-60 წლის პერიოდში;
- გარკვეული სამედიცინო მდგომარეობები - აქალაზიის რისკი უფრო მაღალია ალერგიული დაავადებებისას, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის, ოლგროვის სინდრომის დროს. უკანასკნელი არის იშვიათი გენეტიკური დაავადება, ხასიათდება აქალაზიით, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობით, ცრემლის გამოყოფის დარღვევით (დაქვეითება ან არარსებობა).
აქალაზიის დიაგნოზი და მკურნალობა
აქალაზიის დიაგნოზის დადგენა მარტივი არ არის იმის გამო, რომ დაავადების კლინიკა ძალიან ჰგავს საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებათა სიმპტომებს. აქალაზიის გამოვლენის მიზნით შესაძლოა ჩატარდეს:
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილის (საყლაპავი, კუჭი) კონტრასტული რენტგენოგრაფია - პაციენტი იღებს (სვამს) ბრიუმის შემცველ საკონტრასტო ნივთიერებას, ამ დროს კი ყლაპვის პროცესი და საყლაპავის მოტორიკა კონტროლდება რენტგენოლოგიურად.
- ენდოსკოპია - საყლაპავისა და კუჭის დათვალიერება სპეციალური ხელსაწყოს - ენდოსკოპის მეშვეობით;
- საყლაპავის მანომეტრია - ისაზღვრება ყლაპვის პროცესში კუნთების შეკუმშვის ძალა.
დაავადების ხასიათის მიხედვით აქალაზიის მკურნალობის მიზანია საყლაპავის ქვედა სფინქტერის (მომჭერის) მოდუნება ან გაფართოება, რაც უზრუნველყოფს საკვების თავისუფალ გადაადგილებას კუჭისაკენ. ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით, რომელთა შორისაც არჩევანი დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და აქალაზიის სიმძიმეზე.
მკურნალობის არაქირურგიული მეთოდებია:
- საყლაპავის პნევმატური დილატაცია - საყლაპავის ქვედა სფინქტერის არეში თავსდება სპეციალური ბალონი, რომელიც იბერება და აფართოებს სფინქტერს. პროცედურა ტადრება სედაციით (ძილი). ხუთი წლის განმავლობაში პაციენტთა მესამედს სჭირდება პროცედურის გამეორება;
- ბოტოქსის ინიექცია - ენდოსკოპიით სფინქტერში ინიექციით შეჰყავთ ბოტულოტოქსინი. შესაძლოა საჭირო გახდეს ინიექციის გამეორება, რაც შემდგომში ქირურგიულ ჩარევას ართულებს;
- მედიკამენტები - სფინქტერის ტონუსის დაქვეითების მიზნით შეიძლება გამოყენებული იყოს ნიტროგლიცერინი ან ნიფედიპინი, თუმცა, აღნიშნულ მეთოდს მიმართავენ როცა პნევმატური დილატაცია ან ოპერაციული მკურნალობა ვერ ტარდება ან ბოტოქსის ინიექცია არაეფექტურია.
ქირურგიული მკურნალობა ტარდება ლაპაროსკოპიული ან ენდოსკოპიური მეთოდით.
საყლაპავის სპაზმი (ეზოფაგოსპაზმი)
საყლაპავის სპაზმი, ანუ ეზოფაგოსპაზმი, არის საყლაპავის მტკივნეული შეკუმშვა, რომელიც რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე შეიძლება გაგრძელდეს. ეზოფაგოსპაზმის დამახასიათებელი სიმპტომებია:
- მოჭერითი ხასიათის ტკივილი მკერდის ძვლის უკან ან გულმკერდში. ტკივილი, მისი ლოკალიზიაციისა და ხასიათის გათვალისწინებით შეიძლება შეცდომით გულის ტკივილად ჩაითვალოს;
- მყარი და თხევადი საკვების ყლაპვის გაძნელება. ზოგჯერ ყლაპვის დარღვევა გარკვეული სახის საკვების მიღებისას აღმოცენდება - ხშირად მდგომარეობას აუარესებს ძალიან ცხელი ან ცივი სასმელი, წითელი ღვინო;
- ყელში საგნის გაჩხერის შეგრძნება;
- საკვებისა და კუჭის შიგთავსის საყლაპავში უკუამოტყორცნა - რეგურგიტაცია.
საყლაპავის სპაზმის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. სავარაუდოა, რომ ის უკავშირდება საყლაპავის კუნთების მაკონტროლებელი ნერვების არასათანადო ფუნქციონირებას. ჯანმრთელი საყლაპავი მასში საკვების მოხვედრისას დუნდება და ხელს უწყობს სიმძიმის ძალის ზემოქმედებით საკვების გადაადგილებას კუჭისაკენ. საყლაპავის სპაზმისას ეს არ ხდება.
განასხვავებენ საყლაპავის სპაზმის ორ ტიპს - საყლაპავის დისტალური სპაზმი და ჰიპერკონტრაქტილური საყლაპავი (საყლაპავი, რომელიც ჭარბად იკუმშება - პნევმატური ჩაქუჩის მსგავსი საყლაპავი).
ეზოფაგოსპაზმის დიაგნოზის დადგენისათვის შესაძლოა ჩატარდეს საყლაპავის მანომეტრია, რენტგენოლოგიური გამოკვლევა ბარიუმით, საყლაპავის ენდოსკოპია.
როგორ მკურნალობენ ეზოფაგოსპაზმს
საყლაპავის სპაზმის მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია მტკივნეული შეკუმშვის ეპიზოდების სიხშირესა და ინტენსივობაზე. როცა სპაზმი ხშირი არ არის, შესაძლოა საკმარისი იყოს გამომწვევის მიზეზების (მაგალითად, ძალიან ცივი ან ცხელი სასმელი და საკვები) თავიდან აცილება. თუ სპაზმი ართულებს საკვებისა და სასმელის მიღებას, შესაძლოა დაიგეგმოს:
- გამომწვევი მდგომარეობების მკურნალობა - ზოგჯერ საყლაპავის სპაზმი დაკავშირებულია გულძმარვასთან ან რეფლუქსურ დაავადებასთან. ასეთ დროს ინიშნება ომეპრაზოლი ან ამ ტიპის პრეპარატები (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები). შესაძლოა დადებითი ეფექტი ჰქონდეს ანტიდეპრესანტს - ის ამცირებს ტკივილის შეგრძნებას;
- მედიკამენტები, რომლებიც ადუნებენ ყლაპვაში მონაწილე კუნთებს - პიტნის ზეთი, ბოტულოტოქსინის ინიექცია ან კალციუმის ბლოკერები ამცირებენ სპასმს;
- ქირურგიული ჩარევა - მიოტომია - საყლაპავის ქვემო სფინქტერის გაკვეთა;
სპაზმით გამოწვეული დისკომფორტის შესამცირებლად რეკომენდებულია:
- გამომწვევი ფაქტორების (მზაფრი გემოს საკვები, ალკოჰოლი) თავიდან აცილება;
- ძალიან ცივი ან ცხელი საკვების და სასმელის თავიდან არიდება;
- პიტნის საწუწნი აბების, კანფეტების გამოყენება - პიტნის ზეთი ამცირებს სპაზმს.
საყლაპავ-კუჭის შენაერთის გამოსავალი ტრაქტის ობსტრუქცია
საყლაპავ-კუჭის შენაერთის გამოსავალი ტრაქტის ობსტრუქცია არის მდგომარეობა, როცა საყლაპავიდან კუჭში გადასვლის ადგილზე საყლაპავის სანათური არასრულად იხსნება ან არ იხსნება. ამ დროს საყლაპავის პერისტალტიკა (მოძრაობა) შეიძლება იყოს ნორმალური, გაძლიერებული ან სუსტი. ამ მდგომარეობის საფუძველი შეიძლება გახდეს არასრულად გამოხატული აქალაზია ან მექანიკური ობსტრუქცია (დახშობა). პაციენტს აწუხებს მუდმივი ან დროებით აღმოცენებული დისფაგია (ყლაპვის დარღვევა) მყარი და თხევადი საკვების მიღებისას.
საყლაპავის არაეფექტური მოტორიკა
საყლაპავის არაეფექტური მოტორიკის შესახებ საუბრობენ, როცა მანომეტრიული კვლევის შედეგების მიხედვით, ყლაპვით მოძრაობათა 70 პროცენტზე მეტი არაეფექტურია ან 50 პროცენტზე მეტისას საყლაპავის მოძრაობა ანუ პერისტალტიკა არ ვლინდება. აღნიშნულ დარღვევას შეიძლება თან ახლდეს დისფაგია. საბედნიეროდ, აღწერილ დარღვევებს კლინიკური სიმპტომი - ყლაპვის გაძნელება, მხოლოდ შემთხვევათა ერთ მესამედში ახლავს თან.
საყლაპავის კუმშვადობის არარსებობა
აღწერილია შემთხვევები, როცა მაღალი მგრძნობელობის მანომეტრიითაც კი არ ვლინდება საყლაპავის პერისტალტიკა (მოტორიკა). აღწერილი მდგომარეობა შეიძლება იყოს იდიოპათიური (უცნობი მიზეზით განპირობებული) ან შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი სისტემური დაავადებების დროს, როგორებიცაა სისტემური სკლეროზი (სკლეროდერმია) ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება.
საყლაპავის კუმშვადობის არარსებობისას პააციენტს აქვს მუდმივი ან გარდამავალი დისფაგია როგორც მყარი, ასევე თხევადი საკვების მიღებისას.
დისფაგია სისტემური სკლეროზის დროს
სისტემური სკლეროზი ანუ სკლეროდერმია, როგორც ადრე უწოდებდნენ, არის იშვიათ დაავადებათა ჯგუფი, რომლის დროსაც ვითარდება კანის გამკვრივება და დაჭიმვა, შესაძლებელია სისხლძარღვების, შინაგანი ორგანოების და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაზიანებაც. პაციენტებს სისტემური სკლეროზის დროს ხშირად აწუხებთ გულძმარვა, პროგრესირებადი დისფაგია როგორც მყარი, ისე თხევადი საკვების მიღებისას. ყლაპვის აღწერილი დარღვევები მეორადია. მას საფუძვლად უდევს საყლაპავის მოტორიკის დარღვევა ან ეროზიული ეზოფაგიტი (საყლაპავის ანთება), რაც შეიძლება გართულდეს საყლაპავის სტრიქტურით (შევიწროვებით).
არსებული მონაცემების თანახმად, სისტემური სკლეროზისას საყლაპავის დაზიანების სიხშირე 90 პროცენტს აღწევს. სკლეროდერმია თავდაპირველად აზიანებს ნაწლავის კედლის გლუვ კუნთებს და იწვევს საყლაპავის ქვედა ორი მესამედის ატროფიასა და სკლეროზს, რასაც მოსდევს ამ არეში პერისტალტიკის არარსებობა, საკვების მასის გადაადგილების დარღვევა და ქვედა სფინქტერის წნევის დაქვეითება.
ინფექციური ეზოფაგიტი
ინფექციური ეზოფაგიტი არის საყლაპავის ანთება, გამოწვეული სხვადასხვა ინფექციური აგენტით (ვირუსი, სოკო, ბაქტერია). საყლაპავის ანთებისათვის კი დამახასიათებელია ყლაპვის გაძნელება და ერთდროულად ტკივილი ყლაპვისას - ოდინოფაგია. ამავე დროს შეიძლება აღმოცენდეს ტკივილი პირის ღრუსა და გულმკერდში, გულისრევა ან ღებინება, შემცივნება და ტემპერატურის მომატება.
ჩვეულებრივ, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისას ინფექციური ეზოფაგიტი არ უნდა აღმოცენდეს. დაავადების რისკი იზრდება, როცა იმუნური სისტემა დასუსტებულია, რისი მიზეზებიცაა:
- აივ ინფექცია/შიდსი;
- სიმსივნის მკურნალობა - ქიმიო- და სხივური თერაპია;
- შაქრიანი დიაბეტი;
- ძვლის ტვინის ან ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდგომი პერიოდი;
- მედიკამენტები, რომლებიც ასუსტებენ იმუნურ სისტემას - სტეროიდები, ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდგომი მკურნალობა;
- ხანგრძლივი მკურნალობა ანტიბიოტიკებით;
- მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ კუჭის მჟავა წვენის გამომუშავებას;
- ალკოჰოლის ჭარბი მიღება.
გარდა ამისა, ხანდაზმული ასაკი ზრდის დაავადების რისკს.
ინფექციური ეზოფაგიტის დიაგნოზი ემყარება კლინიკურ ნიშნებს, ენდოსკოპიას. შესაძლოა დაინიშნოს ლაბორატორიული კვლევები სავარაუდო გამომწვევის გამოვლენის მიზნით. უხშირესი გამომწვევია მარტივი ჰერპესის ვირუსი, მნიშვნელოვანია ასევე ციტომეგალოვირუსისა და კანდიდას როლი. ინფექციური ეზოფაგიტი იშვიათად შეიძლება უკავშირდებოდეს კრიპტოკოკოზს, ჰისტოპლაზმოზს, ბლასტომიკოზს, ასპერგილოზს. იმუნიტეტის დათრგუნვისას შეიძლება დაავადების მიზეზი გახდეს მიკობაქტერია.
ინფექციური ეზოფაგიტის გართულებები
როცა ეზოფაგიტი დასუსტებული იმუნური სისტემის ფონზე ვითარდება, შესაძლოა აღმოცენდეს გართულებები - ინფექციის გავრცელება მიმდებარე ქსოვილებზე, საყლაპავის დანაწიბურება, სისხლდენა საყლაპავის წყლულიდან, საყლაპავის პერფორაცია ან ფისტულის ფორმირება.
ინფექციური ეზოფაგიტის მკურნალობა
ჯანმრთელი იმუნური სისტემის შემთხვევაში ინფექციური ეზოფაგიტისაგან ადამიანი თავისთავად განიკურნება. რიგ შემთხვევებში კი აუცილებელია მკურნალობა. კანდიდათი გამოწვეულ ეზოფაგიტს მკურნალობენ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით, ვირუსული ეზოფაგიტისას ინიშნება ანტივირუსული მედიკამენტები, ბაქტერიულისას - ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები. ზოგჯერ საყლაპავის მხრივ სიმპტომთა შესამცირებლად პაციენტს ენიშნება სიმჟავის საწინააღმდეგო საშუალებებიც.
მედიკამენტური ეზოფაგიტი
დისფაგიისა და ოდინოფაგიის, ანუ ყლაპვის გაძნელებისა და ყლაპვისას ტკივილის მიზეზი შეიძლება გახდეს სხვადასხვა მედიკამენტით გამოწვეული საყლაპავის ანთება, ანუ ეზოფაგიტი. მედიკამენტური ეზოფაგიტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტაბლეტის ზემოქმედებით საყლაპავის ლორწოვანის უშუალო დაზიანებასთან ან/და მის ზოგად (სისტემურ) ზემოქმედებასთან - რეფლუქსის გაძლიერების ან ინფექციური გართულებების გზით.
როგორც აღვნიშნეთ, მედიკამენტური ეზოფაგიტის უხშირესი მიზეზი ტაბლეტის სახით მიღებული მედიკამენტია. სადღეისოდ დადგენილია, რომ ასეთი ეფექტი შეიძლება 100-მდე მედიკამენტსა და დანამატს ჰქონდეს. იმ ხშირად გამოყენებულ მედიკამენტთა შორის, რომლებიც ეზოფაგიტს იწვევენ, უნდა გამოვყოთ:
- ანტიბიოტიკები - მათ წილად მოდის მედიკამენტური ეზოფაგიტის შემთხვევათა 50% და მედიკამენტური ეზოფაგიტის წამყვანი მიზეზია ახალგაზრდა პაციენტებს შორის. უხშირესი გამომწვევია ტეტრაციკლინები, თუმცა, პენიცილინები, ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლი, კლინდამიცინი, ლინკომიცინი, სპირამიცინი, ერითრომიცინი, რიფამპიცინი, სულფამეტოქსიპირიდაზინი, ტინიდაზოლი, ზალციტაბინი, ზიდოვუდინი, აზითრომიცინი ასვე იწვევენ მედიკამენურ ეზოფაგიტს. აღნიშნულის მიზეზია საყლაპავის ლორწოვანზე უშუალო გამღიზიანებელი ზემოქმედება.
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტები (ასამ) - მიუხედავად ასპირინისა და სხვა ასამ-ის ხშირი გამოყენებისა, მათ წილად მედიკამენტური ეზოფაგიტის შემთხვევათა 10%-ზე ნაკლები მოდის.
- ბისფოსფონატები - ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო მედიკამენტები.
საყლაპავში მედიკამენტის შეფერხების გამო, შესაძლოა გაიზადროს მედიკამენტის უშუალო დამზიანებელი ზემოქმედება ლორწოვანზე. თავის მხრივ, ტაბლეტის გადაადგილების შეფერხებას განაპირობებს მედიკამენტის დიდი ზომა, პაციენტის სხეულის მდებარეობა, ტაბლეტის მიღება წყლის გარეშე ან მცირე ოდენობით წყლით, მით უფრო ძილის წინ.
მედიკამენტური ეზოფაგიტის სიმპტომები შეიძლება აღმოცენდეს ტაბლეტის მიღებიდან რამდენიმე საათის ან რამდენიმე დღის შემდეგ.
მედიკამენტური ეზოფაგიტის დიაგნოზი, ჩვეულებრივ, პაციენტის ისტორიას ემყარება. რიგ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს ენდოსკოპია.
სამკურნალოდ საჭიროა გამომწვევი მედიკამენტის მიღების შეწყვეტა, ეზოფაგიტის სიმპტომების სამკურნალოდ ინიშნება სიმჟავის საწინააღმდეგო საშუალებები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები.
დისფაგია შეგრენის სინდრომის დროს
შეგრენის სინდრომი არის იმუნური სისტემის დაავადება, რომელიც ვლინდება ორი მთავარი სიმპტომით - მშრალი თვალი და მშრალი პირი. მდგომარეობა უხშირესად თან ახლავს იმუნური სისტემის დაავადებას - რევმატოიდულ ართრიტს ან სისტემურ წითელ მგლურას. შეგრენის სინდრომი უფრო ხშირია 40 წლის შემდგომ და მდედრობითი სქესის პაციენტთა შორის.
არსებული მონაცემების თანახმად, შეგრენის სინდრომისას პაციენტთა დაახლოებით სამ მეოთხედს თვალისა და პირის სიმშრალესთან ერთად აქვს დისფაგია, პაციენტთა მესამედს დარღვეული აქვს საყლაპავის პერისტალტიკა.
სანამ ექიმს მივმართავთ
დისფაგია ანუ ყლაპვის გაძნელება, მით უფრო, როცა მას თან ახლავს ტკივილი ყლაპვისას ანუ ოდინოფაგია, ექიმთან ვიზიტის ჩვენებაა. სანამ ვიზიტს დანიშნავდეთ, მდგომარეობის შესამსუბუქებლად რეკომენდებულია:
- კვების ხასიათის შეცვლა - კვება უნდა იყოს ხშირი, მაგრამ მცირე ზომის ულუფებით. საკვები უნდა დაიჭრას მცირე ზომის ნაჭრებად, გულდასმით უნდა დაიღეჭოს და ნელა მიიღოს. თუ გაძნელებულია სითხის ყლაპვა, რეკომენდებულია მისი შესქელება;
- საკვების ტექსტურის შერჩევა - პაციენტი თავად აკვირდება, რომელი საკვები აუარესებს მის მდგომარეობას. ზოგისათვის ეს შეიძლება იყოს ყავა ან წვენი, ზოგისათვის კი ნუთელა ან ცხარე საკვები;
- ალკოჰოლისა და კოფეინიანი სასმელების (ყავა, ჩაი, კოლა) შეზღუდვა - ისინი იწვევენ პირის ღრუს სიმშრალეს და აძნელებენ ყლაპვას.