საგაზაფხულო პრობლემები
ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. მთავარი მაინც ავიტამინოზი და გამოზამთრებული ორგანიზმის იმუნური ძალების სისუსტეა. ამას ემატება ატმოსფერული წნევის ცვლილებები და ორგანიზმიც საგაზაფხულო დესინქრონოზის სახელით ცნობილ მდგომარეობაში ვარდება.
-
საგაზაფხულო დესინქრონოზი
ბიოლოგიური გაზაფხულის პერიოდში, მარტიდან მაისამდე, ადამიანის ორგანიზმში ირღვევა ორგანოთა სისტემებისა და ბიორიტმების შეთანხმებული ურთიერთფუნქციობა - სინქრონიზაცია.
წელიწადის გარდამავალ პერიოდში ზოგადი აქტივობა მინიმალური დონიდან, რომელიც ბიოლოგიური ზამთრისთვისაა დამახასიათებელი, მაქსიმალურზე - ბიოლოგიურ ზაფხულზე გადადის. ამას თან სდევს კონსტანტებისა და ბიორიტმების ამპლიტუდის მკვეთრი ცვლილება, რასაც ორგანიზმი წონასწორობიდან გამოჰყავს.
გაზაფხულზე საგრძნობლად ჩქარდება ორგანიზმის შინაგანი ასტრონომიული საათის სვლა: იმატებს სინათლის დღის ხანგრძლივობა, მზის აქტივობა, დედამიწის მაგნიტური ველის დაძაბულობა. ეს ორგანიზმის შინაგანი, ბიოლოგიური საათის არევას იწვევს. ამ პერიოდში იმატებს ნერვული სისტემის დაძაბულობა და აგზნებადობა, ძლიერდება ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და სასქესო ჯირკვლების მიერ ჰორმონთა სინთეზი, რის გამოც გაზაფხულზე პიკს აღწევს ანთებითი და ალერგიული რეაქციების გამწვავების მაჩვენებელი. ამიტომაც უწოდებენ წელიწადის ამ მშვენიერ დროს როგორც ბუნების, ისე მიძინებული ქრონიკული დაავადებების გამოღვიძების პერიოდს.
განსაზღვრულ ცვლილებებს განიცდის გული და სისხლძარღვები, იცვლება მათი მგრძნობელობა სიცივისა და ტენიანობის მიმართ. ამას ემატება საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და ზედა სასუნთქი გზების მიკრობული ფლორის ცვლილებები - საგაზაფხულო დისბაქტერიოზი, რაც უკვე იმუნური სისტემის წონასწორობის რღვევას იწვევს.
ამრიგად, გაზაფხულზე ადამიანს ახასიათებს მაღალი რეაქტიულობა და ყველაფრისადმი წინააღმდეგობის გაწევის მცირე უნარი. ეს სტრესულ ვითარებაში აყენებს ორგანიზმს, რის გამოც საგრძნობლად იმატებს ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების: ვიტამინების, მიკროელემენტებისა და ანტიოქსიდანტების - მოთხოვნილება, საკვებში კი სწორედ ამ ნივთიერებათა მკვეთრი დეფიციტია.
-
გასტრიტი
ზამთრისთვის ჩვეული ცხოვრების წესის ცვლილებას ყველაზე მწვავედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი აღიქვამს.
გაზაფხულზე ორგანიზმი ენერგიას უმთავრესად ნახშირწყლებისგან იღებს, შემოდგომაზე კი ცხიმებისგან.
გაზაფხულზე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფერმენტებისა და ჰორმონების სინთეზში ბიორიტმების თანდაყოლილი გენეტიკური გარდაქმნა ხდება. ეს დროს მოითხოვს. ამას ემატება ისიც, რომ ზამთარში ადამიანი მძიმე საკვებით იკვებება, გაზაფხულის დადგომისას კი ძლიერდება მსუბუქად კვების სურვილი, რაციონში ხორცეულის ადგილს ბოსტნეული იკავებს და გასტრიტისთვის დამახასიათებელი პირველი ნიშნებიც იჩენს თავს: ტკივილი მუცლის არეში, დისკომფორტი და სიმძიმის შეგრძნება, რომელიც, ჩვეულებრივ, ჭამის შემდეგ ძლიერდება.
-
ჰიპოვიტამინოზი
მარტში ბევრი უჩივის სისუსტესა და სწრაფ დაღლას, შრომის უნარის დაქვეითებას. ეს ყველაფერი ჰიპოვიტამინოზის - ვიტამინების დეფიციტის - შედეგია. ამაში ყველაზე მეტად C ვიტამინის უკმარისობაა დამნაშავე, მეორე ადგილს B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი იკავებს, ხოლო მესამეს - A ვიტამინისა.
ბავშვებთან ყველაზე ხშირად D ვიტამინის დეფიციტი აღირიცხება. ამას ორი მიზეზი აქვს. ერთი ის, რომ ბავშვები საკვებთან ერთად ვერ იღებენ ვიტამინის საჭირო სადღეღამისო ოდენობას, მეორე ის, რომ ზამთარში მათ არ ჰყოფნით მზე და მისგან მომდინარე ულტრაიისფერი სხივები.
-
პოლინოზი
მცენარეების ყვავილობა ალერგიულ რეაქციებს იწვევს. ქრონიკულად მოავადე პირები ამისთვის გაზაფხულის დასაწყისიდანვე ემზადებიან. ყველაზე გავრცელებული ალერგიული რეაქცია პოლინოზია, რომელიც ზოგიერთი მცენარის მტვრის ჰაერში მოხვედრისას აქტიურდება.
-
არტერიული წნევის ცვლილება
არტერიული წნევა უშუალოდაა დამოკიდებული ატმოსფერული წნევის ცვლილებაზე, ამიტომ გაზაფხულის დასაწყისი, რომელიც ატმოსფერული წნევის ხშირი ცვალებადობით გამოირჩევა, ქრონიკული ჰიპერტონიკებისთვის სახიფათო პერიოდია. ამავე მიზეზით ხშირად მწვავდება ვეგეტოდისტონია და შაკიკი.
ატმოსფერული წნევის ცვლილებაზე ერთნაირად რეაგირებენ როგორც ჰიპერტონიკები, ისე ჰიპოტონიკებიც.
-
კანი
კანის ცვლილებებიც იმით არის განპირობებული, რომ ორგანიზმს არ ჰყოფნის ზოგიერთი მეტად საჭირო ვიტამინი. გარდა ამისა, გაზაფხულზე იკლებს იმ უჯრედების აქტივობა, რომლებიც კანის განახლებასა და მისი რეგენერაციული ფუნქციის გაძლიერებაზე აგებენ პასუხს. მცირდება კოლაგენის, ჰიალურონის მჟავასა და ელასტინის გამომუშავება.
კანი ყველაზე მტკივნეულად B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტზე რეაგირებს. ამ დროს ტუჩის კუთხეებში ჩნდება მცირე ზომის წყლულები, თავისა და სახის კანი კი გაძლიერებულ აქერცვლას იწყებს. კანი ფითრდება, იმატებს მისი ზოგიერთი უბნის მგრძნობელობა, ხშირდება ნაოჭები. ამის მიზეზი უკვე E ვიტამინის დეფიციტია. კანი შრება და ადვილად იქერცლება, რაც A ვიტამინის დეფიციტს უკავშირდება. უჩნდება ლაქები, კარგავს ელასტიკურობას.
-
საგაზაფხულო დეპრესია
საგაზაფხულო დეპრესია საკმაოდ სერიოზული და გავრცელებული პრობლემაა. ზამთარში ორგანიზმი იღლება და იფიტება, ორგანიზმში ფარულად ვითარდება დეპრესიული მდგომარეობა, რომელიც ყოველთვის როდი გაივლის გაზაფხულის დამდეგს.
-
ქრონიკული დაღლილობა
ქრონიკული დაღლილობაც საგაზაფხულო დესინქრონოზის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოხატულებაა. ბევრს ჰგონია, რომ დასვენება მხოლოდ გაზაფხულზე შეიძლება, სინამდვილეში კი სწორედ ზამთარში ითხოვს ორგანიზმი დასვენებას და სამუშაო რეჟიმის გადახედვას.